თერთმეტი
06/16/2018 04:51:21
   Author : ელენე აბაშიძე.

 

ქეით ჩოპინ -"შტორმი"
თარგმნა ხატია კარელიძემ
 

ლულუ უენგი - "კანკანი"
თარგმნეს მარიამ ადამიამ და მაია პაქსაშვილმა

შერვუდ ანდერსონი - "ძალა ღვთისა"
თარგმნეს თეონა ხარაულმაილონა ბარამიამ და მზია ხოფერიამ

ჯეიმს ჯოისი - "ეველინი"
თარგმნეს თეონა ხარაულმაილონა ბარამიამ და მზია ხოფერიამ

ვირჯინია ვულფი - "მემკვიდრეობა"
თარგმნეს ეკატერინე ჯოხაძემ და მარიამ გაგელიძემ

ჰელენ სონდერსი - "ბებრის ყვავილობა"
თარგმნეს გვანცა ჩიხლაძემ და ნათია ფაციამ

აიზეკ აზიმოვი - "რა კარგი იქნებოდა მაშინ..."
თარგმნა  იზაბელა ხუნძაყიშვილმა

ჩარლზ კლარკი - "წყევლა"
თარგმნეს  თამარ ბაშარულმა და ლანა ჯალაღანიამ

ტომას ვულფი - "შორიდან და... ახლოს"
თარგმნეს ანა შაშვიაშვილმალანა ბერიძემ და ლიკა ჩიხლაძემ

სომერსეტ მოემი - "სტიქაროსანი"
თარგმნეს მარიამ ჯაფარიძემ და ვერიკო დუმბაძემ

ზღაპარი - "თორმეტი მოცეკვავე პრინცესა"
თარგმნეს თეა დოლიძემ და ლიკა ლატარიამ

ყველაფერი ასე დაიწყო...

             ვსწავლობთ  რთულ საგანს – მხატვრული თარგმანის თეორიას. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი და ბეჯითი სტუდენტები არიან, თავდაპირველად ვერაფრით დავაინტერესე. გულგრილად, უხალისოდ მისმენდნენ. ერთხელაც, მორიგი  ლექციისას- "შეპირისპირებულ ენათა სისტემური სპეციფიკით დეტერმინირებული თარგმნითი ტრანსფორმაციები"  თავში მოულოდნელმა აზრმა გამიელვა და მაშინვე გამოვთქვი: –  ხომ არ აჯობებს ჩვენი თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოვიყენოთ – ანუ თავად ვთარგმნოთ მხატვრული ტექსტები?  ერთხანს გაჩუმდნენ, არ ელოდნენ მსგავს შეთავაზებას, მაგრამ მალევე თითქოს გამოფხიზლდნენ და წარმოუდგენელი ენთუზიაზმით ამყვნენ. რაღა თქმა უნდა, აღარ გადავდეთ და იმდღიდანვე დავიწყეთ თარგმანსა და „მთარგმნელობაზე“ ფიქრი.

დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან სტუდენტებისთვის უნდა შემეთავაზებინა მსოფლიოში გამორჩეული ინგლისურენოვანი მწერლების მცირე მოთხრობები, ნოველები... და თუ ახლა მათ თარგმანებს ნახავს მკითხველი, დარწმუნდება, რომ თითოეულმა შეძლო თავისი სათქმელი ეთქვა. მართალია, მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილ მათ წვლილზე ჯერ ფიქრიც ზედმეტია, მაგრამ გეტყვით, რომ თანამედროვე ქართულ თარგმანში პირველი ნაბიჯებისთვის სამზადისი უკვე დაიწყეს...

ჩემი გეგმა საკმაოდ ამბიციური იყო:

1. სტუდენტებს გაეცნოთ ინგლისურენოვანი ცნობილი მწერლების ტექსტები ორიგინალში, რომელსაც პირველად წაიკითხავდნენ;

2. გაწრთვნა ისეთ რთულ ენობრივ ასპექტში, როგორიცაა თარგმანი და მით უმეტეს, მხატვრული თარგმანი;

3.  ურთულესი ტექსტების ადეკვატური გადმოტანა ქართულ ენაზე.

4. და, რაღა თქმა უნდა, მკითხველისთვის თავის მოწონება!..

ერთად დავიწყეთ თავდაუზოგავი შრომა – საათობით ვასწორებდით ტექსტებს ლექციებზე და შემდეგ სახლებში. ხანდახან დაღლილობისგან  ვეღარც კი  ვაგრძელებდით მუშაობას, მოსვენება დავკარგეთ დღისით და ღამით. მაგრამ ბოლოს ყველამ ვაღიარეთ, რომ ეს იყო “სასიამოვნო ტანჯვა“.

თანდათანობით მძივებივით ვასხამდით წინადადებებს, აბზაცებს, დიალოგებს, თავბრუდამხვევ ამბებს, პერსონაჟების განცდებს, ვნებებს, სიყვარულს, სიძულვილს... ერთი სიტყვით, ყველაფერს, რასაც ნამდვილ მწერალთა ნააზრევთან, ნამდვილ ლიტერატურამდე მივყავართ...

ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ავტორთა სტილი, განწყობა, გემოვნება, ის განსაკუთრებული მაგია, რაც სტრიქონებს შორის იკითხება და რასაც ლიტერატურა ჰქვია.

ასე დაიბადა ქართული ლიტერატურული სივრცისთვის 10 მსოფლიო მოთხრობა და ერთიც ზღაპარი. ჰოდა, ყველაფერი ეს შევკრიბეთ და დიდი სურვილი გვაქვს, თქვენთვის წიგნად გამოვცეთ, ძვირფასო მკითხველო.

 2018  წელი ხომ წიგნის წლად არის აღიარებული!  

 რა თქმა უნდა, სტუდენტთა თარგმანებს ლიტერატურულ „კალაპოტში“ მოქცევა სჭირდებოდა. ჰოდა, ამ მოთხრობებსა და ზღაპრის გაშალაშინება გამოცდილ რედაქტორს ელენე სალარიძეს მივანდეთ, რომლის ესესაც ჩვენს თარგმანებზე ქვემოთ წარმოგიდგენთ.

 

უცხოური ნოველები

ზღაპრით დასრულებული

მსოფლიოში პოპულარული ნოველების თავგადასავალი    

ესე ახალბედა სტუდენტ-მთარგმნელებსა და მათ პროფესორზე, რომელთაც თერთმეტი ინგლისურენოვანი რჩეული ნაწარმოები შემატეს თანამედროვე ქართულ ნათარგმნ ლიტერატურას

 

საქართველოს უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ევროპული ენებისა და ფილოლოგიის მიმართულების პროფესორმა ელენე ლელი აბაშიძემ და მისმა  სტუდენტებმა,  მხატვრული თარგმანის თეორიის კურსის გავლისას გადაწყვიტეს პრაქტიკულადაც განეხორციელებინათ ოცნებად ქცეული სურვილი – ეთარგმნათ ინგლისურენოვან მწერალთა რჩეული ნაწარმოებები.

– მიყვარს  ჩემი სტუდენტები და მინდოდა ერთად რამე ღირებული შეგვექმნა.  ჩემმა იდეამ, ეთარგმნათ მათთვის საყვარელი ნაწარმოებები, ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ ნამდვილად არ მოველოდი. არ იყო ადვილი ურთულეს ნაწარმობებთან „შეჭიდება“ –  ხან ჩემთან მოდიოდნენ დასახმარებლად, ხან ერთმანეთს უკითხავდნენ, ერთად თარგმნიდნენ, ერთად კითხულობდნენ, მსჯელობდნენ, რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესოს არჩევდნენ... ბოლოს კი, როცა ყველაფერს თავი მოვუყარეთ, გაჩნდა ახალი სურვილი – წიგნად გამოგვეცა სტუდენტთა შემოქმედება და ფართო მკითხველისთვისაც წარგვედინა. ღელავენ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მკითხველს გულნაკლულს არ დავტოვებთ... –  მიამბობს ლელი (ასე ეძახიან სტუდენტები თავიანთ მეგობარ პროფესორს) და თვითონაც თავისი სტუდენტებივით ღელავს...

ლელი  აბაშიძე იმასაც მეუბნება, რომ შესაძლოა ამ გოგონებიდან მთარგმნელის ურთულესი გზა არც ერთმა არ აირჩიოს, მაგრამ დარწმუნებულია, არასოდეს დაავიწყდებათ ის ემოციურად დატვირთული დღეები და ახალი სიტყვებისა თუ დედანს მისადაგებული ფრაზების ძიებაში გათენებული ღამეები... თანაც, არაჩვეულებრივ მწერლებთან მოუწიათ „გაშინაურებამ“.

ჰოდა, ახლა სწორედ ამ მწერლებსა და მათ ნაწარმოებებს გაგაცნობთ:

* * ქალის იდუმალი ცხოვრების გამხელილ დეტალებზე წერა არც ისე იოლია. მით უფრო, ექვსი შვილის დედისთვის, რომელსაც ქმარი ადრე დაეღუპა. ამერიკელი ფემინისტი მწერალი ქეით ჩოპინი  XIX საუკუნის დასასრულს რომანისთვის „გამოღვიძება“ ოჯახური სიწმინდის შებღალვის წამხალისებლად მიიჩნიეს. ამიტომაც იყო, რომ კეიტმა ვერ გაბედა სიცოცხლეში დაებეჭდა თავისი ერთი სექსუალურად თამამი მოთხრობა, რომელსაც „შტორმი“ ჰქვია.

„შტორმში“ კი ერთ მხარეს სწორედაც შტორმში მოყოლილი მამა-შვილის ამბავია მოთხრობილი, მეორე მხარეს – მათი მომლოდინე ოჯახის დიასახლისისა, ამ შტორმშივე რომ  გადაეყარა ქალიშვილობისდროინდელ სატრფოს... ერთი სიტყვით, მძაფრი სიუჟეტია, ჩვენს მთარგმნელებს რომ შეურჩევიათ და მკითხველისთვის ამ ავტორის სხვა ნაწარმოებთა წაკითხვის სურვილიც გაუჩენიათ (დარწმუნებული ვარ, ასე იქნება!).

ყველაფერს კი თითქოს ფარდას ხდის Assumption-ი – მოთხრობაში  მოხსენიებული პატარა ქალაქი, სადაც მოთხრობისვე გმირებმა ალსიმ და ქალიქსთამ პირველად აკოცეს ერთმანეთს. ქალაქის სახელს აქ რელიგიური დატვირთვაც აქვს და უკავშირდება პირველ სიყვარულსა და უმანკოებას...

* *ჩემთვის, როგორც რედაქტორისთვის და რიგითი მკითხველისთვის, ნამდვილი აღმოჩენა იყო ლულუ უენგი – ჩინური წარმომავლობის ინგლისურენოვანი თანამედროვე მწერალი ქალი, რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობს. დღეს მსოფლიო ბესტსელერთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე სწორედ მისი წიგნებია. მისი სადებიუტო ავტობიოგრაფიული რომანი  „The Lily Theatre“ კი სულაც 8 მილიონი ტირაჟით გაყიდულა.

ჩვენმა მთარგმნელებმა მისი ერთი ძალიან პატარა ნოველა თარგმნეს, რომელსაც „კანკანი“ ჰქვია. იგი ისეთივე მძაფრი, ვნებიანი და მიმზიდველად საკითხავია, როგორიც თავად ცეკვა, რომლის სახელიც ავტორს ამ ნოველისთვის დაურქმევია.

* * შერვუდ ანდერსონიგასული საუკუნის ამერიკელი ნოველისტი და მოდერნიზმის გამორჩეული წარმომადგენელი ერთი უბადრუკი, ცოდვილი პასტორის ხორციელ ვნებებს ისე აღწერს, რომ შენც ხმამაღლა იმეორებ ბიბლიურ შეგონებას, რომშეუცნობელია გზანი უფლისანი“... და ეს ვნებები ჩვენამდე მოდის იმ რწმენითა თუ ურწმუნობით, რომლითაც სავსეა პასტორის სული, და რომელიც ეძებს სინათლეს! პოულობს კი? ამაზე აღარაფერს გეტყვით... ამაზე ნოველაში წაიკითხავთ, რომელსაც ძალა ღვთისაჰქვია...

* * იფიქრებდით, რომ ჯეიმს ჯოისის უკვე კარგად ნაცნობი ნოველების კრებულისდუბლინელებისმშვენებასეველინს შეჰბედავდნენ დამწყები მთარგმნელები? მით უფრო, რომ იგი ერთხელ უკვე ითარგმნა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ... შეჰბედეს! და არც შემცდარან! მშვენიერი თარგმანი გამოუვიდათ. არადა, როგორია, ჰომეროსისოდისეისთანამედროვე ვარიანტის – „ულისესავტორთან მიახლოება! დიახ, ამჯერად მართლა გამოუვიდათ, თუმცა კი ერთი უიღბლო სიყვარულის ამბის ჩვენამდე მოტანამ მოუწიათ. მაგრამ რატომ უიღბლო! ეველინმა ხომ თავისი მშობლიური ქალაქი არ (ვერ!) მიატოვა. „რა უცნაურია, ორგანის ხმა სწორედ ამ საღამოს მოესმა ასე მძაფრად, რამაც დედისთვის მიცემული პირობა გაახსენაპირობა, რომ აქაურობა, თავისი სახლი არ მიეტოვებინა. ეველინს გაახსენდა მომაკვდავ დედასთან ერთად გატარებული უკანასკნელი საღამო...“ – ვკითხულობთ და აღარ გვიკვირს, რატომ არ გაჰყვა უცხო ქვეყანაში საყვარელ მამაკაცს ევი.

ამ მოთხრობით XX საუკუნის ზეპოპულარულმა ირლანდიელმა მწერალმა და პოეტმა თითქოს ხარკი გადაუხადა თავისი მიტოვებული მშობლიური დუბლინის ნოსტალგიას.

* *ვირჯინია ვულფიგასული საუკუნის ინგლისელი მწერალი, არატრადიციული და რთული ბიოგრაფიის მქონე ქალი, რომელმაც XX საუკუნის ერთ-ერთი ახალი მხატვრული ხერხის, „ცნობიერების ნაკადისსაშუალებით შეძლო  აღეწერა ადამიანის სამყარო ბევრად უფრო ღრმად და დაწვრილებით, ვიდრე ეს ტრადიციული ლიტერატურული საშუალებებით ხდებოდა

ალბათ დიდი გამბედაობა სჭირდებოდა ვირჯინია ვულფის მემკვიდრეობისთარგმნას. ახალგაზრდა მთარგმნელებს ეტყობა, გაუჭირდათ კიდეც ერთ პატარა ნოველაში თავმოყრილი უმძაფრესი ფსიქოლოგიური განცდების აღქმა, გაანალიზება და ფურცელზე ქართულად გადმოტანა... საბედნიეროდ, მთარგმნელებმა ესეც წარმატებით შეძლეს. ამაში კი თქვენც მალე დარწმუნდებით.

* *ინგლისელი ჰელენ სონდერსის შესახებ ჩვენთვის ბევრი არაფერია ცნობილი. მისი ნოველა „ბებრის ყვავილობა“ სტუდენტთა სასწავლო პროგრამაშია შეტანილი და თავისთავად საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი ნაწარმოებია. ეტყობა, ამიტომაც შეარჩიეს სათარგმნად და არცთუ ისე ცუდად გამოუვიდათ. და როგორც ამ ნაწარმოებშია, მართლაც, „ყოველდღე ხომ არ ვპოულობთ ნამდვილ ბებიას!..“.

* * აიზეკ აზიმოვირუსი-ამერიკელი ებრაელი დიდი მეცნიერიც იყო, უპოპულარესი ფენტეზის ჟანრის მწერალიც, მაგრამ მაინც უიღბლო: 1983 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს და შიდსის ვირუსიაჰკიდეს“, რითაც გარდაიცვალა კიდეც...

კრებულში ახალბედა მთარგმნელებმა მისი ერთ-ერთი მოთხრობა  შეიტანეს და არც შემცდარან: ამ მოთხრობის  (რა კარგი იქნებოდა მაშინ...)  გმირი გოგო-ბიჭები მომავლის ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც მარჯის ბაბუას ისიც უთქვამს, როცა იგი პატარა ბიჭი ყოფილა,  მისი დიდი ბაბუა უამბობდა,  რომ ისეთ დროსაც მოსწრებია, როდესაც ყველა მოთხრობა ფურცელზე იბეჭდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა რამ შესძლებია ფენტეზს? თუმცა კი წიგნის სიყვარული მწერალსა და მის მთარგმნელ ქართველ სტუდენტებსაც პირველ რიგში დაუყენებიათ...

* * ეს სასწაული ამბავი ერთ პატარა ბრიტანულ ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში დატრიალდა. ქალაქი,  არც მეტი, არც ნაკლები, ატომური ბომბების აფეთქებამ იმსხვერპლა... დიდი უილიამ შექსპირის თაყვანისმცემლებს ალბათ შეგეშინდათ კიდეც, ამ ქალაქში ხომ გენიალური ტრაგიკოსის საფლავია! დამშვიდდით, ეს მხოლოდ ფანტასტიკურ მოთხრობაში მოხდა, რომელიც სტუდენტ-მთარგმნელებს თქვენთვის წარსადგენად შეურჩევიათ.

ნოველის, რომელსაც წყევლაჰქვია,  ავტორი თვით დიდი სერ ართურ ჩარლზ კლარკიაცნობილი ბრიტანელი მწერალი, რომელიც ამ ათი წლის წინათ გარდაიცვალა 91 წლის ასაკში და მსოფლიო ლიტერატურას თავი გამორჩეულად დაამახსოვრა სწორედ შექსპირის წყევლიანი ეპიტაფიის მისეული დანახვით. როგორია ეს მისეული ხედვა, ამასაც  მშვენივრად გადმოქართულებული სტრიქონები გიამბობენ.

* * ვფიქრობ, ადვილი არ არის იმედგაცრუების ტკივილი. ეს ტკივილი გასდევს ლაიტმოტივად თანამედროვე ამერიკელი ავტორის,  ამერიკულ ჟურნალისტიკაში მიმდინარეობაახალი ჟურნალიზმისწარმომადგენლის ტომას ვულფის ერთ პატარა მოთხრობას.

შორიდან და... ახლოსასე ჰქვია ამ მოთხრობას და დამაინტრიგებლად მოგვითხრობს ერთი ჩქარი მატარებლის მემანქანის ოცწლიანი ოცნების ერთ დღეში გაქრობის ამბავს.

ნახეთ, როგორი სიმძაფრითაა აღწერილი და უკვე ჩამოყალიბებულ მთარგმნელთა მიერ ჩვენამდე მოტანილი განცდა: „აქამდე ეს მიწა, რომელიც არასოდეს ეხილა, ახლობელი და სანატრელი ეჩვენებოდაახლა კი... და მემანქანე მიხვდა, რომ ის ნათელი და მაგიური ხედი მატარებლიდან...“ აღარ გავაგრძელებ, თავადვე წაიკითხეთ და განიცადეთ...

* * გასულ საუკუნეში ერთ ინგლისელ ძალზე შეუხედავ, ენაბლუ მწერალსა და დრამატურგს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჰონორარს უხდიდნენ. მას სომერსეტ მოემი ერქვა.  მთელი ცხოვრება კი იმაზე დარდობდა, რომ უსახურ მამას დაემსგავსა და საფრანგეთში დაბადებულსა და დაობლებულს, ინგლისში ჩასვლისას ინგლისურის სწავლა არა მხოლოდ გაუჭირდა, არამედ სიცოცხლის ბოლომდე ენაბლუ დარჩა. სამაგიეროდ, მის ნაწარმოებებს არასოდეს მოჰკლებია მკითხველი, რომელთაც ასევე არასოდეს უფიქრიათ მის ფიზიკურ ნაკლზე. მის წიგნებს კი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ახლაც თარგმნიან და მისი ნაწარმოებები ახლაც უამრავ მკითხველს იზიდავს.

ეტყობა, ამიტომაც შეარჩიეს სათარგმნად მისი პოპულარული ნოველასტიქაროსანი“. მერწმუნეთ, ეს სარკაზმითა და მოულოდნელობით აღსავსე ამბავი გულგრილს არავის დატოვებს.

* *როგორც ყველა ზღაპარში, აქაც ყველაფერს კეთილი ბოლო აქვს. თორმეტი მოცეკვავე პრინცესატყუილად კი არ უყვართ ინგლისელებს. ახლა, როცა თქვენც წაიკითხავთ ჩვენი ნიჭიერი ახალბედა მთარგმნელების ქართულ საბურველშემოხვეულ ონავარი მოცეკვავე პრინცესებისა და ერთი დაჭრილი მამაცი ღარიბი მეომრის თავგადასავალს, თქვენც გამხიარულდებით.

                                                             *  *

ამგვარად, ჩვენს ესესაც ზღაპრის ბოლოსავით კეთილად ვასრულებთ. ესე, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მთარგმნელთა და მათი მხატვრული თარგმანის პედაგოგის მორიგ შემოქმედებით წარმატებას ეძღვნება, და რომელიც თერთმეტ ერთმანეთისგან განსხვავებულ ინგლისურენოვან შთამბეჭდავ ნაწარმოებს ქართულად წარმოგვიდგენს...

აი, ისინიც: პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ელენე ლელი აბაშიძე; სტუდენტი-მთარგმნელები:  ილონა ბარამია,  იზაბელა ხუნძაყიშვილი, თამარ ბაშარული, ლანა ჯალაღანია, თეონა ხარაული, ხატია კარელიძე, მარიამ ჯაფარიძე, ვერიკო დუმბაძე, ლანა ბერიძე, ლიკა ჩიხლაძე, ანა  შაშვიაშვილი, ეკატერინე ჯოხაძე, მარიამ  გაგელიძე, მზია ხოფერია, მარიამ ადამია, მაია პაქსაშვილი, გვანცა ჩიხლაძე, თეა დოლიძე, ნათელა ფაცია,  ლიკა ლატარია.

                     ელენე სალარიძე, გამომცემლობა „პალიტრა I“-ის რედაქტორი, წიგნის რედაქტორი





კომენტარები

1
  მანანა
აღფრთოვანებული ვარ! წარმატებებს გისურვებთ - სათარგმნი ხომ კიდევ ბევრია ...:) წიგნი სად იყიდება?

2
  dodo karanadze
ახალბედა სტუდენტ-მთარგმნელებო და ამ პროექტის ხელმძღვანელო ლელი აბაშიძე! გილოცავთ დასახული მიზნის წარმატებით შესრულებას. გაოცებული ვარ თქვენი ცოდნით, მონდომებით, შრომისმოყვარეობით! სრულიად ახალი სიტყვა საქართველოს უნივერსიტეტში!

3
  დიმიტრი
ბრავო, ბრავო!!! სად და როდის შეიძლება წიგნის შეძენა?

4
  ნათია
ძალიან კარგია. აუცილებლად უნდა გამოიცეს.

5
  ელენე
რა კარგია და როგორი საინტერესო..!!! წიგნის სახით შეძენა როდის იქნება შესაძლებელი ?

6
  ნიკა
ძალიან კარგია ! მალე იქნება წიგნის შეძენა შესაძლებელი იმედია .

7
  ელენე
რა კარგია და როგორი საინტერესეო..!!! წიგნის შეძენა როდის იქნება შესაძლებელი ?

8
  მარიამი
აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!!! ერთ-ერთი უმაგრესი ამბავია! წარმატებები!!!

Comment