„მსოფლიო ისტორიას საქმე აქვს, მხოლოდ მსხვილ დამნაშავეებთან და მათთან ვინც იყვნენ მზად დიდ დანაშაულზე, მაგრამ არ ჩაიდინეს იგი მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურებით.“ - წერდა ფრიდრიჰ ნიცშე. 200 წლის წლის წინ კი ჰეგელმაც პასუხი გასცა ამ კითხვას. მისი პასუხიც ცნობილია: ისტორია არაფერს არ ასწავლის ადამიანებს.
რას ასწავლის ისტორია კაცობრიობას? როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მისი გაკვეთილები? აქვს თუ არა ისტორიულ პროცესებს ლოგიკა? ამ და მსგავსი კონოტაციის კითხვებზე პასუხებს ცალკეული ადამიანები და მთლიანად საზოგადოება მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეძიებს და დიდი მოაზროვნეები ამ კითხვებს ფილოსოფიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად პასუხობენ.
ერიხ ფრომი თვლიდა, რომ ინტერესი წარსულისადმი, ფესვებისადმი - ეს არა მხოლოდ ნიშანდობლივი და პიროვნული თვისებაა, არამედ ღრმა ადამიანური მოთხოვნილება. რატომ სურთ ადამიანებს შეიგრძნონ თავიანთი კუთვნილება, თანაზიარობა წარსულთან? გარემოსთან? სამყაროსთან? ეს სურვილი ფრომის მოსაზრებით დაბადების მომენტში დედისა და ბავშვის ბიოლოგიური კავშირის წყვეტითაა განპირობებული, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე პიროვნება საჭიროებს სიმბოლურ „ფესვებს“, რომელნიც სტაბილურობის ილუზიას და შეგრძნებას შეუქმნიან მას. როგორც ჩანს სწორედ ისტორიას ძალუძს იტვირთოს ეს ფუნქცია. კონკრეტული ცხოვრება - მხოლოდ წამია დროის უწყვეტ ბობოქარ ნაკადში, მაგრამ ის მაინც ისტორიულ მოვლენათა მორევის ნაწილია. ობიექტურად მთლიანად კაცობრიობისათვის და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია წარსული გაკვეთილები, მის გადასააზრებლად და მომავლის განსაჭვრეტად. „ისტორია ჩვენთვის მოგონებაა, რომელიც ჩვენ არა მხოლოდ ვიცით, არამედ მასში ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ფესვებია. ისტორია საფუძველია, ერთხელ ჩაყრილი საფუძველი, რომელთან კავშირსაც შევინარჩუნებთ, თუ არ გვინდა უკვალოდ დავიკარგოთ ან მეტიც ჩვენი წვლილიც შევიტანოთ კაცობრიობის ყოფაში“ - წერდა გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი.
ისტორია - კაცობრიობის საზოგადოებრივი მეხსიერების კუმულაციაა, მისი თვითშემეცნება და თვითშეგნება. წარსული შობს აწმყოს, აწმყო კი მომავალს, შესაბამისად წარსულის გააზრებას, შემეცნებას კოლოსალური მნიშველობა აქვს როგორც აწმყოს, ასევე მომავლისათვის. საუკუნოვანი სიბრძნე მიუთითებს, რომ ისტორიის გაკვეთილები შეუფასებელია და უდავოდ უნდა გავითვალისწინოთ და ვისწავლოთ წარსულის შეცდომებსა და მაგალითებზე. თუმცა ამას რამდენად იაზრებს და ახორციელებს საზოგადოება, განსაკუთრებით კი მისი პროგრესული, მოაზროვნე და რაც მთავარია ხელისუფლების სადავეებთან მდგომი ნაწილი ეს უკვე ცალკე დისპუტისა და განსჯის საგანია. საზოგადოებას ცალსახად გააჩნია ისტორიული მეხსიერება, მაგრამ შესაძლებელია კი სასარგებლო გაკვეთილებისა და დასკვნების გამოტანა წარსულიდან? თუ როგორც მაგალითად არტურ შოპენჰაუერი მიიჩნევდა ყოველი ახალი თაობა მხოლოდ საკუთარი სოციალური, თუ ცხოვრებისეული გამოცდილებით განჭვრეტს ისტორიულ ჰორიზონტებს და აყალიბებს მომავალს? მსოფლიო ისტორიის მსვლელობისას უამრავი მოვლენა მოხდა, რომელმაც მცირე თუ მასშტაბური ცვლილებები განაპირობა, მაგარამ ალბათ არ იქნება სადავო თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მსოფლიო წესრიგზე თუ ცალკეულ ადამიანების ბედ-იღბალზე ომებმა - განსაკუთრებით მსოფლიო ომებმა იქონია. შოპენჰაუერი ომის, როგორც გლობალური კატასტროფის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მისი აზრით: „იზრდება ახალი თაობა, რომელსაც თავის თავზე არ უწვნევია გასაჭირი, სიდუხჭირე, უბედურება და კვლავაც სხვადასხვა ფორმით კაცობრიობა ებმევა ომის ფერხულში და სატურნივით საკუთარ შვილებს შთანთქავს.“ თუმცა, არა მხოლოდ მკვლევარები, საზოგადოებაც აღიარებს, რაოდენ საღ აზრს მოკლებული იყო არაერთი რევოლუციური რყევა, რომელმაც ისტორიულ კატაკლიზმების ზღურბლთან დააყენა მსოფლიო, მაგრამ მიუხედავად ამისა რევოლუციური მოძრაობები კვლავ და კვლავ იპყრობს ახალი თაობის გონებასა და ცნობიერებას, ხოლო არაერთი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და განსაკუთრებით პოლიტიკოსი ძველებურად აღტკინებულია ომის აპოლოგიით.
ფრანგულმა „ახალმა ფილოსოფიულმა სკოლამ“ გარკვეულწილად სცადა ისტორიის არსისა და დანიშნულების თავისებური გადააზრება. მათი აზრით ისტორია ჩიხშია, ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ერთი და იგივე იდეოლოგემა ბატონობს. ყოველი რევოლუცია ძალაუფლების წყურვილის ანარეკლია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რევოლუციონერი ისეთივე ტირანი აღმოჩნდება, როგორც მისი წინამორბედი. ამას საუკეთესო ილუსტრაციას ჯერ კიდევ საფრანგეთის 1789-1793 წლების რევოლუცია წარმოადგენს, ან თუნდაც ის მტკიცებულება, რომ თუ არა განმანათლებლები არ იარსებებდა არც იაკობინური ტერორი და მსგავსი უთვალავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ უძირო ისტორიული ზარდახშებიდან. ფილოსოფოების გარდა ისტორიული გაკვეთილების „უსარგებლობის“ ილუსტრაციებს უხვად გვიბოძებს ლიტერატურაც, ოლდოს ჰაქსლი, ჯორჯ ორუელი და სხვა არაერთი უტოპისტები, რომელნიც თავიანთი შემოქმედებით მიგვითითებენ, რომ ისტორია განმეორებადი და ანალოგი უნივერსალიებითაა დახუნძლული... ჰაქსლი აღნიშნავდა - ისტორიის გაკვეთილები იმაშია, რომ ადამიანებს არ გამოაქვთ დასკვნები მათგან და ბევრი რამ მეორდება, ხშირად როგორც ჰეგელი აღნიშნავდა ფარსის ფორმითაც, არცთუ იშვიათად კი უფრო სასტიკად. ისტორიის ფოლოსოფია უსარგებლოა, თუ არ წარმოაჩენს მოვლენათა განმეორებადობას, საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებებს.
უდავოდ საინტერესოა თუ როგორ წარმართებოდა კაცობრიობის განვითარება საზოგადოებას რომ ზედმიწევნით გამოეტანა დასკვნები და ეხელმძღვანელა ისტორიის სასტიკი გაკვეთილებით, გაეთვალისწინებინა შეცდომები და მხოლოდ გამოზომილი, მართებული, ჰუმანისტური კომპასი აერჩია ნავიგატორად. ხო არ დაკარგავდა სოციუმი წარმოსახვას, რევოლუციურ შთაგონებას, ისტორიულ შემოქმედებას, ადამიანის უძირო, მეამბოხე სულის მკვლევარები დამჯერ შეგირდებად და პრაგმატულ ჟამთაღმწერებად ხომ არ იქცეოდნენ... თუმცა ამაზე განსჯა მხოლოდ ფილოსოფოსებსა და თეორეტიკოსებს შეგვიძლია მივანდოთ, რადგანაც ადამიანის შინაგანი ბუნება და სწრაფვები როგორც ამას ისტორიის ბორბალი მიუთითებს არ განიცდის ტრანსფორმაციებს, ძალაუფლებისკენ და თავისუფლებისკენ ლტოლვა მისი განუყოფელი ნაწილია. თავისუფლება კი გარკვეულ ეტაპზე ქაოსს ბადებს, რომელიც შემდეგ დესპოტიზმს აპროვოცირებს... და ამგვარად განმეორებულა არაერთგზის.