კალანდრინო და კომპანია
11/24/2020 17:20:50
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

კალანდრინო და კომპანია დეკამერონში

     ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული. მისი გავლენა გასცდა როგორც იტალიის, ასევე ლიტერატურის ფარგლებს და მსოფლიო პოპ-კულტურის ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის პერსონაჟებად ხშირად პაპ ბენედიქტ მერვისა და ეგვიპტის სულთან სალადინის მსგავსი გამოჩენილი პირებიც გვევლინებიან, თავად ნაწარმოებში განსაკუთრებული ადგილი ავტორის რეალურ მეგობრებს ფლორენციელ მხატვარ კალანდრინოსა და მის მეგობრებს უკავიათ, რომლებიც ჯამში ხუთ სხვადასხვა იგავში გვხვდებიან.

     კალანდრინო და მისი კოლეგები დეკამერონის მერვე დღეს მოყოლილ მესამე ამბავში გვეცნობიან. ბრუნო და ბუფალმაკო დაარწმუნებენ ჭკუასუსტ კალანდრინოს, რომ მუნიონეს დაბლობზე მოპოვებულ ჰელიოტროპის ქვას ძალუძს მფლობელს უჩინმაჩინის ძალები მიჰგვაროს. მას შემდეგ, რაც კალანდრინო უბეს ქვებით გაივსებს, მეგობრები გაითამაშებენ, თითქოს მას ვერ ჰხედავენ. უეცარი გაუჩინარებით აღფრთოვანებული კალანდრინო „შეუმჩნევლად“ დაბრუნდება ფლორენციაში, სადაც სახლში მისულს არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდება. მისი მეუღლე მონა ტესა მას მშვენივრად ჰხედავს. გაწბილებული მხატვარი ცოლს დაადანაშაულებს ქვისთვის ჯადოსნური ძალების წართმევაში და რომ არა ბედად შემოსწრებული ბრუნო და ბუფალმაკო, ალბათ, ცემაში შემოაკვდებოდა საწყალი ქალი.

       ბრუნოს და ბუფალმაკოს ხუმრობის მსხვერპლად კალანდრინო იმავე დღეს მოყოლილ მეექვსე იგავშიც გვევლინება. ამჯერად მეგობრები მღვდლის დახმარებით ძუნწ მხატვარს ღორს მოპარავენ. ქურდის გამოსავლენად სიცრუის ტესტის შუა საუკუნეობივი ვარიანტის აღსრულებას საკუთარ თავზე ბუფალმაკო იკისრებს. ის კალანდრინოსა და მის მეზობლებს ყველს და პურს დაურიგებს. წინასწარი დათქმით ქურდი ის იქნება, რომელსაც ყველი და პური ემწარება და გადმოაფურთხებს. ბუფალმაკო კალანდრინოს ლუკმას წალიკას წაუსვამს, რომლის სიმწარესაც ის ვერ გაუძლებს და გადმოაფურთხებს. ბრუნო და ბუფალმაკო მას ერთი სუფრის საფასურს წაგლეჯენ, იმის სანაცვლოდ, რომ ტესას არაფერი უთხრან.

      იმავე დღეს მოყოლილ მეცხრე იგავში კალანდრინოს თაღლითი მხატვრების მსხვერპლის როლში თავის თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის მქონე დოქტორი სიმონე ჩაენაცვლება. ღარიბი ბუფალმაკოსა და ბრუნოს უდარდელი ცხოვრების წესით მოხიბლული ექიმი მეგობრებს მათი მხიარულების საიდუმლოს გაზიარებას სთხოვს. ბრუნო მას მოუყვება საიდუმლო გაერთიანება „მეკობრეების“ შესახებ, რომელიც თითქოს ნეკრომანტ მიკელე სკოცს დაუარსებია და რომლის წევრებიც დროს სამყაროს ულამაზეს და უწარჩინებულეს ქალთა გარემოცვაში ატარებენ. დიდძალი გასამრჯელოს სანაცვლოდ ექიმი საზოგადოებაში გასაწევრებლად მეგობრებისაგან შუამდგომლობის პირობას მიიღებს. დათქმულ დღეს კი, ბრუნოსა და ბუფალმაკოს ოინის წყალობით საზეიმოდ ძვირფას ფარჩაში გამოწყობილი ექიმი  „მეკობრეების“ ნაცვლად ნეხვის ორმოში ამოჰყოფს თავს. შერცხვენილი ექიმი მეგობრებს კიდევ უფრო დიდ ფულს შეაძლევს მისი მარცხის საიდუმლოს შენახვის ნაცვლად.

       მეცხრე დღის მესამე იგავში კალანდრინო სრული ბრწყინვალებით გვიბრუნდება. ოხუნჯი მეგობრები ქალაქელ ექიმს შეეკვრებიან და კალანდრინოს დაარწმუნებენ, რომ ის ფემძიმედაა. ნაყოფის უმტკივნეულოდ მოშორების სანაცვლოდ კი მას ისევ სუფრის გასაწყობად საჭირო თანხას წაღლეტენ.

        მეცხრე დღის მეხუთე იგავში მეგობრები გამოსამშვიდობებელ ნომერს გვთავაზობენ. ბრუნოს, ბუფალმაკოს და ნელოსთან ერთად ფლორენციელი დიდებულის შეკვეთის შესასრულებლად წასულ კალანდრინოს მასპინძლის საცოლე შეუყვარდება. ბრუნო მას დაარწმუნებს, რომ შელოცვის საშუალებით შეძლებს ქალი მის კუთვნილებად აქციოს. დიდგვაროვანის საცოლესთან მარტო დარჩენილ კალანდრინოს მეგობრების ჩარევით მონა ტესა წამოადგება თავს და შერცხვენილ ქმარს ისე გვარიანად მოსცხებს, რომ უჩინმაჩინის ქვის იგავში მიყენებული წყენის სამაგიეროდ ერთი-ორად გადაუხდის.

       

          კალანდრინოს მთავარი პერსონაჟის რანგში ვხვდებით ცნობილი იტალიელი დრამატურგის ბერნარდო დოვიცის 1513 წლის პიესა „კალანდრიაში“. ხსენებული პიესა 1726 წელს სტეფანო ბენედეტო პალავიჩინომ და ჯოვანი ალბერტო რისტორიმ ოპერად აქციეს. „იმედგაცრუებული ძუნწი, ანუ დონ კალანდრინო“ ჰქვია ანტონიო საკინის 1778 წლის კომიკურ ოპერასაც. კალანდრინოს თავგადასავლების მიხედვით ოპერები მეთვრამეტე საუკუნეში იოჰან გეორგ შიურერს, ჯუზეპე გაცანიგას და დომენიკო ჩიმაროზასაც დაუწერია. კალანდრინოს პოპულარობა არც XX საუკუნეში დაუკარგავს. 1975 წელს რეჟისორმა კარლო ტუციიმ გადაიღო მინისერიალი „კალანდრინოს და ბუფალმაკოს თავაგადასავლები“. სერიალში კალანდრინოს როლს ნინეტო დავოლი ასრულებდა, რომელმაც მაყურებელს თავი „დეკამერონის“ პაზოლინისეული ეკრანიზაციიდან დაამახსოვრა.

       სამწუხაროდ ამდენ გზის ციტირებული პერსონაჟის ნამდვილი ცხოვრების შესახებ არც ისე ბევრია ცნობილი. გადმოცემების თანახმად კალანდრინოს პროტოტიპი რენესანსის პერიოდის მხატვარი ნოცო დი პერინო უნდა ყოფილიყო. წყაროები მას გულუბრყვილო, ადვილად მოსატყუებელ პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა უცნობია, ეს დეკამერონის პოპულარობითაა გამოწვეული, თუ მისი ხასიათის ნამდვილმა შტრიხებმა უბიძგა ბოკაჩოს ის ასე დაეხასიათებინა.

         გაცილებით მეტმა ცნობამ მოაღწიე ჩვენამდე მხატვართა ხსენებული ჯგუფის სხვა წევრზე, ბუონამიკო ბუფალმაკოზე, რომელიც „დეკამერონის“ გარდა ფრანკო საკეტის „სამასი ნოველის“ პერსონაჟადაც გვევლინება. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე რენესანსის მემატიანედ წოდებული ჯორჯო ვაზარი გვაწვდის. „ყველაზე გამოჩენილი მხატვრების, მოქანდაკეების და არქიტექტორების ცხოვრება-ში“ ნათქვამია, რომ ის მეთოთხმეტე საუკუნის ცნობილი მხატვრის ანდრეა ტაფოს მოწაფე იყო. ხასიათის ის თვისებები, რომლის წყალობითაც ლიტერატურის ისტორიას შემორჩა, მას ადრეული წლებიდანვე გამოუმუშავებია. ძილის მოყვარულმა ბუონამიკომ ოსტატს, რომელსაც უთენია უყვარდა ბავშვების სამუშაოდ აყენება, საძინებელ ოთახში 30 ცეცხლმოკიდებული ტარაკანა შეუყარა. უცნაური სანახაობით შეშინებულ ტაფოს თავზე ზეწარი წაუფარებია და მზის ამოსვლამდე ოთახიდან ცხვირის გამოყოფაც ვერ გაუბედავს. ანდრეას კითხვაზე, მანაც თუ იხილა დემონთა როკვა გამთენიისას, ბუფალმაკოს უპასუხია, რომ არა, რადგან ის გათენებამდე თვალს არ ახელს. ამის შემდეგ ოსტატს ბავშვები გათენებამდე აღარ წაუყვანია სამუშაოდ. ბუონამიკო მალე დაოსტატდა და დამოუკიდებელ მუშაობას მიჰყო ხელი ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ ბრუნოსთან ერთად, თუმცა ღამის ცხოვრების მოყვარულები მაინც დარჩნენ მის მთავარ პრობლემად. ნაშრომის ერთ-ერთ მონაკვეთში ვაზარი აღწერს, თუ როგორ გადააჩვია ბუფალმაკომ მასპინძლის მეუღლე გათენებამდე მუშაობას მის მიერ მომზადებულ კერძში ზედმეტი მარილის დამატებით. ვაზარი ასევე აღწერს მისი მუშაობის პერიოდს ფაენცას მონასტერში. შილიფად ჩაცმული, მანტიის და მოსასხამის გარეშე მყოფი ბუონამიკო მონაზვნებს შეგირდი ჰგონებიათ და მისთვის უკითხავთ, თუ როდის დაბრუნდებოდა ოსტატი სამუშაოზე. ამის საპასუხოდ ბუფალმაკოს საფრთხობელა ოსტატის კვალობაზე გამოუწყვია, ხელში პალიტრა დაუჭერენებია და კედელთან მიუყენებია. მონაზვნები ოსტატის გამოჩენას დაუმშვიდებია და გადაუწყვეტიათ, მისთვის ხელი აღარ შეეშალათ. მომდევნო 15 დღის მანძილზე ბუფალმაკო მონასტერს ახლოსაც არ გაჰკარებია, მანამ სანამ შეწუხებული მონაზვნებისგან შეტყობინება არ მიუღია, რომელშიც მას ბოდიშს უხდიდნენ ჩაცმულობით შეფასების გამო და სამუშაოზე დაბრუნებას სთხოვდნენ.

     ბუფალმაკოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად პიზაში კამპოსანტოს ტაძარში შესრულებული ციკლი ითვლება, რომლებიც აერთიანებს ფრესკებს: „სამი მკვდარი და სამი ცოცხალი“, „სიკვდილის ტრიუმფი“, „საშინელი სამსჯავრო“ და „ჯოჯოხეთი“. შავი ჭირის ეპიდემიამდე დაახლოებით ათი წლით ადრე შესრულებულ ფრესკაზე „ნადიმი“ გამოსახულია ახალგაზრდების თავყრილობა სიკვდილის მეფობის ფონზე. მკვლევართა აზრით „დეკამერონის“ ჩარჩო ბოკაჩოს სწორედ ხსენებული ფრესკისგან უნდა აეღო. ბუფალმაკოს ჩვეოდა საკუთარი ფრესკების ფონზე მკრთალი საღებავით მინაწერების გაკეთება, მაგალითად ზემოთ ნახსენებ „სიკვდილის ტრიუმფის“ ერთ მონაკვეთზე ვკითხულობთ: „მას შემდეგ, რაც კეთილდღეობამ საბოლოოდ დაგვტოვა, სიკვდილო, ყოველგვარი ტკივილის უებარო წამალო, შენღა თუ გვიმასპინძლებ უკანასკნელ სერობაზე“. მის კიდევ ერთ ტილოზე, რომელიც წმინდა მაკარის ცხოვრებას ეხება, გამოსახულია დიდგვაროვანი ახალგაზრდების ნადირობა ღია სარკოფაგების სიახლოვეს, რომელთაგან ადენილი სურნელებაც მათ მხიარულ განწყობას უკლავს.

        ვაზარის თანახმად ბუფალმაკო 1340 წელს 78 წლის ასაკში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა და ხაზინის ხარჯზე დაიკრძალა სანტა მარია ნოველას სახელობის ტაძრის სიახლოვეს მდებარე ჰოსპიტალის ეზოში.

       „დეკამერონის“ ლიტერატურულ ქარგაში კალანდრინოსა და მისი მეგობრების როლის განსაზღვრაში თავად ბოკაჩო გვეხმარება, გვიყვება რა მათ ამბებს წიგნის მერვე და მეცხრე დღეს. პირველ შემთხვევაში შავ ჭირს გარიდებული მეგობრების თხრობის საგანს წარმოდგენს გონებამახვილური იონები, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უწყობენ. მეცხრე დღეს კი, სადაც კიდევ ორი ამბავი გვხვდება კალანდრინოს, ბრუნოსა და ბუფალმაკოს მონაწილეობით მთხრობლებს თავისუფლება აქვთ მინიჭებული და მხატვრების წრესთან დაკავშირებულ სასაცილო ამბებს გასართობად ჰყვებიან. თავად მოთხრობების შინაარსის და თხრობის ქსოვილში მათი განლაგების მიხედვით შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბოკაჩოს გვთავაზობს ტრიქსტერებისა და მათი მუდმივი მსხვერპლის ურთიერთობის კლასიკურ მაგალითს, რომელმაც, როგორც შემდეგში ვნახავთ, წიგნის მიღმაც დატოვა საკუთარი კვალი იტალიური კომედიის ისტორიაში.

           მოთხრობების განსაკუთრებულ კომიკურ კოლორიტს ჰქმნის ის სიუხვე, ის ზღვარგადასული ღრეობა და იგავმიუცემელი სიმდიდრე, რომელსაც დასავლური ლიტერატურის მკითხველი განსაკუთრებით კარგად შემდგომში ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელიდან“ გაეცნობა. ხსენებული ასპექტი განსაკუთრებით დომინირებს ბასკების ქვეყნის აღწერაში, რომელსაც სულელ კალანდრინოს მაზო „უჩინმაჩინის ქვის“ ერთ-ერთ ეპიზოდში ახვევს თავს: „მაშინ კალანდრინომ ჰკითხა: ნეტავ სადა პოულობენ ასეთ საკვირველ ქვებსაო? მაზომ უპასუხა: უმეტესობა გვხდება ბროლინცონეში, ბასკების მხარესაო, ერთ ადგილას, რომელსაც ჰქვია ბენგოდი („ტკბილეულობა სუსნე“), სადაც ვაზებს ძეხვებით ააკრავენ ხოლმე ჭიგოებზე, ბატი ორ ფლურადა ღირს და სართად ბატის ჭუკსაც აძლევენო; აქვე ერთი მთაა, მთლად ჩვენებური ყველის პარმიჯანოსაგანაა, მხოლოდ დაფხვნილისაგანო; ამ მთაზე ხალხი ცხოვრობს და ეს ხალხი ერთთავად მაკარონებს და გუფთებს აკეთებს, მერე ყვერულების ნახარშში ხარშავენ და ქვევით ისვრიან, და ვინც უფრო მეტს დაიჭერს, იმას უფო მეტიცა რჩება; მახლობლად ვერნაჩიოს ღვინის ნაკადული სდის, ამაზე უკეთესი ღვინო ადამიანის პირს არ უგემია, და შიგ ერთი წვეთი წყალი არ ურევიაო. „იფ! — წამოიძახა კალანდრინომ, — აი, ადგილიც ასეთი უნდა, მე და ჩემმა ღმერთმა! მაგრამ ერთი ეს მიბრძანეთ, იმ მოხარშულ ყვერულებს რაღას უშვრებიან?“ – „სუყველას ბასკები ჭამენ“, — უპასუხა მაზომ.

     იგივე მხატვრულ ხერხს ვხვდებით მაესტრო სიმონეს იმ ეპიზოდში, რომელშიც ბრუნო გულუბრყვილო ბოლონიელ ექიმს საიდუმლო ორგანიზაცია მეკობრეების თაობაზე უყვება: „უნდა მოგახსენოთ, ჩემო ტკბილო მაესტრო, — უთხრა ბრუნომ, — რომ ამას წინათ ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი დიდი ოსტატი ნიგრომანციისა; მიქელე სკოტოს ეძახდნენ, რადგან სკოციიდან იყო და დიდძალი კეთილშობილი ხალხი ჰყავდა პატივისმცემელი, რომელთაგან დღეს ძალიან ცოტანი დარჩნენ ცოცხლები. როცა აქედან წასვლა განიზრახა, მეგობრების თხოვნით დაუტოვა მათ თავისი ორი განსწავლული მოწაფე, რომელთაც დაავალა: ეცადეთ, სულ მუდამ მზად იყოთ ყველაფერში აამოთ ხოლმე იმათ, ვინც მე პატივსა მცემდნენო. მოწაფენიც ხსენებულ კეთილშობილებს დიდი სიამოვნებით შველოდნენ ზოგიერთ მათ სასიყვარულო და აგრეთვე სხვა ხასიათის საქმეებში. შემდეგში, როცა ქალაქიცა და აქაურ მცხოვრებთა ზნე-ჩვეულებაც მეტად მოეწონათ, გადაწყვიტეს სამუდამოდ აქ დარჩენილიყვნენ; ზოგიერთებს მეტისმეტად უგულითადესად დაუმეგობრდნენ, იმას არც კი უყურებდნენ — ესენი კეთილშობილნი იყვნენ თუ მდაბიონი, მდიდრები თუ ღარიბები, მხოლოდ იმას ეძებდნენ — მათი მეგობრები მათი ზნე— ჩვეულებისანი ყოფილიყვნენ. ამ თავისი მეგობრების საამებლად დაარსეს ოცდახუთი კაცისაგან შემდგარი საზოგადოება. ამ საზოგადოების წევრნი თვეში ორჯერ მაინც ერთად უნდა შეკრებილიყვნენ მათს მიერ დანიშნულ ალაგას. აქ თითოეული წევრთაგანი თავის წადილს განუცხადებდა და ესენიც იმღამესვე ასრულებდნენ. ამ მოწაფეებთან მე და ბუფალმაკო ძალიან დამეგობრებულები და დაახლოებულნი ვიყავით და მიგვიღეს იმ საზოგადოებაში, რომელშიაც დღესაც ვართ და უნდა მოგახსენოთ, რომ როცა ერთად შევიკრიბებით, საუცხოო სანახავია ხოლმე ხალიჩებით შემკული კედლები იმ დარბაზისა, სადაც ვნადიმობთ, მეფურად გაშლილი სუფრები, მრავალი კეთილშობილი და მშვენიერი მოსამსახურე, როგორც ქალები, ისე კაცები, რომელნიც ამ საზოგადოების წევრთათვის არიან აქ მოყვანილნი; ახლა თქვენ ლაგვინები, ორკოლები, ფიასკოები, ფიალები და სხვა ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი ბრძანეთ, რომელთაგან ჩვენა ვჭამთ და ვსვამთ, გარდა ამისა, რა და რა ნაირ-ნაირი საჭმელი გნებავთ, რომ ვინმემ მოიკითხოს და მაშინვე არ მიართვან!.. აბა სად შემიძლია ჩამოგითვალოთ, თუ რა და რა საკრავის საამო ხმები ისმის, ან რა ტკბილადა მღერიან! ვერ ჩამოგითვლით, რამდენი თაფლის სანთელი იწვის ამ ვახშმებზე, რამდენი ტკბილეულობა იხარჯება, ან რა თავანკარა ღვინოები ისმება!.. მე არ მინდა, ჩემო ჭკვიანო, რომ გეგონოთ ვითომც ჩვენ ეს ტანისამოსი გვეცვას და ან ასე მორთული ვიყოთ იქ, როგორც ახლა გვხედავთ! იმდენ ხალხში ერთი არავინაა, თუნდ სულ უკანასკნელი, ისეთი, რომ იმპერატორად არ მოგეჩვენოთ თავისი ჩაცმულობით, ყველანი ისე მდიდრულადა ვართ ჩაცმულ-დახურულნი, ჰო, ჩემმა მზემ!.. მაგრამ ყველაზე მეტი სიამოვნება იქაური ლამაზი ქალებია!.. ოღონდ კი ვინმემ თქვას — მინდაო, მაშინვე მთელი ქვეყნის ზურგიდან ხელად იქ გაჩნდებიან. აქ თქვენა ნახავთ ბარბანიკების მთავრის მეუღლეს, ბასკების დედოფალს, სულთნის მეუღლეს, ოსბეკების იმპერატორის მეუღლეს, დი ნორნიეკა ჩანჩანფერას, ბერლინცონეს სემისტანტეს, დი ნარსია სკალპედრას. მაგრამ ნეტავ ვიცოდე, ამის ჩამოთვლა რაღა საჭიროა! იქვეა ხოლმე მთელი ქვეყნიერების დედოფლები! გეუბნებით, ყველანი იქ არიან მღვდელ ჯოვანის მეუღლე სკინკიმურაც კი, რომელსაც, ჩემის აზრით, უკანალის გარშემო რქები აქვს. ახლა შემდეგ უყურეთ! როცა დალევენ და პირს ჩაიტკბარუნებენ, მერე ერთ-ორ სათამაშოს ჩამოუვლიან, ყოველი ქალთაგანი იმ კაცის ოთახში შედის, ვისი გამოთხოვნითაც ეს ქალი აქ მოვიდა. ახლა უნდა იცოდეთ, რომ ეს ოთახები თვით სამოთხე გეგონებათ, ისე მშვენივრად მორთულნი არიან, და შიგ ისეთი სურნელება დგას, როგორიც თქვენს აფთიაქში, როცა თქვენ ზირას ანაყვინებთ ხოლმე; ახლა საწოლები უნდა ნახოთ! ვენეციელი დოჯის საწოლიც ვერ მოვა სილამაზით მათთან და აი ასეთ საწოლებში განისვენებენ! აწ თქვენთვის მომინდვია იმის გამოცნობა, თუ როგორ მუშაობენ ქსელის მბეჭველნი, როცა საფეხურებით მუშაობენ და საბეჭავს თავისკენ გამოსწევენ, რომ ნაქსოვი უფრო მტკიცე გამოვიდეს. სხვათა შორის, ყველაზე უკეთესად, ჩემის აზრით, გვეცხოვრება მე და ბუფალმაკოს, იმიტომ რომ ის თავისთვის უფრო ხშირად საფრანგეთის დედოფალს გამოუძახებს ხოლმე და მე კიდევ — ინგლისის დედოფალს და ამ ორისთანა მშვენიერი ქალი მთელ დედამიწის ზურგზე არ არის; და ჩვენც ისე მოვახერხეთ, რომ ეს ქალები ჩვენი სიყვარულით ფეთდებიან. თუკი გაითვალისწინებთ, რომ საყვარლებად გვყავს ორი ასეთი კალმით დახატული დედოფალი, შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რატომ უნდა ვცხოვრობდეთ და დავდიოდეთ, სხვებზე უფრო მხიარულად: გარდა ამისა, საკმაოა ვინატროთ ათასი ან ორი ათასი ფლორინი, რომ ნატვრა მყისვე აგვისრულდეს. და აბა სწორედ ამას ვეძახით მდაბიურად „სამეკობროდ სიარულს“, იმიტომ რომ, როგორც მეკობრენი ძარცვავენ ყველას, ისე ჩვენც ვძარცვავთ, მხოლოდ ჩვენსა და მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ისინი უკან აღარ უბრუნებენ წანართმევს, ხოლო ჩვენ, როგორც კი ხელს მოვინაცვლებთ, ვუბრუნებთ ხოლმე. ახლა ხომ მიხვდით ჩემო უზაკველო მაესტრო, რას ვეძახით სამეკობროდ სიარულს? მაშასადამე, თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რამდენად საიდუმლოდ უნდა დარჩეს ესა, ამიტომ მეტს არაფერს გეტყვით და ნურც თქვენა მთხოვთ“.

       ზემოთ მოყვანილ თავებში კარგად ჩანს ის ორი ფუნდამენტური თავისებურება, რასაც ბახტინი კარნავალური, ანუ სერიოზულ-სასაცილო ლიტერატურული ჟანრის მახასიათებლად მიიჩნევს. 1. მითოსზე უარის თქმა და ნაამბობის მთლიანადაც გამოცდილებაზე დამყარება, რაც სათქმელი დესაკრალიზებას ახდენს 2. უარის თქმა სტილის სიწმინდეზე და მაღალი, საშუალო და დაბალი რეგისტრების მიზანმიმართული აღრევა, რაც კომიკურ ეფექტს თხრობის აქტის დონეზე ქმნის. კალანდრინოსა და მისი მეგობრების თავგადასავლებს თუ დეკამერონის დანარჩენ 95 ნოველას ხსენებული ნიშნებით დავუპირისპირებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ მიერ უკვე ზემოთ ნახსენები ასპექტები არსად არ არის მსგავსად გამოკვეთილი. იმდენად ცხადად ჩანს ხსენებულ ნოველებში ბოკაჩოს სურვილი სიცილი მოგვგვაროს, რომ ის უკანა პლანზე წევს დიდაქტიკურ მოტივებს. ზემოდ ნაჩვენებს ორ მაგალითში ვაწყდებით არარეალური სამყაროს გაჭიანურებულ აღწერას, რომელიც აგრძელებს ნოველას, თუმცა აბსურდული თხრობისაგან შექმნილი კომიკური ეფექტი იმდენად ძვირფასია ავტორისათვის, რომ არაფრად მიიჩნევს თავის ისედაც ვრცელ ნაწარმოებს კიდევ ერთ-ორი გვერდი შემატოს.