- member little Daisy Armtsrong
საერთო მიზნის სახელით კოლექტიურ მკვლელობას ტრადიციული საზოგადოებისგან სრულიად განსხვავებულ გარემოშიც შეიძლება შევხვდეთ. ამის მაგალითს ვხვდებით აგათა კრისტის გახმაურებული დეტექტიურ რომანში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“.
სტამბულიდან ლონდონისკენ მიმავალი ერკიულ პუარო აღმოსავლეთის ექსპრესში ხანში შესულ ამერიკელს, გვარად რეტჩეტს გაიცნობს. ეს უკანასკნელი რაღაცით არის დამფრთხალი და მცველად პუაროს დაქირავებას გადაწყვეტს, თუმცა ამერიკელი კერძო მაძებარში ანტიპათიას აღძრავს, ამიტომ მის წინადადებაზე უარს ამბობს. ქალაქ ვინკოვცის სიახლოვეს პუაროს რეტჩეტის ვაგონიდან გამომავალი ყვირილი გააღვიძებს და დილით შეიტყობს კიდეც ამერიკელის მკვლელობის შესახებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ის აღმოაჩენს ქაღალდის ნაგლეჯს, რომელზეც სიტყვები: „--member Daisy Armstrong“ წერია. პუაროს აგონდება რამდენიმე წლით ადრე მომხდარი დანაშაული: ვინმე კასეტიმ გაიტაცა სამი წლის დეიზი არმსტრონგი, მიიღო გამოსასყიდი, თუმცა ბავშვი მაინც მოკლა და როგორღაც თავი დააღწია მართლმსაჯულებას. პუარო დაასკვნის, რომ კასეტი და რეტჩეტი ერთი და იგივე პიროვნებაა. მსჯელობისას ის წამოაყენებს მკვლელობის ორ ვერსიას: პირველის მიხედვით, მატარებელში ვიღაც უცნობი ამოვიდა, მოკლა რეტჩეტი და უკვალოდ გაქრა, მეორე ვერსიის თანახმად კი ამ ვაგონის ყველა მგზავრმა, რომლებსაც, როგორც გამოძიების მსვლელობისას ირკვევა, ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ პატარა დეიზისთან ან მის ოჯახთან, მიიღო მონაწილეობა მართლმსაჯულების აღსრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელში მყოფი ცნობილი მსახიობი და დეიზის ბებია, ქალბატონი ლინდა არდენი, მეორე ვერსიის სისწორეს აღიარებს, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ვაგონის მგზავრები იუგოსლავიის პოლიციას პირველ ვერსიას მიაწვდიან.
ეს მაგალითიც ატარებს კოლექტიური მკვლელობის ფენომენისთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს. უმანკო სიცოცხლის მოსპობითა და ოფიციალური მართლმსაჯულების არაეფექტურობით იმედგაცრუებული ჭირისუფლები გეგმავენ შურისძიებას და აღასრულებენ მას. ამ შემთხვევაში შურისძიების აქტის მონაწილეებს არ აერთიანებთ საცხოვრებელი არეალი და იქ გავრცელებული ადათ-წესები - ჯგუფის კონსოლიდირება დანაშაულმა და მის მსხვერპლთან კავშირმა მოახდინა, მაგრამ ყველა სხვა კრიტერიუმით აგათა კრისტის რომანში აღწერილი კოლექტიური მკვლელობა იმეორებს ჯგუფური პასუხისმგებლობის მითოლოგიურ პარადიგმას: ის მოტოვირებულია ჩადენილი დანაშაულის ერთიანი აღქმით; მასში მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი; არატრადიციული გარემოსა და თანამედროვე მართლმსაჯულების მიუხედავად, რჩება დაუსჯელი.
ზემოთ განხილული მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია გამოვკვეთოთ კოლექტიური მკვლელობის როგორც ხალხის მართლმსაჯულების აღსრულების პროცესისათვის დამახასიათებელი რამდენიმე უნივერსალია:
1. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, ჰყავდა თუ არა დანაშაულს კონკრეტული მსხვერპლი, თემი განიხილავს ამას მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად.
2. თემის წევრები უარს ამბობენ არა მხოლოდ პიროვნულ ინიციატივაზე, არამედ უარყოფენ პირადი პასუხისმგებლობის დადგომის ყოველგვარ შესაძლებლობას. მართლმსაჯულება აღასრულა ჩარგალმა, არხანმა, ისრაელის ხალხმა, სოფლის თოფმა, ფუენტე ოვეხუნამ და ა.შ. თუ დასასჯელია ვინმე, დაე, ყველა ერთად დაისაჯოს.
3. ქმედება ყოველთვის გამართლებულია უზენაესი მიზნით, იქნება ეს უფლის კანონის, თავისუფლების იდეის თუ სოფლის ღირსების დაცვა.
4. კოლექტიური დანაშაული რჩება დაუსჯელი.