„კვიპრიანეს ნადიმი“ ახალი აღთქმის მოტივებზე დაფუძნებლი სატირული ნაწარმოები და მისი გავლენა შუა საუკუნეების რელიგიურ აზროვნებაზე
„კვიპრიანეს ნადიმი“ წარმოადგენს ბიბლიურ თემატიკაზე დაწერილ პაროდიულ ნაწარმოებს, რომლის ავტორობასაც მესამე საუკუნეში მოღვაწე კართაგენის ეპისკოპოსს კვიპრიანეს მიაწერენ, თუმცა ეს საკითხი არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და სხვა შესაძლო ავტორებს შორის მეოთხე საუკუნის რომაელ პოეტს ბახიარიუსს ან IV-V საუკუნეების პოეტს კვიპრიანე გალელსაც მოიაზრებენ.
ნაწარმოების მოქმედება მიმდინარებს კანაში, იოსებ კანანელის ქორწილში სადაც იესო ძველი და ახალი აღთქმის პერსონაჟებს იწვევს სუფრაზე. მიხაილ ბახტინი „ნადიმის“ კომენტირებისას დასძენს: „მთელი ბიბლია, მთელი სახარება თითქოს დაჭრილია წვრილ-წვრილ მონაკვეთებად, რომელთა მეშვეობითაც აღწერილია ბიბლიური გმირების მოლხენა მოყოლებული ადამიდან და ევადან იესოს და მისი მოწაფეების ჩათვლით. ამ ნაწარმოებში ზედმიწევნით არის დაცული ყოველი შესაბამისობა „საღვთო წერილთან“, თუმცა ეს ყველაფერი აღწერილია კარნავალის, სატურნალიის სტილში“.
„კვიპრიანეს ნადიმის“ გავლენასა და მნიშვნელობაზე შუა საუკუნეების სქოლასტიკურ სწავლებაზე განმარტებას სხვა კომენტატორებთან ერთად თავად ეკოც იძლევა „ვარდის სახელის“ ერთ-ერთ თავში, უილიამის პირით. დამოკიდებულება ზემოთხსენებულ ტექსტთან მართლაც არაერთგვაროვანი იყო. მოძღვართა ერთი ნაწილი სასტიკად უკრძალავდა მის კითხვას თავიანთ მორჩილებს, მეორე ნაწილი მას კარგ მნემონიკურ ხერხად მიიჩნევდა ბიბლიური პერსონაჟებისა და მათთან დაკავშირებული ისტორიების დასამახსოვრებლად, თუმცა სასულიერო მოღვაწეთა ორივე ჯგუფი ერთხმად თანხმდებოდა იმაზე, რომ ამგვარ არასერიოზულ ნაწარმოებს დიდი კვიპრიანე კართაგენელი ნამდვილად არ დაწერდა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა ნაწარმოები საკმაოდ პოპულარული იყო როგორც ქრისტიანულ მონასტრებში ასევე მათ გარეთ, როგორც ადსოს რომანის ერთ-ერთ თავში დასძენს არ არსებობდა სასულიერო პირი, რომელსაც არ ეცინოს ამ აკრძალული ხელნაწერის კითხვისას, რომელიც მიუხედავად მკაცრი აკრძალვისა მაინც საკმაო წარმატებით ვრცელდებოდა როგორც ქრისტიანულ მონასტრებში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამის ნათელი დასტურია ისტორიული გადმოცემა, რომლის თანახმადაც ის იკითხებოდა კაროლინგი იმპერატორის კარლოს მელოტის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე 875 წელს.
დღესდღეისობით „კვიპრიანეს ნადიმის“ 54 ხელნაწერია შემორჩენილი, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილი მეცხრე საუკუნით თარიღდება და იოჰანეს სიმონიდესისა და რებანუს მაურუსის კალამს ეკუთვნის. „ნადიმის“ პირველი ნაბეჭდი ვერსია 1564 წელს გამოიცა კვიპრიანეს სხვა ნაშრომებთან ერთად.
კვიპრიანეს ნადიმი „ვარდის სახელში“
„ვარდის სახელში“ კვიპრიანეს ნადიმის კიდევ უფრო ფანტასმაგორული ვერსია მეექვსე დღის მესამე ჟამს მალაქიას სახელზე აღვლენილ წირვაზე მყოფი ადოს სიზმრის სახით შემოდის. აქ ნადიმი კანას მაგივრად მელქის მონასტერში იმართება სადაც ადელმუსის ილუსტრაციების სტილში გაფორმებულ დარბაზში გამართულ წვეულებას იესოს მაგივრად მონასტრის წინამძღვარი აბო უძღვება, რომელიც ხორხესთან ერთად(!) იცინის ბერნარ გუის სამოსში გამოწყობილი მეკუჭნავის მიერ წაკითხული ახალი აღთქმის უხამს ვერსიაზე. მალე ნადიმს ცნობილი ბიბლიური პერსონაჟებიც უერთდებიან. მათი შემდგომი ქცევა კი მათი მონაწილეობით ბიბლიაში აღწერილი ამბების ზუსტ თუმცა პაროდიულ აღწერას წარმოადგენს. განსაკუთრებით სატირულია სიზმარში აღწერილი სცენა, სადაც სუფრის წევრები მთავარ კერძს, ხბოს ბრაწავენ და შემდეგ ინაწილებენ. დასაკლავად განწირული ცხოველი აბრაამს შემოჰყავს, რომელსაც რახაბი ხეზე აბამს, აბესალომი თავქვე კიდებს, პეტრე ხმალს იწვდის, კაენი ყელს ჭრის, ევა კი პირველი უსინჯავს გემოს. თავი იოანე ნათლისმცემელს შეხვდება, ენა - აარონს, ყბა - სამსონს, ფაშვი - იონას, ნაღველი - ტობიას, ყური - პეტრეს.
ადამი თავდაყირა დგას და ნეკნიდან ღვინო მოწვეთავს, ნოე ძილში წყევლის ქამს, პეტრე მამლის ყივილამდე ფხიზლობს, იესოს კი მამას თხოვ სალვატორეს და სოფლელი გოგოს ტანჯვა მასზე გარდმოავლინოს. პილატე აქეთ-იქეთ დაბორიალებს და წყალს ითხოვს ხელების დასაბანად, მუცელ გამოფატრული ძმა დოლჩინო ბერნარ გუის მხარზე ქვითინებს და ანგელოზებრივ პაპს უხმობს, ადამი იქ შეკრებილთ ურჩევს, ეს ვაშლი ჩაკბიჩეთ, ახალი მოწყვეტილიაო, როჯერ ბეკონი მფრინავი მანქანით ეშვება, დავითი ქნარზე უკრავს, სალომე შვიდი საბურვლით ცეკვავს და ბოლოს შიშვლდება.
ადსოს სიზმარში „კვიპრიანეს ნადიმის“ ფონზე აირეკლება არამხოლოდ მონასტრის გარემო არამედ ისტორიული ასპექტები, რომლებიც „ნადიმის“ დაწერიდან დიდი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი. მაგალითად „მონტე კასინოს განჩინებანი“ ან „სან კლემენტის“ მონასტრის წარწერა. აღნიშნული ტექსტები X-XI საუკუნეებს განეკუთვნება და ხალხური ლათინური პირველ შემორჩენილ ძეგლებად ითვლება.