ლეგენდა ასასინებზე: ისმაილიტები
11/29/2022 15:10:46
   ავტორი : ლუკა კანდელაკი.

            უძველესი დროიდან მოყოლებული აღმოსავლეთში მრავალი რელიგიურ-ფილოსოფიური თუ მისტიკური სექტა ყალიბდებოდა, თუმცა მათი უმრავლესობა საუკუნეებმა შთანთქა. არც ისლამის ეპოქა ყოფილა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ „ორთოდოქსული“ ისლამი ერეტიკოსობას ყველა შესაძლო ხერხით ებრძოდა, ისლამურ სამყაროში მაინც ბევრი რელიგიური ორგანიზაცია დაარსდა, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებას რელიგიის საკუთარ ინტერპრეტაციებს სთავაზობდნენ.

            საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ შიიტური მოძღვრების ერთ-ერთი განხრის - ისმაილიზმის - მიმდევრები. ისმაილიტების, ასევე ცნობილნი როგორც - ასასინების -ყოველდღიურ საქმიანობაზე მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. რადგან სანდო წყაროების უმეტესობა საუკუნეების განმავლობაში განადგურდა, ჩვენი ცოდნა მეტწილად დაფუძნებულია მითებსა და ლეგენდებზე მათ შესახებ.

 

ისმაილიტები

 

            მერვე საუკუნის მეორე ნახევარში შიიტები დაიყვნენ რამდენიმე სექტად: ზეიდიტები, იმამიტები(ზომიერი შიიტები, რომლებიც მეშვიდე იმამად ცნობდნენ ისმაილს) და, მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში - ისმაილიტები. იგი ჩამოყალიბდა ერთგვარ საიდუმლო ორგანიზაციად, რომლის გავლენის სფეროში შედიოდა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია შუა აზიიდან ხორასნამდე. ამ მიმდინარეობის წიაღად შეგვიძლია ხელოსნური წრეები მივიჩნიოთ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილში(სირია, ერაყი, ბაჰრეინი, ირანი და სხვ.). ისმაილიტებმა მიიღეს კარმატების სახელწოდება, თუმცა, კარმატობა შემდეგ ცალკე სექტად ჩამოყალიბდა.

            მეცხრე საუკუნის ბოლოს ქრისტიანულ ნარატივებთან შერწყმული, ნეოპლატონიზმის იდეალისტური ფილოსოფიის გავლენით ჩამოყალიბდა ისმაილიტების დოქტრინა, რომელიც ძალიან დაშორდა სუნიტურ ისლამსა და ზომიერ შიიზმს. ისმაილიტების მოძღვრების თანახმად ღმერთმა საკუთარი არსებიდან შვა შემოქმედებითი სუბსტანცია - „მსოფლიო სული“, რომელმაც შექმნა მატერია, პლანეტები და მიწა. ისმაილიტები ყურანს ალეგორიულად განმარტავდნენ და უარყოფდნენ ისლამის ზნეჩვეულებათა უმეტეს ნაწილს.

            ისმაილიტების სწავლების მიხედვით დროის გარკვეული ციკლის შემდეგ მოციქული აღდგება ხალხში. „მსოფლიო გონებას“ გამოხატავს ნატიკი(მოლაპარაკე) ანუ წინასწარმეტყველი, ხოლო „მსოფლიო სულს“ - მისი თანაშემწე, კომენტატორი მისი მოძღვრებისა - ასასი (ბაზისი, საფუძველი). ნატიკი იყო ექვსი - ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე, იესო ქრისტე და მუჰამედი. ყოველ ნატიკს ჰყავდა თანაშემწე: მოსეს - აარონი, იესო ქრისტეს - პეტრე მოციქული, მუჰამედს - ალი.

ისმაილიტების სექტა პირველად შვიდი, შემდეგ კი ცხრა საფეხურისაგან შედგებოდა. უმაღლეს საფეხურს მხოლოდ სექტის ზოგიერთი წევრი აღწევდა, რომელთაც ბრმად უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც იარაღი, სექტის უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი სხვა წევრები. ისმაილიტების სექტა შეკრული იყო რკინის დისციპლინით.

 

ისმაილიტები ირანში

            სელჩუკთა დაპყრობებმა და მასთან დაკავშირებულმა ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდამ ირანში კლასობრივი ბრძოლა გაამწვავა. მე-11_მე-12 საუკუნეებში სელჩუკიანთა ბატონობის წინააღმდეგ ოპოზიციამ საკუთარი ხმა ისმაილიტების რელიგიური სექტის იდეოლოგიურ საბურველში გახვეულმა გააჟღერა.

            ირანში ისმაილიტთა განსაკუთრებული სექტის დამაარსებელი იყო ეგვიპტის ისმაილიტი ფატიმიანი ხალიფების ემისარი ჰასან იბნ-საბაჰი. 1090 წელს ისმაილიტებმა დაიპყრეს მიუვალი ციხე-სიმაგრე ალამუთი(“არწივის ბუდე“), რომელიც ქ. ყაზვინის ახლოს მდებარეობდა, ელბურსის მთებში(ჩრდ. ირანი). მათ, აგრეთვე, დაიპყრეს მთელი რიგი გამაგრებული ციხესიმაგრეები მთიან რეგიონებში: დეილემში, ქუჰისტანში, რუდბარში, ფარსში, აგრეთვე სირიაში - ლიბანის მთებში ჯვაროსნების სამფლობელოების ახლოს. ასე ჩამოყალიბდა ისმაილიტთა თეოკრატიული სახელმწიფო ალამუთით ცენტრში, რომელსაც სამფლობელოები ჰქონდა ირანსა და სირიაში. მალე ირანის ისმაილიტებმა ეგვიპტის ფატიმიანთა ხალიფებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს. ჰასან იბნ-საბაჰი გახდა ირანისა და სირიის ისმაილიტთა სულიერი მეუფე, ამავე დროს კი ხელმწიფე, რომელიც განაგებდა მათ თითოეულ სამფლობელოს. „მთის მოხუცის“, როგორც მას უწოდებდნენ, და შემდეგ მისი მემკვიდრეების რეზიდენციად იქცა ალამუთი.

            ალამუთის ისმაილიტების სექტა იყო საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა „მთის მოხუცის“ ყველა ბრძანებას. ისმაილიტების მეთაურის სასულიერო ავტორიტეტი კიდევ უფრო იზრდებოდა იმის გამო რომ სექტის წევრობა, მისი პოლიტიკური მიზნები და რელიგიური დოგმატიკა უცხოთათვის მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

            ისმაილიტი მქადაგებლის მიერ საიდუმლოდ და საგულდაგულოდ მომზადებული მუსლიმი მხოლოდ იდეოლოგიური დამუშავებისა და ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ ხდებოდა სექტის პირველი საფეხურის წერი. ის პირები, რომლებიც უმაღლეს საფეხურს მიაღწევდნენ, „მთის მოხუცის“ უახლოესი თანაშემწეები ხდებოდნენ. რიგითი ისმაილიტი პირველ-მეორე საფეხურის ზევით, როგორც წესი, ვერ აღწევდა.

            ციხესიმაგრის ხელში ჩაგდებისა და მოქნილი, ამავე დროს ძლიერი, ორგანიზაციის შექმნის შემდეგ ისმაილიტებმა დაიწყეს ბრძოლა სელჩუკთა გაბატონებული კლასის თვალსაჩინო წარმომადგენლებისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ფეოდალური მბრძანებლების წინააღმდეგ. მათ საკმაო სამხედრო ძალა არ ჰყავდათ, ამიტომაც ისინი მიმართავდნენ ინდივიდუალურ ტერორს. „მთის მოხუცის“ ბრძანებით, მის მიერ გაგზავნილი მკვლელი - „ფიდაი“(ე.ი. „თავგანწირული“) ვაჭრის, მათხოვრის, მსახურის, თუ დერვიშის სახით, ყველგან ახერხებდა შეღწევას. ხელმწიფის(ხალიფას, სულთნის) სასახლეში, მეჩეთში, ქალაქის ბაზარსა თუ მხედართმთარის ბანაკში. ისმაილიტები ტერორისტულ აქტს საიდუმლოდ ამზადებდნენ, მაგრამ ამ აქტს საჯაროდ ასრულებდნენ. მათ გათვალისწინებული ჰქონდათ პოლიტიკური ეფექტი. სექტის ხელმძღვანელები მკვლელ-ფიდაებს ახალგაზრდებებიდან აკომპლექტებდნენ; ფიდაებს შორის ბევრი იყო გლეხი, ხელოსანი, ქალაქის ხელმომჭირვე, რომელიც დიდებულთა წინააღმდეგ მოწოდებას მწურვალედ ეხმაურებოდა.

ალფ-არსლანის სიკვდილის შემდეგ სელჩუკთა იმპერიის დე-ფაქტო მმართველს - ნიზამ ულ-მულქს კარგად ესმოდა ისმაილიზმის სოციალური მნიშვნელობა და ის საშიშროება რასაც იგი წარმაოდგენდა სელჩუკიანთა ფეოდალური სახელმწიფოსთვის. ყოვლისშემძლე ვეზირის ბრძანებით ისმაილიტებს ან მათდამი სიმპატიით განწყობაში ეჭვმიტანილ პირებს სიკვდილით სჯიდნენ(ცოცხლად დაწვა). მუსლიმი სამღვდელოება, რომელიც გაბატონებული კლასის ინტერესებს იცავდა, ცდილობდა ისმაილიტების, როგორც ერეტიკოსებისადმი, სუნიტებში სიძულვილის გაღვიძებას.

მიუხედავად ამისა, მკაცრმა და სასტიკმა დევნამ ვერ შეაჩერა ისმაილიტების საქმიანობა. 1092 წელს მათ მოკლეს ნიზამ ულ-მულქი, ხოლო შემდეგ მისი შვილი. ჩვენამდე მოაღწია ისმაილიტების მსხვერპლთა სიამ: მხოლოდ 1092-1162 წლებს შორის მათ მიერ 75 კაცია მოკლული, მათ შორის ნიზამ ულ-მულქი(1092), აბასიანთა ხალიფები: მუსთაშარიდი(1135) და რაშიდი(1136), ერაყის სელჩუკიანი სულთანი დაუდი(1132) ვეზირები, ამირები, რაისები, მუსლიმი ღვთისმეტყველები და სხვ. სელჩუკიანთა სულთანი მუჰამედი(1105-1118წწ) ენერგიულად ებრძოდა ისმაილიტებს. მან ჩააქრო მათი აჯანყება ისპაჰანში და ალყა შემოარტყა ალამუთს. თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ ალამუთის ისმაილიტების სახელმწიფოს სერიოზული საფრთხე მონღოლთა გამოჩენამდე აღარ დამუქრებია.

 

ისმაილიტები სირიაში

            ისმაილიტებმა რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწეობა სირიაში მე12 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს, როდესაც ისმაილიტური დოქტრინის ფართო გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. იმ პერიოდის ლევანტის რეგიონი უკიდურესად დეცენტრალიზებული იყო და ფატიმიანთა გავლენის იქით ერთი დომინანტი ძალა ნაკლებად იკვეთებოდა. მუსლიმურ სახელმწიფოებთან ერთად ჯვაროსნული სამეფოებიც დამოიკიდებლობის პოლიტიკას მისდევდნენ.

            მე10 საუკუნიდან სირია უკვე ფატიმიანთა სახალიფოს ნაწილი გახდა, რითაც დაიწყო ისმაილიზმის პროპაგანდირება, თუმცა მოგვიანებით მე11 საუკუნეში სახელმწიფოს დიდი ნაწილი სელჩუკებმა დაიპყრეს და მათი ეგვიპტელთა გავლენაც შესუსტდა. საბოლოოდ, სელჩუკებითა და ჯვაროსნებით გარემოცული სირიის შიიტურ მოსახლეობას ერთადერთ შველად ისმაილიტები ესახებოდათ. ასასინებმა კი ტერიტორიების მოპოვების ირანულ მეთოდს მიმართეს და ციხე-სიმაგრეთა აღებას ადგილობრივი შიიტური მოსახლეობის წახალისებით ახერხებდნენ.

            სირიის კამპანიების მიმდინარეობისას ისმაილიტთა ლიდერად დასახელდა რაშიდ ად-დინ სინანი, რომლის მმართველობის პერიოდიც ისმაილიტთა ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ მონაკვეთში ორგანიზაციის სირიულმა განშტოებამ, ფაქტობრივად, სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. სინანის პირველი ამოცანა ძალაუფლების ცენტრალიზება იყო. თავდაპირველად განაახლა რუსაფას და ხავაბის ციხე-სიმაგრეები და დაიპყრო ულაიკას ციტადელი. აღსანიშნავია, რომ სინანი პირველი ისმაილიტი ლიდერი იყო, რომელმაც ალამუთის მმართველობაზე ხელი ჩაიქნია და გეზი დამოუკიდებლობისაკენ აიღო. ამ პერიოდში განხორციელდა ორი წარმატებული თავდასხმა სალაჰ-ად-დინსა და ჯვაროსანთა ლიდერებზე. სინანის სიკვდილის შემდეგ ისმაილიტები ალამუთის გავლენის ქვეშ დაბრუნდნენ. მალევე, მონღოლების მიერ ალამუთის აღების შემდეგ, ისინი ეძებდნენ ძლიერ მოკავშირეს, რომელიც თავდაპირველად ეგვიპტეში იპოვეს, თუმცა მამლუქებმა საბოლოოდ თავადვე მოსპეს ისმაილიტთა უკანასკნელი დასაყრდენები ახლო აღმოსავლეთში. ამის შემდეგ ასასინთა ორდენი იშლება და რჩება მხოლოდ ისმაილიტთა რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც მკვიდრდება ინდოეთში და დღემდე განაგრძობს ისმაილიტურ ღვთისმსახურებას.

„ასასინი“ - ეტიმოლოგია

 

           ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელზეც მუსლიმ ისტორიკოსთა უმრავლესობა ჯერდება მდგომარეობს იმაში, რომ ალამუთის ისმაილიტები ფიდაების გასაბრუებლად ჰაშიშს იყენებდნენ. ჰაშიშისგან გაბრუებულ ფიდაის ელანდებოდა სამოთხის ბაღები, ულამაზესი ჰურიები(ქალები), ანკარა წყაროები და სხვ. რაც მათ ელოდათ დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ. ამიტომაც ისინი სიმოვნებით მიდიოდნენ მის შესასრულებლად, თუმცა შესანიშნავად იცოდნენ, რომ მათი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ალამუთის ისმაილიტებს უწოდებდნენ „ ჰაშიშის მწევლებს“(არაბ. „ჰაშიშიუსუნ“). არის ვერსია, რომ ეს სიტყვა ჯვაროსნების მიერ დამახინჯებულად შევიდა ფრანგულსა და იტალიურ ენებში როგორც „ასასინი“ - მკვლელის მნიშვნელობით.

            რეალურად, საქმე ჰაშიშით გაბრუებაში არ მდგომრეობს. მუსლიმ ჟამთააღმწერელთა უმრავლესობა სელჩუკიანთა და ფატიმიანთა სამეფო კარზე ცდილობდა მაქსიმალური დემონიზება გაეწია ასასინთა ორდენისთვის, რისთვისაც ხაზს უსვამდა მათ მიდრეკილებას არა ისლამური ფუნდამენტალიზმისკენ, არამედ ჰაშიშით გაბრუებისაკენ. ყველაზე ლოგიკური ვარაუდით ტერმინი „ასასინი“ მომდინარეობს უძველესი სემიტური სიტყვიდან „ჰასის“ ანუ ბრძენი. დროთა განმავლობაში ამ სიტყვის კოგნიცია ადამიანისთვის ნეგატიური გახდა, უმეტესწილად იუდაისტური მითოლოგიის დამსახურებით, რომელმაც სახელწოდებას ერთგვარი ბოროტი გენიის დეფინიცია მიანიჭა. მოგვიანებით, ეს სიტყვა არაბულ ენაში დამკვიდრდა როგორც „ჰ--შ“ ძირი. მუსლიმმა ავტორებმაც სათანადოდ შეარჩიეს ეს სახელი, რომელიც „ასასინის“ გამგონე ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში დალექილ ნეგატიურ ასოციაციებს აღუძრავდა ისმაილიტების მიმართ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

„ასასინები - მითი თუ რეალობა“ - გიორგი ნარიმანიშვილი

„ირანის ისტორია“ - დავით კაციტაძე