„ყველაზე მარტივად ხაფანგებს თავს აღწევს ის ვინც მათ აგებს“ - პუბლილიუს სირი, ჩვ. წ. აღ-მდე პირველ საუკუნე.
„6 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა, მოსწავლეებისთვის სამუზეუმო კომპლექსის დათვალიერება - 1 ლარი.“ ასეთ წარწერას ვხვდებით საქართველოში ქალაქ გორში სტალინის სახელობის მუზეუმის ოფიციალურ საიტზე. ისტორიული სტალინი დღეს საქართველოში - პოლიტიკური მითოლოგიის ნოსტალგიური რეკვიზიტი თუ სისხლიანი ტერორის სულიჩამდგმელი ტირანი? ვცადოთ მოცემულ სტატიაში გავცეთ პასუხი ამ კითხვას. უპირველეს ყოვლისა უნდა გავითავისოთ ის ფაქტი, რომ დამკვიდრებული შეხედულებების კომპლექსს სტალინზე განსხვავებული ბუნება აქვს, ვიდრე ტრადიციულ კოსმოგონიურ და ჰეროიკულ რწმუნებებს ბელადებზე. იგი ხანგრძლივი, საფუძვლიანი მასობრივი პროპაგანდისა და ბიუროკრატიული საქმიანობის პროდუქტია, დაფუძნებული არა სიმართლეზე, რეალობაზე, არამედ განმეორებითობის სიხშირეზე, რაც ფუნქციურად ჯგუფურ რიტუალურ ქმედებას და სახელმწიფო მანკიერ ცერემონიალებს ენათესავება. ქართველი “დიადი ბელადის“ მითოლოგემა საქართველოში დღემდე არამხოლოდ ცალკეულ ფაქტებს თუ არგუმენტებს, დიდ რიტორიკულ კონტექსტებს წარმართავს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დიამეტრალურ შეხედულებებს აერთიანებს, ისეთს როგორიცაა მაგალითად: ერის მამა, ბრძენი ლიდერი, პარანოიდალური პიროვნება და სადისტი, მეორე მსოფლიო ომის ტრიუმფატორი, ტექნიკური მოდერნიზაციისა და სოციალური კონტრმოდერნიზაციის სულისჩამდგმელი, მრავალი შიდა თუ გარე მტრების მუდმივი თავდასხმებისაგან თავდაცვის დრამატული ინსინუაცების მთავარი პერსონაჟი, გარდაუვალი მასობრივი ტერორის აპოლოგეტი, ახალი სოციალისტური ბრწყინვალე საზოგადოების რომანტიკოსი მშენებელი. საქართველოში დღემდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ მხოლოდ ასი ათასობით ადამიანის სისხლის ექსტრაორდინალური ფასად იყო შესაძლებელი ფაშიზმის აღზევების საშიშროების წინაშე მდგარი ქვეყნის გადარჩენა განადგურებისაგან და ტერორი იყო ერთადერთი ეფექტური ბერკეტი იძულებითი მობილიზაციისა და საზოგადოებრივი წყობის რადიკალური მოდერნიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს იდეოლოგემა აერთიანებს ორ ძირითად პოსტულატს: ხელმძღვანელობის სუვერენიტეტი, მისტიურობამდე მისული ერთპიროვნული ძალაუფლება, მოსახლეობის ინტერესების თუ ფასეულობების ტოტალური იმანენტური ღირებულების ლიკვიდაცია და მეორე: პერმანენტური კონფრონტაციის პოლიტიკის აუცილებლობა სხვადასხვა ტიპის „მტრის ხატებთან“. თუ თვალს გავადევნებთ საზოგადოების განვითარების ისტორიას, ვნახავთ, რომ მას არ აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება ან საჭიროება მსგავსი სეკულარული იდეოლოგემების არსებობისა. შესაბამისად, სტალინური კულტი ვერ შედგებოდა მისი ღრმად იდეოლოგიურ - ინსტიტუტუციონალური დაგეგმვის, ტრანსფორმაციის, აგიტაციის გარეშე. იგი ხელთ ქმნილია, ხელოვნურია და მისი ხასიათი რაციონალურად განიმარტება პროპაგანდის და მასებზე ზემოქმედების შესწავლილი მექანიზმებით.