თეთრი კურდღლის სიმბოლური დატვირთვა ლუის კეროლისა და მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებში
10/20/2020 18:16:20
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

 

     სანამ თეთრი კურდღლის, როგორც სიმბოლოს როლს განვიხილავთ დასახელებულ ლიტერატურულ ტექსტებში, მანამდე თავად ამ ორი ტექსტის შესახებ უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაწარმოებია დასავლური ლიტერატურის ისტორიაში. თითზე ჩამოსათვლელად მოიძებნება წიგნი, რომელიც მეტად ციტირებადია პოპ-კულტურაში. ვერც კეროლის მიერ შექმნილი პერსონაჟების ცნობადობით დაიკვეხნის ბევრი ნაწარმოების გმირი. მეორეს მხრივ, „კურდღელი“ თავად მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე ცნობილ მოთხრობაც კი არ არის (საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ მის რომანებთან ამ კრიტერიუმით დაპირისპირებაზე). მხედველობაში ასევე მისაღებია კონტექსტიც, რომელშიც ხსენებული ტექსტები იშვა. „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ 1865 წელს დაიწერა და უმეტეს წილად ავტორის პროზაული და პოეტური გენიით საზრდოობს და ის ღრმა ფსიქოლოგიზმი, რომელსაც მასში ვხვდებით, მთლიანად ლუის კეროლს შეგვიძლია მივაწეროთ. 1927 წელს დაწერილი „კურდღელი“ საქართველოში ფსიქიატრიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის მიხეილ ასათიანის მონათხრობის ლიტერატურულ გადამუშავებას წარმოადგენს და აქ ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრების გავლენა ავტორზე ეჭვს არ იწვევს.

       მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოვიხილეთ მოცემული ნაწარმოებები შექმნის პერიპეტიები, შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ამ ორ სიმბოლოს შორის ნებისმიერი სახის დამთხვევა უდიდესი ალბათობით შემთხვევითია. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მსგავსი აღიარების შემდეგ უპრიანი იქნებოდა წერა შეგვეწყვიტა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსის სტრიქონს მოვიყვანდი:

„ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,

მარადიული ის არის მხოლოდ“.

დიახ, ლიტერატურათმცოდნეობა არ არის ზუსტი მეცნიერება, რომ მხოლოდ დადასტურებული ურთიერთმიმართებები ვიკვლიოთ.

         ახლა რაც შეეხება თავად კურდღლებს. ლუის კეროლის თეთრი კურდღლის, როგორც ლიტერატურული სიმბოლოს გენიალურობას, ჩემი აზრით, უმეტესწილად ერთი კონკრეტული ეფექტი განსაზღვრავს, რომელსაც ის ელისში პირველივე შეხედვისას აღძრავს: „ახლაღა გაუელვა ელისს თავში, რომ ცხოვრებაში არასოდეს ენახა ჟილეტიანი და, მით უმეტეს, საათიანი კურდღელი“. დიახ, მიუხედავად მისი უჩვეულო გარეგნობისა, ვიქტორიანულ სამოსში გამოწყობილი, მოლაპარაკე, ალბინოსი (ტექსტში მისი ვარდისფერი თვალებიცაა ნახსენები) კურდღლის ხილვა ელისს არ აკვირვებს. მეტიც, ის მომენტალურად განეწყობა მის მიმართ ნდობით და დაუფიქრებლად გაეკიდება მას. სწორედ ასე აღმოჩნდება ელისი კურდღლის სოროში, რომელიც ერთგვარ პორტალადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ რეალურ სამყაროსა და საოცრებათა ქვეყანას შორის (ნაწარმოების მეორე ნაწილში იმავე როლს სარკე ასრულებს, მაგალითად „ოზის ჯადოქარში“ ტორნადო, რომელიც დოროთის სახლს გაიტაცებს). ამ შემთხვევაში კურდღელი შეგვიძლია მივიჩნიოთ მედიუმად, რომელსაც ელისი ერთი სამყაროდან მეორეში გადაჰყავს და ამ მოვალეობას ის ბრწყინვალედ ასრულებს. ნდობის ასპექტის მნიშვნელობისთვის მეტი სიცხადის მისანიჭებლად ნება მომეცით განხილვის საკითხს ცოტათი დავშორდე და განვიხილო ფანტასტიკური ლიტერატურისა და კინოს განვითარების პერიპეტიები კეროლის შემდგომ პერიოდში. როგორც წესი, დასავლურ ფანტასტიკურ რეალობაში, მთავარ გმირს, რომელიც ჯადოსნურ რეალობას ეჯახება, გარშემომყოფთათვის და პირველი რიგში საკუთარი თავისთვის უწევს ნანახისა თუ გაგონილის დამტკიცება. რეალური სამყაროს სკეფსისი და მისი დაძლევა სავალდებულო ეტაპად იქცა ჯადოსნური სამყაროს თანამედროვე აღქმაში. კეროლთან გადასვლის ეს მომენტი ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ამ მხრივ ელისის სამყარო უფრო მეტად ჰაიაო მიაძაკის ანიმეს სამყაროს ენათესავება, რომელშიც პერსონაჟებს არ აკვირვებთ ფრენის ფაქტი („კიკის გადაზიდვის სერვისი“, „ჰოულის მოსიარულე კოშკი“) და არც ჯადოსნური არსებების არსებობაში უჭირთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა დარწმუნება („ჩემი მეზობელი ტოტორო“). დიდ წილად უჩვეულოს მიღებულობის ამ ეფექტმა აქცია თეთრი კურდღელი და მისი სორო ასეთ სიცოცხლისუნარიან ლიტერატურულ სახეებად (კომპიუტერულ თამაშებში ადგილს ან არტეფაქტს, რომელსაც მოთამაშე ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავს კურდღლის სორო ეწოდება, სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების საკულტო სერიის, „მატრიცის“ ცნობილ სცენაში მორფეუსი სთავაზობს ნეოს დალიოს წითელი აბი, რათა გაიგოს, რამდენად ღრმაა კურდღლის სორო). თეთრ კურდღელს ელისი თავგადასავლის სხვა თავებშიც ვხვდებით და საოცრებათა ქვეყანაში მის როლზე უფრო მეტსაც ვგებულობთ, თუმცა ვინაიდან ეს ყველაფერი ჩვენი განხილვის საგანს გვაშორებს, უკეთესი იქნება, თუ მის ნამდვილ ვინაობაზე აქ არაფერს ვიტყვით.

          იმ კურდღლის არ იყოს, რომელიც ელისს მისდა უნებურად საოცრებათა ქვეყანაში მიუძღვება, არც ჯავახიშვილის კურდღელია ჩვეულებრივი თეთრი კურდღელი. ის არის საბავშვო სათამაშო, ერთგვარი მუსიკალური ზარდახშა, რომელსაც, რიგი მიზეზების გამო, მოთხრობის მთავარი პერსონაჟი მისთვის კომფორტულ, ილუზორულ სამყაროში გადაჰყავს. მკითხველის საქმის კურსში ჩასაყენებლად, მოკლედ უნდა მოვყვეთ ხსენებული სათამაშოს ისტორია განხილვის საგნად აღებულ მოთხრობაში. „კურდღელი-ს“ სიუჟეტი 26 წლის ქალის, სიდონიას გარშემო ვითარდება, რომელიც დანაშაულის გრძნობის გამო (იმ ღამეს, როდესაც მისი ოთხი წლის ვაჟი ჯუანშერი დიფტერიას ებრძოდა, ის დროს საყვარელთან ატარებდა, ამიტომ მან დაიგვიანა წაღვერიდან თბილისში მიმავალ ღამის მატარებელზე და უდიდესი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა კვალიფიციური ექიმის მკურნალობის პროცესში დროულად ჩართვა) უარყოფს ჯუანშერის გარდაცვალების ფაქტს და წარმოსახვით სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას. ნაწარმოები იწყება ექიმ-ფსიქოთერაპევტ ფრიდონ დორაშვილის (უფრო მკაფიო ალიტერაციული მინიშნება ზიგმუნდ ფროიდზე რთულად წარმოსადგენია ქართული ენის პირობებში) მოქმედებაში ჩართვის მომენტიდან. წარსულში მომხდარ რეალურ ფაქტებზე მკურნალობის პროცესის, კერძოდ კი ჰიპნოზური თერაპიის მიმდინარეობისას ვგებულობთ. თხრობაში ერთმანეთს ენაცვლება ფროიდისეული ფსიქოანალიზისთვის დამახასიათებელი ელემენტები: ოიდიპოსის სინდრომი და კასტრაციის კომპლექსი (მთავარ პერსონაჟს ტრფობის უამრავი ობიექტი ყოლია, თუმცა პანიკურად აშინებდა სქესობრივი აქტი), უარყოფის სტადია (სიდონიას კალენდარში არ არსებობს 20 რიცხვი, დღე როდესაც პატარა ჯუანშერი გარდაიცვალა, ის აგრძელებს ზაფხულის ტანისამოსის ტარებას ზამთარშიც, რადგან მისი შვილი შემოდგომის დასაწყისში გარდაიცვალა და ზაფხული მისთვის ჯუანშერის სიცოცხლის პერიოდს განასახიერებს, აგრესიულად არის განწყობილი ცოცხლად დარჩენილი სამი წლის ქალიშვილის კატოს მიმართ), ავტომატიზებული რეაქციები (სიდონიას ხშირად მიაქვს მარცხენა ხელი მარჯვენა ძუძუსთან), განდევნის სტადია (სიდონია სარკეში თავის გამოსახულებას სხვა ქალად აღიქვამს, არქმევს მას სახელს და ჯუანშერის გარდაცვალების ფაქტსაც საკუთარი ბიოგრაფიიდან მისაში გადაწერს)... სწორედ განდევნის სტადიაში შემოდის აწ უკვე ნახსენები თეთრი კურდღელი, რომელიც პატარა ჯუანშერის საყვარელი სათამაშო იყო და რომელსაც სიდონია თავად ჯუანშერთან აიგივებს („დედილო ჩემს ბაჭიასა ჰგავხარ“, „ბაჭიაც შენა გგავს“). ყოველ ჯერზე, როდესაც ფრიდონ ექიმი ფსიქოანალიტიკური ტრანსლაციის მომენტში სიდონიას რეალურ სამყაროსთან მიაახლოებს, ის კურდღელს ავლებს ხელს და ისე ეფერება, თითქოს არა უბრალო სათამაშო, არამედ ცოცხალი და საღ-სალამათი ჯუანშერი იყოს. მკურნალობის პროცესი მოსალოდნელზე ბევრად დიდხანს იწელება, რასაც ზემოთ ნახსენები საყვარლის, ბოტანიკოსი ბიძინა მარგიშვილის საქმეში ჩართვა იწევს. იმდენად დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს მკურნალობის პარალელურად ხსენებული პიროვნების პაციენტის ცხოვრებაში არსებობა, რომ ფრიდონ დორაშვილი სიდონიას ქმარს, ედიშერს მის მოკვლაშიც კი არ უშლის ხელს. ფრიდონი ატყობინებს სიდონიას ბიძინას დაღუპვის ამბავს და საკუთარი ხელით აწყვეტს სათამაშო კურდღელს თავს. ამის შემდგომ ის ეძახის სიდონიას დედას მართას და სთხოვს დაუყონებლივ დაწვას კურდღელი.

              ზემოთ მოყვანილ ორ მხატვრულ ტექსტი, რა თქმა უნდა, მსგავსებაზე ბევრად მეტ განსხვავებას შეიცავს. ერთ შემთხვევაში ილუზორული სამყარო ჯადოსნურია და ის ავტორის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია. მეორე შემთხვევაში გამოგონილი სამყარო ავტორის არა ფანტაზიის, არამედ ცოდნის ხარჯზე იქმნება. ცოდნისა, რომელიც მან ფსიქოანალიტიკური ლიტერატურისა და ავადმყოფობის ისტორიების კითხვის ხანგრძლივი პროცესის შედეგად დააგროვა. განსხვავებულია გარესამყაროსა და მთავარი პერსონაჟის დამოკიდებულება ხსენებულ წარმოსახვითი სამყაროს მიმართაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში თეთრი კურდღელი ერთსადაიმავე, მედიუმის როლს ასრულებს: ელისი საოცრებათა სამყაროში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც თეთრ კურდღელ გაეკიდება. სიდონია ილუზორულ სამყაროს თავს აღწევს მას შემდეგ, რაც თეთრ კურდღელს მის თვალწინ გაანადგურებენ.





კომენტარი