ვალტერ ვილდი - ბარსელონას პირველი პრეზიდენტი
11/07/2019 01:51:37
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

1899 წლის 22 ოქტომბერს ჟურნალ "ლოს დეპორტეს-ში" ჰანს გამპერის მიერ გამოქვეყნებულ მოწოდებას ახალი კლუბის დაარსების თაობაზე ზუსტად 11 ადამიანი გამოეხმაურა, ესენია: ლუის დ'ოსო, ბართომეუ ტერადასი, ოტო მაიერი, ოტო კუნცლე, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ იობეტი, ჯონ პარსონსი, უილიამ პარსონსი, კარლეს პუიოლი და ვალტერ ვილდი. მიუხედავად იმისა, რომ 29 ნოემბერს ეს უკანასკნელი სულ რაღაც 27 წლის გახლდათ, "გიმნაზიო სოლეში" შეკრებილ ჯენტლმენთა შორის უფროსი იყო და შესაბამისად ერთხმად აირჩიეს კლუბის პირველ პრეზიდენტად.

გუალტერი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ ესპანელი მეგობრები, იყო ერთ-ერთი იმ ათი მოთამაშიდან, რომლებმაც 1899 წლის 8 დეკემბერს "ველოდრომ დე ლა ბონანოვაზე" კლუბის მიერ გამართულ პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბარსელონამ თავისი პირველი თამაში ინგლისელ ემიგრანტებთან დათმო ანგარიშით 1-0. ეს იყო პირველი, მის მიერ კლუბის შემადგენლობაში ჩატარებული ათი მატჩიდან. ყველა მათგანში ის მცველი პოზიციაზე ირჯებოდა.

მას შემდეგ, რაც გიმნაზიო სოლეს ადმინისტრაციამ კლუბის წევრებს შეატყობინა, რომ შეკრებების მოსაწყობად ახალი არენის მოძებნა მოუწევდათ, სწორედ ვილდი იყო, ის ვინც ახალი ოფისი გამონახა "კარერ პრინცესას" სახით. ვილდივე იცავდა ბარსელონას ინტერესებს ქალაქის უძველეს საფეხბურთ კლუბ "კატალასთან" გამართულ დავაში "ველოდრომის" თაობაზე. საბოლოოდ ისევ ვაილდს მოუწია კლუბისთვის ახალი სათამაშო მოედნის გამოძებნა სასტუმრო "კაზანოვასის" სიახლოვეს.

ის ჯამში სამჯერ აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად, 1901 წლის 25 აპრილამდე, სანამ ბიზნესის გამო ლონდონში გადავიდოდა საცხოვრებლად. პრესტიჟული პოსტი მას ჯამში 513 დღით ეკავა.  გაცილებისას მას და გუნდის გერმანელ ლეგიონერს ოტო მაიერს კლუბის საპატიო წევრის წოდებები გადასცეს. ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მანდ ინგლისში გაატარა, რის გამოც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ ინგლისელად და მის გვარს მარცვლავენ, როგორც - ვაილდს. ამ პერიოდში მან ყველანაირი კავშირი დაკარგა კატალონიელ მეგობრებთან.

1949 წელს "საფეხბურთო კლუბ ბარსელონას" ოფისში მოვიდა წერილი, რომლის ავტორიც კითხულობდა, თუ რა ბედი ეწია საფეხბურთო გუნდს, რომელიც წერილის ავტორმა და მისმა მეგობარმა ჰანს გამპერმა დაარსეს 50 წლით ადრე.

კლუბის დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტ ავგუსტი მონტალის თავკაცობით საპასუხო წერილში პირველი პრეზიდენტი "ლეს კორტსზე" გამართულ კლუბის 50 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მოიწვია, სადაც მას პუბლიკა ფეხზე წამომდგარი ოვაციით შეეგება.

 

წყარო: ბმული

 





კომენტარი