ჩარლზ კლარკი
06/13/2018 05:38:43
   Author : თამარ ბაშარული.

Clarke_sm

სერ ართურ ჩარლზ კლარკი (1917-2008) — ბრიტანელი მწერალი.

კლარკმა ლონდონის სამეფო კოლეჯი დაასრულა. იყო გამომგონებელი, ინჟინერი, სცენარისტი და რომანებსაც წერდა. ყველაზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავდა და  გამორჩეულად სწორედ ამ ჟანრის ნაწარმოებებით დაამახსოვრა მსოფლიო მკითხველს თავი. მეტიც, ართურ კლარკი კოსმოსური სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. 

კლარკის ნაწარმოებთა შორის ყველაზე ცნობილია კოსმოსური ოდისეის ციკლი. აღსანიშნავია, რომ არტურ კლარკის ფანტაზია და შთაგონება გავლენას ახდენს თანამედროვე მეცნიერებაზე... ამ ყველაფერს კი ნებულას, ჰიუგოსა და სხვა ცნობილი ლიტერატურული პრემიების მფლობელისთვის ხელი არ შეუშლია ერთი სევდიანი ნოველა დაეწერა მსოფლიოს უდიდეს დრამატურგზეუილიამ შექსპირზე.


წყევლა

 თარგმანი შესრულებულია ლანა ჯალაღანიასთან  ერთად 

წელიწადი გავიდა მას აქეთ, რაც  მიდი სახელი  მსოფლიოს  მოედო.  ერთი პატარა მდინარის პირას მდებარეობდა ასეთივე პატარა ქალაქი,[1] რომელსაც დროთა ქარიშხალი ოდნავადაც არ შეხებია. არც უძლეველი არმადის[2] იერიშების მოგერიებაზე უდარდია და არც მესამე რაიხის[3] დაცემა უდღესასწაულია, არც კაცობრიობის ომებს დაუჩნევია კვალი მის მიწაზე.

ახლა კი ეს პატარა ქალაქი გაქრა, თითქოს არც არასოდეს არსებობდა. თვალის დახამხამებაში ყველა ღირებულება წაიშალა. გაუჩინარებულ  ქუჩებში ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა  მკრთალი ნაკვალევი გაქვავებულ მიწაზე, მაგრამ სახლებისგან კი აღარაფერი დარჩენილიყო, ისევე როგორც  რკინაბეტონის გალესილი კედლებისა და ასწლოვანი მუხისგან. ატომური ბომბის აფეთქებისას ყოველივე ცეცხლის ალში გაეხვია. მძვინვარე ხანძარმა მოიცვა არემარე და სწორედ ამ დროს, მოულოდნელად ტოტემის სვეტი ამოიმართა შუა ქალაქში. სვეტი, რომელიც ადამიანთა წამებულ სულებს უმიზნოდ თან სდევდა.

უკანასკნელი რაკეტა ასაფეთქებლად გაემზადებინათ. რთული ასახსნელი იყო, რა მიზნისთვის შემოენახათ. რა თქმა უნდა, არა ლონდონისთვის, რადგან იგი აღარ წარმოადგენდა სამხედრო  სამიზნეს.  მეტიც, ლონდონი უკვე აღარაფერს წარმოადგენდა. მრავალი წლის წინ მეცნიერებმა ისიც გამოთვალეს, რომ წყალბადის სამი ბომბი საკმარისი იყო ამ პატარა ქალაქისთვის, მათ კი დიდი მონდომებით ოცი გაამზადეს.

ეს ბოლო რაკეტა არ შედიოდა იმ ოცეულში, რომელმაც ჩინებულად შეასრულა სამუშაო. უცნობი იყო როგორც მისი გასროლის, ასევე დანიშნულების ადგილი: შესაძლოა სულაც არქტიკული წყლების გავლით მოეღწია აქამდე ან ატლანტის ოკეანის შორეული წერტილიდან გადმოტყორცნილიყო. ამის თქმა არავის შეეძლო და  საერთოდ ეს ამბავი არც არავის ანაღვლებდა. ოდესღაც ადამიანებმა ასეთი რაღაცები მშვენივრად იცოდნენ.  შორიდან უცქერდნენ კიდეც ჭურვების ცვენას და საკუთარი რაკეტებიც გაუშვიათ მათთან შესახვედრად. ეს რაკეტები და ჭურვები ხშირად სადღაც შორს, ყველასგან მალულად  ეჯახებოდნენ ერთმანეთს, სულაც დედამიწის მიღმა, – იქ, სადაც შავ ფერს დაებურა სივრცე, ხოლო მზე და ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ცის საფარზე შემომსხდარიყვნენ. მოგვიანებით, აფეთქება ენით აღუწერელ საზარელი ალის უზარმაზარ ენებს აჩენდა, რომლებიც თითქოს შეტყობინებებს სხივის სიჩქარით აგზავნიდა კოსმოსში,  მხოლოდ ადამიანებს რომ არ ენახათ და გაეგოთ ამ ყველაფრის შესახებ.

ეს მოხდა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩაეფიქრებინათ.  მტერი საკმაოდ გვიან მიხვდა თავის შეცდომას.  მიხვდა და აღარ გაუშვა მომდევნო რაკეტები, ხოლო, ერთი ნაწილი საიდუმლო მიმართულებით კოსმოსში გაიყვანა. ჰოდა, ეს უმართავი რაკეტები, რომლებიც უიმედოდ ელოდნენ გზამკვლევს,  ბედს  მინდობილები უკანვე ბრუნდებოდნენ. ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდნენ დედამიწაზე, სადაც უკვე გასანადგურებელი აღარაფერი დარჩენილიყო .

მდინარეს კალაპოტი ამოევსო, დინება კი თითქოს ზედ იხვევდა მიწის უზარმაზარ  ბელტებს,  ზღვისკენ გასასვლელი კი უკვე ჩახერგილიყო. თავსხმა წვიმის დროსაც არ წყდებოდა მტვრის კორიანტელი. ასე გრძელდებოდა დიდხანს, მაშინაც, როცა განადგურებულ ქალაქში სასწაულებრივად გადარჩენილმა ხალხმა დაბრუნება დაიწყო.  ცა აღარ იყო ისეთი დაბურული და ჩაბნელებული, დასავლეთით კი მზე ნაცრისფერ ღრუბლებში იკარგებოდა.

მდინარის პირას, სადაც  ნანგრევებიც კი მოესრა აფეთქებას, მშვიდად იდგა საუკუნეებგამვლილი დიდი, რუხი ეკლესია უძველესი იდუმალი საფლავებით, რომელთა ქვებიც ლოდებივით მდუმარედ ელაგა  აფეთქების ზოლზე მწკრივებად გაწოლილი.  თუმცა მთლად უკვალოდ არც მათთვის ჩაევლო აფეთქებათა სერიებს. აგერ, ერთი მიწაში ნახევრად ჩაფლულა, მეორე დახეთქილა, მესამე სულაც გვერდზე გადაქანებულა... თუმცა თითოეულს  საუკუნეთა განმავლბაში ნატარები გაუნელებელი სევდა აღბეჭდოდა.

მზის ნათელი დასავლეთისკენ მიიწურებოდა,  უჩვეულო ალისფერიც გაუჩინარდა. მიუხედავად ამისა, საფლავის ქვებზე დატანილი სიტყვების ამოკითხვა მაინც შეიძლებოდა მთვარის ციალში, დღის სინათლეს რომ მეტისმეტად გაემკრთალებინა, ღამის სიბნელეში კი ძალა მომატებდა. მიწა კი ისევ იწვოდა: წამიერად მისი რადიოაქტიურობა ღრუბლებში ირეკლებოდა. მოელვარე პეიზაჟი განუწყვეტლივ იკლაკნებოდა, მდინარე ფართოვდებოდა  და ნაპირს ეხეთქებოდა, ჯებირებს გადმომსკდარი გზაგასაქანს ჯიუტად ეძებდა. ვინ იცის, მომავალ თაობებს მისი არსებობაც დავიწყებოდათ, მაგრამ საუკუნის შემდგომ მაინც თავიდან დაიწყებოდა იმავე გზის გავლა გადარჩენისთვის.

თანდათანობით კალაპოტიდან გადმოვარდნილი წყლის ზვირთები საფლავის გაცვეთილ ლოდებზე ნავარდობდნენ. ეს ლოდები ხომ სამას წელიწადზე მეტია მშვიდად გრძნობდნენ თავს უკვე გამქრალი საკურთხევლის წინ. ეკლესია ისევე იცავდა ამ ლოდების მდუმარებას, როგორც მხურვალედ მლოცველი მრევლის კეთილდღეობას.

აგერ, ის ერთი, გამრჩეული საფლავის ლოდიც მოექცა ტალღებს ქვეშ. ოდნავ, სულ ოდნავ შესცვლოდა ფერი და ეს თუ ააშკარავებდა თავსდატეხილ უბედურებას. დიდხანს რეცხავდა მკვდრისფერ სინათლეში წვრილ-წვრილი წყლის ტალღები საფლავის ქვას.  იმ ეპიტაფიასაც, რომელსაც საუკუნეთა განმავლბაში ათიათასობით თვალი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა, წყალი აუჩინარებდა. თუმცა, არა, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ მგრძნობიარე სტროფების ამოკითხვა:

 

Good frend for isake forbeare,

To digg the dvst encloased heare

Blest be ye man yt spares thes stones,

cvrst be he yt moves my bones.[i]

 

სულ მალე ეპიტაფიის მთრთოლარე სიტყვები ტალღებს შეერივნენ და ბოლოს სულაც სამუდამოდ გაქრენ.  

პოეტს უკვე სამუდამო სიმშვიდეში ეპოვა სავანე. მდუმარებასა და უკუნეთში ერთადერთი – მდინარე ეივონი  ისევ შეუპოვრად ეძებდა ზღვისკენ გასასვლელს.

 

თარგმნეს თამარ ბაშარულმა და ლანა ჯალაღანიამ

 



[1] იგულისხმება მდინარე ეივონი და მის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქი სტრეტფორდ-ონ-ეივონი (ეივონის სტრეტფორდი).

[2] არმადა – სამხედრო გემების, თვითმფრინავების ან ტანკების დიდი შენაერთი. აქ: „უძლეველი არმადა“ – ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის სამხედრო ფლოტი, რომელიც მან 1588 წელს გაგზავნა ინგლისის წინააღმდეგ და რომელიც სრულიად განადგურდა. გემების ნაწილი ქარიშხალმა დალეწა, ნაწილი კი ინგლისელებმა გაანადგურეს.

[3] მესამე რაიხი – იგივე გერმანული რაიხი (გერმ. Deutsches Reich; ქართ. გერმანული იმპერია) გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933-დან 1945 წლამდე იარსება დიქტატორ ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის მმართველობით. მესამე რაიხის დაცემით 1945 მაისში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.



[i] ეპიტაფია უილიამ შექსპირის საფლავის ქვაზე:

„ქრისტეს გაფიცებთ, შეისმინეთ მხურვალე ხვეწნა,

ამ ჩემს სამარეს ნუ დაუწყებთ თხრასა და წეწვას.

ვინც მომასვენებს გაიხაროს, და იმას ვწყევლი,

ჩემს ძვლებს მიწაში ვინც შეახოს თავისი ხელი“.

 

 

 





Comment