ჩეჩნეთი - ტერორიზმი თუ ბრძოლა გადარჩენისთვის
01/10/2023 14:44:36
   Author : ლუკა კანდელაკი.

ტრადიციულ რუსულ წარმოდგენაში ჩეჩნეთი მკვეთრად მითოლოგიზებული რეგიონია. მისი სახელი ჯერ კიდევ მე19 საუკუნის რუსულ პოეზიაში გაჟღერდა ისეთი პოეტებისგან როგორიც გახლდათ ლერმონტოვი და პუშკინი, აგრეთვე ტოლსტოის ნოველებსა და გრიბოედოვის ნაშრომებში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჩეჩნები რომანტიზებულნი არიან როგორც განმარტოებული და ღირსეული მებრძოლები. მაშინდელ კავკასიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები რუსულ კულტურაში აქტუალურ თემად სწრაფადვე იქცა, რომელ დისკურსშიც ჩეჩნებმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების სახელი დაიმკვიდრეს.

            მოსკოვსა და გროზნოს შორის არსებულ დაძაბულობას რამდენიმე ფაქტორი ხსნის. პირველ რიგში, ესაა იმ რეზისტენციის საამაყო წარსული, რომელიც ჩეჩნებს აკავშირებთ რუსეთის იმპერიალისტურ კამპანიასთან კავკასიაში. რეგიონის დასაპყრობად ცარისტულ რუსეთს 3 ათწლეული დასჭირდა, როდესაც ყველაზე დიდ სირთულეს კავკასიელთა პარტიზანული ტაქტიკები წარმოადგენდა. მას შემდეგ ჩეჩნეთს ამბოხი მოიცავდა რა წამსაც რუსული უღელი სუსტდებოდა.

            1834 წელს შამილმა საკუთარ თემს თავდაცვის დოქტრინა წარუდგინა:

       „ჩვენი მსოფლხედვა, ისლამი და მთის ცხოვრების წესები გვასწავლის, რომ ნებისმიერი ხალხი თავისუფალია საკუთარი ნებით; ასევე იმას, რომ თავისუფალი კაცის ღირსება ყოველთვის უნდა დავიცვათ... ჩვენ არ გვიბრძოლია რუსების ან ქრისტიანების წინააღმდეგ: ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი თავისუფალი ნებისთვის.“

            საბჭოთა კავშირი ნეგატიურად იყო განწყობილი ნებისმიერი რელიგიისადმი, თუმცა ისლამისადმი განსაკუთრებული ანტიპათია გააჩნდა. ჯერ კიდევ 1920იან წლებში საბჭოთა ექსპერტებმა ჩეჩნეთი ბანდიტ(ყივჩაღ) ერად წარმოიდგინეს რომელში არსებული რელიგიური და კულტურული ტრადიციები სსრკ-ში მეხუთე კოლონის გაჩენის პოტენციალს ზრდიდა.

            1980იან წლებში, ჩეჩნების მილიონიანი მოსახლეობიდან 200000 ადამიანი უმუშევარი იყო. საბჭოთა კავშირში კი უმუშევრობა არ შეიძლებოდა არსებულიყო. სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებდა ის ფაქტი რომ ჩეჩნებს ეპყრობოდნენ როგორც მეორეულ მოქალაქეებს და არ რთავდნენ უმაღლესი განათლების ან მაღალ რანგებში ჩადგომის ნებას.

რუსულმა სტერეოტიპებმა ჩეჩნებზე შეძლეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია საბჭოთა კავშირში. ამ უმცირესობისადმი ღირსეულობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლის სახელი საშიში და სისხლისმღვრელი კრიმინალების სტატუსმა შეცვალა. პროპაგანდის კულმინაციას წარმოადგენდა ამ აზრის კიდევ უფრო გამძაფრება და ჩეჩნების გიჟ და ფანატიკოს ტერორისტებად წარმოჩენა.

ამ საზოგადოების ცხოვრების ნირი და აზროვნება, ცხადია, გაჯერებულია საომარი სულისკვეთებით, რომელიც მომდინარეობს მისი მკაცრი კოდექსებიდან მორალსა თუ ღირსებაზე. თითოეული მათგანი პირველ რიგში მოაზრებულია როგორც მებრძოლი, რომლის მთავარ იარაღსაც მისი პრინციპები წარმოადგენს. მარშო - ჩეჩნურად თავისუფლება მათი კულტურისა და მსოფლხედვის ცენტრალურ კონცეპტს წარმოადგენს. მისი მნიშვნელობა კი ჩეჩნების ხელში ბევრად უფრო გაფართოვდა დასავლურ ან ისლამურ კონოტაციებთან შედარებით. ჩეჩნურ ენაში სიტყვა დღესდღეობით ასოცირებულია არა მხოლოდ თავისუფლებასთან, არამედ მშვიდობასა და კეთილდღეობასთანაც კი.

რაც შეეხება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას: 1990 წლის 26 ნოემბერს ჩეჩენ-ინგუშთა უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომელიც იყო ნაწილი საბჭოთა კავშირის რეორაგანიზაციის 80 ავტონომიურ რესპუბლიკად და ოლქად. თუმცა 1991 წლის 22 აგვისტოს ჩანიშნული რატიფიკაცია არ მომხდარა გადატრიალების გამო. გადატრიალების უკან იდგა ჩეჩნების სახალხო კრება ჯოხარ დუდაევით სათავეში. განმანთავისუფლებელი მოძრაობა მიმართული იყო დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებისაკენ.

ბორის ელცინის ახალმა ისტაბლიშმენტმა მოძრაობას წითელი მაშინვე აუნთო, რასაც 3 ფაქტორი განაპირობებდა:

1)      ჩეჩნეთი არ ყოფილა დამოუკიდებელი ერთეული ან ავტონომია(რესპუბლიკა) საბჭოთა კავშირის შიგნით;

2)      მისი გამოყოფის შემთხვევაში ლეგიტიმაცია მიენიჭებოდა თათრეთიც განთავისუფლებასაც. გარდა ამისა ჩეჩნეთისთვის დამოუკიდებლობა უფრო მიღწევად მიზანს წარმოადგენდა მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, რაკი უცხო ქვეყანას ესაზღვრებოდა(ნეტა რომელს?);

3)      ჩეჩნეთის ტერიტორია წარმოადგენდა რუსეთის ნავთობინდუსტრიის მთავარ ჰაბს და მისი გამოყოფა დიდ დარტყმას მიაყენებდა ეკონომიკას.

რუსი ინტერვენციონისტებისთვის ჩეჩნეთის გამოყოფა საფრთხის წინაშე დააყენებდა რუსეთის სახემწიფოებრიობას, რაც აყენებდა მისი პრევენციის აუცილებლობას ნებისმიერი გზით. მოსკოვმა მიზნად დაისახა ჩეჩნეთის რეინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ სტრუქტურებში და მასზე კონტროლის ეტაპობრივად აღდგენა რუსეთის ხელდასმული ჩეჩენი ლიდერების საშუალებით.

ჩეჩნეთის ომი 1994 წლის დეკემბერში იწყება, როცა რუსული არმია მის საზღვრებს „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“ კვეთს. გროზნოს გამანადგურებელი ბრძოლის შემდეგ რუსული არმია მთიან რეგიონში ცდილობს შესვლას თუმცა ჩეჩნებმა კარგად ნაცად პარტიზანულ მოქმედებებს მიმართეს და იელცინის კამპანია 1996 წელს ცეცხლის შეწყვეტის კომპრომისით დასრულდა. ეს გამარჯვება ძლიერი დადებით იმპულსი იყო მოსახლეობაზე თუმცა ამ წლებს თან ახლდა უფრო მძლავრი ნეგატივი, რომელიც გახლავთ რუსული არმიის მიერ ჩეჩნების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები.

ამ ყველაფერმა გამოიწვია რეზისტენციის უმაღლეს დონეებზე აყვანა თუმცა არასტაბილურმა ეკონომიკამ და რადიკალიზმმა ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფო ერთეული დამარცხებამდე მიიყვანა ჩეჩნეთის მეორე ომში, რომელიც 1999 წელს დაიწყო.

1996 წელს რუსული ჯარის გასვლის შემდეგ იწყება შეიარაღებული თავდასხმები, დატყვევებებისა და მკვლელობების კასკადი. ეუთოს მისიამ მაშინდელ სიტუაციაზე ჩეჩნეთში თავის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა რომ რეგიონში ადგილი ჰქონდა მასობრივ დანაშაულს, არეულობასა და ტერაქტებს. როგორც ეუთოს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ ჩეჩნეთი იყო ქცეული დანაშაულისა და ტერორის კერად.

1999 წელს პუტინი იმავე მიზნით რაც ჰქონდა ბორის იელცინს, შედის ჩეჩნეთში და მას რამდენიმე წლით აქცევს გეტოდ. რუს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს შეეძლოთ გაეძარცვათ, გაეუპატიურებინათ და მოეკლათ ნებისმიერი იმის გარანტიით რომ მათ სასჯელი არ შეეხებოდათ.

ლიტვინენკო და ფელშტინსკი მსჯელობდნენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ორივე სამხედრო ოპერაციას უძღოდა ტერაქტები რუსეთში. ეს ტერაქტები ამავე ვერსიის თანახმად მოწყობილი იყო რუსეთის უსაფრთხოების სააგენტოების მიერ, რომლებმაც ადრინდელი კგბ ჩაანაცვლეს. ამით რუსეთი შეეცადა ჩეჩნეთში შესვლის ლეგიტიმაცია მოეპოვებინა. პოლიტოლოგი ელენა ბონერი აცხადებდა, რომ პირველი ომი იელცინს არჩევნებში ხელმეორე გამარჯვებისთვის სჭირდებოდა, ხოლო მეორე ომი პუტინს, რომელიც იელცინმა საჯაროდ დაასახელა საკუთარ მემკვიდრედ. საომარ ვითარებაში პატრიოტული სლოგანებითა და კამპანიით რუსეთის ისტაბლიშმენტი შეძლებდა ხალხის ყურადღების გადატანას კორუფციიდან და ფინანსური სკანდალებიდან მტერზე, ამ შემთხვევაში, ჩეჩნებზე.

ისმის შეკთხვა:

ახლა კი გავცეთ პასუხი კითხვას იმაზე თუ როგორ დაუკავშირდა ჩეჩნეთი ტერორიზმს. ორი ხანგრძლივი ომის შემდეგ რეგიონის დასახლებული პუნქტების უმეტესობა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. სარეაბილიტაციო რესურსები რომლებიც მოსკოვიდან გაიგზავნა, ადგილობრივი ბიუროკრატიის ჯიბეში მიდიოდა. შექმნილმა გაუსაძლისმა სოციო-ეკონომიკურმა სიტუაციამ ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა კრიმინალს, რადიკალურ იდეოლოგიებსა და ისლამის აღზევებას. ფაქტორები, რომლებმაც ისლამურ რადიკალიზმს მისცა გზა, იყო ის სისასტიკე და ძალადობა, რომელიც რუსეთმა გამოიჩინა ომებში, ხოლო მეორე იყო რუსული ბლოკადა ომთაშორის პერიოდში, რამაც ჩეჩნეთი ასე ვთქვათ ღმერთის იმედად დატოვა. დროთა განმავლობაში მოხალისეთა რიცხვი, რომელიც რადიკალთა რიგებში ჩაეწერებოდნენ, საგრძნობლად გაიზარდა და ისლამისტურმა იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ჩეჩნეთის პოლიტიკაში.

ვაჰაბიტები, რომლებიც წრთვნიდნენ და აორგანიზებდნენ ახალწვეულებს, უმეტესად ირჩევდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც მშვიდობის პერიოდი არ ახსოვდათ და ცნობდნენ მხოლოდ ომს. ისინი ვინც დათანხმდებოდნენ ვაჰაბიზმის მიღებას ან მათ რიგებში გაწევრიანებას, სთავაზობდნენ ფულს. ამ იდეოლოგიის გავლენები არა მხოლოდ ხალხში არამედ სამხედრო სპექტრშიც მომძლავრდა, რამაც შეუძლებელი გახადა ჩეჩნეთის პრეზიდენტისთვის სამხედრო რესურსის მონოპოლიზაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რადიკალიზმმა ჩეჩნური მოსახლეობა შუაზე გახლიჩა.

რადიკალისტების საქმიანობა დღემდე განხილვის საგანია. მათი უმეტესობა აცხადებდა და დღემდე ამბობს რომ იგი თავისუფლებისთვის იბრძოდა და არა ტერორის დასანერგად. ვინაიდან ჩეჩნეთი ჯიჰადის ნაწილია, შეგვიძლია ვთქვათ რომ მოტივები იყო როგორც ჯიჰადისტური, ისე სეპარატისტული. ერთერთი პოლიტოლოგი პოლიტკოვსკაია მსჯელობს, რომ ჩეჩნეთის პრობლემა უკავშირდება განსაკუთრებულ ემოციურ ფონს, რომელიც ნაცნობია მხოლოდ იმ ხალხისთვის, რომლებმაც საკუთარ თავზე განიცადეს გენოციდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტი ნაციონალური მოძრაობის სახით დაიწყო, დიდი ხანი არ გასულა რაც მისმა ლიდერებმა ხელში ისლამის დროშა აიღეს. ომის დაწყების წინ რელიგიის ფაქტორის ჩართვა საყოველთაო კოცეფციაა და არსებობს უმეტეს თეოლოგიურ ტრადიციაში და პრაქტიკულად თანამედროვე ომის კანონების საფუძველია. სამოქალაქო ომებში რელიგიის კომპონენტი განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან აჩენს კონფლიქტის ექსპორტის საფრთხეს.

ჩეჩნეთის რადიკალი ლიდერების პოლიტიკურ და რელიგიურ საფარველში გახვევამ რეგიონი უცხოელი ჯიჰადისტების პლაცდარმად აქცია. როგორც წესი, ჯიჰადის იდეოლოგია კარგი კამუფლაჟია ნაკლებად რელიგიური და პოლიტიკური მისწრაფებებისთვის ლიდერთათვის, რომლებიც სიტუაციას პრაგმატულად აღიქვამენ და შეუძლიათ ახალგაზრდების მანიპულაცია ტერაქტებისკენ.

რუსეთის პასუხი კი ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებაზე ყოვლად არაკეთლსინდისიერი და დესტრუქციული იყო. სვანტე კორნელი წერს: „რუსეთის ომი ჩეჩნეთში ტერორიზმის წინააღმდეგ შეუქცევადად ზრდის ექსტრემიზმს და თესავს ისევ ტერორიზმს.“ ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ დამოუკიდებლობის მაძიებელი სეკულარულ-ნაციონალისტური იდეების მქონე ლიდერები ან მოკლეს ან მოსკოვს ჩააბარეს. განმათავისუფლებელ მოძრაობას კი სწორედ ექსტრემისტები ჩაუდგნენ სათავეში, რომლებსაც ტაქტიკაც გააჩნდათ და ფინანსური მხარდაჭერაც ალ-კაიდასგან.

            ჩეჩენი ტერორისტების მონაწილეობით მოსკოვის თეატრში 2002 წლის ტერაქტისას მოკლეს 130 ადამიანი და ბესლანში სკოლის დატყვევებისას გარდაიცვალა 330 ადამიანი, რომელთა ნახევარიც ბავშვი იყო. მოსკოვის მეტროში ორჯერ აიფეთქეს თავები ე.წ. „შავმა ქვრივებმა“, რომლებსაც 80 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტთა ეს ტიპაჟი ფსიქოლოგიური ტრავმატიზების ნაყოფია. მათი ქმრები დაიხოცნენ რუსებთან ბრძოლაში, რაც ამარტივებდა მათ წაქეზებას ტერაქტის ჩასადენად.

            1999 წლის დასაწყისში სეპარატისტულ მოძრაობაში აღმოცენდა საძმო შამილ ბასაევის მეთაურობით, რომლებსაც არა ერთ ბრუტალურ ტერაქტში ურევიათ ხელი, როგორიცაა ბესლანის სკოლის ალყა. ამაასთან დაკავშირებით მკვლევარმა გვარად დანლოპმა აღმოაჩინა რომ სკოლის ალყისას ცეცხლი პირველად რუსულმა სპეც სამსახურებმა გახსნეს და არა ექსტრემისტებმა. ასევე მათ გამოიყენეს ტანკები სკოლის განთავისუფლების ოპერაციაში. გარდა ამისა დუბროვკაში ამავე სამსახურების მიერ დაიდგა მორიგი მძევლად აყვანის სპექტაკლი რათა ჩაეშალათ მაშინდელი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩეჩენ სეპარატისტებთან.

            ბასაევმა ინტერვიუში განაცხადა რომ სკოლის დატყვევებაზე პასუხისმგებლობას იღებდა თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა პუტინის ასეთ პასუხს, რომმელმაც ათობით უდანაშაულო ბავშვი იმსხვერპლა. ამ ინტერვიუს მოჰყვა ჩეჩნეთის რეზისტენციის საიტზე განცხადება: "არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერანაირი გამართლება იმ ხალხისთვის, რომელიც ხელს წევს ჩვენთვის ყველაზე წმინდაზე - უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლეზე. რთულია, სიტყვებით გადმოსცე ჩვენი შოკი მომხდართან დაკავშირებით... ჩვენ ძლიერ ვწუხვართ, რომ ჩეჩნეთის წინააღდეგ მიმართული არაადამიანური ომის გამოძახილმა ჩვენს მოძმე ოსეთამდე ასეთი ტრაგიკული სახით მოაღწია.

            საინტერესოა რომ ბესლანის კრიზისის გამოძიება რუსეთმა მაშინვე დაბლოკა და გაყინა.

            ამჟამად ჩეჩნეთის მმართველად პუტინის მიერ რამზან კადიროვია ხელდასმული - დიქტატორი, რომელსაც მხოლოდ იმის გაკეთება შეუძლია, რასაც მისი მამამთავარი იტყვის. ის აცნობიერებს იმასაც, რომ რა წამსაც შეწყდება რუსული სამხედრო მხარდაჭერა, ათასობით ხალხი, რომელთა ნათესავები და მეგობრები დაიხოცნენ, შურის საძიებლად მზად იქნებიან იგი გაანადგურონ. როგორც პოლიტკოვსკაიამ აღნიშნა: „კრემლმა პატარა დრაკონი გამოზარდა. ახლა კი მისი გამოკვება უწევს, სხვა შემთხვევაში კი ცეცხლს გადმოანთხევს.“