ჯეიმს ჯოისი 'ეველინი'
06/15/2018 20:57:13
   Author : მზია ხოფერია.

Joyce_Better_Contrast

  ჯეიმს ჯოისი (1882-1941) – XX საუკუნის გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტია. დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბანში. 16 წლისამ კათოლიციზმი უარყო, თუმცა თომა აქვინელის ფილოსოფიის ერთგული დარჩა.

  1904 წელს ჯოისი მეუღლესთან, ნორა  ბარნაკლთან ერთად გაემგზავრა ციურიხში. წყვილს  ორი შვილი  ჰყავდა ჯორჯიო  და  ლუჩია. ლუჩიას   შიზოფრენია ტანჯავდა, რასაც მწერალი  სასჯელად აღიქვამდა  „ულისეს დაწერის  გამო. „ულისე“ ჰომეროსის „ოდისეას“ თანამედროვე ვარიანტია, რომლის გამოქვეყნებაც იმდენად სკანდალური გამოდგა, რომ გამომცემლები დააპატიმრეს, ხოლო ნოველა 1934 წლამდე მთელ მსოფლიოში აკრძალეს... მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი მწერლური სამყარო ყოველთვის ეყრდნობოდა მშობლიურ დუბლინს ქალაქს, რომელიც წარმოადგენდა მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარი მოქმედების ადგილს.

  ჯეიმს ჯოისი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ციურიხში, ფლუნტერნის სასაფლაოზე.

  ჯეიმს ჯოისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ნოველების კრებულიდუბლინელები, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისის დუბლინის ერთგვარი მატიანეა. „ეველინიც“ ამ მატიანეს ერთი ნაწილია. 

 


ეველინი

თარგმანი შესრულებულია ილონა ბარამიასა და თეონა ხარაულთან  ერთად

 

  ეველინი ფანჯარასთან იჯდა და გაჰყურებდა, როგორ ეუფლებოდა ღამე ხეივანს. თავი ფარდაზე მიეყრდნო და ნესტოები მტვრიანი კრეტონის[1] სუნით გაჟღენთოდა. ეველინი დაღლილიყო.

  რამდენიმე გამვლელმა ჩაიარა. ბოლო სახლთან მამაკაცი გამოჩნდა. ეველინს ესმოდა, როგორ ენერგიულად მიაბიჯებდა იგი ქვაფენილზე, გზას ახალი, წითელი სახლების წინ გრძელებდა და მალე ფეხის ხმაც მიჩუმდა. ოდესღაც კი იმ ადგილას მინდორი იყო, სადაც ევი ხშირად თამაშობდა ბავშვობისას თანატოლებთან ერთად.

  ამბობენ, ბელფასტელმა კაცმა შეისყიდა ეს მინდორიო. მალე სახლებიც ააშენა. აქაურ მკვიდრთა პატარა, უფერული ყავისფერი სახლების მსგავსი კი არა, დიდი, ნათელი აგურის სახლები პრიალა სახურავებით.

  მაინც გული სწყდებოდა იმ მინდორზე. იქ ხომ მთელი დასახლების ბავშვები ერთად თამაშობდნენ ხოლმე დივინები, უოთერსები, დანსები, პატარა ხეიბარი კიო, ეველინი და მისი და-ძმებიც. თუმცა ერნესტს, უფროს ძმას რომ მათთან ეთამაშოს, არ ახსოვს, – მეტისმეტად მოწიფული იყო საამისოდ.

  მამა ხშირად წაადგებოდა თავს თამაშში გართულ ბავშვებს ეკლიანი წკეპლით ხელში, მთელ დღეს მინდორში ატარებთო. მაგრამ წკეპლა არასდროს მოხვედრიათ, რადგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გოგო-ბიჭებს პატარა კიო ყვირილით ატყობინებდა ხოლმე და ატყდებოდა ერთი ჟივილ-ხივილი. ერთმანეთს ასწრებდნენ მინდვრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, პატარები მაინც ბედნიერნი ჩანდნენ. არც ისეთი ცუდი იყო ეველინის მამა. თან, მაშინ დედაც ცოცხალი ჰყავდათ... ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ეველინი და მისი და-ძმები უდედოდ გაიზარდნენ. გოგონას ბავშვობის მეგობარი თიზი დანიც გარდაცვლილიყო, უოთერსები  ინგლისში დაბრუნებულიყვნენ. რას იზამ, დრო გადის, ყველაფერი იცვლება. ახლა ეველინიც აპირებდა  სხვების მსგავსად სახლის მიტოვებას.

  სახლი! ეველინმა ოთახი მოათვალიერა. თვალი ნაღვლიანად შეავლო ყველა ნაცნობ ნივთს. იმ ნივთებს, რომელთაც წლების განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც აკრიალებდა. ყოველთვის აოცებდა, საიდან გროვდებოდა ამდენი მტვერი... ამიერიდან კი ვინ იცის, იქნებ ვეღარასდროს ენახა ისინი... ამ ნივთებთან განშორება ხომ ადრე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. და კიდევ: წლების განმავლობაში ვერაფრით გაეხსენებინა იმ მღვდლის სახელი, რომლის გაყვითლებული სურათიც კედელზე ეკიდა მორყეული ფისჰარმონიის[2] ზემოთ. იქვე, წმინდა მარგარეტ მერი ალოკოკის[3] ფერადი გრავიურაც ეკიდა. ის მღვდელი მამამისის სკოლისდროინდელი მეგობარი იყო, რომლითაც მამა ყოველთვის ამაყობდა და  როცა სტუმარს ამ ფოტო უჩვენებდა, ჩვეულ ფრაზას იმეორებდ: „ის ახლა მელბურნშია.

  ეველინს უკვე გადაეწყვიტა სახლიდან წასვლა, მაგრამ ვერაფრით დაერწმუნებინა საკუთარი თავი, ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო თუ არა. არაერთგზის სცადა აეწონ-დაეწონა სიტუაცია. მიუხედავად ყველაფრისა, სახლში თავშესაფარი და საკვები მაინც ჰქონდა, გარს ის ადამიანები ეხვია, რომელთაც მთელი ცხოვრებაა იცნობდა. რასაკვირველია, ბევრი უნდა ემუშავა როგორც სახლში, ასევე მაღაზიაში, რადგან უამისოდ ვერაფერს გააწყობდა. ნეტავ, რას იტყოდნენ სამსახურში, როცა გაიგებდნენ, რომ ეველინი სატრფოსთან ერთად გაიქცა ბუენოს-აირესში? ალბათ, თავქარიანი გოგო ყოფილაო, დასცინებდნენ. ვინ იცის, მის ადგილზე კონკურსსაც გამოაცხადებდნენ... ყველაზე მეტად კი მის გავანი გაიხარებდა, სამსახურში რომ გამუდმებით ზედამხედველობდა ეველინს და საყვედურობდა კიდეც. განსაკუთრებით სხვათა თანდასწრებით: ხშირად ისმოდა მისი თითქოსდა თავაზიანი სიტყვები: მის ჰილ, ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ეს ქალბატონები ელოდებიან?“მისს ჰილ, ცოტა ცოცხლად, გეთაყვა...

  არა, ამ მაღაზიის მიტოვებას ნამდვილად არ ინანებდა...

  მაგრამ ახალ სახლში, შორეულ, უცხო ქვეყანაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება... მისი გათხოვების შემდეგ... გარშემო მყოფნიც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან. მას ვერავინ დაჩაგრავს დედამისის მსგავსად. აქ კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 19 წლის იყო, თავს ისევ საფრთხეში გრძნობდა მამამისის გაუხეშების გამო. ეველინმა იცოდა, რომ სწორედ ამიტომ აუცრუვდა გული აქაურობაზე. პატარაობისას მამა გამორჩეულად მფარველობდა, არ ეპყრობოდა ისე, როგორც მის ძმებს – ერნესტსა და ჰარის, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გოგონა იყო და მოფერება სჭირდებაო. მოგვიანებით კი თავისი საყვარელი გოგონა აითვალწუნა... ერთხელ ისიც კი უთხრა, რომ მხოლოდ გარდაცვლილი დედამისის ხათრით ზრუნავდა მასზე. ამიტომაც იყო, რომ ახლა ეველინს აღარავინ ჰყავდა, ვინც დაიცავდა. ერნესტი გარდაიცვალა, ხოლო ჰარი ეკლესიის მოხატვას გაეტაცებინა და მუდამ სადღაც მიიჩქაროდა.

  გარდა ამისა, შაბათობით წარმოუდგენლად ღლიდა დაუსრულებელი დავა ფულის გამო. ეველინი მამას თითქმის ყოველთვის აძლევდა მთელ თავის ხელფასს, 7 შილინგს; ჰარიც იმდენს უგზავნიდა, რამდენიც შეეძლო. მაგრამ როცა სჭირდებოდათ მამისგან უკან ფულის მიღება, ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მისი თქმით, ქალიშვილი ფულს ფლანგავდა. იმასაც კი ეუბნებოდა, თავი მხრებზე არ გაბია და ამიტომაც ვერასდროს მიიღებ ჩემი წვალებით ნაგროვებ ფულს აქეთ-იქით საფანტავადო. ამ მხრივ განსაკუთრებით აუტანელ იყო შაბათი საღამო. ბოლოს და ბოლოს, მიუგდებდა ეველინს ორიოდე გროშს და ავალებდა კვირისთვის სადილის მომზადებას. გოგონა მაშინვე გარბოდა საყიდლებზე, ხელში მაგრად ჩაებღუჯა შავი ტყავის საფულე. ძლივძლივობით მიიკვლევდა გზას ბრბოში... შინ მძიმე, დატვირთული ჩანთებით ბრუნდებოდა და თავს არ იზოგავდა, რომ სახლისთვისაც ეპატრონა და ორი პატარისთვისაც, რომლებიც კარგადაც უნდა გამოეკვება და სკოლაშიც მოვლილი და გაკვეთილებნასწავლი გაეშვა. მართლაც, რთული იყო ეს ყოველდღიური სამუშაო, უმძიმდა ასე ცხოვრება, მაგრამ რადგანაც უკვე აქედან გამგზავრებას აპირებდა, ეს ყოველივე სრულებითაც აღარ ეჩვენებოდა უსიამოვნოდ და მიუღებლად.

  ფრენკთან ერთად გაემგზავრებოდა ახალი ცხოვრების საძიებლად. ფრენკი ხომ კეთილი, მამაცი და გულღია ბიჭი იყო. ჰო, ეველინი მასთან ერთად გემით გადაცურავდა შორეულ ოკეანეს... ბუენოს-აირესში იქორწინებდნენ... ახალ სახლში იცხოვრებდნენ. გუშინდელ დღესავით ახსოვდა თავიანთი პირველი შეხვედრა. მაშინ ფრენკი ცხოვრობდა მთავარ ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში დაექირავებინა ბინა. ევი იმ ქუჩაზე ხშირად დადიოდა. იმ დღესაც მხიარულად მიუყვებოდა ქვაფენილს... ფრენკი ჭიშკართან იდგა, კეპი ეხურა, ხშირი, აბურდული თმა ქუდიდან ჩამოჰყროდა და ბრინჯაოსფერ სახეს უფარავდა. გოგონას თვალს არ აშორებდა... მალე გაუშინაურდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ბიჭი მაღაზიის კართან ელოდებოდა ხოლმე სამუშაოდან გამოსულს და სახლამდე აცილებდა. ერთხელ თეატრშიც წაიყვანა სპექტაკლზე. მაიკლ უილიამ ბალფისბოშებინახეს და გოგონა ბედნიერებისგან დაფრინავდა... მისთვის უჩვეულო აღმოჩნდა თეატრში მაყურებელთათვის განკუთვნილი სკამიც კი.

  ფრენკს ძალიან უყვარდა მუსიკა და თავადაც მღეროდა. უკვე ყველამ იცოდა, ერთმანეთი რომ მოსწონდათ და უხაროდათ, როცა ფრენკი მღეროდა ეველინს მეზღვაურზე შეყვარებული ქალიშვილის სიმღერას. გოგონასაც ისე უხაროდა, სულ ბედნიერების ჟრუანტელი დაუვლიდა... მოფერებით მინდვრის ყაყაჩოს  ეძახდა. თავდაპირველად ეს ყოველივე აღელვებდა, ეჭვით უყურებდა ფრენკს, თუმცა შემდგომ უკვე თვითონაც მოსწოდა მის გვერდით ყოფნა.

  მალე ფრენკი გემზე აიყვანეს სამუშაოდ. კანადაში მიმავალ ალან ლაინზეთვეში ერთ გირვანქას უხდიდნენ და ბიჭიც კმაყოფილი იყო. მერე სხვა ხომალდებზეც გადაინაცვლა, ოკეანეში დაცურავდა და უკან დაბრუნებული შეყვარებულ გოგონას ახალი გემების სახელებსაც აცნობდა და მოგზაურობის ამბებსაც უყვებოდა.

  მარტო ის რად ღირდა, რომ ფრენკი მაგელანის სრუტეშიც კი ყოფილა და საშიში პატაგონიელებიც[4] უნახავს, რომელთა შესახებ რას აღარ ჰყვებოდნენ მეზღვაურები. ერთხელ ისიც უთხრა, აქ მხოლოდ და მხოლოდ შენ გამო დავბრუნდი, თორემ  ბუენოს-აირესში დავსახლდიო. ეველინის მამას არაფერი გამოჰპარვია და წყვილს შეხვედრაც კი აუკრძალა, – კარგად ვიცნობ ამ მატყუარა მეზღვაურებსო. გვარიანადაც იჩხუბეს ეველინის მამამ და ფრენკმა და იმ დღის მერე შეყვარებულებს ისღა დარჩენოდათ, ერთმანეთს მალულად შეხვედროდნენ.

  საღამო ჩამოწვა პროსპექტზე. გაურკვევლად გაფერმკრთალდა ეველინის კალთაში ორი ქათქათა ბარათი. ერთი ჰარისთვის დაწერა, მეორე  მამას ეძღვნებოდა. ეველინს ერნესტი უფრო უყვარდა, გარდაცვლილი ძმა, მაგრამ ჰარიც ხომ ძმა იყო!.. მამა ეცოდებოდა, ბოლო დროს ამჩნევდა, რომ სიბერე მორეოდა. იმასაც გრძნობდა, რომ ძალიან მოენატრებოდა თავისი ქალიშვილი მოხუც მამას. თან ხანდახან ძალიან კეთილიც კი იყო მამა. პატარაობისას, და ეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო, როცა ეველინი ავად გახდებოდა, მამა საწოლთან დაუჯდებოდა და მოჩვენებებზე უკითხავდა იდუმალ ამბებს. პურის ნაჭრებსაც უბრაწავდა. ახლა ისიც გაიხსენა, დედა რომ ცოცხალი იყო, ერთხელ ჰოუთჰილზე წავიდნენ პიკნიკზე, მთელი ოჯახი. როგორ იმხიარულეს. მამამ მეუღლის ფართოფარფლიანი შლაპა ჩამოიმხო თავზე და კლოუნივითცუღლუტა.

   ...უკანასკნელი წუთები იწურებოდა. გოგონა კი მაინც ფანჯარასთან იჯდა. ძველებურად მიხუტებოდა კრეტონის ფარდას და არც ცდილობდა თავი აერიდებინა მტვრიანი ქსოვილის სუნისთვის... ქვემოთ, ხეივანში ვიღაც ორგანს უკრავდა და მუსიკის ხმა მთელ ქუჩას ავსებდა. ევისთვის ჰაერიც კი ასე ნაცნობი და ახლობელი იყო. რა უცნაურია, ორგანის ხმა სწორედ ამ საღამოს მოესმა ასე მძაფრად, რამაც დედისთვის მიცემული პირობა გაახსენა პირობა, რომ აქაურობა, თავისი სახლი არ მიეტოვებინა. ეველინს გაახსენდა მომაკვდავ დედასთან ერთად გატარებული უკანასკნელი საღამო. დედა ისევ იმ ვიწრო და ბნელი ოთახის ბოლოში იწვა და იტალიურ მელანქოლიურ მუსიკა უსმენდა. მერე დაიღალა... ორგანისტს ექვსპენსიანი აჩუქეს, დაკვრა რომ შეეწყვიტა და წასულიყო. მამა თვითკმაყოფილი დაბრუნდა ოთახში და ბუტბუტებდა: “წყეული იტალიელები, აქამდეც მოაღწიეს!“

            დედის საბრალო გამოხედვამ და მისმა უდროო აღსასრულმა გაახსსენა თავი გოგონას და მწუხარებით აავსო. სიცოცხლე ხომ ამ საბრალო ქალისთვის მსხვერპლშეწირვასავით იყო, ამ ერთი ჩვეულებრივი სახლის მსხვერპლად ქცეული ქალისა, ჭკუიდან შეშლით რომ დასრულებულიყო. ეველინი აცახცახდა, კვლავ გაახსენდა დედის სიგიჟემდე მისული ხმა: “Derevaun Seraun! Derevaun Seraun!”[1]

             მოულოდნელად გოგონა წამოხტა. იმპულსურმა შიშმა შეიპყრო. არა, უნდა გაიქცეს! აქედან უნდა გაიქცეს. მხოლოდ ფრენკი თუ გადაარჩენს! ახალ სიცოცხლეს აჩუქებს, რაღა თქმა უნდა, სიყვარულსაც! ეველინს სიცოცხლე სწყურია და უბედური რატომღა უნდა იყოს?! მას ხომ ბედნიერების სრული უფლება აქვს! ფრენკი თავის ძლიერ მკლავებს შემოხვევს, მაგრად ჩაიხუტებს და გადაარჩენს!..

              ეველინი დაბნეული იდგა ახმაურიანებულ ბრბოში ნორთ უოლის სანაპიროზე. ფრენკს ხელი მაგრად ჩაეკიდა საყვარელი გოგონასთვის და გამუდმებით უმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს მომავალ მოგზაურობაზე. სანაპირო სავსე იყო მუქ სამხედრო ზურგჩანთებმოკიდებული ჯარისკაცებით. გოგონას თვალი ვერ მოეშორებინა ილუმინატორებით განათებული ხომალდებისთვის, რომლებიც სანაპიროზე განლაგებულიყვნენ.

            ევი გარინდულიყო. გრძნობდა, როგორ წაერთვა ფერი და გაუცივდა სახე. სასოწარკვეთილებას ერთიანად დაეპყრო და უფალს ევედრებოდა, განსჯის უნარი დაებრუნებინა, თუნდაც უბრალო მინიშნება მიეცა, გზა ეჩვენებინა, საით წასულიყო... უცებ, ბურუსით დაფარულ ნავსადგურში ხომალდმა თითქოს მგლოვიარე ხმით მისცა სიგნალი. ახლა რაღა ქნას ეველინმა?! წავიდეს? ხვალ უკვე ფრენკთან ერთად ბუენოს-აირესისკენ მიმავალი ხომალდით ზღვაში ძალიან შორს იქნება გასული. ბილეთები უკვე ფრენკს უჭირავს ხელში. ყველაფერი მზადაა გასამგზავრებლად... ნუთუ შესაძლებელია უკანდახევა! თან იმის შემდეგ, რაც ფრენკმა მისთვის გააკეთა?! სასოწარკვეთამ და მწუხარებამ შეიპყრო. ზღვის ავადმყოფობას თითქოს ნაპირზე გამოეღწია! ჯიუტად აგრძელებდა ბუტბუტს. მერე მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა... მდუმარედ, მაგრამ მთელი გრძნობით ლოცულობდა.

              ხომალდის ზარმა თითქოს სულშიც ჩამორეკა. სწორედ მაშინ გამოაფხიზლა ფრენკის შეხებამ ხელზე და იმედიანმა ხმამ: წავედით, ევი!

            გულში თითქოს ყველა ზღვას ერთად მოეყარა თავი, ტალღები მძვინვარებდნენ... ფრენკი ისევ თავისკენ ექაჩებოდა და ხომალდისკენ უნდოდა გაეტაცებინა. სიყვარულით ანთებოდა თვალები და სჯეროდა, რომ საწადელსაც მიაღწევდა... მაგრამ ეველინი რკინის ზღუდეს ჩასჭიდებოდა მთელი ძალით და კანკალებდა. „წავედით, ევი! ისევ იმედიანად უხმობდა ფრენკი...

            – არა! არა! არა!.. ეს შეუძლებელი იყო!.. ეველინი აქაურობას ვერ დატოვებდა!

            გოგონას ხელები რკინის მესერს გაშმაგებით ჩასჭიდებოდა, თითქოს შეზრდოდაო  და  სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, ტალღებს სიმწრით უხმო საშველად!..

            ეველინ! ევი!“ – უკვე შორიდან მოისმოდა მოულოდნელობისგან გაოგნებული ფრენკის  ძახილი...

            ახლა უკვე ბარიერს იქით იდგა და ნირწამხდარი უხმობდა საცოლეს. ვიღაცამ ანიშნა კიდეც გოგონას, რაღას ელოდებიო, თუმცა უშედეგოდ. ეველინი დარჩა!.. გაფითრებული სახე საქმროსკენ მიეპყრო, რომელიც  თანდათან სულ უფრო შორდებოდა. გოგონა ახლა პაწაწინა, უსუსურ მხეცს უფრო ჰგავდა...

            ეველინის თვალები ჩამქრალიყო... დილანდელი სიყვარულით მოციმციმე თვალები, რომელთაც აღარც განშორების სევდა აკრთობდა, აღარც... სიყვარული!..



[1] Derevaun Seraun (ინგლ. ) – სიამის დასასრული ტკივილია.





Comment