კონფლიქტები & ნაციონალიზმი
02/03/2023 18:35:50
   Author : ლუკა კანდელაკი.

კაცობრიობის ისტორიაში ომი ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. სტატისტიკის თანახმად, ბოლო 3 400 წლის განმავლობაში ადამიანებმა ომის გარეშე მხოლოდ 268 წელი გაატარეს, რაც მთლიანი აღრიცხული ისტორიის მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენს. სამწუხაროდ, მთელი ამ დროი განმავლობაში ომს აქტუალურობა არ დაუკარგავს და ის დღესაწარმოადგენს განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს. აღსანიშნავია, რომ ვესტფალიის სისტემის შემოღების შემდეგ კონფლიქტები უფრო და უფრო იძენდნენ ნაციონალურ ხასიათს.  ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კი მათ უმეტესობა სწორედ ნაციონალიზმის იდეის გარშემო წარმოიშვება.

პირველ რიგში უნდა დავიწყოთ კონფლიქტის დეფინიციით - რას წარმოადგენს იგი და რა არის მისი სათავე? საყოველთაოდ აღიარებული განმარტებით, ესაა დაპირისპირება ორ ან მეტ მხარეს შორის, როდესაც მათი ინტერესების წინააღმდეგობაში მოდის. ეს ინტერესები დროდადრო განიცდიდა დივერსიფიკაციას და კონფლიქტის ხასიათიც უფრო რთულდებოდა - დაწყებული ცალკეული ერის გადარჩენისთვის ბრძოლიდან, დამთავრებული საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური ქულების დასაწერად წამოწყებული ომით. კონფლიქტის მიზეზები ვარირებს მკვლევრების მიხედვით:

ჰოლსტის თანახმად გამოიყოფა განთავისუფლების, ეროვნულ ღირსებასთან დაკავშირებული, ტერიტორიული, იმპერიალისტური, ეროვნული გაერთიანებისა და სახელმწიფოს ტიპის კონფლიქტები. დოიჩის აზრით, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები რესურსებზე მოთხოვნას, სხვადასხვა ღირებულებებსა და რწმენებს ეფუძნება. კონფლიქტთა ამ ნიშნებით დაყოფა, ხშირად, არაეფექტიანია, ვინაიდან ზოგიერთი კომპონენტი თანაკვეთაშია. შესაბამისად, უფრო მოსახერხებელია ამ სქემის გამარტივება მიტჩელის ნააზრევით, რომელიც ბერკოვიჩმა კიდევ უფრო მარტივი ენით გადმოგვცა.

ბერკოვიჩის მიხედვით კონფლიქტის გაღვივების ძირითადი მიზეზებია: რესურსების უკმარისობა, სუვერენულობა, ეროვნული ღირსება, თვითგადარჩენა და პოლიტიკური იდეოლოგია. კითხვაზე - რომელ კატეგორიას განეკუთვნება ნაციონალური კონფლიქტი - პასუხი არაერთგვაროვანია, თუმცა ვერ მოიძებნება ამ ტიპის კონფლიქტი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებდა ჩამოთვლილთაგან რამდენიმე პუნქტს მაინც. ამავდროულად, ყურადსაღებია თითოეული კონფლიქტის კონტექსტი. თუკი საქმე გვაქვს ერთი ქვეყნის შიგნით არსებულ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირებასთან და მათგან ერთს სურს სეცესია, მაშინ ეს ქეისი სუვერენიტეტის ნიშას მოერგება; თუკი საქმე ეხება ისრაელს არაბულ კოალიციასთან ბრძოლაში, მაშინ კონფლიქტი თვითგადარჩენის კომპონენტს მიესადაგება.

აუცილებელია განვსაზღვროთ ნაციონალიზმის დეფინიციაც. ყველაზე მარტივი განმარტებით იგი წარმოადგენს იდეოლოგიას, რომლის ამოსავალი წერტილია ერი, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ამ მიმდინარეობის მთავარი ინტერესები ეროვნულ თვითმყოფადობაზე გადის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს როგორც პოლიტიკური და სოციალური, ისე კულტურული ნიშნით ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში. ნაციონალიზმის, როგორც სრულფასოვანი იდეოლოგიის ჩამოყალიბება ფორმალურად მე19 საუკუნიდან იწყება, თუმცა ისტორიული მოვლენების გათვალისწინებით ყველაზე თვალსაჩინო და მასიური ნაციონალური იმპულსი ჯერ კიდევ მე17 საუკუნეში ფიქსირდება საღვთო-რომის იმპერიის რღვევასთან ერთად. ამ პერიოდში იწყება მრავალი ეთნიკური ჯგუფის თვითგამორკვევა და ერი-სახელმწიფოს იდეა ვრცელდება როგორც მთელი ევროპის კონტინენტზე, ისე მის ფარგლებს გარეთ მეტროპოლიათა კოლონიებში.

მნიშვნელოვანია ამ დისკურსში სახელმწიფოს არსის განმარტებაც. დღესდღეობით სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი, განისაზღვრება მონტევიდეოს კონვენციით, რომელშიც დაითქვა სახელმწიფოს არსებობის 4 ფუნდამენტური ნიშანი: ა) მუდმივი მოსახლეობა; ბ) განსაზღვრული ტერიტორია; გ) მთავრობა; დ) სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის უნარი. ამ ოთხიდან ყველაზე ყურადსაღები მთავრობის კომპონენტია, რომელიც, რეალურად, ძალადობაზე ლეგიტიმური მონოპოლიის არსებობას მოიაზრებს. ამ ხაზს რომ გავყვეთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ლეგიტიმაციის ფაქტორი ხშირად ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია შიდა ნაციონალური კონფლიქტის პრევენციისთვის(როგორც ეს მოხდა კატალონიის შემთხვევაში). თუმცა, იგი ორპირა მახვილს წარმოადგენს, რომელმაც შესაძლოა იმ ეთნიკურ ჯგუფებს მიაყენოს სერიოზული ზიანი, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები მხარს უჭერს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად(მაგალითად აღმოსავლეთ ტიმორისა და ინდონეზიის მაგალითი).

ნაციონალიზმმა, როგორც იდეოლოგიამ, დიდი გზა განვლო მე19 საუკუნის შემდეგ. მას ილია ჭავჭავაძე თავისუფლებისთვის ბრძოლასთან აიგივებდა, ხოლო დღეს იგი ყველაზე სადავო ტერმინს წარმოადგენს პოლიტიკურ იდეოლოგიებში. ამა თუ იმ ერის აზროვნების კულტურიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალიზმისთვის მარტივი პროცესია რადიკალიზება და მან შესაძლოა შეიძინოს ქსენოფობიური ნარატივები, რაც რეალურად ცდება ამ იდეოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს და გადადის ნაციზმის სპექტრში.

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ ისეთი ტერმინები როგორიცაა ვესტფალია და ერი-სახელმწიფო, ამიტომ მართებული იქნება ისტორიულ კონტექსტზე ყურადღების გამახვილება. ვესტფალიის შეთანხმება, რომლითაც დასრულდა ოცდაათწლიანი ომი, რეალურად წარმოადგენდა აუგსბურგის ზავის პრინციპების ხელახალ იმპლემენტაციას. საღვთო რომის იმპერია იძულებული იყო დაერთო ნება მასში შემავალი სახელმწიფო ერთეულებისთვის განესაზღვრათ საკუთარი მრწამსი. თუმცა, ვესტფალიის სისტემა ბევრად მეტი იყო ვიდრე რელიგიური ხელშეუხებლობა. იგი პრაქტიკულად გულისხმობდა სხვა ქვეყნის შიდა საქმიანობაში იმპერიის ჩაურევლობას. ამ პრინციპზე აგებულ სახელმწიფო სისტემას ვესტფალიური სუვერენიტეტის სახელით იცნობენ. ამ ფენომენით წერტილი დაესვა რომის პაპის ინსტიტუტის შუასაუკუნოვან მისწრეფებას მსოფლიო უნივერსალიზმზე.

ოცდაათწლიანმა ომმა ცხადყო, რომ იმპერიალისტური ინტერესები ვერასდროს მოვა სრულ თანხვედრაში მასში შემავალი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინტერესებთან. შესაბამისად, ევროპა მოიცვა იდეამ, რომელიც მიმართული იყო იმპერიების მაგვარი მასიური პოლიტიკური კონგლომერატების დაშლისკენ და შედარებით მომცრო, კომპაქტური და ეთნიკურ ჯგუფებზე მორგებული მმართველობისკენ. სწორედ ეს სცენარი განმეორდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაშიც.

ეს უკანასკნელი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს კონფლიქტოლოგებისთვის თუკი რომელიმე მათგანი კოლაფსის მიზეზების მოკლედ ჩამოყალიბებას შეეცდება. თუმცა, შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ პროექტს უდევს საფუძვლად. საინტერესოა, რომ სსრკ მეტწილად აკმაყოფილებდა ჰოლსტის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობის 8 საწინდარს, როგორიცაა მთავრობა, ლეგიტიმაცია(განსაკუთრებით სტალინიზმის ეპოქაში), ღალატის შემკავებელი ინსტიტუციები(კგბ) და სხვ. ასიმილაცია, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს ერის, ამ შემთხვევაში ერთიანი პროლეტარიატის, ფორმირებისთვის, სსრკს არსებობის ბოლომდე ვერ განხორციელდა. იდეა, რომ სისტემის შიგნით შექმნილი დოვლათი და მოგება აღემატება იმ პოტენციალს, რომელიც სისტემის დანგრევის შემდეგ მასში შემავალ ცალკეულ ერთეულებს მიეცემათ, 70 წლიანი მცდელობის მიუხედავად მაინც ჩაიშალა.

ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის ორი დაპირისპირებული იდეოლოგია -ნაციზმი და კომუნიზმი, არსებითად ერთ ფუნდამენტზე იყო დაშენებული. ნაციზმი, რომელიც რადიკალურად პარტიკულარისტული ხასიათიდან გამომდინარე ელტვოდა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის სუპერიორობას სხვაზე, ლოგიკურია, ნაკლებად მისაღები იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის, მაშინ როცა კომუნიზმი შედარებით ღია ფერებში წარმოაჩენდა საკუთარ თავს და ხალხთა თანაცხოვრების უტოპიურ ალგორითმს ადვოკატობდა. რეალურად, საბჭოთა კავშირი ცდილობდა აღერულებინა ყველაზე გრანდიოზული ნაციის პროექტი, რომელიც კარს უხსნიდა ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფს და ცდილობდა მის ინტეგრირებას პროლეტარიატის ქოლგის ქვეშ. თავის მხრივ, პროლეტარიატი არაფერია სხვა თუ არა ერის თეორიული ტრანსცენდენტი, რომელშიც შეცვლილია მხოლოდ და მხოლოდ მისი მასშტაბი და მიმართულია ერის სინონიმად - კლასის დამკვიდრებისკენ. საბჭოთა იდეოლოგია ამაოდ შეეცადა გვერდი აეარა მსოფლიოში უკვე ღრმად ფესვებგადგმული ნაციონალიზმის იდეებისთვის და კონკრეტული ეროვნებები ჩაენაცვლებინა საერთო ეროვნებით/იდენტობით. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მესაკუთრე და პარტიკულარისტული და მესაკუთრე იდეოლოგია ჩანდეს ნაციზმი გერმანელებისთვის და უნივერსალისტური - კომუნიზმი, ვექტორი ორივე შემთხვევაში მიმართული იყო ერის გენეზისისა და გაბატონებისკენ.

მიუხედავად ჩვენ მიერ განხილული ალგორითმისა, რომელიც თითქოს ნაციონალიზმის დეფინიციას ეხამება, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცალკეულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა უარი განაცხადეს ჰომო-სოვიეტიკუსის სტატუსზე. ეს პირველ რიგში ერის დეფინიციაში არსებული „ობიექტური“ ფაქტორების გამოძახილი იყო როგორიცაა ენა, რელიგია, კულტურა, ტრადიციები და სხვა. აღმოჩნდა რომ ხალხების ასიმილაცია და ეთნო-ნაციონალისტური ინტერესისგან განთავისუფლება, რომელსაც საბჭოთა კავშირი შიდა საზღვრების მაქსიმალური მოშლითა და ფრენების 37 მანეთამდე შემცირებით ცდილობდა, არ იყო ეფექტური ერთმანეთისგან განსხვავებული ასობით ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, როგორც ამას კაუფმანი გმობს ეთნოკონფლიქტებზე საუბრისას. იდეოლოგიამ, რომელმაც მეტწილად მოახერხა ერის განმსაზღვრელი „სუბიექტური“ ფაქტორების - დამოკიდებულებების, სენტიმენტებისა და პერცეფციათა გაერთფეროვნება, ვერ შეძლო [ერი-სახელმწიფოს] ფორმულაში [ქართველი-საქართველოს] ნაცვლად [პროლეტარიატი-სსრკ] ცვლადები შეეტანა.

რომ შევაჯამოთ, ნაციონალიზმის ამოსავალ წერტილად კვლავაც რჩება ერი-სახელმწიფოს იდეა, რომელმაც გაუძლო დროისა და სივრცის არაერთ გამოცდას. მსოფლიოს ახალმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ კაცობრიობის ევოლუციის ამ ეტაპზე თითოეული ერი საკუთარი სუვერენიტეტის კულტურულად და ეთნიკურად მსგავს მასაზე შემოფარგლვას ამჯობინებს მასიური მულტიკულტურული კონგლომერატების ნაწილად ყოფნას.