გერმანელმა ფილოსოფოსმა შპენგლერმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველა კაცობრიობისათვის ინფორმაციის მნიშვნელოვნების ზრდა. თავის ცნობილ ნაშრომში „ევროპის დაისი“ იგი წერდა: „უახლოეს მომავალში სამი ან ოთხი მსოფლიო გაზეთი წარმართავს პროვინციული გაზეთების აზრებს, ხოლო მათ მეშვეობით კი - „ხალხთა ნებას“. ყველაფერი გადაწყდება მცირე რაოდენობის ადამიანების მიერ, რომელნიც გააკონტროლებენ ამ გაზეთებს - მათი შემქმნელების სახელები შესაძლოა არც კი იქნება ცნობილი, თუმცა მეორე რანგის პოლიტიკოსების უზარმაზარი მასა, რიტორები, ტრიბუნები, დეპუტატები და ჟურნალისტები - პროვინციული ჰორიზონტს წარმომადგენლები საზოგადოების დაბალ ფენებში სახალხო თვითმყოფადობის ილუზიის შენარჩუნებას შეუწყობენ ხელს.“
ინფორმაცია გადაიქცა კაცობრიობის გლობალურ, პრაქტიკულად ამოუწურავ რესურსად. მასობრივმა კომპიუტერიზაციამ, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ და დანერგვამ განაპირობა განათლების, ბიზნესის, მეცნიერებისა თუ წარმოების სფეროებში აქამდე არნახული წინსვლა. საინფორმაციო ქსელების ყოველმხრივმა გავრცელებამ უაღრესად გაზარდა საინფორმაციო რესურების გავლენა და გადააქცია ის ძალაუფლების იარაღად. ე. ტოფლერის აზრით: - „ტექნოლოგიური ცივილიზაციის“ თანამედროვე პერიოდი, რომელიც მეცნიერებისა და ტექნიკის გავითარების მესამე ტალღას წარმოადგენს, უპირატესად ხასიათდება საინფორმაციო ომებით და არა სამხედრო, ძალისმიერი დაპირისპირებებით. საინფორმაციო ომი წარმოადგენს - სახელმწიფოთაშორის საინფორმაციო სივრცეში ურთიერთდაპირისპირებებას, რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო სისტემების, პროცესების და რესურსებისათვის ზიანის მიყენებას, პოლიტიკური და სოციალური სისტემებისათვის ძირის გამოთხრას და აგრეთვე ჯარებისა და მოსახლეობის მასირებულ ფსიქოლოგიურ „დამუშავებას“, საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი წყობის დესტაბილიზაციის მიზნით. ნიშანდობლივია საინფორმაციო ომის წარმართვის სამი ძირითადი მიზანი: 1. კონტროლი საინფორმაციო სივრცეზე, მისი გამოყენება კონტრინფორმაციისათვის. 2. ინფორმაციაზე კონტროლის გამოყენება მტერზე საინფორმაციო შეტევების დასაგეგმად. 3. სამხედრო ძალების საერთო ეფექტურობის გაზრდა, სამხედრო საინფორმაციო ფუნქციების გამოყენების საფუძველზე.
მაშინ როდესაც გებელსი ქმნიდა „პროპაგანდის სამინისტროს“, ჯერ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მან რეალურად შეიმუშავა ომის წარმართვის ახალი ტიპი. უძველესი ხანიდან მოყოლებული ადამიანის გადარჩენა დამოკიდებული იყო არა მხოლოდ მის უნარზე მოეპოვებინა საკვები, არამედ იმაზე თუ რამდენად სწრაფად და სრულად ფლობდა იგი ინფორმაციას (მაგალითად საფრთხეზე) და რამდენად ეფექტურად რეაგირებდა მასზე.
საინფორმაციო ომის ბერკეტები და მანიპულაციური სისტემა რეალურად უძველესი ხანებიდანვე იღებს სათავეს, მაგალითად ძველი რომაელები ახალი ტერიტორიების დაპყრობისას ლოკალურ ღმერთებს თავიანთ პანთეონში რაცხავდნენ, თუნდაც მეორეხარისხოვანი დატვირთვით, რაც სამომავლოდ დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგობას ასუსტებდა. საბჭოთა პერიოდში დამოუკიდებელი ინფორმაციული კომპონენტის როლს დისიდენტები თამაშობდნენ, რომლებიც ულმობელ ტოტალიტარულ სისტემას კრიტიკას უპირისპირებდნენ, თუმცა ვინაიდან მასობრივ კომუნიკაციებთან მათ ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი დიდად წარმატებულ ინფორმაციულად ნაკადად ამ საქმიანობას ვერ ჩავთვლით. 1953 წლის ირანის რევოლუციაც საინფორმაციო კომპონენტის ტრანსფორმაციის შედეგია, ისევე როგორც მრავალი სხვა მაგალითი ისტორიიდან.
XXI საუკუნეში კი ომმა განსხვავებული იერსახე მიიღო და არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ინფორმაციული ტექნოლოგიების დაპირისპირებად იქცა. დღეს ყოველი ომი საინფორმაციო „არტილერიული გასროლებით“ იწყება. იმის ნაცვლად, რომ დიდი ფინანსური თუ ადამიანური დანაკარგები იტვირთონ, სახელმწიფოებს აქვთ ალტერნატივა „შიგნიდან“ დაიმორჩილონ მეტოქე, მისივე მოქალაქეების ძალებით. სწორედ ესაა საბოლოო მიზანი და საინფორმაციო ომის გლობალური სტრატეგია. ჯოზეფ ოვერტონმა ჩამოაყალიბა „ინფორმაციული სარკმელის“ თეორია, რომელიც საზოგადოების მიერ სხვადასხვა, ახალი იდეების მიმღებლობის ხარისხს და მზაობას ასახავს. საინფორმაციო ომის მეთოდიკა საშუალებას იძლევა „ოვერტონის სარკმელის“ „დასაშვები საზღვრები“ გაფართოვდეს განუსაზღვრელად, იმ ეტაპამდე, როდესაც აღარ იქნება საჭირო სამხედრო დაპირისპირება, იარაღისმიერი ბრძოლა და სასურველი შედეგი „ბუნებივად“ და ძალდაუტანებლად დადგება. საინფორმაციო ომი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ნაწილისაგან შედგება: 1. ფსიქოლოგიური ოპერაციები - მოწინააღმდეგეს ცნობიერებაზე მოქმედების ბერკეტები 2. დეზინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ ა)„ფეიკები“- ფალსიფიცირებული სიახლეები, რომელთაც თან ახლავთ ფოტო თუ ვიდეო მასალა და მათი რეალისტურობის დადგენა ფრიად სათუაო. ბ) წინასწარგამიზნული ცრუ განცხადებები გაკეთებული საზოგადოებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მიზნით გ) ე.წ. ელექტრონული ომი - სიტუაციების სიმულაცია, როდესაც მეტოქეს არ აქვს საშუალება მიიღოს სწორი ინფორმაცია. 4. პირდაპირი ინფორმაციული (კიბერ) შეტევები. 5. უსაფრთხოების ზომები - სწრაფვა იმისაკენ, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეიტყოს მეორე მხარის შესაძლებლობები და განზრახვები. 6. ფიზიკური განადგურება, როგორც საინფორმაციო ომის ნაწილი მოქმედი საინფომაციო სისტემების ელემენტებზე.
პრაქტიკულად თანამედროვე სამყაროს ყველა ნიშანდობლივი ტრანსფორმაცია ინფორმაციულ-კომუნიკატიური ბერკეტებით წარიმართა: „პერესტროიკა“, ხავერდისა თუ ფერადი რევოლუციები და ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით აგორებული „რევოლუციები“. ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა წარმოშო „ულიდერო“ რევოლუციები, რომელნიც თანამედროვე პერიოდის ფენომემად იქცა. საინფორმაციო ომი ბრძოლის ყველაზე ინტელექტუალური სახეობაა, სადაც სიძლიერეც და სისუსტეც ადამიანის კოგნიტიური შესაძლებლობებით იფრგლება. თუ ჩვეულებრივ ომში სამიზნე ადამიანის სხეულია, ინფორმაციულ ომში - მისი გონებაა. ინფორმაციული ომი არა მხოლოდ სამხედრო და ძალოვანი დაპირისპირებების ალტერნატიული პრაქტიკაა, იგი ფართოდაა გავრცელებული სავსებით სამშვიდობო-საერო სიტუაციებშიაც, მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებში, ბრენდების დაპირისპირებაში, ბიზნესსა და საფონდო ბირჟების პრაქტიკაში და ასე შემდეგ.
…და ბოლოს, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საინფორმაციო ომები იწარმოება ნამდვილი ომების ყველა წესების გათვალისწინებთ (სამხედრო იარაღის გამოყენების გარდა), მოიცავს შპიონაჟს, კონტრშპიონაჟს, ტყუილს, პოტენციური მოღალატეების ძიებას, სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქრთამვის მცდელობებს, „ალტერნატიული მთავრობების“ შექმნას, დივერსანტების არსებობას და ასე შემდეგ. საინფორმაციო ომის შედეგები კი არანაკლებ სავალალო შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფოებისათვის ძალაუფლების შენარჩუნების საკითხში, ვიდრე რეალური სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება. შესაბამისად უდავოა, რომ თანამედროვე პირობებში სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ცენტრში უნდა მოექცეს ისეთი სათუთი და მანიპულირებადი მექანიზმი როგორიცაა ინფორმაცია, მისი გავრცელება და ადამიანთა მასების ცნობიერებაზე ზეგავლენის ბერკეტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის კონტროლი და დაცვა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო უსაფრთხოების შენარჩუნების გარანტია.