საკვირაო მოვლენები- 1.06.2018- სარალიძის საქმე და სასამართლოს დამოუკიდებლობა
06/06/2018 05:44:32
   Author : გიგა ჯოხაძე.

კაცობრიობის გარიჟრაჟზე, ადამიანებმა საკუთარი ბუნებითი უფლებების დიდი ნაწილი დათმეს და იგი სახელმწიფოს გადასცეს. სანაცვლოდ, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო სახელმწიფოს შიდა და საგარეო უსაფრთხოება, შეექმნა კანონები და დაესაჯა დამნაშავეები, გამკლავებოდა საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს, დაეცვა ადამიანების ფუნდამენტური და ბაზისური უფლებები: სიცოცხლე, თავისუფლება და კერძო საკუთრება. ნებისმიერ სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა - სასამართლო ხელისუფლებაა და მისი მიკერძოებულობა სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ინსტიტუტის ჩამოშლის ძირითადი წინაპირობაა. როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ/არ იცავს ამ წესს და ცდილობს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის (Checks and balance) დარღვევას, სასამართლოს პოლიტიზებას, იგი ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმაციას. ისმის ლოგიკური კითხვა- რაში გვჭირდება ხელისუფლება,თუ იგი ვერ გვიცავს საშინაო და საგარეო საფრთხეებისგან და საკუთარი გავლენის ბოროტად გამოყენებას ცდილობს? გასული დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნამდვილად შემაშფოთებელია. რამდენიმე წუთის წინ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება რამდენიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა: 1. ხელისუფლება ძალიან,ძალიან ღრმა კრიზისშია; 2. პრემიერს არ ეყო გამბედაობა/პოლიტიკური ნება/ გადამდგარიყო და დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები; რჩება იმის შთაბეჭდილებაც,რომ იგი საკუთარ მოქმედებებში შეზღუდულია; ქართულ საზოგადოებაში ღრმა კონსენსუსი არსებობს იმის თაობაზე,რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია და პრემიერი მხოლოდ და მხოლოდ მის გადაწყვეტილებებს გვაცნობს; ამ შემთხვევაშიც აშკარაა,რომ პრემიერი ზემოთ მიღებულ გადაწყვეტილებას „უპრავებს“ საზოგადოებას; 3. საგამოძიებო კომისიის შექმნა ნამდვილად ვერ შეცვლის საქმის მიმდინარეობას და ხელისუფლებისთვის მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგების/პროტესტის ჩაცხრობის ერთ-ერთი ინსტრუმენტია; 4. შოთაძის გადადგომა ასევე ფიქტიური გადაწყვეტილებაა - მას სხვა ადამიანი შეცვლის,რომელიც ისევ ძალადობრივი სისტემის შენარჩუნებას; 5. განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა,რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ გაგვაჩნია და არც ადამიანის უფლებების დაცვაა ამ ხელისუფლების პრიორიტეტი, როგორც თვითონ გვარწმუნებს. 
ახლა რაც შეეხება სამომავლო სცენარებს. თუ საპროტესტო მუხტი არ განელდება, ხელისუფლებას მოუწევს გააკეთოს არჩევანი რამდენიმე მოქმედებას შორის: 1. პრემიერი გადადგეს,დაინიშნოს რიგგარეშე არჩევები. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და,რეალურად, დადებით ტენდენციებს ვერ ვხედავთ. ეკონომიკა მცირედით იზრდება, ადამიანის უფლებები სულ უფრო და უფრო უარესდება, პოლიციური რეჟიმი იმდენად უტიფარი გახდა,რომ ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს (გავიხსენოთ დემურ სტურუას ქეისი, თემირლან მაჩალიკაშვილის, დავით სარალიძის შემთხვევები და ა.შ.) . ხელისუფლება ძალიან მძიმე კრიზისშია და სწორედ ეს ხსნის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასაც. მთავრობის პოზიციები დღითიდღე სუსტდება. იმ შემთხვევაში,თუ პრემიერი საბოლოოდ მაინც გადადგება და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მაინც გაიმარჯვოს, თუმცა იგი ნამდვილად ვერ მოახერხებს იმ რაოდენობის მანდატების მოპოვებას,რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბოს. შესაბამისად, მისი ძალაუფლება შემცირდება,რაც ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედის. 2. რაღაც დროის შემდეგ, თუ საპროტესტო მუხტი არ ჩაცხრა,ხელისუფლებას მოუწევს ძალისმიერი მეთოდებით დაშალოს დემონსტრაცია. ამგვარი მოქმედება პოლიტიკურ კუბოზე საკუთარი ხელით დაჭედებული ბოლო ლურსმანი იქნება. 3. მესამე ძირითადი სცენარი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნაა. ეს შესაძლებელია,თუ პრეზიდენტი ჩათვლის,რომ მთავრობა საკუთარ მოვალეობებს ეფექტურად ვერ განახორციელებს. თუმცა, ეს შემთხვევა არაეფექტური იქნება,რადგან „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და მარტივად შეუძლია პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. მიმდინარე მოვლენები ნათლად აჩვენებს,რომ მოქმედი ხელისუფლება დიდ კრიზისშია და მომავალ დღეებში განვითარებული მოვლენები დიდ გავლენას მოახდეს ქართული პოლიტიკის მომავალზე.





Comment