სექსუალური ორიენტაცია ფსიქოლოგიის ჭრილში
01/08/2023 17:45:55
   Author : ლუკა კანდელაკი.

სექსუალური ორიენტაცია საყოველთაოდ აღიარებული დეფინიციით, წარმოადგენს ადამიანის ემოციურ, რომანტიკულ და/ან სექსუალურ ლტოლვას კაცის, ქალის, ორივე ან არც ერთი სქესისადმი. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, იგი იდენტობის განსაზღვრის ძირითადი ფორმულაა ადამიანის ლტოლვის, მასთან დაკავშირებული ქცევისა და საზოგადოებაში მისი ადგილიდან გამომდინარე.

უმეტესად, სექსუალური ორიენტაციის სპექტრში 4 კატეგორიას განიხილავენ:

·        ჰეტეროსექსუალი

·        ჰომოსექსუალი

·        ბისექსუალი

·        ასექსუალი

აღსანიშნავია, რომ ამ სეგმენტის მიღმა, რომელშიც მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანდება, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც რომელიმე ორიენტაციის მიმართ საკუთარი თავის მიკუთვნებაზე უარს აცხადებენ(ე.წ. „გამოურკვეველი“).

ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და ასექსუალიზმი არ წარმოადგენს მენტალურ ავადმყოფობას და არც ერთი იმსახურებს ნეგატიურ სტიგმას ან დისკრიმინაციას.

როდის და როგორ ხდება სექსუალური ორიენტაციის ამოცნობა?

უახლოეს წარსულში ჩატარებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ემოციურ, რომანტიკულ და სექსუალურ ლტოლვასთან დაკავშირებული შეგრძნებები ადამიანში 6-დან 13 წლამდე იწყებს ჩამოყალიბებას. თუმცა, ლტოლვის შეგრძნებები შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს მის ნებისმიერ ასაკში ყოველგვარი ემპირიის(სექსუალური გამოცდილების) გარეშეც კი. მაგალითისთვის, ადამიანები, რომლებიც თავს იკავებენ ყოველგვარი სექსუალური ინტერაქციისგან, მაინც გააჩნიათ ცალსახა აზრი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით.

            ის, რომ ადამიანი არ იყოს დარწმუნებული საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში, იშვიათობა სულაც არაა. გარკვეული ნაწილი მთელ თავის სიცოცხლეს კონკრეტულ ორიენტაციაზე შეჯერების გარეშე ატარებს. ფსიქოლოგები ხაზგასმით ამბობენ, რომ ადამიანის „გამოურკვევლობა“ არც უჩვეულობაა და არც გადახრა. ლტოლვითი შეგრძნებების ცვლილებას ცხოვრების განმავლობაში დენადობას(Fluidity)” უწოდებენ.

გამომწვევი მიზეზები

            ფსიქოლოგიის ისტორიაში იშვიათად თუ შევხვდებით იმაზე უფრო აქტიური დისკუსიის საგანს, ვიდრე სექსუალური ორიენტაციის განმსაზღვრელი ფაქტორებია. მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული აზრისა, რომ მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი მახასიათებლები ასრულებს, სექსუალური ორიენტაციების მრავალფეროვნების ზუსტი მიზეზები მწირადაა დეფინირებული და გააზრებული.

            მრავალწლიანი გამოკვლევების მიუხედავად, სექსუალური ორიენტაციის ვერც ერთი კონკრეტული მიზეზი ვერ გამოაშკარავდა. თუმცა, მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ თითოეული პიროვნების ემოციური ლტოლვა განპირობებულია  სოციალური, გარემო, ჰორმონალური და გენეტიკური ფაქტორების რთული კომბინაციით. ამ აზრზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გენეტიკის ზეგავლენით სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება შესაძლოა დაბადებამდე დაიწყოს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ შემდგომში ბავშვის ამ კუთხით განვითარებაზე ზეგავლენა მშობლების დამოკიდებულებამაც კი შეიძლება იქონიოს.

            ის, რომ ე.წ. უმცირესობათა ორიენტაცია მენტალურ აშლილობად მიიჩნეოდა, ეს უკვე ვთქვით, თუმცა, ხსენების ღირსია ის ფაქტიც, რომ მასზე, როგორც გადახრის, მიზეზებზე საუბრისას წინა პლანზე წევენ სექსუალური ძალადობით მიღებულ ტრავმას ბავშვობაში და, ასე ვთქვათ, მისით ინფიცირების არგუმენტს. უკანასკვნელი კვლევებით გაირკვა, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის კავშირი არ არსებობს და ზემოხსენებული არგუმენტი მხოლოდ დეზინფორმაციაზე აგებული სტერეოტიპების შედეგია.

შეიძლება სექსუალური ორიენტაცია შეიცვალოს?

            1930იანი წლების ამერიკაში გაჩნდა „გარდაქმნის თერაპიის“ პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქოლოგიური და რელიგიური ინტერვენციით გეის, ლესბოსელისა თუ ბისექსუალის სექსუალური ორიენტაციის ტრანსფორმაციას ჰეტეროსექსუალიზმზე. დღესდღეობით, ჯანდაცვის ორგანიზაციათა აბსოლუტური უმრავლესობა ამგვარი გარდაქმნისა თუ რეპარაციული თერაპიების ნებისმიერ ფორმას ფსევდოსამეცნიერო პრაქტიკად მიიჩნევს იმ არაეფექტურობისა და მორალური ზიანიდან გამომდინარე, რომელიც მას მოაქვს. ამ ტენდენციის აბსურდულობა დაადასტურა ბოლო დროის გახმაურებულმა სკანდალმა აშშ-ში, სადაც გარდაქმნის თერაპიათა ლიდერი, მაკკრეი ჯეიმი, საჯაროდ გამოერკვია(და-coming-out-და), როგორც ჰომოსექსუალი.

            1973 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალიზმი მისი სადიაგნოსტიკო არსენალიდან და, შესაბამისად, ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან ამოიღო. მას შემდეგ იგივე გაიმეორა აშშ-ს ჯანდაცვის ორგანიზაციათა უმეტესობამ პროფესიული მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად იმ იდეისადმი, რომ ადამიანის ემოციური მისწრაფება მეორე ადამიანის მიმართ შეცვლას საჭიროებს. სწორედ ამ და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციათა დამსახურება გახდა საზოგადოებაში არსებული ძველი წარმოდგენების გაქარწყლება ორიენტაციის ცვლილებაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა: