შერვუდ ანდერსონის 'ძალა ღვთისა'
06/15/2018 18:08:29
   Author : თეონა ხარაული.

Sherwood_Andersonშერვუდ ანდერსონი (1876-1941) – ამერიკელი ნოველისტი,  მოდერნიზმის  გამორჩეული წარმომადგენელი. დაიბადა ფილადელფიის ქალაქ კამდენში. ერვინ და ემა ანდერსონების შვიდიდან მესამე შვილს  ადრეული ასაკიდან მოუწია თავისა და ოჯახის რჩენაზე ზრუნვამ, რის გამოც სკოლა 14 წლისამ მიატოვა. მოგვიანებით შეძლო კოლეჯის დასრულება და ესეებისა და მოთხრობების წერაც დაიწყო.

პირველი წარმატება მოუტანა მოკლე მოთხრობების კრებულმა, „უაინსბურგი, ოჰაიო“ (1919), რომლის მთავარი გმირები შეუმდგარი პიროვნებებია. მწერალმა უარი თქვა მაშინდელი ნოველებისთვის დამახასიათებელ ხელოვნურ სიუჟეტსა და სტანდარტულ გამოსახულებებზე. მისი წერის მარტივ და ლაღად აღსაქმელ სტილს პოპულარობა მოჰყვა. მეტიც, მოდერნიზმის საწყისად მიიჩნევა მისი ნოველები ამერიკულ პროზაში.

პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა. მხოლოდ სამი  განქორწინების შემდეგ იპოვა ელეანორ კოპენჰავერი, რომელსაც უძღვნა რომანისურვილის მიღმა“. წყვილს მოგზაურობა ხიბლავდა და მორიგი კრუიზისას, როცა  ხომალდით სამხრეთ ამერიკისკენ მიცურავდნენ, ანდერსონი ცუდად გახდა. ნაპირზე გადმოიყვანეს და პანამის ქალაქ კოლონის კლინიკაში გარდაიცვალა. გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ მარტინის კოქტეილის სმის ან საუზმობისას საბედისწერო კბილსაჩიჩქნი გადაუყლაპავს, რამაც პერიტონიტი გამოიწვია...

იგი  დაკრძალეს  ვირჯინიის ქალაქ მარიონში, რაუნდ ჰილის სასაფლაოზე. მისი საფლავის ეპიტაფიაზე წერია: „სიცოცხლე, და არა სიკვდილი არის დიდი თავგადასავალი“.                                                               

შერვუდ ანდერსონის ბოლო სახლი ვირჯინიის ქალაქ ტრაუტდეილში 1971 წელს ეროვნულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობად გამოაცხადეს.


ძალა ღვთისა

თარგმანი შესრულებულია ილონა ბარამიასა და მზია ხოფერიასთან  ერთად

მეუფე კურტის ჰარტმენი, ვაინსბურგის პრესვიტერიანული ტაძრის პასტორი, ათი წელიწადია ამ ტაძარში მსახურობდა. ბუნებით მშვიდ და თავშეკავებულ 40 წლის ჰარტმენს მუდამ ეძნელებოდა კათედრიდან მრევლის წინაშე ქადაგება. ოთხშაბათ დილიდან შაბათ საღამომდე მხოლოდ საკვირაო ქადაგებაზე ფიქრობდა. კვირა დილას ადრიანად შედიოდა ტაძრის სამრეკლოს პატარა სამლოცველოში და ლოცულობდა. მის ლოცვაში ხშირად მეორდებოდა  ფრაზა: „უფალო, მომმადლე ძალა და მხნეობა, რომ გემსახურო“. მუხლმოყრილი ევედრებოდა და ეთაყვანებოდა უფალს, დახმარებოდა თავისი მოვალეობის პირნათლად აღსრულებაში.

     მეუფე ჰარტმენი, მაღალი, მუქწვერა მამაკაცი იყო. ხოლო მისი ცოლი მსუქანი, ჭირვეული ქალი, თეთრეულის მეწარმის ქალიშვილი კლივლენდიდან. პასტორი მთელ ქალაქში გამოირჩეოდა თავისი სიმშვიდითა და უპრეტენზიობით, ტაძრის უხუცესებსაც სწორედ ამიტომ მოსწონდათ იგი, ბანკირის ცოლი მისის ვაითი კი  დიდად განსწავლულ  და დახვეწილ მამაკაცად მიიჩნევდა.

*  *

    პრესვიტერიანული ტაძარი რატომღაც განცალკევებით იდგა ვაინსბურგის სხვა ტაძრებისგან. მათზე გაცილებით დიდი და შთამბეჭდავი იყო, ხოლო მის პასტორს სხვა ტაძრების მაღალ სასულიერო პირებზე ბევრად მეტს უხდიდნენ. საკუთარი ეტლიც ჰყავდა და ზაფხულში საღამოობით, მეუღლესთან ერთად სეირნობდა ქალაქის შემოგარენში, მეინსტრიტის გავლით ბაქის ქუჩაზე. დიდსულოვნად ესალმებოდა შემხვედრთ, ხოლო მისი ცოლი იდუმალი სიამაყით ალმოდებული დაბნეული შეჰყურებდა ქმარს. ნერვიულობდა, ვაითუ ცხენს შეეშინდეს და დაფრთხდესო.

ვაინსბურგში  გადმოსვლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში კურტის ჰარტმენის საქმეები კარგად  მიდიოდა. მართალია, ის კაცი არ ყოფილა, მრევლში რომ ენთუზიაზმს იწვევდა, თუმცა მეორე მხრივ არც მოწინაღმდეგეები ჰყოლია. სინამდვილეში იგი ძალიან სერიოზული მოძღვარი იყო და ზოგჯერ იტანჯებოდა კიდეც გაჭიანურებული მონანიებით, რადგან არ შეეძლო  ღვთის სიტყვა ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში ექადაგა. ყოველთვის სურდა გაეგო, იწვოდა კი მისი სული ღვთაებრივ ალში! ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ახალი, ღვთაებრივი ტალღა ქარიშხალივით შემოიჭრებოდა მის ხმასა და არსებაში და შეძლებდა ხალხის ათრთოლებას, როცა თავიანთ პასტორზე გადმოსული ღვთით ნაბოძები სული წმიდის ძალასა და მადლს შეიგრძნობდნენ. „მაგრამ მე ერთი უბრალო მოკვდავი ვარ და ეს არასდროს მოხდება“, – ყურებჩამოყრილი გაიფიქრობდა, მოგვიანებით კი მოკრძალებული ღიმილით გაუნათდებოდა სახე. „ოჰ, მგონი უკეთ ვარ“, – დასძენდა ბოლოს ფილოსოფიურად.

       ყოველ კვირა დილით პასტორი სულის განსამტკიცებლად ლოცულობდა სამრეკლოს საკანში, რომელსაც მხოლოდ ერთი სარკმელი ჰქონდა. ეს იყო გრძელი, ვიტრაჟიანი ვიწრო ფანჯარა ფერადი მინისგან შესრულებული ქრისტეს მოზაიკური გამოსახულებით. სარკმელი საკეტებით იღებოდა კარის მსგავად. ზაფხულის იმ კვირა დილას პასტორი თავის საკანში იჯდა, წინ უზარმაზარი ბიბლია გადაეშალა, ქადაგების ფურცლები კი ირგვლივ მიმოეფანტა. ღია ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის ოთახში მან შენიშნა ახალგაზრდა ქალი, რომელიც წამოწოლილი კითხულობდა წიგნს და თან სიგარეტს ეწეოდა. კურტისი ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას და ფრთხილად მიხურა. შეაძრწუნა მწეველ ქალზე ფიქრმა... შიშის ზარს სცემდა ის აზრი, რომ მისი თვალები, რომლებიც უფლის სიტყვას დაჰყურებდნენ რამდენიმე წუთის წინ, ქალის შიშველ მხრებსა და ყელს შეეფეთნენ. გონებაარეულმა გასწია კათედრისკენ და ლოცვა დაიწყო.  ლოცულობდა ხანგრძლივად, ისე რომ, არც კი უფიქრია თავის ჟესტებსა ან ხმაზე. უჩვეულო სიძლიერისა და სიცხადის გამო ლოცვა უჩვეულო გამოდგა. ფიქრობდა, ნეტავ თუ მისმენს და მის სულს თუ აღწევს ჩემი ლოცვაო? თავს იიმედებდა, რომ მომავალ კვირა დილით შეძლებდა იმ სიტყვების პოვნას, რომლებიც იდუმალ ცოდვაში ჩაფლულ ქალს გამოაფხიზლებდა.

       ამრიგად, პრესვიტერიანული ტაძრის სამრეკლოში ლოცვისას, პასტორმა ვიტრაჟიანი ღია ფანჯრიდან  მეზობლად მდებარე სახლში მისთვის ამაღელვებელი სანახაობა იხილა. ამ სახლში დედა-შვილი ცხოვრობდა. ელიზაბეტ სვიფტი, ფერმკრთალი, არისტოკრატიული გარეგნობის შეძლებული ქვრივი და მისი ქალიშვილი, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელ ქეით სვიფტი. ქეითი 30 წლის, ლამაზი აღნაგობის ქალი გახლდათ. მეგობარი ცოტა ჰყავდა და როგორც ამბობდნენ, ენამწარეობითაც გამოირჩეოდა. მასზე ფიქრისას, კურტის ჰარტმენს გაახსენდა, რომ ქეითს ევროპაც მოვლილი ჰქონდა და ორ წელიწადს ნიუ იორკშიც ცხოვრობდა. რა მოხდა მერე, რომ ეწევაო, გაიფიქრა. მოაგონდა, კოლეჯში სწავლისას ხანდახან ნოველების კითხვა რომ უყვარდა. ამ ნოველების ერთი შეხედვით სანდომიანი,  მაგრამ ბიწიერი ქალებიც ხომ ეწეოდნენ სიგარეტს... მთელი კვირა უჩვეულო სიმტკიცით მუშაობდა ქადაგებაზე, რათა მის ამ თავგამოდებულ მცდელობას  შეეღწია ახალი მსმენელის სულში.  ისე გადაერთო ქადაგების მომზადებით, რომ გადაავიწყდა კიდეც როგორი თავგზაარეული და დაბნეული დგებოდა კათედრასთან, კვირაობით თავისი  ლოცვის აუცილებლობაც კი აღარ ახსოვდა.

    მეუფე ჰარტმენის ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება ერთგვარად შეზღუდულიც კი იყო. იგი სატვირთო ვაგონების შემკეთებლის ვაჟი გახლდათ ინდიანიდან, და  მუშაობდა კიდეც, კოლეჯში სწავლის ფული რომ ეშოვა. საცვლების მწარმოებლის ქალიშვილი სწორედ იმ სახლში დასახლდა, სადაც კურტისი კოლეჯში სწავლის დღეებში რჩებოდა ხოლმე. იქ დაუხლოვდნენ ერთმანეთს. ქალის დამსახურებით, ფორმალური და ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, როგორც იქნა, დაქორწინდნენ. ქორწილის დღეს მამამ ქალიშვილს 5.000 დოლარი აჩუქა და დაჰპირდა, რომ მემკვიდრეობით ორჯერ მეტს გადასცემდა. კურტისი თავის ქორწინებას იღბლიანად მიიჩნევდა და არასდროს აძლევდა თავს უფლებას, სხვა ქალებისკენ გაეხედა. არც სურდა, სხვაზე ეფიქრა. ერთადერთი, რაც სურდა, ღვთისადმი პატიოსანი მსახურება იყო.

       პასტორი კვლავ გაურკვევლობის განცდას შეეპყრო. ქეითის სულის განწმენდის წინ უნდოდა  კიდევ ერთხელ შეევლო თვალი საწოლზე წამოწოლილი თეთრი და მშვიდი სილუეტისთვის. კვირა დილას, როცა ფიქრებმა მოსვენება დაუკარგა და ძილი დაუფრთხო, ჰარტმენი ქუჩაში გამოვიდა სასეირნოდ. თითქმის მეინსტრიტს გასწორებოდა, როცა ოლდ რიჩმონდთან შეჩერდა, ქვა აიღო და სამრეკლოს სენაკისკენ მიბრუნდა. სენაკში შესულმა ამ ქვით სარკმლის კუთხე ფრთხილად ჩაამტვრია და გადაშლილი ბიბლიის პირდაპირ მაგიდასთან ჩამოჯდა. თან თვალს სარკმლის ჩამტვრეულ კუთხეს არ აშორებდა.  ქეითის ოთახში ფარდა გადასწიეს, კურტისი მის საწოლს გაჰყურებდა. ქალი არ ჩანდა. ეტყობა, სასეირნოდ წასულიყო. ფარდა კი დეიდა ელიზაბეტს გადაეწია.

    პასტორი სიხარულით ლამის ატირდა, როცა იგრძნო, რომ განთავისუფლდა ხორციელი ვნებისგან, შეეჭვრიტა ახალგაზრდა ქალის ფანჯარაში. შინისკენ მიმავალი უფალს ადიდებდა. იმდენად დაბნეულიყო, მინის ამოქოლვა დაავიწყდა. ჩამსხვრეული მინის ნატეხი კი იქვე მდგარ ბიჭუნას ქუსლში შერჭობოდა. შეშინებული ბიჭი უძრავად იდგა და აცრემლებული თვალებით შეჰყურებდა ქრისტეს გამოსახულებას.

   პასტორს საკვირაო ქადაგება ლამის დაავიწყდა, მრევლთან საუბრისას კი აღნიშნა, რომ ხალხი ცდებოდა, როცა პასტორს უცოდველ არსებად აღიქვამდა. „ჩვენ, სასულიერო პირები, იმავე ცდუნებებით ვართ მოცულნი, რითაც თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები. ბევრჯერ შევმცდარვარ და ერთადერთი, რამაც მიხსნა,  ეს ღვთის წყალობაა. ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, განსაცდელის ჟამს თვალები ზეცას მიაპყარით და გადარჩებით“.

     ქეით სვიფტზე ფიქრი საწოლშიც არ შორდებოდა და ცდილობდა ცოლზე გადაეტანა ყურადღება. ერთ საღამოს ეტლით სეირნობისას ცხენები ბაქაისთრითიდან გოსპელჰილისკენ მოაბრუნა ვოთერვორქსის ყურესთან და ხელი წელზე მოხვია მეუღლეს. საუზმის შემდეგ, კაბინეტში შესვლამდე, მიუახლოვდა მაგიდასთან მჯდომს  და ლოყაზე აკოცა. ქეითზე ფიქრისას იღიმოდა და თვალებს მაღლა აღაპყრობდა ლოცვით: „შემეწიე, უფალო, მატარე შენი მსახურების ვიწრო ბილიკზე“.

ახლა კი მის სულში ნამდვილი ბრძოლა დაიწყო. აღმოაჩინა, რომ ქეითს ჩვევად ჰქონდა საღამოობით საწოლში წიგნის კითხვა.  საწოლის გვერდით, მაგიდაზე, ლამფა იდგა და მისი შუქი პირდაპირ ქალის მშვენიერ თეთრ მხრებსა და მოშიშვლებულ კისერს ეფინებოდა. სწორედ იმ საღამოს პასტორმა ორი საათი დაჰყო თავის სენაკში, ხოლო შემდეგი ორი საათი – ქუჩაში. უნდოდა ერწმუნა, რომ არ სურდა ქეითის მხრები და ყელი დაეკოცნა.  საკუთარ თავს ამგვარ ფიქრებს არ აკარებდა,  მაგრამ არც ის იცოდა, რა სურდა. „მე ღვთის შვილი ვარ და მან ჩემი ცოდვებისგან უნდა დამიცვას!“ – ყვიროდა ხეებში გამეფებულ სიბნელეში. ცაში შავი ღრუბლები მიმოფანტულიყო. პასტორი კი ღმერთს შეჰღაღადებდა: „გთხოვ, უფალო, ნუ მიმატოვებ! მომეცი ძალა, რომ ხვალ ჩამტვრეული სარკმელი შევაკეთო. ნუ მიატოვებ  განსაცდელში  ჩავარდნილ შენს  მონა-მორჩილს“.

ჰარტმენი მიუყვებოდა მდუმარე ქუჩებს და გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა სული და ცდუნებაში ჩავარდნილს ვერ აეხსნა ამ განსაცდელის მიზეზი. ზოგჯერ უფალსაც კი ბრალს სდებდა. თავს იმით იმართლებდა, მუდამ სწორი გზით ვიარე და არასდროს ვისწრაფოდი ვნებისკენ. ჭაბუკობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, ახლა რატომ უნდა განვუდგე უფალს, რით დავიმსახურე ამგვარი სასჯელიო...

ზამთრის განმავლობაში, სამჯერ ფეხაკრეფით გამოიპარა სახლიდან, რათა სამრეკლოს სენაკში სიბნელეში მჯდარიყო და საწოლში მონებივრე ქეით სვიფტისთვის ეცქირა, შემდეგ კი ქუჩაში სალოცავად გასულიყო. საკუთარი თავისა ვერაფერი გაეგო. თვეები მაცდუნებელ მასწავლებელზე ფიქრში გადიოდა. კურტისი თავს ირწმუნებდა, რომ დასძლია ის ვნება, რომელიც ქეითთან აკავშირებდა. შემდეგ, რაღაც შეიცვალა. და როცა თავის კაბინეტში ქადაგებაზე მუშაობდა, უეცრად ძალიან აღელდებოდა  და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვებოდა. „ქუჩაში გავალ“, ჩაილაპარაკა თავისთვის და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ნება დართო ეკლესიის კართან მისულიყო, მაინც გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა ახლა იქ შესვლის მიზეზს: „არ შევაკეთებ ფანჯარას და მორჩა! საკუთარ თავს კი ვაიძულებ, საღამოობით აქ მოვიდე და მიუხედავად იმ ქალის არსებობისა, არ გავიხედავ მისი ფანჯრისკენ. არ დავუშვებ, დავმარცხდე! ვიცი, ეს ცდუნება ღვთის გამოცდაა და მე შევძლებ სამართლიანობისკენ სწრაფვას“.

იანვრის ერთ სუსხიან ღამეს, როცა ვაინსბურგის ქუჩები ერთიანად თოვლში  ჩაფლულიყო, ჰარტმენი ბოლოჯერ ეწვია სამრეკლოს სენაკს. 9 საათი სრულდებოდა, როცა სახლიდან გამოვიდა და იმდენად ჩქარობდა, რომ ჩექმის ჩაცმაც დაავიწყდა. მეინსტრიტზე მხოლოდ ჰოპ ჰიგინსს, ღამის დარაჯს ეღვიძა. მთელ ქალაქში კი არავინ ფხიზლობდა დარაჯისა და ჯორჯ ვილარდის გარდა, რომელიც  რედაქციაში სტატიის დაწერას ცდილობდა. პასტორი მდუმარედ მიუყვებოდა ეკლესიისკენ მიმავალ ქუჩას. გზას თოვლის ნამქერში მიიკვლევდა და ფიქრობდა, რომ ამჯერად უსათუოდ დამორჩილდებოდა ბოროტ ზრახვას.

„მინდა ვუცქირო ამ ქალს და მხრები დავუკოცნო, ამიერიდან მხოლოდ ჩემს არჩევანზე ვიფიქრებ“, – მწარედ გამოუტყდა საკუთარ თავს და ცრემლები წასკდა. ფიქრობდა, რომ ეკლესიიდან მოკვეთდნენ და სხვა გზას უნდა დასდგომოდა. სხვა ქალაქში წავალ და ბიზნესს მივყოფ ხელს. ფარისეველი მაინც არ ვიქნები, რომელიც ღვთის სიტყვას ქადაგებს და თან უცნობი ქალის შიშველ მხრებსა და კისერზე ოცნებობსო, – ფიქრობდა.

იანვრის ღამეს, სამრეკლოში ციოდა და კურტის ჰარტმენმა შესვლისთანავე იცოდა, რომ დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში აუცილებლად გაცივდებოდა. თოვლში სიარულისგან ფეხები დასველებოდა, ღუმელი კი არსად იყო. მოპირდაპირე სახლის ოთახში ქეით სვიფტი ჯერ არ ჩანდა. პირქუში გამომეტყველებით გადაწყვიტა დალოდებოდა. სავარძელში მჯდომი მაგრად ჩასჭიდებოდა იმ მაგიდის კიდეებს, რომელზეც ბიბლია იდო და მზერა სიბნელისკენ მიემართა. გონებაში ბნელი აზრები ერეოდა. თავის მეუღლეზე ფიქრობდა და იმ მომენტში  თითქოს სძულდა კიდეც იგი: „მას ყოველთვის რცხვენოდა ვნების და ამის გამო ბევრჯერ მოვუტყუებივარ. მამაკაცს სრული უფლება აქვს, ქალისგან ცოცხალ ვნებასა და სილამაზეს მოელოდეს.  ჩემს ცოლს კი არ ძალუძს თავისი ხორციელი ბუნება დაივიწყოს და ჩემშიც არის რაღაც ბერძნული. გულიდან ამოვიგდებ ამ ქალს და სხვას მოვძებნი. არ შევეშვები სკოლის მასწავლებელს. ყველას დავუპირისპირდები და თუ ხორციელი ვნებისთვის ვარ შექმნილი, სწორედ  ამისთვის ვიარსებებ“.

    სასოწარკვეთილი პასტორი მთელი სხეულით თრთოდა სიცივისა და ამავე დროს იმ შინაგანი ბრძოლის გამოც, რაც მის სულში გაჩაღებულიყო. დრო გადიოდა და მის სხეულს ნელ-ნელა ციება იპყრობდა. კურტის ჰარტმენს ყელი სტკიოდა და კბილები უკაწკაწებდა, ფეხები გაშეშებოდა, თუმცა არ სურდა დანებება. „უთუოდ ვნახავ იმ ქალს და ისეთ ფიქრებსაც არ მოვერიდები, რაც აქამდე არც გამიბედავს“, – ამბობდა პასტორი, სავარძელში მჯდომი, მაგიდის კიდეებს რომ ჩასჭიდებოდა.

კურტის ჰარტმენი ლამის სიკვდილის პირას მისულიყო იმ ყინვიან ღამეს სამრეკლოში ლოდინის გამო. ამის შემდეგ ეჩვენებოდა, თითქოს ცხოვრების მნიშვნელოვანი გზა გაიარა. წინა დღეებში მინის პატარა ხვრელიდან ახერხებდა ოთახის მხოლოდ იმ ნაწილისთვის თვალის დევნებას, სადაც მასწავლებლის საწოლი იდგა. პასტორი ელოდებოდა, სიბნელეში როგორ უეცრად  გამოჩნდებოდა ოთახში თეთრ საღამურში გამოწყობილი ქალი. ქალი სინათლეს აანთებდა, ბალიშებზე  წამოწვებოდა და წიგნის კითხვას იწყებდა. დროდადრო მასწავლებელი სიგარეტსაც ეწეოდა. მხოლოდ მისი შიშველი მხრები და მშვენიერი ყელი ჩანდა გარკვევით.

იანვრის იმ ღამის შემდეგ, რაც სიცივემ ლამის შეიწირა,  მისმა გონებამ  ორჯერ თუ სამჯერ რეალურად გადაინაცვლა ამქვეყნიურ უჩვეულო ფანტაზიაში ისე, რომ მტკიცე ძალისხმევით ისევ რეალობაშივე აბრუნებდა საკუთარ თავს... და ქეით სვიფტიც გამოჩნდა. მოპირდაპირე სახლის ოთახში სინათლე აინთო და მოძღვარიც თვალს ვეღარ აშორებდა ცარიელ საწოლს. მოულოდნელად მის თვალწინ შიშველი ქალი დაეცა საწოლზე. ქეითს სახე ხელებში ჩაერგო, გულამოსკვნით ქვითინებდა და მუშტებს ურტყამდა ბალიშს. ბოლოს ამოხეთქა ტირილმა. ოდნავ წამოიწია, და იმ მამაკაცის თანდასწრებით, რომელიც  მოელოდა  ცოდვილი ქალის დანახვას,  ლოცვა დაიწყო. სანთლის შუქზე ქალის გამხდარი და ძლიერი ფიგურა, ბიჭის სხეულს რომ მიაგავდა ახლა,  სამრეკლოს მინაზე გამოისახა.

კურტის ჰარტმენს აღარ ახსოვდა, როგორ დატოვა ეკლესია. პასტორი ყვირილით გავარდა გარეთ და თან მძიმე მაგიდაც გაათრია. პირქუში სიჩუმე იატაკზე ბიბლიის დაცემის ხმამ დაარღვია. როდესაც მოპირდაპირე სახლის ოთახში შუქი ჩაქრა, მოძღვარი მაშინვე კიბეზე დაეშვა, ქუჩაში გავარდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა უაინსბურგის რედაქციის შენობისკენ... ჯორჯ უილარდისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პასტორის მისვლა და განცვიფრებული ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. „შეუცნობელია გზანი უფლისანი!“ – წამოიყვირა პასტორმა ოთახში შეჭრისა და კარის მოჯახუნებისთანავე. აალებული თვალებითა  და ათრთოლებული ხმით კვლავ ჯორჯს მიმართავდა: – მე ვიპოვე სინათლე! – გაჰყვიროდა იგი, – მთელი ათი წელიწადი გავატარე ამ ქალაქში,  უფალი კი ქალის სახით გამომეცხადა!

ახლა უკვე ჩურჩულზე გადასულიყო და აღსარებასავით წარმოთქვამდა: „ვერ ვხვდებოდი... მეგონა, ჩემს სულს სცდიდა. მას კი მეტად მშვენიერი სულიერი  ღვაწლისთვის გავუმზადებივარ! უფალი ქეით სვიფტის სახით მომევლინა, მასწავლებელი ქალისა, რომელიც შიშველი, საწოლზე დაჩოქილი ლოცულობდა. იცნობთ ქეით სვიფტს? შესაძლოა თავადაც ვერ ხვდებოდეს, რაოდენ მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს უფლისთვის,  ჭეშმარიტების გზავნილს“.

მეუფემ მაშინვე დატოვა რედაქციის შენობა. გამოსვლისას წამიერად შეჩერდა, მზერა მიაპყრო ცარიელ ქუჩას და კვლავ მიბრუნდა ჯორჯისკენ.

– ნუ შიშობთ, მე გადავრჩი! – და ახალგაზრდას აჩვენა დასისხლიანებული მუშტი, – ფანჯრის მინა ჩავტეხე! – წამოიძახა და დაუმატა, – ახლა იგი მთლიანად უნდა გამოიცვალოს. ღვთის ძალა იყო ჩემში და მე იგი გავტეხე... მაცდური ვძლიე!“ 





Comment