სომერსეტ მოემი - 'სტიქაროსანი'
06/13/2018 05:17:01
   Author : მარიამ ჯაფარიძე.

Maugham

უილიამ სომერსეტ მოემი (1874-1965) – ინგლისელი დრამატურგი, მწერალი, რომანისტი, 1930-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჰონორარს უხდიდნენ.

დაიბადა საფრანგეთში მცხოვრებ ინგლისელთა ოჯახში. გარეგნობით შეუხედავ მამას ჰგავდა, რასაც ძალიან განიცდიდა. მთელი ცხოვრება ტანჯავდა ულამაზესი დედის ნაადრევად გარდაცვალებაც. ამას ისიც დაემატა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ინგლისში გაგზავნილს, ისე გაუჭირდა ინგლისურის სწავლა, რომ ენაბლუობა დასჩემდა.

ამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია, ჰაიდელბერგში ფილოსოფია შეესწავლა, ხოლო ლონდონშიმედიცინა. ახალგაზრდობის წლებშივე წარმატება მოიპოვა მისმა პიესებმა და რომანებმა. მალე მისი ნაწარმოებები მსოფლიოში იმდენად პოპულარული გახდა, რომ აღარავის ახსოვდა მისი ენაბლუობა და შეუხედაობა. მეტიც, სომერსეტ მოემს დღესაც არ აკლია მკითხველი.



 

სტიქაროსანი

თარგმანი შესრულებულია ვერიკო დუმბაძესთან ერთად 

იმ ნაშუადღევს, წმინდა პეტრეს ეკლესიაში, ნევილის მოედანზე, სადაც ნათლობა ტარდებოდა, ალბერტ ედუარდ ფორმანს კვლავ სტიქარი ემოსა. უკვე 16 წელიწადია, რაც ალბერტი ამ ეკლესიის მსახურია. აქვე ხვდა წილად სტიქარი. ამ ხნის განმავლობაში  არაერთი სტიქარი შემოაცვდა ტანთ. ისიც უწყოდა, რომ გაცვეთილ სტიქარს ვერ გადაგდებდა. ამიტომაც  მოხერხებულად ახვევდა სქელ, ყავისფერ ქაღალდში და  საძინებლის კარადის ქვედა უჯრაში ინახავდა.

სტიქაროსანი მშვიდად ასრულებდა თავის მოვალეობას. გულმოდგინედ აპრიალებდა მარმარილოს ბუდეში ჩასმული კანდელის მოხატულ ზედაპირს, შეუძლოდ მყოფი მოხუცი მლოცველი ქალისთვის სკამი გამოჰქონდა, ელოდებოდა მღვდელს,  სანამ ის სამლოცველოდან გამოვიდოდა, რომ  მერე იქაურობა მიელაგებინა  და  ამის შემდეგ შინ წასულიყო. მოულოდნელად,  ალბერტ ედუარდმა დაინახა  სკამებს შორის გასასვლელთან ანაფორიანი  მეუფე, რომელიც მუხლს იყრიდა საკურთხეველთან.

ნეტავ რაღას უცდის? – გაიფიქრა სტიქაროსანმა,  განა არ იცის, რომ სადაცაა ჩაის დალევის დრო მოვა?“

ახალდანიშნული მეუფე წითური სახის, დაახლოებით ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი იყო, ზედმეტად მკაცრი და საქმიანი იერით. ალბერტ ედუარდი მის წინამორბედ  მეუფეს მისტიროდა, ვერ შეგუებოდა მის ჩანაცვლებას.  იგი ძველი ყაიდის მღვდელი იყო,  წმინდა,  გაწაფული ხმით  აუჩქარებლად ქადაგებდა... თავისი მრევლის არისტოკრატ წარმომადგენლებს ხშირად სადილით და გემრიელი ჩაითაც უმასპინძლდებოდა.

რა უშავს, – ჩაილაპარაკა სტიქაროსანმა, – დრო მოვა და ესეც ისწავლის!..

და მაშინ, როცა ქორეპისკოპოსი ეკლესიის გასასვლელიდან გამოვიდა, იმდენად ახლოს მივიდა სტიქაროსანთან, რომ ხმის აუმაღლებლად შეეძლო მისთვის მიემართა. სამლოცველოსთან შეჩერდა და უხმო:

ფორმან, შეგიძლია წუთით სამლოცველოში შემოხვიდე? რაღაც მაქვს სათქმელი!

ახლავე, მეუფეო!..

მღვდელი დაელოდა  სტიქაროსანს და  სამლოცველოში ერთად შევიდნენ.

მშვენიერი ნათლობა იყო, მეუფეო. ყველა განცვიფრდა, როცა ნახეს, როგორ შეწყვიტა მოსანათლმა ჩვილმა ტირილი, როცა თქვენ  ხელში აიყვანეთ...

დიახ, ასე ხშირად ხდება! – ქათინაური ესიამოვნა მეუფეს,  პატარებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს.

მეუფისთვის მართლად წარმოუდგენლად საამაყოდ ქცეულიყო, როცა ხშირად ახერხებდა ატირებული ბავშვის დამშვიდებას უბრალოდ ხელში აყვანით. გრძნობდა, როგორ აღტაცებით შესციცინებდნენ დედები და აღმზრდელები ამ სანახაობას. ეს იყო მათი მხრიდან მადლიერების გამოხატულება ღვთისმსახურის ამ გასაოცარი უნარისადმი.

მეუფე მიუძღოდა ალბერტ ედუარდს სამლოცვლელოსკენ. სტიქაროსანი ცოტა არ იყოს, შეცბუნდა, როცა იქ თავმოყრილი ეკლესიის მსახურნი დაინახა. არც შეუნიშნავს, როდის შემოვიდნენ ისინი. მნათეები და სხვა სტიქაროსნები თავმდაბლად მიესალმნენ შემოსულთ.

დღე მშვიდობისა, თქვენო უდიდებულესობავ, დღე მშვიდობისა, მეუფეო!.. – წარმოთქვეს ერთმანეთის მიყოლებით.

ეკლესიის მსახურთაგან ორი ხანში შესული მღვდელი იყო, ორივე იმდენივე ხანს განაგებდა ეკლესიას, რამდენსაც ალბერტ ედუარდი ემსახურებოდა მეუფეს აქვე, მათ გვერდით. ისხდნენ იმ კოხტა სატრაპეზო მაგიდასთან, რომელიც ყოფილმა მეუფემ წლების წინ იტალიიდან ჩამოიტანა. ახალი მეუფე სკამზე მათ შორის დაბრძანდა. ცნობისმოყვარეობას ვერ ფარავდა ალბერტი, მათ პირისპირ რომ აღმოჩნდა დასასჯელი ცოდვილივით და ცდილობდა  გაეგო, რისთვის უხმეს.

მაღალმა ღვთისმსახურმა საუბარი ცოცხლად წამოიწყო:

ფორმან, სამწუხაროდ, არასასიამოვნო რამ უნდა შეგატყობინოთ. როგორც მითხრეს, აქ უკვე მრავალი წელიწადია მსახურობ, ყველა დამეთანხმება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ისე ასრულებდი შენს მოვალეობას, რომ უკმაყოფილო არავინ რჩებოდა.

            მნათეები თავის დაკვრით დაეთანხმნენ მეუფეს.

მაგრამ ისეთი რამ გავიგე, რომ სავალდებულოდ ჩავთვალე გამეზიარებინა ეკლესიის  გამგებელთათვის. აღმოჩნდა, რომ თქვენ არც წერა შეგძლებიათ და არც კითხვა!

სტიქაროსანი ოდნავადაც არ დაბნეულა.

წინა  მეუფემ  იცოდა  ეს, – წარმოთქვა მშვიდად, – მაგრამ ამაზე ყურადღება არასოდეს გაუმახვილებია. ყოველთვის მიაჩნდა, რომ წერა-კითხვის არცოდნა მსახურებაში ხელს არასოდეს მიშლიდა. პირიქით, მუდამ მადლიერი იყო ჩემი...

ეს ყველაზე წარმოუდგენელია, რაც კი ოდესმე მსმენია! – წამოიძახა მეუფემ, – გინდა თქვა, რომ 16 წელიწადია ამ ეკლესიის მსახური ხარ და წერა-კითხვა არასდროს დაგჭირვებია?!

კი მაგრამ, ახალი ამბების წაკითხვითაც არასოდეს დაინტერესებულხარ? – იკითხა ახალმა მნათემ.

წერილის დაწერაც არასოდეს დაგჭირვებია?! – ისევ მეუფე ვერ ფარავდა აღშფოთებას.

არა, ჩემო მეუფეო! უამისოდაც ვართმევდი ყველაფერს თავს. ამ ბოლო ხანებში გაზეთებში სურათებიც იბეჭდება, ეს კი მეხმარება ადვილად გავიგო თუ რა ხდება ქვეყანაში. თანაც, ჩემმა მეუღლემ მშვენივრად იცის წერა-კითხვა. ჰოდა, როცა წერილის დაწერა მჭირდება, ის მიწერს ხოლმე...

მნათეებმა შეწუხებული მზერა მიაპყრეს ჯერ სტიქაროსანს, მერე მეუფეს და თავი დახარეს.

გასაგებია, ფორმან, მე ეკლესიის მსახურთ ვესაუბრე და ისინიც მეთანხმებიან, რომ ეს დაუშვებელი რამაა. ისეთ საუფლო სამყოფელს, როგორიც წმინდა პეტრეს ეკლესიაა, არ შეიძლება ჰყავდეს სტიქაროსანი, რომელმაც არც წერა იცის და არც კითხვა!

ალბერტ ედუარდ ფორმანის გამხდარ, გაფითრებულ სახეს სიწითლე შეეპარა და ხმის ამოუღებლად თავი უხერხულად დახარა.

მერწმუნე, ფორმან, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მართალია, საქმესაც მშვენივრად ართმევ თავს. დიდად ვაფასებ შენს ერთგულებასა და შრომისმოყვარეობას, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება, შენნაირი უცოდინარი გვყავდეს სტიქაროსნად. ვინ იცის, როგორი გამოუსწორებელი შეცდომა შეიძლება მოჰყვეს შენს სავალალო უწიგნურობას. ჩვენი მხრიდან ეს უბრალოდ წინდახედულებისა და პრინციპის საქმეა!

მაგრამ, იქნებ წერა-კითხვა ისწავლო, ფორმან? იქნებ შეძლო... – გამოსავალს დაუწყეს ძებნა მთავრებმა.

ეეჰ, სამწუხაროდ უკვე აღარ. როგორც ხედავთ, აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა, როგორიც ეკლესიაში მოსვლისას ვიყავი და თუკი სიყმაწვილეში არავინ მწერდა წერილებს, ახლა ვიღას დავჭირდები!.. – ხმაში სევდა გარეოდა მოულოდნელობისგან გაოგნებულ სტიქაროსანს.

ჩვენ არ გვინდა უხეშად მოგექცეთ, ფორმან! – დაიწყო ქორეპისკოპოსმა, – მაგრამ მე და გამგებლები მივედით იმ დასკვნამდე, რომ გამონაკლისის დაშვებაც შეგვიძლია. ჩვენ მოგცემთ სამ თვეს და თუ ამ დროის განმავლობაში ვერ ისწავლი წერა-კითხვას, ვშიშობ, მოგიწევთ ეკლესიის დატოვება!..

ალბერტ ედვარდს მოსვლიდანვე არ მოსწონდა ახალი მეუფე. მისი იმედი ვერასოდეს მექნებაო, – პირველივე შეხვედრისას გაიფიქრა და გაუმართლდა კიდეც მოლოდინი. ამას ისიც დაემატა, რომ ფორმანმა იცოდა საკუთარი თავის ფასი და არ აპირებდა მოულოდნელი შეურაცხყოფის ატანას.

 

ვწუხვარ, მეუფეო, ეს არც ისე კარგი იდეაა. მაგრამ მე მეტისმეტად ბებერი ძაღლი ვარ ახალი ილეთების შესასწავლად. მრავალი წელიწადია ვცხოვრობ წერა-კითხვის ცოდნისა და შექების სურვილის გარეშე. საკუთარი თავის ქება არასოდეს მომწონდა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩემს მოვალეობას მუდამ პირნათლად ვასრულებდი. გულმოწყალე განგების ნებით წერა-კითხვის ცოდნის გარეშე ვმსახურებდი საღვთო საქმეს და ახლა რომც შემეძლოს სწავლა, არ ვიცი, მენდომებოდა თუ არა.

რადგან ასეა, ფორმან, ვშიშობ უნდა წახვიდეთ!

დიახ, გასაგებია! სიამოვნებით წავალ, როგორც კი ჩემს შემცვლელს იპოვით!..

სამლოცველო მოაწესრიგა, ქურქი ჩაიცვა, ქუდი აიღო, გასასვლელს მიაშურა და ეკლესიის კარი მოიხურა. ფიქრებში ჩაფლული უკვე ყოფილი სტიქაროსანი მოედნის მახლობლად მიხეტიალობდა, თუმცა ვერა და ვერ დაადგა სახლისკენ მიმავალ ქუჩას, სადაც თავისი ფინჯანი ჩაი ელოდებოდა. გულდამძიმებული სხვა გზით ნელა, უხალისოდ მისეირნობდა. არ იცოდა, რა ეღონა. მცირეოდენი დანაზოგი კი ჰქონდა, მაგრამ არასაკმარისი უმუშევარი კაცისთვის! ცხოვრება კი ყოველ წელიწადს უფრო და უფრო ძვირდებოდა. არასდროს უფიქრია, რომ მსგავს პრობლემას წააწყდებოდა. ღვთისმსახური დარდს მისცემოდა. ფორმანი არც ეწეოდა და არც სვამდა. ეს კანონზომიერი იყო ეკლესიის მსახურისთვის, მაგრამ ზოგჯერ, როცა ძალიან დაიღლებოდა, სადილს სიამოვნებით დააყოლებდა ერთ კათხა ლუდს და ერთ ღერ  სიგარეტსაც  სიამოვნებით გააბოლებდა. ქუჩაზე კი არც ერთი მაღაზია არ ჩანდა, სადაც ამ დარდიან ფორსმანს სიგარეტისა და სასმლის ყიდვა შეეძლებოდა.

უცნაურია! მაღაზია არსად ჩანს, –  წამოიძახა ფორმანმა.

კარგად რომ დარწმუნებულიყო, ისევ დაათვალიერა ქუჩა და მართლაც, იქ ასეთი მაღაზია ვერ აღმოაჩინა.

შეუძლებელია, ერთადერთი ვიყო ამ ქუჩაზე, ვისაც ახლა მოწევა უნდა! – ხმამაღლა ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, – ვფიქრობ, ამ დარდიან გულზე კარგი იქნებოდა სადმე რომ გადავყროოდი თამბაქოსა და ტკბილეულის მაღაზიას! – მიხვდა, რომ ახლა არც ტკბილეულზე იტყოდა უარს.

...ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო.

მართლაც კარგი იდეაა! – თითქოს ამ სიტყვებით რაღაც გადაწყვეტილებაში არწმუნებდა თავს, – უცნაურია, კარგი რამ მაშინ ხდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი!    

მობრუნდა, სახლისკენ წავიდა და ტრადიციულად მიირთვა მისთვის საგანგებოდ მომზადებული  ჩაი.

რაღაც,  ძალიან ჩუმად ხარ, ალბერტ! – ყურადღებიან ცოლს არ გამოჰპარვია ქმრის უგუნებობა.

ვფიქრობ... – უპასუხა ფორმანმა.

ფორმანმა  ბევრი  იფიქრა, ყველა თვალსაზრით განიხილა თავისი იდეა, მეორე დღეს კი უკვე ქუჩაში ეძებდა მისთვის შესაფერის მაღაზიას. მთელი 24 საათის ძებნის შედეგადმიაგნო  კიდეც...

და წმინდა პეტრეს ეკლესიის სამუდამოდ დატოვების ერთი თვის თავზე ალბერტ ედუარდ ფორმანმა თავის პატარა მაღაზიაში თამბაქოს ნაწარმისა და გაზეთების გაყიდვა დაიწყო. ყოფილი სტიქაროსნის ცოლი ნერვიულობდა, ეკლესიაში მრავალწლიანი მსახურების შემდეგ ეს მართლაც შემაძრწუნებელი რამ არისო.  ფორმანს კი პასუხი მზად ჰქონდა, რა ვქნა, სხვა გზა არ დამიტოვეს, დროს ფეხი უნდა ავუწყოო.  ეკლესია აღარ არის ის, რაც ადრე იყო. ამიერიდან თავადვე შეეცდება საკუთარი ბედის მართვას და ამაში ეკლესიაში გაგონილი სიბრძნეც დაეხმარება: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა.[1] და იგი ამიერიდან აპირებდა სწორედაც ამ გზით სიარულს. ფორმანი შესანიშნავად უძღვებოდა ბიზნესს. ერთი წლის შემდეგ  მეორე მაღაზიის გახსნაც კი შეძლო და თანაშემწეც აიყვანა. კვლავ ეძებდა დიდ ქუჩას, სადაც თამბაქოს მაღაზია არ იყო, და როცა იპოვა, იქაც გახსნა. ესეც წინსვლა იყო. ამიტომ მოჰყვა ლონდონის ქუჩებში შესაფერისი ადგილების ძებნას და 10 წლის განმავლობაში არანაკლებ 10 მაღაზიის გახსნაც შეძლო. ფორმანი ყოველ ორშაბათს მიდიოდა თითოეულ მაღაზიაში, იღებდა კვირის ნავაჭრს, სახარჯო ფულს იტოვებდა და დანარჩენს ბანკში ინახავდა. 

 ერთ დღესაც,  როცა ბანკში ვერცხლის მონეტებით სავსე მძიმე ქისა და ბანკნოტების შეკვრა მიიტანა შესანახად, მოლარემ უთხრა, რომ ბანკის ხელმძღვანელს  მისი ნახვა სურდა.  კაბინეტში შესულ ფორმანს ბანკის მმართველმა ხელი მაგრად ჩამოართვა.

მისტერ ფორმან, მინდა გაგესაუბროთ თქვენი ანაბრის შესახებ. იცით, ზუსტად რამდენი დააგროვეთ?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, შეიძლება ერთი ან ორი გირვანქა იყოს... – უპასუხა ფორმანმა.

თუ არ ჩავთვლით იმას, რაც დღეს მოიტანეთ, 30.000 გირვანქაზე ოდნავ მეტია. ძალიან დიდი თანხა გაქვთ ანაბარზე. ვფიქრობ, უკეთესია თუ ინვესტიციაში დააბანდებთ!..  

არ მინდა გავრისკო! ვიცი, რომ ბანკში უსაფრთხოდაა შენახული!..

ნუ ღელავთ, ჩვენ გაგაცნობთ გარანტირებული ფასიანი ქაღალდები სიას, ისინი უფრო დიდ საპროცენტო განაკვეთს მოგიტანენ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ...

ფორმანის  სახეზე მშფოთვარებამ დაისადგურა.

არასოდეს მქონია საქმე აქციებთან და ობლიგაციებთან. მაგრამ გენდობით და ყველაფერს თქვენს იმედზე ვტოვებ!.. ნდობა იგრძნობოდა ფორსმანის ხმაში.

ბანკის მმართველს გაეღიმა და ფორმანი დაამშვიდა:

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი მოგების გასაზრდელად. შემდეგში თქვენ მხოლოდ უნდა მოხვიდეთ და ხელი მოაწეროთ გადარიცხვებს.

შემიძლია ეს გავაკეთო, – ყოყმანით წარმოთქვა ფორმანმა, – მაგრამ როგორ უნდა გავიგო, რას ვაწერ ხელს?!

ვგონებ შეძლებთ წაიკითხოთ!.. – ოდნავ უხეშად უპასუხა ბანკის მმართველმა.

ფორმანმა  მოწყალედ გაუღიმა.

დიახ, მისტერ ბანკის მმართველო! ვიცი, რომ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა! მე წერა-კითხვა არ ვიცი! მხოლოდ ჩემი სახელისა და გვარის დაწერა ვისწავლე ძლივძლივობით ბიზნესის დაწყებისას...

ბანკის მმართველი განცვიფრებისგან სავარძელიდან წამოხტა.

ეს ყველაზე საკვირველი რამ არის, რაც კი ოდესმე მსმენია!..

ზუსტად ასეა, მისტერ! ყმაწვილობაში, სანამ გვიანი არ იყო,  არასდროს მქონია შესაძლებლობა მესწავლა, მერე კი სურვილიც გამიქრა...

ბანკის მმართველი ისე მიაშტერდა ფორმანს, როგორც პრეისტორიულ მხეცს.

და გინდათ თქვათ, რომ  ამხელა ბიზნესი ისე ააწყვეთ  და ისე მოაგროვეთ 30.000 გირვანქა სტერლინგი, რომ არც წერა შეგიძლიათ და არც კითხვა?! ღმერთო ჩემო! და წარმომიდგენია, ვინ იქნებოდით ახლა, წერა-კითხვა რომ შეგძლებოდათ?

რა  გითხრათ, მისტერ! – ირონია გაერია ხმაში უკვე მდიდარ ბიზნესმენს,  მე... მე...   ვიქნებოდი წმინდა პეტრეს  ეკლესიის სტიქაროსანი ნევილის მოედანზე!..



[1] მათე. 22, 15-22. 





კომენტარები

1
  Natia Asatiani
წარმატებული პროექტი ელენე აბაშიძის ხელმძღვანელობით, თარგმანები შესრულებულია საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, ევროპული ენებისა და ფილოლოგიის დპარტამენტის სტუდენტების მიერ. სრულიად ახალი და საინტერესო თარგმანები. გისურვებთ ულევ წარმატებას და წინსვლას <3 <3 <3

Comment