ტომას ვულფის -შორიდან და...ახლოს
06/14/2018 16:19:46
   Author : ლანა ბერიძე.

ტომას ვულფი (დაბ. 1931) – თანამედროვე პოპულარული ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი. მის სახელს უკავშირდება ამერიკულ ჟურნალისტიკაში მიმდინარეობა ახალი ჟურნალიზმი.

დაიბადა ვირჯინიის შტატში. დაამთავრა ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტი, სადოქტორო ხარისხი კი იელის უნივერსიეტში დაიცვა ამერიკანისტიკის სპეციალობით. მუშაობა აშშ-ის წამყვანი გაზეთების რეპორტიორობით დაიწყო. მალე ამავე გაზეთებსა („სპრინგფილდ იუნიონი“, ვაშინგტონ-პოსტი“, ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნი“...) და ჟურნალებში („ნიუ-იორკ მეგეზინი“, „ესქუაირი“...) ჩნდება მისი პუბლიცისტური, მწვავე სტატიები, ასევე დოკუმენტური პროზის ნიმუშები. მოგვიანებით ჟურნალისტი აქვეყნებს რეალისტური, დრამატული სცენებითა და მოვლენებით აღსავსე პროზაულ ნაწარმოებებს, რომლებიც არანაკლებ პოპულარული ხდება..   

ტომას ვულფმა სხვადასხვა დროს მოიპოვა ეროვნული ჰუმანიტარული მედალი, წიგნების ეროვნული პრემია, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია და სხვ.

 

 

 შორიდან და... ახლოს

თარგმანი შესრულებულია ლანა ბერიძესა და ლიკა ჩიხლაძესთან ერთად 

რკინიგზის მახლობლად, ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ასევე პატარა, კოხტა სახლი იდგა. სახლი სულ თეთრი კედლებითა და მწვანე დარაბებით შეემკოთ. სახლის ერთ მხარეს თვალს შეავლებდით მოვლილ ბაღჩას, რომელსაც ვაზის ხეივანი დასდგომოდა დარაჯად და აგვისტოს ბოლოს ბაღჩეულის არომატს მწიფე ყურძნის სურნელით ავსებდა. სახლს სამი ცადაზიდული მუხა შემოსჯარვოდა, რომელთა უზარმაზარი ჩრდილი ზაფხულობით აქაურობას ნამდვილ სამოთხეს ამსგავსებდა. არც სახლის მეორე მხარე დავიწყებოდათათასნაირი ჭრელ-ჭრელ ყვავილები ერთმანეთს  სილამაზეში ეჯიბრებოდნენ. ირგვლივ ყველაფერი სისუფთავის, მყუდროებისა და  ყვავილთა სასიამოვნო არომატით გაჟღენთილიყო.

ყოველდღე, შუადღე რომ მოატანდა, 15:00 საათიდან  რამდენიმე წუთში, ერთი პატარა ქალაქიდან მეორეში მიმავალი ჩქარი მატარებელი ამ კოხტა სახლის წინ გაიქროლებდა. თან ხუმრობა ხომ არ იყო, ეს დიდებული მატარებელი ქალაქთან მიახლოებამდე სულის მოსათქმელად სწორედ აქ შეანელებდა სვლას... მერე კი სიჩქარეს თანაბრად უმატებდა  სრული სვლისთვის, რის საშუალებასაც ძრავის საუცხოო სისწრაფე იძლეოდა. თითქოს განზრახ, შეუფერხებლად, ძრავის ძლიერი რხევით სწრაფად გაიქროლებდა ელმავალი, რახრახით მიჰყვებოდნენ ვაგონები და შორეულ სივრცეში ჩაიკარგებოდნენ დაპრესილი მძიმე ფოლადის ჩუმი და გამუდმებული დუდუნის თანხლებით, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ერთ მომენტში ძრავის ძლიერი ღრიალი იფეთქებდა და მინდორზე ბოლქვებად გაწოლილი კვამლიც ღრუბლებისკენ მიიწევდა ხოლმე. მალე  ხმაურიც მიწყნარდებოდა და  შუადღის მთვლემარე სიმშვიდეს აღარაფერი არღვევდა...

ყოველდღე, უკვე ოც წელიწადზე მეტია, მატარებელი ამ სახლს რომ მოუახლოვდებოდა, მემანქანე სასტვენს ჩაჰბერავდა. ყოველ ჯერზე, როგორც კი ქალი ამ ხმას გაიგონებდა, უმალვე პატარა სახლის უკანა ვერანდაზე ჩნდებოდა და მემანქანეს ხელს უქნევდა. თავდაპირველად თავისი ნამცეცა გოგონა კაბაზე ჩაბღაუჭებული მოჰყვებოდა, ახლა კი უკვე ქალიშვილი, ისიც, დედის მსგავსად, ყოველდღე აივანზე ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა უცნობი მემანქანისთვის ხელის დასაქნევად. ატარებლის ქროლვაში მემანქანე მოხუცდა და გაჭაღარავდა. ეს, მისთვის ასე დიდებული მატარებელი, უამრავი დიდ-პატარა მგზავრით დატვირთული,  უკვე ათიათასჯერ გააქროლ-გამოაქროლ... მისი შვილებიც გაიზარდნენ, დაოჯახდნენ... ამასობაში მემანქანე ოთხჯერ შეესწრო შემზარავ ტრაგედია.

ეს იყო მატარებლისკენ შორიდან გადმოტყორცნილი ზარბაზნის ჭურვები,  ნელ-ნელა რომ აბნელებდა არემარეს... 

ეს იყო ავზარდაცემული ბავშვებით სავსე რელსებიდან გადავარდნილი ღია ვაგონი...

ეს იყო წამები, როცა რელსები მოულოდნელად გადაიკეტა და შიშისგან პარალიზებული და გაშეშებული მგზავრები სიკვდილს თვალებში ჩასცქეროდნენ...

ეს იყო  ლიანდაგზე მიმავალი უსახლკარო ხეიბარი მამაკაცი. იმდენად სმენაწართმეული და მოხუცი, რომ  სასტვენის გამაფრთხილებელმა კივილმაც ვერ შეაკრთო. როგორ ახსოვს გაქანებული მატარებლიდან დანახული სილუეტი მატარებლისვე წინ მშვიდად მიმავალი მოხუცი კაცისა, ეს სიმშვიდე რომ სასოწარკვეთამ შთანთქა მემანქანის თვალწინ.

და ეს ყველაფერი უკვე ენახა და განეცადა. მეტიც, მისთვის საკმაოდ ნაცნობი გამხდარიყო...

გამოსცადა  მწუხარება, სიხარული, საფრთხე და გამუდმებული შრომის სიმძიმე. ყველასგან დაუფასებელი სირთულეებთან ბრძოლამ გამოაწრთო, რასაც მისი სამსახურისადმი ერთგულებაც მოითხოვდა. ახლა კი გამობრძმედილი, სიმამაცითა და თავმდაბლობით აღვსილი, რასაც ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამდა, უკვე მოხუცებულიყო. თითქოს კაცობრიობის სიდიადესა და სიბრძნეს მის არსებაში მოეყარა თავი .

მაგრამ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა აღარც  საფრთხესა და აღარც ტრაგედიას... მხოლოდ ერთი რამ დარჩენილიყო საოცნებოდ: ხილვა იმ პატარა, კოხტა სახლისა... აივანზე გამოსული მშვენიერი ქალის  სხეულის სინატიფის შორეული შეგრძნება, მაღლა აწეული ხელის ენერგიული მოძრაობა, თითქოს თავისკენ რომ უხმობდა უცნობ მამაკაცს. ამას პატარა გოგონაც ემატებოდა, გახარებული რომ ხტოდა ერთ ადგილას მატარებლის დანახვაზე და ხალისიანად უქნევდა ორივე ხელს ღიმილადქცეულ მემანქანეს. ყოველივე მკვეთრად აღბეჭდილიყო მემანქანის გონებაში, როგორც წარმოუდგენლად მომხიბვლელი და წარუშლელი. მემანქანისთვის ეს იდუმალი ხილვა მუდამ უცვლელი რჩებოდა მარცხის, მწუხარებისა თუ შეცდომების მიუხედავად.

პატარა სახლისა და საოცნებო ქალების ხილვა ისეთ უჩვეულო ბედნიერებას ანიჭებდა მემანქანეს, როგორიც სხვაგან არსად განეცადა. იგი მათ ხედავდა სხვადასხვა  ამინდში... ხედავდა ყავისფერ, ნაცრისფერ, თოვლიან, მოყინულ მიწას მათ ფეხქვეშ ზამთრის სუსხში, ისევე როგორც მწვანე, ხასხასა ბალახს მომაჯადოებელ აპრილში.

მემანქანეს ამ მშვენიერი დედა-შვილისა და პატარა სახლისადმი ისეთი სათუთი გრძნობა ეუფლებოდა, როგორიც საყვარელი, ახლობელი ადამიანებისადმი შეიძლება იგრძნოს კაცმა.  დედა-შვილის ცხოვრების ანარეკლი ისე მკვეთრად აღბეჭდილიყო მის გულში, თითქოს მათი ცხოვრების ყოველი წუთი ზედმიწევნით იცოდა და იცნობდა მათ ყოველდღიურობას. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ერთ დღესაც, პენსიაზე გასვლის შემდეგ, წავიდოდა მათ მოსაძებნად, მათთან  სასაუბროდ, რადგან ამ ორი ქალის ცხოვრება მის სიცოცხლეზე ასე ძლიერ გადაჯაჭვულიიყო.

ეს დღეც დადგა. როგორც იქნა, მემანქანემ სწორედ იმ სადგურის ბაქანზე გადმოაბიჯა, სადაც ქალები ცხოვრობდნენ. რელსებზე გატარებული წლები უკვე წარსულს ჩაბარდა. პენსიონერი გახლდათ, რომელსაც საქმე ბევრი აღარაფერი





Comment

© 2024 UG Blog. All rights reserved.