ვინ იყო ათათურქი?
01/24/2023 16:48:16
   Author : ლუკა კანდელაკი.

თურქეთი მსოფლიო ომებს შორის

            პირველი მსოფლიო ომის შედეგად ოსმალეთის იმპერია დაიშალა, ხოლო მისი სამფლობელოები ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით სამანდატო ტერიტორია არ გამხდარა. თუმცა, ერთ ხანს განიხილებოდა აშშ-ს მანდატის იდეა. 1919 წელს თურქი პოლიტიკოსი რიზა ნური წერდა ათათურქს:

„თუ ამერიკა მიიღებს მანდატს და მოიქცევა სამართლიანად და პატიოსნად, 20 წლის განმავლობაში ეს მოიტანს განვითარების ისეთ დონეს, რომელსაც თურქები დამოუკიდებლად საუკუნის განმავლობაშიც ვერ მიაღწევენ.“

თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ამ იდეის საწინააღმდეგოდ დაიჭირა მხარი, რის შემდეგაც თურქეთის მანდატის საკითხი აღარ დაყენებულა კონგრესში. თურქეთმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლო არა მმართველობის სისტემის, არსებული რესურსების ან იდეოლოგიის, არამედ დიდ სახელმწიფოთა შორის არსებული წინააღმდეგობების მეშვეობით, რომლებიც ერთმანეთს არ აძლევდნენ ამ სტრატეგიულ ტერიტორიაზე ფეხის მოკიდების საშუალებას.

 

            ქემალისტური რევოლუცია

          დღეს შევეხებით ფიგურას, რომელიც არა თუ ომთაშორის პერიოდში, არამედ 21-ე საუკუნის თურქეთშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური ამინდის წარმართვაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ვითარების სწრაფი ცვალებადობის პარალელურად აზრს იცვლიდნენ ლიდერებიც, მათ შორის მუსტაფა ქემალიც, რომელიც 1905 წელს აქტიურად აკრიტიკებდა სასულთნოს, ხოლო ომის შემდგომ აცხადებდა რომ სასულთნოს შეეძლო მისი სრული ერთგულების იმედი ჰქონოდა. თუმცა, საბოლოოდ 1922 წლის 1-ლ ნოემბერს თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ მიიღო დადგენილება სასულთნოს გაუქმებაზე. სულთანი მეჰმეთ VI ჩამოაგდეს ტახტიდან, თუმცა სახალიფო, როგორც რელიგიური ინსტიტუტი დროებით შენარჩუნდა, თუმცა ამ მოვლენით ოსმალეთის პოლიტიკურ ისტორიას წერტილი დაესვა და დაიწყო ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, რამაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდებად - ქემალისტური რევოლუცია.

            1922 წელს დაიწყო მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. რუსეთი ითხოვდა არ დაეშვათ სრუტეებში უცხოური სამხედრო გემების ნაოსნობა მშვიდობიან პერიოდში, თუმცა ამ პოზიციამ დასავლეთისგან მხარდაჭერა, ცხადია, ვერ ჰპოვა. 1923 წელს მოლაპარაკებები განახლდა და 24 ივლისს გაფორმდა ლოზანის ხელშეკრულება:

  • თურქეთი ინარჩუნებდა ტერიტორიულ მთლიანობას ეროვნული პაქტით განსაზღვრულ მთელ ტერიტორიაზე;
  • უნდა განხორციელებულიყო შავი ზღვის სრუტეების დემილიტარიზაცია;
  • თურქეთი საკუთარ თავზე იღებდა ოსმალეთის იმპერიისდროინდელი ვალების გადახდას, რაც ფინანსურ კონტროლს და კაპიტულაციის რეჟიმს აუქმებდა;
  • თურქეთი ინარჩუნებდა უცხოურ საქონელზე დაბალ საბაჟო გადასახადებს;
  • თურქეთის არამუსლიმმა ხალხებმა ოფიციალურად მიიღეს უმცირესობის სტატუსი.

ასევე, საბერძნეთსა და თურქეთს შორის დადებული სპეც. შეთანხმება ითვალისწინებდა მოსახლეობის გაცვლას ორ ქვეყანას შორის: ბერძნების - თურქეთიდან და თურქების - საბერძნეთიდან.

1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთი გამოცხადდა რესპუბლიკად, დედაქალაქი სტამბოლიდან გადაიტანეს ანკარაში. თურქეთის პირველ პრემიერად დაინიშნა ისმეთ ფაშა, ხოლო რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად - მუსტაფა ქემალი.

            ამ უკანასკნელის პოლიტიკური მოღვაწეობა პირობითად იყოფა სამ პერიოდად:

1.      ომი დამოუკიდებლობისათვის(1918-1923);

2.      ხელისუფლების კონსოლიდაცია(1923-1927);

3.      ქვეყნის შეუცვლელი მმართველი(1927-1938).

დამოუკიდებლობის მიზნის მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ მსოფლიო ომის დროს შექმნილმა ვითარებამ გახადა, როდესაც ასპარეზზე გამოვიდა დაუმარცხებელი სამხედრო მეთაური მუსტაფა ქემალ ფაშა, რომელმაც ერთი შეხედვით დამარცხებულ ერში გააღვივა ნაციონალიზმი და სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა მას. ერის გადარჩენა მოითხოვდა ადრე გაბატონებული პანისლამიზმისა და პანთურქიზმის იდეების უარყოფას და ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვას.

მან დაიწყო აქტიური რეფორმების გატარება, რომელთა ძირითადი მიზანი იყო ქვეყნის მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია. იგი ხშირად აწყდებოდა დაბრკოლებებს თურქეთის დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან უპირისპირდებოდა იმ სახელმწიფოთა ინტერესებს, რომელთა სამიზნეში ამოღებული იყო რესურსებით მდიდარი თურქეთის ტერიტორია.

სწორედ მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, რომელიც ქემალიზმის ან ათათურქიზმის სახელითაა ცნობილი, საფუძვლად უდებს თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოებრიობას. მისი მთავარი პრინციპებია: რესპუბლიკანიზმი, ნაციონალიზმი, ხალხოსნობა, ეტატიზმი, ლაიციზმი და რევოლუციონიზმი. მათგან ძირითადი იყო ლაიციზმი, იგივე სეკულარიზმი, რომლის შესუსტებასაც თურქეთში მომავალში რამდენიმე რევოლუცია მოჰყვა. ეს პრინციპები თანდათან ჩამოყალიბდა და 1931 წელს მმართველი რესპუბლიკურ-სახალხო პარტიის მესამე კონგრესზე უკვე ქაღალდზე დაფიქსირდა  ქემალიზმის ზემოხსენებული 6 ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც აგრეთვე იცნობენ „ექვსი ისრის“ სახელით.

მმართველობის კონსოლიდაციის პერიოდში ქემალისტთა სლოგანი იყო „დავამსხვრიოთ კერპები“. ამ მიზნის მიღწევა მუსტაფა ქემალმა გადაწყვიტა ლაიციზმის პრინციპის დამკვიდრებით, რასაც დედაქალაქის „უმინარეთო ქალაქში“ ანკარაში გადატანამაც შეუწყო ხელი სტამბულიდან, რომელიც სახალიფოს გულად განიხილებოდა. დაიწყო ისლამური ქვეყნებისთვის არნახული სეკულარული რეფორმები. 1924 წელს მეჯლისმა მიიღო სახალიფოს გაუქმების გადაწყვეტილება. ხალიფა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი საფრანგეთში გადასახლდა. 1924 წლის 3 მარტს ჩამოყალიბდა ერთიანი საგანმანათლებო სისტემა, რაც გამოიხატა ყველა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულების, მათ შორის მედრესეებისა და იმამ-ხატიბების სკოლების, დაქვემდებარებაში განათლების სამინისტროსთვის. მართალია, ამავე წლის 20 აპრილს მიღებულ თურქეთის რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციაში ისლამი ჯერ კიდევ ითვლებოდა სახელმწიფო რელიგიად, თუმცა, ეს პუნქტი გაუქმდა 1928 წელს. ასევე ლაიციზმი შეეხო ტანისამოსსაც: აიკრძალა ფესის ტარება და მის ნაცვლად შემოიღეს ევროპული ქუდები. 1926 წლის 1-ლი იანვრიდან თურქეთში მოქმედებს გრეგორიანული კალენდარი და წელთაღრიცხვაგამოსასვლელი დღე გახდა კვირა და არა პარასკევი, როგორც ყველა მუსლიმურ ქვეყანაში. მალევე მეჯლისმა გააუქმა შარიათი და დაამტკიცა შვეიცარიულ მოდელზე შექმნილი სამოქალაქო სამართლის კოდექსი. მასში ცვლილებები შეეხო საოჯახო კანონმდებლობასაც და აიკრძალა მრავალცოლიანობა; მუსლიმმა ქალებმა მიიღეს არამუსლიმზე ქორწინების უფლება, ხოლო სარწმუნოების შეცვლა ნებადართული გახდა.

რესპუბლიკანიზმი გამოიხატა თურქეთში რესპუბლიკური მმართველობის მოდელის დამკვიდრებაში. 1924 წელს ქვეყნის ძირითადი კანონის თანახმად საკანონმდებლო ორგანოდ ჩამოყალიბდა ერთპალატიანი პარლამენტი. საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა მაჟორიტარული სისტემით. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმაც და ქვეყანა დაიყო ვილაიეთებად. შემოიღეს ახალი სლოგანი - „ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს“.

ხალხოსნობა და ნაციონალიზმი - შინაარსობრივად ახლოს დგას ერთმანეთთან. მუსტაფა ქემალისთვის ხალხოსნობა იგივე დემოკრატიულობა იყო, ხოლო ნაციონალიზმი გამოიხატა დებულებაში - ყველა მოქალაქე თავისი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად არის თურქი, რაც აისახა ქვეყნის კონსტიტუციაში. ნაციონალიზმის პრინციპს ემსახურებოდა ახალი ანბანის შემოღებაც, ისევე როგორც მეტყველების გაწმენდა სპარსულ-არაბული სიტყვებისგან.

ხალხოსნობის ქემალისტური ინტერპრეტაცია ერთგვარ ეგალიტარისტულ(egale - ფრ. თანასწორი) ხასიათს ატარებდა. იგი უგულვებელყოფდა კლასებს შორის განსხვავებას და არ ცნობდა რომელიმე ცალკეული სუბიექტის რაიმე პრივილეგიას. მუსტაფა ქემალი ამბობდა, რომ „ერი ძლიერი უნდა იყოს სულით, ცოდნით, მეცნიერებითა და მორალით“, თუმცა აშკარად იკვეთებოდა კონტრასტი საზოგადოების ორ ნაწილს შორის, რომელთაგან ერთი წარმოადგენდა განათლებულ, ვესტერნიზებულ ან სეკულარულ ფენას, ხოლო მეორე სოფლის მოსახლეობა, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა და უფრო ფაქიზი რელიგიური გრძნობები გააჩნდა.

ეტატიზმის პრინციპი წარმოადგენდა სახელმწიფოს როლს ეკონომიკურ ყოველდღიურობაში. ამ მხრივ, ქემალისტური რეჟიმი საკმაოდ მემარცხენე ხასიათს ატარებდა. 1920-იან წლებში მკაცრად კონტროლდებოდა ფასები და სახელმწიფომ არაერთი პროდუქტის წარმოებაზე აიღო მონოპოლია ესენია თამბაქო, შაქარი და ნავთობპროდუქტები. აღსანიშნავია, რომ ლოზანას ხელშეკრულების 5 წლიანი ვადის შემდეგ თურქეთს საშუალება მიეცა გაეზარდა საბაჟო გადასახადი იმპორტირებულ საქონელზე. მემარცხენე პრაქტიკამ საბოლოო ჯამში გამოიღო ამგვარი შედეგი: ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი ჯეროვნად გაიზარდა და წიაღისეულის მოპოვება მთლიანად გადავიდა თურქების ხელში; ამავდროულად, პირველად იქონია თურქეთმა სხვა ქვეყნებთან პოზიტიური სავაჭრო ბალანსი, თუმცა, ეკონომიკური ზრდა ამ წლებში არც თუ ისე სწრაფი იყო. ქემალისტურ რეჟიმს უკავშირდება თურქეთის ყველაზე მსხვილი ბანკების დაარსებაც, რომლებიც კონკრეტული ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილებას უწყუნველყოფდნენ და ექვემდებარებოდნენ ქვეყნის მმართველ ელიტას. ამ ბანკებს შორის გამორჩეულია გლეხების დასაფინანსებლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ბანკი - ზირაათ ბანკი. 1936 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსით განისაზღვრა 8 საათიანი სამუშაო დღე და აიკრძალა განსაკუთრებით მძიმე სამუშაო ქალებისთვისა და მოზარდებისთვის.

 

ქემალისტური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა

            მუსტაფა ქემალის საგარეო პოლიტიკის მოკლე შეფასებით „თანაბარი სიშორის’ პრინციპს ეფუძნებოდა. იგი ნაკლებად ასახელებდა უზენაეს მიზნად დასავლურ თანამეგობრობაში ინტეგრაციას, რამეთუ ორიენტირებული იყო საკუთარი ეროვნული იდენტობის ფორმირებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.

            ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც თურქეთმა ორმხრივი ურთიერთობა დაიწყო, გახლდათ საბჭოთა კავშირი, რომელთანაც ჯერ კიდევ 1925 წელს პარიზში გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. იგი შეივსო ანკარის სხვადასხვა ოქმით და პაქტი გაგრძელდა 1945 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება ეკონომიკურ ინტერესებზე ნაკლებად აპელირებდა, 1933 წელს თურქეთმა მიიღო 8 მლნ მანეთი ოქროს სტანდარტით.  

            უფრო მჭიდრო აღმოჩნდა თანამშრომლობა დასავლეთთან. თურქეთმა სუვერენიტეტის ორმხრივი პატივისცემის პრინციპით ურთიერთობის ახალი ეტაპი წამოიწყო იუგოსლავიასთან, ბულგარეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან, ავსტრიასა და დიდ ბრიტანეთთან. თუმცა, ყველაზე ღრმა მოლაპარაკებები აშშ-სთან გამართა. 1923 წელს გაფორმდა თურქეთ-ამერიკის ხელშეკრულება, თუმცა მას რატიფიცირება ოპოზიციური ძალების ზეწოლით 1927 წლამდე არ გაუვლია. ამის შემდგომ ორ მხარეს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სრულად აღდგა.

            30-იან წლებში თურქეთის საგარეო პოლიტიკა აქტიურ ფაზაში გადადის. იგი 1932 წელს ხდება ერთა ლიგის წევრი, ხოლო 1934 წელს აფორმებს ბალკანეთის პაქტს, ნახევარ-კუნძულზე ძალთა ბალანსის შესაქმნელად. იგი ცდილობდა ყველა სახელმწიფოსთან ჰქონოდა თბილი და მეგობრული ურთიერთობა. მალევე მოეწერა ხელი პაქტებს ნეიტრალიტეტის შესახებ საბერძნეთსა და იტალიასთან. ამ უკანასკნელთან მშვიდობა აუცილებელი იყო იმდენად, რამდენადაც იტალია ერთ-ერთ მსხვილ საოკუპაციო ძალას წარმოადგენდა კაპიტულაციამდე და მისი ხელახალი აგრესია თურქეთს არავითარ შეთხვევაში არ აწყობდა.

            1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში თურქეთმა გამართა კონფერენცია შავი ზღვის სრუტეებთან დაკავშირებით. ხანგრძლივი დებატის შემდეგ, გაფორმდა მონტრეს კონვენცია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დემილიტარიაზაციის თაობაზე:

  • გაუქმდა სრუტეებზე საზედამხედველო კომისია და მათზე აღდგა თურქეთის სრული იურისდიქცია;
  • ყველა ქვეყნის სავაჭრო გემმა მიიღო სრუტეებზე მშვიდობიანი გავლის უფლება;
  • არაშავიზღვისპირა ქვეყნებისთვის სამხედრო გემების გასვლა სრუტეებზე შეზღუდული იყო ტონაჟის მიხედვით:
    • მაქსიმუმი - 15 ათასი ტონა / 9 გემი;

·         შავ ზღვაში უცხო ქვეყნის გემების დასაშვები ნორმა იყო ჯამში 30 ათასი ტონა და დროის ხანგრძლივობა - 21 დღე;

·         ომიანობის დროს, თუკი თურქეთი არ იღებდა მონაწილეობას კონფლიქტში, უცხო ქვეყნების სამხედრო გემებს სრუტეებით სარგებლობა ეკრძალებოდათ.

ამ პერიოდსვე უკავშირდება საუკუნოვანი მოსისხლე მტრების შერიგებაც. ჯერ კდიევ 1926 წელს გაფორმდა ხელშუკრულება ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ირანთან, რომელმაც რამდენიმე ესკალაციის შემდეგ 1932 წელს სრული დარეგულირება განიცადა და ორ მხარეს შორის ურთიერთობების დათბობამ მიგვიყვანა 1934 წელს ირანის შაჰის - რეზა ფეჰლევის ვიზიტამდე თურქეთში. 1937 წელს კი თეირანში, საადაბადის სასახლეში დაიდო პაქტი თურქეთს, ირანს, ავღანეთსა და ერაყს შორის, რომელიც ითვალისწინებდა საზღვრების ხელშეუხებლობას, აგრესიაზე უარის თქმასა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობას.

ქემალისტური ხელისუფლების ბოლო აკორდი იყო ჰათაის რეგიონის კონფლიქტის მოგვარება, რომელიც ვერ მოხერხდებოდა ბრიტანეთის მედიატორობით საფრანგეთთან ურთიერთობების დათბობის გარეშე. მუსტაფა ქემალი ჰათაის რეგიონის დაბრუნებას მძიმე დაავადების გამო ვეღარ მოესწრო, თუმცა რეალურად, იგი წარმოადგენდა მის ბოლო საჩუქარს საკუთარი ქვეყნისადმი. ათათურქი 1938 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა და მისი თანამდებობა აქტიურმა ქემალისტმა - ისმეთ ინონუმ გადაიბარა.