ტომას ვულფის 'შორიდან და...ახლოს'
06/14/2018 16:31:44
   Author : ლიკა ჩიხლაძე.

ტომას ვულფი (დაბ. 1931) – თანამედროვე პოპულარული ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი. მის სახელს უკავშირდება ამერიკულ ჟურნალისტიკაში მიმდინარეობა ახალი ჟურნალიზმი.

დაიბადა ვირჯინიის შტატში. დაამთავრა ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტი, სადოქტორო ხარისხი კი იელის უნივერსიეტში დაიცვა ამერიკანისტიკის სპეციალობით. მუშაობა აშშ-ის წამყვანი გაზეთების რეპორტიორობით დაიწყო. მალე ამავე გაზეთებსა („სპრინგფილდ იუნიონი“, ვაშინგტონ-პოსტი“, ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნი“...) და ჟურნალებში („ნიუ-იორკ მეგეზინი“, „ესქუაირი“...) ჩნდება მისი პუბლიცისტური, მწვავე სტატიები, ასევე დოკუმენტური პროზის ნიმუშები. მოგვიანებით ჟურნალისტი აქვეყნებს რეალისტური, დრამატული სცენებითა და მოვლენებით აღსავსე პროზაულ ნაწარმოებებს, რომლებიც არანაკლებ პოპულარული ხდება..   

ტომას ვულფმა სხვადასხვა დროს მოიპოვა ეროვნული ჰუმანიტარული მედალი, წიგნების ეროვნული პრემია, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია და სხვ.

 

 

 შორიდან და... ახლოს

თარგმანი შესრულებულია ანა შაშვიაშვილსა და ლანა ბერიძესთან  ერთად 

რკინიგზის მახლობლად, ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ასევე პატარა, კოხტა სახლი იდგა. სახლი სულ თეთრი კედლებითა და მწვანე დარაბებით შეემკოთ. სახლის ერთ მხარეს თვალს შეავლებდით მოვლილ ბაღჩას, რომელსაც ვაზის ხეივანი დასდგომოდა დარაჯად და აგვისტოს ბოლოს ბაღჩეულის არომატს მწიფე ყურძნის სურნელით ავსებდა. სახლს სამი ცადაზიდული მუხა შემოსჯარვოდა, რომელთა უზარმაზარი ჩრდილი ზაფხულობით აქაურობას ნამდვილ სამოთხეს ამსგავსებდა. არც სახლის მეორე მხარე დავიწყებოდათათასნაირი ჭრელ-ჭრელ ყვავილები ერთმანეთს  სილამაზეში ეჯიბრებოდნენ. ირგვლივ ყველაფერი სისუფთავის, მყუდროებისა და  ყვავილთა სასიამოვნო არომატით გაჟღენთილიყო.

ყოველდღე, შუადღე რომ მოატანდა, 15:00 საათიდან  რამდენიმე წუთში, ერთი პატარა ქალაქიდან მეორეში მიმავალი ჩქარი მატარებელი ამ კოხტა სახლის წინ გაიქროლებდა. თან ხუმრობა ხომ არ იყო, ეს დიდებული მატარებელი ქალაქთან მიახლოებამდე სულის მოსათქმელად სწორედ აქ შეანელებდა სვლას... მერე კი სიჩქარეს თანაბრად უმატებდა  სრული სვლისთვის, რის საშუალებასაც ძრავის საუცხოო სისწრაფე იძლეოდა. თითქოს განზრახ, შეუფერხებლად, ძრავის ძლიერი რხევით სწრაფად გაიქროლებდა ელმავალი, რახრახით მიჰყვებოდნენ ვაგონები და შორეულ სივრცეში ჩაიკარგებოდნენ დაპრესილი მძიმე ფოლადის ჩუმი და გამუდმებული დუდუნის თანხლებით, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ერთ მომენტში ძრავის ძლიერი ღრიალი იფეთქებდა და მინდორზე ბოლქვებად გაწოლილი კვამლიც ღრუბლებისკენ მიიწევდა ხოლმე. მალე  ხმაურიც მიწყნარდებოდა და  შუადღის მთვლემარე სიმშვიდეს აღარაფერი არღვევდა...

ყოველდღე, უკვე ოც წელიწადზე მეტია, მატარებელი ამ სახლს რომ მოუახლოვდებოდა, მემანქანე სასტვენს ჩაჰბერავდა. ყოველ ჯერზე, როგორც კი ქალი ამ ხმას გაიგონებდა, უმალვე პატარა სახლის უკანა ვერანდაზე ჩნდებოდა და მემანქანეს ხელს უქნევდა. თავდაპირველად თავისი ნამცეცა გოგონა კაბაზე ჩაბღაუჭებული მოჰყვებოდა, ახლა კი უკვე ქალიშვილი, ისიც, დედის მსგავსად, ყოველდღე აივანზე ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა უცნობი მემანქანისთვის ხელის დასაქნევად. ატარებლის ქროლვაში მემანქანე მოხუცდა და გაჭაღარავდა. ეს, მისთვის ასე დიდებული მატარებელი, უამრავი დიდ-პატარა მგზავრით დატვირთული,  უკვე ათიათასჯერ გააქროლ-გამოაქროლ... მისი შვილებიც გაიზარდნენ, დაოჯახდნენ... ამასობაში მემანქანე ოთხჯერ შეესწრო შემზარავ ტრაგედია.

ეს იყო მატარებლისკენ შორიდან გადმოტყორცნილი ზარბაზნის ჭურვები,  ნელ-ნელა რომ აბნელებდა არემარეს... 

ეს იყო ავზარდაცემული ბავშვებით სავსე რელსებიდან გადავარდნილი ღია ვაგონი...

ეს იყო წამები, როცა რელსები მოულოდნელად გადაიკეტა და შიშისგან პარალიზებული და გაშეშებული მგზავრები სიკვდილს თვალებში ჩასცქეროდნენ...

ეს იყო  ლიანდაგზე მიმავალი უსახლკარო ხეიბარი მამაკაცი. იმდენად სმენაწართმეული და მოხუცი, რომ  სასტვენის გამაფრთხილებელმა კივილმაც ვერ შეაკრთო. როგორ ახსოვს გაქანებული მატარებლიდან დანახული სილუეტი მატარებლისვე წინ მშვიდად მიმავალი მოხუცი კაცისა, ეს სიმშვიდე რომ სასოწარკვეთამ შთანთქა მემანქანის თვალწინ.

და ეს ყველაფერი უკვე ენახა და განეცადა. მეტიც, მისთვის საკმაოდ ნაცნობი გამხდარიყო...

გამოსცადა  მწუხარება, სიხარული, საფრთხე და გამუდმებული შრომის სიმძიმე. ყველასგან დაუფასებელი სირთულეებთან ბრძოლამ გამოაწრთო, რასაც მისი სამსახურისადმი ერთგულებაც მოითხოვდა. ახლა კი გამობრძმედილი, სიმამაცითა და თავმდაბლობით აღვსილი, რასაც ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამდა, უკვე მოხუცებულიყო. თითქოს კაცობრიობის სიდიადესა და სიბრძნეს მის არსებაში მოეყარა თავი .

მაგრამ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა აღარც  საფრთხესა და აღარც ტრაგედიას... მხოლოდ ერთი რამ დარჩენილიყო საოცნებოდ: ხილვა იმ პატარა, კოხტა სახლისა... აივანზე გამოსული მშვენიერი ქალის  სხეულის სინატიფის შორეული შეგრძნება, მაღლა აწეული ხელის ენერგიული მოძრაობა, თითქოს თავისკენ რომ უხმობდა უცნობ მამაკაცს. ამას პატარა გოგონაც ემატებოდა, გახარებული რომ ხტოდა ერთ ადგილას მატარებლის დანახვაზე და ხალისიანად უქნევდა ორივე ხელს ღიმილადქცეულ მემანქანეს. ყოველივე მკვეთრად აღბეჭდილიყო მემანქანის გონებაში, როგორც წარმოუდგენლად მომხიბვლელი და წარუშლელი. მემანქანისთვის ეს იდუმალი ხილვა მუდამ უცვლელი რჩებოდა მარცხის, მწუხარებისა თუ შეცდომების მიუხედავად.

პატარა სახლისა და საოცნებო ქალების ხილვა ისეთ უჩვეულო ბედნიერებას ანიჭებდა მემანქანეს, როგორიც სხვაგან არსად განეცადა. იგი მათ ხედავდა სხვადასხვა  ამინდში... ხედავდა ყავისფერ, ნაცრისფერ, თოვლიან, მოყინულ მიწას მათ ფეხქვეშ ზამთრის სუსხში, ისევე როგორც მწვანე, ხასხასა ბალახს მომაჯადოებელ აპრილში.

მემანქანეს ამ მშვენიერი დედა-შვილისა და პატარა სახლისადმი ისეთი სათუთი გრძნობა ეუფლებოდა, როგორიც საყვარელი, ახლობელი ადამიანებისადმი შეიძლება იგრძნოს კაცმა.  დედა-შვილის ცხოვრების ანარეკლი ისე მკვეთრად აღბეჭდილიყო მის გულში, თითქოს მათი ცხოვრების ყოველი წუთი ზედმიწევნით იცოდა და იცნობდა მათ ყოველდღიურობას. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ერთ დღესაც, პენსიაზე გასვლის შემდეგ, წავიდოდა მათ მოსაძებნად, მათთან  სასაუბროდ, რადგან ამ ორი ქალის ცხოვრება მის სიცოცხლეზე ასე ძლიერ გადაჯაჭვულიიყო.

ეს დღეც დადგა. როგორც იქნა, მემანქანემ სწორედ იმ სადგურის ბაქანზე გადმოაბიჯა, სადაც ქალები ცხოვრობდნენ. რელსებზე გატარებული წლები უკვე წარსულს ჩაბარდა. პენსიონერი გახლდათ, რომელსაც საქმე ბევრი აღარაფერი ჰქონდა. მემანქანემ სადგური მშვიდად გაიარა და ქალაქის ქუჩებში შეაბიჯა. ყველაფერი ისეთი უცნაურად მოეჩვენა, თითქოს ეს ქალაქი აქამდე არც კი ენახა. განცვიფრებისა და დაბნეულობის შეგრძნება თანდათან უმძაფრდებოდა. შეიძლებოდა კი ეს ის ქალაქი ყოფილიყო, რომლისთვისაც ათიათასჯერ ჩაევლო?! იყო თუ არა ეს ის სახლები, რომლებიც მისი კაბინის მაღალი ფანჯრიდან ასე ხშირად ენახა? ყველაფერი ისეთი უცხო იყო მისთვის, ისეთი შემაწუხებელი, როგორც ცუდ სიზმარში ნანახ  ქალაქშისულის აფორიაქება კი გზის გაგრძელებასთან ერთად მატულობდა.

ქალაქის საგუშაგოებზე სახლები შეთხელებულიყო. ის ქუჩა კი, რომელზეც ქალები ცხოვრობდნენ, მთავარ გზად ქცეულიყ. კაცი სიცხესა და მტვერში ნელ-ნელა მიუყვებოდა გზას. საბოლოოდ იმ სახლის წინ აღმოჩნდა, რომელსაც ასე გამალებით ეძებდა და რომლის დანახვისთანავეც მიხვდა, რომ ზუსტად ნანატრ ადგილს მიაკვლია.  თვალი შეავლო სახლის წინ მედიდურად აღმართულ მუხებ, ათასფრად გადაპენტილ ყვავილების ბაღ, ყურძნით შეხუნძლულ ხეივანს და ოდნავ მოშორებით... რკინიგზის მოელვარე რელსებს.

დიახ, ეს ის სახლი იყო, რომელსაც ასე ეძებდა. ის ადგილი, რომლისთვისაც ასე ბევრჯერ აღტაცებით ჩაექროლა. მაგრამ ახლა, როცა უკვე იპოვა, ახლა, როცა ის უკვე აქ იყო, რატომ ყოყმანობდა კარიბჭესთან?! ქალაქი, მისი გზა, მიწა, ასე ახლობელი სახლის შესასვლელიც , რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, ახლა უცხო ეჩვენებოდა. რატომ იწვევდა ეს ყველაფერი დაბნეულობას, ეჭვსა და უიმედობას? საბოლოოდ, მაინც შეაბიჯა მემანქანემ კარიბჭეში. ბილიკი ნელა აიარა, სამიოდე მოკლე ნაბიჯიც კი არ დასჭირდა, რომ აივანს მისდგომოდა და კარზე დაკაკუნა. იმ წამს დერეფნიდან ნაბიჯის ხმა შემოესმა, კარი უკვე ღია იყო, ქალი მის წინ იდგა.

წუხილმა შეიპყრო, თავბრუც დაეხვა და წამით აქ მოსვლა ინანა. მაშინვე მიხვდა, რომ ქალი, რომელიც მის წინ იდგა, უნდობლად უცქერდა. ეს სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც ათასჯერ დაუქნევია მისთვის სიყვარულით ხელი. მაგრამ ახლა მისი სახე ჩამომჭნარი, გაცრეცილი და უკმაყოფილო ჩანდა; სიყვითლ გადაჰკრავდა სახეზე და წვრილი თვალები მორცხვად და ეჭვიანად უმზერდა. თავისუფლება, სითბო და სიყვარული, რომელიც ოდესღაც მის ჟესტებში ამოეკითხა მემანქანეს, სადღაც გამქრალიყო და ხმაშიც უნდობლობა გარეოდა.

ახლა უკვე ამ ნაოცნებარ სახლში მისვლის საბაბის ახსნისას, ქალის ხმაც უცხოდ და საზარლად ჟღერდა მემანქანსთვის. ცდილობდა განემარტა სტუმრობის მიზეზი და ისიც, თუ ვინ იყო.... შიშს, მწუხარებასა და დაბნეულობას უდრეკად, უდიდესი ჟინით ებრძოდა. ებრძოდა იმ რწმენის ნაკლებობასაც, რომელიც უეცრად ჩასახლებოდა სულში. თავდაპირველი მხიარულება იძირებოდა, იმედის ნაპერწკალი და სინაზე კი უკვე სამარცხვინოდ ეჩვენებოდა.

ბოლოს, ქალმა უხალისოდ შეიპატიჟა შინ და ქალიშვილს უხმო მკაცრი , მჭახე ხმით. მემანქანე ერთხანს დაძაბული იჯდა უგემოვნოდ მოწყობილ  მომცრო სასტუმრო ოთახში და საუბრის წამოწყებას ცდილობდა, ქალები კი არაფრისმთქმელი, მტრული განწყობითა და  პირქუში, ნერვიული თავდაჭერილობით შესცქეროდნენ მოულოდნელ სტუმარ.

საბოლოოდ, მემანქანე ენის ბორძიკით გამოემშვიდობა ქალებს და წამოვიდა . ბილიკი უხალისოდ ჩამოიარა, შემდეგ ქალაქისკენ გაუყვა გზას და უეცრად მთელი სიმძაფრით შეიგრძნო, რომ უკვე მოხუცებულიყო. რომ გული, რომელიც ოდესღაც სიმამაცესა და თავდაჯერებულობას ვერ იტევდა ასე  საოცნებო პატარა სახლისა და მისი მომლოდინე და ასევე საოცნებოდ ქცეული უმშვენიერესი დედა-შვილის დანახვისას, ახლა ამ უცხო, ცივი და მოულოდნელი სურათის შემყურე, ეჭვებმა და შიშმა მოიცვა . აქამდე ეს მიწა, რომელიც არასოდეს ეხილა, ახლობელი და სანატრელი ეჩვენებოდა ახლა კი... და მემანქანე მიხვდა, რომ ნათელი და მაგიური ხედი მატარებლიდან მის მიერ გამოგონილი, საოცნებო, იმედითა და სიყვარულით აღსავსე მოლოდინით აღარასოდეს დაბრუნდებოდა





კომენტარები

1
  ხატია
ძააალიან მაგარი გოგოების თარგმანი! ❤❤❤

2
  ნიკა
ძალიან კარგი თარგმანია , ყოჩაღ! ❤️❤️

Comment