2019 წლის ნოემბრის ბაშოს ბანძუკე
11/07/2019 23:37:39
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

10 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში სტარტს იღებს 2019 წლის დასკვნითი ბაშო, რომლის ბანძუკეც, ანუ რეიტინგი ოქტომბრის ბოლოს გახდა სუმოს მოყვარულთათვის ცნობილი. 

იოკოძუნების განლაგება სექტემბრის ბაშოს შემდეგ არ შეცვლილა. ნაგოიას ტრიუმფატორი კაკურიუ ისევ აღმოსავლეთ მხარეს დადგება, ჰაკუჰო კი მისთვის უჩვეულო დასავლეთის იოკოძუნას სახელით გამოვა ტურნირზე. 

დიდი ცვლილებები გვაქვს ოძეკებს შორის. ტოჩინოშინის მიერ გათავისუფლებული ადგილი წინა ბაშოს ვიცეჩემპიონმა ტაკაკეიშომ დაიკავა, რომელიც აღმოსავლეთის მეორე ოძეკის რანგში იბრძოლებს. რანგის შესანარჩუნებლად რვა ბრძოლის მოგება მოუწევს კადობან-ოძეკის სტატუსით მოასპარეზე ტაკაიასუს, რომელმაც წინა ბაშო ტრავმის გამო გამოტოვა. აღმოსავლეთის ოძეკის პოზიციას კი გოეიდო დაიკავებს.

საინტერესო მდგომარეობაა სეკივაკეებს შორის. აღმოსავლეთის სეკივაკეს პოზიციას წინა ტურნირის ტრიუმფატორი მიტაკეუმი იკავებს, რომელიც 12 მოგების შემთხვევაში ოძეკის რანგის მოსაპოვებელ არაოფიციალურ მინიმუმ 33 მოგებას დააგროვებს ბოლო სამ ბაშოზე და დიდი ალბათობით დაწინაურდება კიდეც. ოძეკის რანგის დაბრუნების შანსი აქვს ტოჩინოშინსაც, რომელიც ბოლო ორ ბაშოზე ნაჩვენები უარყოფითი ბალანსის გამო დასავლეთის სეკივაკეს პოზიციას იკავებს. ოძეკის წოდების დასაბრუნებლად მას მოგებათა ორნიშნა ბალანსის დაფიქსირება მოუწევს.

სუმომანებს ყველაზე დიდი სიურპრიზი კომოსუბების გრაფის დათვალიერებისას ელოდება. 2019 წლის კიუშო ბაშოზე ორის ნაცვლად ოთხი კომოსუბი გამოვა. წინა ბაშოზე დადებითი ბალანსით მოასპარეზე აბის და ენდოს ჰოკუტოფუჯი და ასანოიამა შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მსგავსი შემთხვევა 13 წლის დაფიქსირდა 2006 წლის კიუშუ ბაშოზე, სადაც კომოსუბის რანგში კისენოსატო, კოკაი, ამინიშიკი და როჰო იღწვოდნენ.

რაც შეეხება მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტებს, ასეთი ამჯერად მხოლოდ ერთი რიკიში გვყავს ვაკატაკაკაგეს სახით, რომელიც შეეცდება მოწინააღმდეგეებსაც ისეთივე პრობლემები შეუქმნას, როგორიც კომენტატორებს.