ისტორიის გაკვეთილები: 30-წლიანი ომი & raison d'etat
11/29/2022 14:41:28
   ავტორი : ლუკა კანდელაკი.

           თუკი თვალს გადავავლებთ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ მოწყობას, მარტივად შევამჩნევთ ისეთ სახასიათო ელემენტებს როგორიცაა ბიპოლარიზმი და სეკულარიზმი. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, როდესაც კაცობრიობა ბირთვული დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე არაერთხელ დამდგარა, უსაფრთხოების ბუნებრივ მექანიზმად იქცა ორი პოლუსის მიერ ერთმანეთის შეკავება და ძალთა დაბალანსება. ამავდროულად, თანამედროვე პოლიტიკური ატმოსფერო ნათლად გვიჩვენებს ადამიანებთა პრაგმატულ მიდგომებსა და მათ წარმატებას, რომელიც ეფუძნება არა რწმენასა და რელიგიურ მისწრაფებებს, არამედ რაციონალურ აზროვნებასა და სახელმწიფო ინტერესების დაცვას.

            რეალურად, ეს გარემოებები კაცობრიობის ისტორიაში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გამოიკვეთა, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა უნივერსალიზმის პრინციპი და რელიგიური დაპირისპირებების მართებულობა. ბნელი შუასაუკუნეებისა და ეკლესიის შეუზღუდავი მმართველობის მძიმე გამოცდილების შემდეგ ევროპის კონტინენტს რენესანსისა და რეფორმაციის ტალღამ გადაუარა, რითაც, პრაქტიკულად, დასრულდა კათოლიკური ეკლესიის კომფორტის ფაზა; მოსახლეობაში აზრები გაიმიჯნა ღმერთის ამქვეყნიური წარმომადგენლის ლეგიტიმურობისადმი მისი არასწორი ნაბიჯებიდან გამომდინარე. ერთი მხრივ, ევროპის პროტესტანტული სეგმენტის მიმართ არსებულმა სტიგმამ, ხოლო მეორე მხრივ, მათი პრობლემის რაციონალური გზებით გადაჭრის აუცილებლობამ საქმე აუგსბურგის ზავამდე და ნანტის ედიქტამდე მიიყვანა, რომლებმაც თითქოს კარი გაუხსნეს ტოლერანტობითა და, გარკვეულწილად, სეკულარიზმით განმსჭვალულ მსოფლიო წესრიგს, თუმცა, რელიგიურ შემწყნარებლობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი.

            ამ პერიოდის ყველაზე სისხლისმღვრელ მონაკვეთად მიჩნეულია ოცდაათწლიანი ომი, რომელმაც, მიუხედავად, მილიონობით ადამიანური რესურსის დანაკარგისა, სათავე დაუდო ახალ მსოფლიო წესრიგს - კონტინენტის დომინანტი ძალების გამოკვეთით, მონარქიული სისტემების გაძლიერებითა და ეკვილიბრიუმის(წონასწორობის) პრინციპის დამკვიდრებით.

            ოცდაათწლიანი ომის მთავარ განმაპირობებელ მიზეზს მასში მონაწილე სახელმწიფოთა ინტერესების კვეთა და მათი შიდა დაპირისპირებები წარმოადგენდა. ვინაიდან, საღვთო რომის იმპერატორი რომის პაპთან ერთად უარს ვერ აცხადებდა უნივერსალიზმის პრინციპზე, სხვა მიმდინარეობის მრევლისთვის შეუძლებელი გახდა კათოლიკურ უმრავლესობასთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამავდროულად, რელიგიური სიჭრელე არ იძლეოდა საშუალებას რეგიონში ბიპოლარიზმის ელემენტი გაჩენილიყო და მოსახლეობა ორ ბანაკად გადანაწილებულიყო, რის აღმოფხვრასაც შეეცადა ვესტფალიის სისტემა პროტესტანტების - ჩრდილოეთით, ხოლო კათოლიკეების - ევროპის სამხრეთ ნაწილში კონცენტრირებით.

            ომის დროინდელი მოცემულობის განხილვა უპირველესად უნდა დავიწყოთ საღვთო რომის იმპერიითა და მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობით. ამ უზარმაზარი ერთეულის უმთავრეს ამბიციას ერთიანი მულტინაციონალური კონგლომერატის შექმნა წარმოადგენდა. ძალაუფლების განუხრელი ცენტრალიზების ფუნდამენტზე აგებული ეს გაერთიანება სწორედ მთავარი პრინციპის დაცვასა და აღსრულებაში ამჟღავნებდა სისუსტეებს. ძალაუფლების ცენტრალიზებას ხელს უშლიდა მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა მოსახლეობის რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნება; უთანხმოებები რომის პაპთან, რომელიც მისი ძალაუფლების ერთ-ერთი უმთავრეს ლეგიტიმატორს წარმოადგენდა; ფეოდალური წყობისთვის თანმდევი ფაქტორები, როგორიცაა სამეფოების, საჰერცოგოებისა და სამთავროების ამბიცია დამოუკიდებლობისაკენ.

            მიუხედავად ზემოჩამოთვლილისა, საღვთო რომის იმპერიის მმართველი, ჰაბსბურგთა დინასტია აგრძელებდა უნივერსალური საღვთო წესრიგისკენ სწრაფვას. იგი კარგად ნაცადი ხერხებით ინარჩუნებდა კონტროლს და აფართოებდა გავლენის სფეროებს. ამის მაგალითია სამეფო ქორწინებები, რომლის საშუალებითაც იმპერიის ხელში გადავიდა არაერთი სახელმწიფო, მათ შორის, ესპანეთი და მისი უხვი მატერიალური რესურსი.

            ფერდინანდ მე-2, რომელიც კონფლიქტის გამწვავების მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა, იეზუიტთა ორდენის ჩინებული მოსწავლე და უნივერსალიზმის ქომაგი გახლდათ. ბოჰემიის მეფის მიერ საღვთო რომის იმპერიის ტახტის დაკავებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბიძგი მისცა აჯანყებებს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. ფერდინანდი ძალიან სუსტი დიპლომატიით გამოირჩეოდა, რაც უმეტესად შიდა დაპირისპირებებში მჟღვნდებოდა. მაგალითისთვის, ფრანკფურტში დაგეგმილ კორონაციაზე მიმავალმა ბოჰემიურ ბუნტზე უბრალოდ თვალი დახუჭა და ღონისძიებაზე შემოვლითი გზით ჩავიდა; ასევე რთული ურთიერთობა ჰქონდა მის გენერალთან და კონფლიქტის მნიშვნელოვან ფიგურასთან, ალბრეხტ ფონ ვალენშტაინთან.

ოცდაათწლიანი ომის ათვლის წერტილად ითვლება ე.წ. პრაღის დეფენეტრაცია 1618 წელს, როდესაც ახლად გამეფებული კათოლიკე მმართველის მოხელეები უკმაყოფილო პროტესტანტებმა უკვე ნაცადი მეთოდით გადაყარეს პრაღის სასახლის ფანჯრებიდან. რეზისტენციას სწრაფად შეუერთდნენ კონტინენტის ყველა რეგიონიდან. ესკალაციამ კონფლიქტში ჩაითრია მორავია, შვედეთი, უნგრეთი, დანია და მოგვიანებით, საფრანგეთი და სხვ.

დაპირისპირება ცვალებადი უპირატესობებით მიმდინარეობდა. ცხელი კონფლიქტის პირველი ეტაპი, რომელიც ბოჰემიის ამბოხით იწყება, 1620 წლამდე გაგრძელდა. იგი სრულად იყო განპირობებული რელიგიური ფაქტორითა და ირაციონალური ნაბიჯებით. ბოჰემიელი პროტესტანტები, რომლებმაც გარკვეული პერიოდით ამოისუნთქეს ტოლერანტული დღის წესრიგიდან გამომდინარე, სიმშვიდე კათოლიკე ძალაუფალის ახირებამ დაუკარგათ, როდესაც ფერდინანდმა მისი წინამორბედის მიერ პროტესტანტებისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტია უკან წაიღო. ომში ახლადჩაბმულმა კონფედერაციამ მარტივად ჩაახშო ომის პირველი ტალღა საკუთარი უპირობო გამარჯვებით თეთრი მთის ბრძოლაში 1620 წელს. აღსანიშნავია, რომ პირველ ფაზაში აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის იმპერია, რომელიც ეხმარებოდა პროტესტანტულ ბანაკს ტრანსილვანიაში ჰაფსბურგთა შესასუსტებლად. ამით შეგვიძლია ოსმალეთი ანტიჰაფსბურგული კოალიციის წევრად მივიჩნიოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე.

მეორე ფაზაში საფრთხე იმპერიის ჩრდილოეთით გაჩნდა, როდესაც დანიის მეფე კრისტიან მე4 შეიჭრა იმპერიაში პროტესტანტი პრინცების დასახმარებლად. მისმა მცდელობამ დიდი კრახი განიცადა ორი მიზეზით: მოკავშირეებისგან(პრინცებისგან) არასაკმარისი მხარდაჭერა და იმპერიის ძალების არასწორი შეფასება. დანიის მეფე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში და ბალტიის ზღვაზე პირველობის სტატუსიც მოწინააღმდეგისთვის გადაებარებინა. მართალია, მეორე ფაზით გამარჯვებული კვლავ უნივერსალიზმის ბანაკი დარჩა, თუმცა აღსანიშნავი მოვლენაა დანიის სამეფოს ინტერვენციაში ინგლისელების დახმარება, რომლებმაც ათასობით ჯარისკაცის კონტრიბუცია გაწიეს დანიურ ოპერაციაში.

მესამე და მეოთხე ფაზა პირველი ორისგან კონცეპტუალურად განსხვავდება. თუკი ბოჰემიური და დანიური კონფლიქტი იმპერიის საზღვრებს შიგნით მძვინვარებდა, ომის მეორე ნახევარი მთლიანად აეწყო ევროპის მსხვილი ერთეულების საგარეო პოლიტიკაზე. მესამე ფაზის მთავარ სუბიექტს წარმოადგენდა შვედეთის ლუთერანი მეფე გუსტავ ადოლფი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებზე გასავალ მდინარეებზე. პირველი დიდი გამარჯვება იმპერიის წინააღმდეგ სწორედ მან მოიპოვა ბრაიტენფილდის ბრძოლაში 1631 წელს, თუმცა იგი ერთ წელიწადში გარდაიცვალა და ასპარეზი ახლა უკვე საფრანგეთს დაეთმო, რომელიც მანამდე შვედეთის მთავარ სპონსორს წარმოადგენდა.

ომის ბოლო აკორდის აღება კი საფრანგეთს, კერძოდ კი მის პრემიერ მინისტრს, კარდინალ რიშელიეს მიეწერება, რომელმაც იმპერიისა და, მიუხედავად კათოლიკობისა, რომის პაპის გავლენის შესუსტებიდან გამომდინარე მარტივად მოახერხა პოზიციების გამყარება. მესამე ფაზის შემდეგ შვედეთთან როლის გაცვლამ და პროტესტანტულ ბანაკთან შეკვრამ საფრანგეთის სასიკეთოდ მალე გადახარა სასწორი. შესაძლოა ეს უკანასკნელი მარტივად ჟღერს თანამედროვე ეპოქაში, თუმცა იმ პერიოდისთვის იგი განსაკუთრებულ სიფრთხილეს, მზადყოფნასა და რისკს საჭიროებდა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რიშელიე არა მხოლოდ პრემიერ მინისტრი, არამედ სასულიერო პირიც იყო. რაც მისი დამსახურებების ფონზე ოცდაათწლიანი ომის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს.

დაბადებით, არმან ჟან დიუ პლესმა თავის მთავარ ამოცანად წარმატებით მიმდინარე კონტრრეფორმაციის შეჩერება განიზრახა. მან უპირველესად იზრუნა ჰაფსბურგთა გავლენის შემცირებაზე უშუალოდ საფრანგეთის სამეფო კარზე, რაც ძალიან დიდ წინდახედულობასა და დიპლომატიას საჭიროებდა. ლუი მე13, რომელსაც, პრაქტიკულად, წართმეული ჰქონდა პოლიტიკური ნება, იყო ანა ავსტრიელის მეუღლე და მარიამ მედიჩის შვილი. იგი გარშემორტყმული იყო პროჰაფსბურგული წრით, რომელიც დღითიდღე უქადდა საფრანგეთს უნივერსალისტურ ეკლესიასთან დაქვემდებარებას. კარდინალმა დედა დედოფლის, მარიამ მედიჩის დახმარებით ააღწია საკმაოდ მაღალ ეშელონამდე და მალე მონარქის სრული ნდობა მოიპოვა. იგი ზედმიწევნით ზუსტად აფასებდა იმ საფრთხეს, რაც პროჰაფსბურგულ კურსს შეიძლებოდა მოყოლოდა - ტერიტორიების დაკარგვიდან დაწყებული, საფრანგეთის სუვერეიტეტის გაუქმებით დამთავრებული. ამიტომ, მონარქის ნდობა მთლიანად მოახმარა სახელმწიფო ინტერესების დაცვას, რომელიც, მისი მტრის, ფერდინანდის, წარმოდგენებისგან განსხვავებით, არ უნდა გადიოდეს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიაზე.

ეს პრინციპი თანამედროვე სახელმწიფო სისტემისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი გახდა რომელიც „რეზონ დ’ეტა“(raison d’etat)ს სახელით გახდა ცნობილი. სწორად რიშელიეს მიეწერება სახელმწიფოს ფუნქციონირების მექანიზმიდან საყოველთაო მორალური კოდექსის ამოღება. კარდინალი რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში თავის მიდგომებს ასე ამართლებდა:

„სახელმწიფოს მორალი არ გააჩნია, მისი ხსნა ან ახლა შეიძლება, ან არასდროს.“

            მისი სტრატეგიის ნაწილად უპირველესყოვლისა სახელმწიფოს ფარგლებს შიგნით არსებული რელიგიური დაპირისპირების აღმოფხვრა გახდა. ეპისკოპოსობის ჟამს, რიშელიემ თავის ნაშრომებში ცხადყო ტოლერანტობის აუცილებლობა განსხვავებული რელიგიური წარმოდგენის მქონე ადამიანებისადმი. მთავარ ადრესატებ, ცხადია, ჰუგენოტები წარმოადგენდნენ, რომლებთაც რიშელიეს წინააღმდეგ ზურგს ინგლისი უმაგრებდა. ლამანშის სრუტის გადაღმა ჰუგენოტებს ინგლისელთა მეხუთე კოლონად მოიაზრებდნენ და მათი დაფინანსებით აფერხებდნენ საფრანგეთის გაძლიერებას. პროტესტანტული რეზისტენციის დაფინანსებით ინგლისი, პრაქტიკულად, ცივ ომს აწარმოებდა ბურბონების წინააღმდეგ. თუმცა, თავის მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწია. ლაროშელის ციხესიმაგრის აღებით რიშელიემ ჰუგენოტების ბოლო დასაყრდენი მოსპო, რითაც საშუალება მიეცა თავისი ძალისხმევა საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ სრულად მიემართა. იგი თავდაპირველად კულისებიდან ეხმარებოდა დიდი პოტენციალის მქონე შვედურ კონტიგენტს, სანამ 1625 წელს აქტიურ ფაზაში გადავიდოდა.

            ომის მძიმე დარტყმებით განადგურებული გერმანია, საფრანგეთს უპირატესობას აძლევდა იმპერიულ ძალებთან. საფრანგეთის მთავარ გამოწვევას ესპანეთის ფრონტი წარმოადგენდა. რეკრუასა და ლენსის ბრძოლებში გამარჯვებით, საფრანგეთმა ოფიციალურად დაიმკვიდრა თავი კონტინენტის დომინანტ ძალებს შორის. ცხადია, ეს ვერ მოხდებოდა რომ არა რიშელიეს უცვლელი გეზი არა მრწამსისადმი, არამედ სახელმწიფო ინტერესებისადმი მტრულად განწყობილი ჰაფსბურგების წინააღმდეგ.

            რიშელიეს ღვაწლმა გერმანიის გაერთიანება ორი საუკუნით შეაფერხა, რითაც ნიადაგი მოუმზადა ფრანგულ აბსოლუტიზმსა და ბურბონების გავლენიანობას მთელ კონტინენტზე. ამავდროულად, სახელმწიფო მმართველობაში რელიგიური ფაქტორი რაციონალურობისა და პრაგმატიზმის ელემენტთან აპრიორად აქცია, რაც ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად მიიჩნევა.

            ვესტფალიის შეთანხმება, რომლითაც დასრულდა ოცდაათწლიანი ომი, წარმოადგენდა აუგსბურგის ზავის პრინციპების ხელახალ იმპლემენტაციას. საღვთო რომის იმპერია იძულებული იყო დაერთო ნება მასში შემავალი ერთეულებისთვის განესაზღვრათ თავიანთი მრწამსი. დოკუმენტში სრულად აისახა კარდინალის ნამოღვაწარი, რაც გულისხმობდა სხვა ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობას. ამ პრინციპზე აგებულ სახელმწიფო სისტემას ვესტფალიური სუვერენიტეტის სახელს მიაწერენ ხოლმე. ამ ფენომენით წერტილი დაესვა რომის პაპისა და ჰაფსბურგების უნივერსალისტურ ამბიციებს.

            ვესტფალიის სისტემით შექმნილი მსოფლიო წესრიგი ასე გამოიყურებოდა: სახელმწიფოს კეთილდღეობა განისაზღვრებოდა პრაგმატული სახელმწიფო ინტერესების დაცვით, და არა რელიგიური ფანატიზმით განმსჭვალული პოლიტიკით. მთელს კონტინენტზე ძალაუფლების ტოტალიზებას აღარ ცდილობდა რომელიმე ერთი სუბიექტი და გამოიკვეთა რამდენიმე დომინანტი ძალა, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებდნენ. შედარებით მშვიდად თანაცხოვრების საშუალება მიეცა ქრისტიანობის სამ განსხვავებულ მიმდინარეობას - კათოლიციზმს, ლუთერანიზმსა და, შვეიცარიის განთავისუფლების შემდეგ, ახლა უკვე, კალვინიზმს. კონტრრეფორმაციამ მარცხი განიცადა, რითაც საღვთო რომის იმპერიის დეცენტრალიზებისა და დაშლის პროცესი გარდაუვალი გახდა. ბრიტანეთმა თავისი საომარი კონტრიბუციებით შეძლო უზრუნველყო მისი ეკონომიკური და სავაჭრო სიძლიერე როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. საფრანგეთმა კი დიდებულ საუკუნეში შეაბიჯა, რომლის მთავარ სავიზიტო ბარათად აბსოლუტური მონარქია იქცა. მსოფლიოს კულტურულ ცენტრად ქცეული სახელმწიფოს ცენტრში ბურბონები მოხვდნენ თავიანთი მზარდი რეპუტაციით. თუმცა აბსოლუტიზმმა თავისი სისუსტეები ტირანის სახით, მოგვიანებით, მაინც გამოავლინა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მონარქის გვერდით არ აღმოჩნდა ისეთი მრჩეველი, როგორიც კარდინალი რიშელიე იყო.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Henry Kissinger – “Diplomacy”

Fordham University Sourcebooks - Absolutism