1921 წლის 6-9 ივნისს, ჟენევაში, ერთა ლიგის საზოგადოებათა მეხუთე კონგრესი გაიმართა. საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ კონსტანტინე საბახტარაშვილი და სიმონ მდივანი, რომლებმაც კონგრესს წარუდგინეს მოხსენება საქართველოს მდგომარეობის შესახებ. კონგრესმა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დასვა.
საქართველოს შესახებ მომხსენებელი იყო ინგლისის საზოგადოების წარმომადგენელი, ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსი ლედი გლადსტონი, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და შესაბამისი რეზოლუცია კონგრესს წარუდგინა.
საფრანგეთის საზოგადოების წარმომადგენელმა პროფესორმა ილარმა (ისტორიკოსი) განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო, – ეს დემოკრატიულად მოწყობილი ერი, – დაიპყრო და უკავია უცხოელ ჯარს ქართველი ხალხის აშკარა სურვილის წინააღმდეგ.
რუსი საზოგადოების წარმომადგენელმა ბრიანჩანინოვმმა მოითხოვა რეზოლუციის ტექსტში სიტყვები -„უცხოელ ჯარმა დაიპყრო“-ს… მაგიერ შეტანა -„ბოლშევიკებმა დაიპყრო“… ბრიანჩანინოვის აზრი აშკარა იყო, მას სურდა ხაზი გაესვა იმ გარემოებისათვის, რომ საქართველო რუსეთს, ე. ი. უცხოელ ჯარს არ დაუპყრია და ქვეყანაში ერთი ძალა აჯანყების გზით შეცვალა მეორემ.
ეს შესწორება კონგრესმა არ გაითვალისწინა.
1921 წლის 9 ივნისს Journal de Geneve–ში გამოქვეყნდა სტატია, ერთა ლიგის საზოგადოებათა მეხუთე კონგრესის რეზოლუციასთან დაკავშირებით – „BULLETIN. SUR LA BONNE VOIE”.
დღეს და მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში მიღებული გადაწყვეტილებები არ ავალდებულებს არცერთ მთავრობას, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით ხალხთა შერიგებისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ.
იგივე სამართლიანობის სულისკვეთებით შთაგონებულმა, ძალიან დიდ თანაგრძნობასთან ერთად პატარა ერის მიმართ, რომელიც დღეს სასტიკ მოწამებრივ გზას გადის საქართველოში, კონფერენციამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია:
კონგრესი, შეძრწუნებული საქართველოს, ამ დემოკრატიულად მოწყობილი ერის არასახარბიელო მდგომარეობით, რომელშიც უცხოელი ჯარი შეიჭრა და დაიპყრო მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ, და ამით დაკარგა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, გამოხატავს თავის აღშფოთებას და დაჟინებით მოითხოვს, ერთა ლიგის საბჭომ და საერთო ყრილობამ გადადგას ნაბიჯები ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპის გამოყენების უზრუნველსაყოფად საქართველოში.