ლიტერატურათმცოდნისა და პუბლიცისტის, პროფესორ აკაკი თოფურიას (1913-1999) პირადი ფონდი საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში ინახება (№287). საარქივო მასალა არქივს 1990-იან წლებში თავად აკაკი თოფურიამ გადასცა. ფონდი მოიცავს 375 საქმეს და მასში ასახულია აკაკი თოფურიას მოღვაწეობის და პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები. აკაკი თოფურიას შვილის, მერაბ თოფურიას თხოვნით, არქივის ელექტრონული ასლები გადაეცა მის ოჯახს.
ფონდის სრულად დამუშავებამდე, ყურადღება მიიქცია საქმემ №3, რომელშიც, სხვა მასალის გარდა არის ფოტოსურათებიც. 8 ფოტოსურათი, უკანა მხარეს წარწერით გვამცნობს, რომ იგი ასახავს საქართველოს სახალხო პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის IV კურსის სტუდენტების შეხვედრას ქალაქ სტალინირში (ცხინვალი), 1956 წლის 20-21 აპრილს. ფოტოების ავტორია სტუდენტი ა.სუდაძე. ფოტოებზე ასახულია თავად გალაკტიონი, აკაკი თოფურია, სავარაუდოდ უნივერსიტეტის სხვა პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
გალაკტიონის აღნიშნული ფოტოები ფართო საზოგადოებისთვის და ონლაინსივრცეში აქამდე უცნობი იყო. შესაბამისად, ისინი ქვეყნდება პირველად.