ჯონ ჰოულდინგი - ლივერპულის დამაარსებელი
11/09/2019 10:11:27
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

   "საფეხბურთო კლუბ ლივერპულის" დამაარსებელი ჯონ ჰოულდინგი (1833-1902) თვითნასწავლი კომერსანტი იყო. ლივერპულის კოლეჯის დასრულების შემდეგ მან საკუთარი ლუდსახარში ქარხანა გახსნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკმაოდ კომფორტულ შემოსავალს აძლევდა. ის ლივერპულის საბჭოში ევერტონის მხარის წარმომადგენლადაც იყო არჩეული კონსერვატორების სიით, სანამ 1897 წელს ქალაქის მერი გახდებოდა. ის გახლდათ პროტესტანტული საძმო ნარინჯისფერი ორდენის და ქალაქ ლივერპულში მოქმედი რამდენიმე მასონური ლოჟის წევრი. ერთ-ერთ მათგანში ჰოულდინგი დიდი დიაკონის სახელსაც კი ატარებდა.

    ჰოულდინგის დამსახურება დიდია ქალაქის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის, ევერტონისთვის ახალი სათამაშო არენის გამოძებნის საქმეში ენფილდ როუდზე, მას შემდეგ, რაც გუნდს სტენლის პარკის დატოვება მოუხდა.  ის შუამავლის როლს ასრულებდა ენფილდ როუდის დაქირავების თაობაზე  მიწის მფლობელ ლუდის მხარშავ ჯონ ორელსა და "ევერტონის" ხელმძღვანელობას შორის გამართულ მოლაპარაკებებში, სადანაც მას საკმაოდ დიდი  მოგება დარჩა, რომლის დიდი ნაწილიც არენის აქციების შესაძენად გამოიყენა. 1884 წელს ენფილდზე გამართულ პირველ მატჩში ევერტონმა ერლზთაუნი ანგარიშით 5-0 დაამარცხა.

   ენფილზე მალევე დამონტაჟდა ტრიბუნები და მატჩებზე საშუალო დასწრება 8000-ს აღწევდა. "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" კი 1888 წელს დაარსებული ფეხბურთის ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი გახდა. მიუხედავად სპორტული წარმატებისა ჰოულდინგი სულ უფრო ნაკლებად იყო დაინტერესებული კლუბის საქმეებით და მალევე გაზარდა მოედნის გაქირავების საფასური.

   1892 წლის იანვარში "ევერტონის" აქციების 279 მფლობელი ერთმანეთს დახურულ ღონისძიებაზე შეხვდა, სადაც ჰოულდინგი კლუბის ხარჯზე ფულადი მოგების სურვილში დაადანაშაულეს და პროტესტის ნიშნად მის მიერ მოპოვებული ენფილდი დატოვეს და ახალ სათამაშო არენად გუდისონ პარკი აირჩიეს. 

    ჰოულდინგის და ორელის განკარგულებაში ცარიელი საფეხბურთო არენა დარჩა. მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავლად მათ ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსება მიიჩნიეს. ასეც მოიქცნენ და იმავე წელს "ევერტონ ატლეტიკსი" დაარსდა, თუმცა ფეხბურთის ასოციაციამ უარი განახადა ამ სახელით კლუბის დარეგისტრირებაზე, "ევერტონთან" მსგავსების გამო და შედეგად ოფიციალურ საბუთებზე პირველად გაჩნდა "საფეხბურთო კლუბ ლივერპულის სახელი". "ლივერპულმა" პირველი ამხანაგაური მატჩი 1892 წლის პირველ სექტემბერს მიდლენდის ლიგაში "როტერჰემ თაუნის" წინააღმდეგ გამართა. 

ჰოულდინგი 1902 წელს ხანგრძლივი ავამდყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ სიმიეში. უკანასკნელ გზაზე მის კუბოს როგორც ევერტონის ასევე ლივერპულის ფეხბურთელები მიაცილებდნენ, პატივისცემის ნიშნად ქალაქში ფეხბურთის განვითარების საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისადმი.