ჯადოსნური გიტარა
11/06/2019 20:00:17
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

უსამართლობა მხოლოდ მაშინ გვაშფოთებს, როცა ჩვენთვის სარგებლობა არ მოაქვს.
ლიუკ დე ვოვერანგი

 

იყო ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი, სახელად პიტერი. ქუჩის კუთხეში უკრავდა და ასე უყრიდა თავს კონსერვატორიაში სწავლისთვის საჭირო ფულს: როკვარსკვლავობა უნდოდა, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა - ციოდა და ქუჩაში ცოტა ხალხი დადიოდა. ერთ დღეს, როცა „Crossroads-ს“ უკრავდა, მანდოლინიანი მოხუცი მიუახლოვდა. - ადგილს ხომ ვერ დამითმობ? აქ უფრო თბილა. - რა თქმა უნდა, - უპასუხა პიტერმა, რომელსაც ოქროს გული ჰქონდა. - შარფს ხომ ვერ მათხოვებ? ძალიან მცივა. - რა თქმა უნდა, - უპასუხა პიტერმა, რომელსაც ოქროს გული ჰქონდა. - ცოტა ფულს ხომ ვერ მომცემ? დღეს გარეთ კაცის ჭაჭანება არ არის, ორიოდე გროში ძლივს მოვაგროვე, არადა მშია. - რა თქმა უნდა, - უპასუხა პიტერმა, რომელსაც... მხოლოდ ათი მონეტა ეყარა ქუდში და ყველა მოხუცს ჩაუთვალა. და აქ მოხდა სასწაული: მოხუცი ტუშით და პომადით შეღებილ გრძელ ფორთოხლისფერთმიან ახმახად იქცა. ახმახმა თქვა: - მე ლუციფერი ვარ, სპეცეფექტების ოსტატი. რაკი კარგად მომექეცი, ჯადოსნურ გიტარას გაჩუქებ. ყველაფერს თავად დაუკრავს, რასაც შეუკვეთავ. მაგრამ გახსოვდეს, მისი გამოყენება მხოლოდ წმინდა გულის პატრონს შეუძლია. ვაი იმ არამზადას, რომელიც მასზე დაუკრავს - საშინელ დღეში ჩავარდება! თქვა ეს და მოულოდნელად აჟღერებულ მეშვიდე ოქტავის მი-სთან ერთად გაუჩინარდა, მიწაზე კი ნიჟარის მსგავს ბუდეში ჩადებული ოქროსსიმებიანი ისრული გიტარა დატოვა. პიტერმა ხელი დაავლო და უთხრა: - “Hey Joe” დამიკარი. გიტარამაც დაიწყო, თან ისე, რომ ჯიმი ჰენდრიქსსაც შეშურდებოდა და პიტერს ისღა დარჩენოდა, თავი მოეჩვენებინა, თითქოს თვითონ უკრავდა. პიტერს უთვალავი ხალხი მიაწყდა და მის ქუდშიც ფულის წვიმა წამოვიდა. დაკვრა რომ დაასრულა, პიტერს კაიმანის პალტოში გამოწყობილი მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ხმის ჩამწერი სტუდიის მენეჯერი იყო და როკვარსკვლავად აქცევდა. მართლაც, სამი თვის შემდეგ პიტერი ყველა ამერიკული, იტალიური, ფრანგული და მალაგასიური სიის სათავეში მოექცა. მისი ისრული გიტარა ახალგაზრდებისთვის როკმუსიკის სიმბოლოდ იქცა. მისი ტექნიკის ყველა გიტარისტს შურდა. ერთ ღამესაც, ტრიუმფით ჩავლილი კონცერტის შემდეგ, როცა ეგონა, რომ სცენაზე მარტო იყო, პიტერმა გიტარას სთხოვა, მისთვის რამე დამამშვიდებელი დაეკრა. გიტარამ „იავნანას“ დაკვრა დაიწყო. მაგრამ კულისებში საძაგელი ბლექ მარტინი იმალებოდა, რომელსაც ყოველთვის შურდა პიტერის წარმატების. შეიტყო თუ არა გიტარის ჯადოსნური ძალის ამბავი, უკნიდან მიეპარა პიტერს და სამიათასვოლტიანი ელექტროჩანგალი მიადო ზურგზე, გიტარა კი გაიტაცა და წითლად შეღება. მომდევნო საღამოს მუსიკოსები უდროოდ წასული პიტერის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეიკრიბნენ. დაუკრეს პრინსი, პონსი, პარმენტიე, სტინგი, სპრინგსტინი, სტრონჰაიმი. მერე სცენაზე საძაგელი ბლექ მარტინი ავიდა და გიტარას ჩუმად უბრძანა: - „Satisfaction“ დამიკარი! იცით რა მოხდა? გიტარამ „როლინგ სტოუნსზე“ უკეთ დაუკრა. საძაგელი ბლექ მარტინი როკვარსკვლავი გახდა და ოქროსგულიანი პიტერი ყველას დაავიწყდა. ჯადოსნურ გიტარას საწარმოო წუნი აღმოაჩნდა.