კოლექტიური მკვლელობის მოტივი ფოლკლორსა და ლიტერატურაში - ნაწილი I
11/07/2019 15:25:38
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

ფშავში გავრცელებულია თქმულება ჩარგლელ ძმებზე სულასა და კურდღელაზე, რომლებიც გამდიდრდნენ და თემში დაწინაურება მოინდომეს. პასუხად სოფელი გაერთიანდა და ახალი წლის წინა დღეს ურჩი ძმები ღალატით დახოცა.~

გაბუდაყება, - თემისგან გამორჩევა, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება - ისეთი რამაა, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. როგორია თემის პასუხი? ის არღვევს ზნეობრივ კანონს და ამას აკეთებს ერთსულოვნად. პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველაზე ერთად და არავისზე ცალ-ცალკე. მკვლელობა ღვთის ნებითაა გამართლებული. ამგვარი სამართალი უნივერსალურია.

„როგორც სულა და კურდღელა ჩარგალში, ისე არხალში არხალი ყოფილა, არტანში - თაღლაურა... იმ ახალ წელს სამივენი სამგანვე ამოუწყვეტიათ ფშაველებსა...“ - ვკითხულობთ ანდრეზის ტექსტში.

 

კოლექტიურ მკვლელობას როგორც დანაშაულზე პასუხისმგებლობის გაზიარების გზას მრავლად ვხვდებით მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორსა თუ ლიტერატურაში. წინამდებარე რეფერატში შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ცალეკული მაგალითები, დავადგინოთ მათ შორის მსგავსებები და პრინციპული განსხვავებები.

 

 

მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი

მოსეს ხუთთავის რიგით მეოთხე, რიცხვთა წიგნის მეთხუთმეტე თავში ვკითხულობთ:

32. და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.

33. მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.

34. და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.

35. ეტყოდა უფალი მოსეს: სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.

36. და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.

ფშავურ ანდრეზში გადმოცემული სიუჟეტი ნათესაობას ამჟღავნებს ძველი აღთქმის ერთ-ერთ სჯულმდებელ წიგნში აღწერილ ამბავთან. აქაც ირღვევა ტრადიციულ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესი და ხალხი აქაც კოლექტიურად უსწორდება წესის დამრღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი სულ რამდენიმე წინადადებითაა გადმოცემული, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი.

მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხსენებულ მონაკვეთში აღწერილი დანაშაული, კერძოდ, უფლის ათი მცნებიდან მეოთხის დარღვევა და საუფლო შაბათ დღეს ყოველდღიური საქმიანობით დაკავება. რა თქმა უნდა, ბრალდებულის ქმედებას არ გამოუწვევია არავითარი ზარალი და ადამიანთა შორის გავრცელებული არავითარი კანონი არ დაურღვევია, თუმცა უფლის მცნების დარღვევას, - უფლისა, რომლის იმედადაც ისრაელის ხალხმა ეგვიპტე დატოვა და აღთქმული მიწისკენ გრძელ და მძიმე გზას დაადგა, - ტრადიციული საზოგადოება უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. როგორც ჩანს, მოსესთვისაც რთული აღმოჩნდა ამ საკითხის ხელაღებით გადაწყვეტა და ღვთიური ნიშნის მოლოდინში ბრალდებულის საპყრობილეში გადაყვანა ბრძანა. საბოლოოდ ცაბაოთ უფლის განაჩენი სასტიკი აღმოჩნდა: შაბათი დღის გამტეხი ხალხმა ჩაქოლა.

ბიბლიის ამ მონაკვეთში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უფლის კანონის და ნების აღსრულების აუცილებლობით არის ახსნილი და უფლისავე წინასწარმეტყველის პირით არის გამართლებული. სასწაულმოქმედი წინამძღოლისა და წინასწარმეტყველის სიტყვები ისეთივე დამარწმუნებელია ისრაელის ხალხისთვის, როგორც ფშაველთათვის ჯვრის მიერ სულასა და კურდღელას ნასახლარის დაკავება.