კოლექტიური მკვლელობის მოტივი ფოლკლორსა და ლიტერატურაში - ნაწილი III
11/07/2019 15:47:34
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

სამართლის აღსრულების მსგავს ლიტერატურულ მაგალითს ვხვდებით ლევან გოთუას ისტორიული რომანის „გმირთა ვარამში“. პირველი ტომის მეთვრამეტე თავში, „ფუძის ანგელოზში“, ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც თავისი აზნაურის კოზმას მკვლელობის ამბავს გაიგებს, ვარდისუბნელი გლეხის ბახუტა ჭინჭარაულის რჩევით, კახეთის მეფე ალექსანდრე II ქედელ უხუცესს ოქროპაპას ეწვევა მკვლელობის გარემოებების დასადგენად. საუბრიდან მეფე შეიტყობს, რომ სოფელი კოზმას ბრალად სდებდა მეფის მიერ დაწესებული გადასახადის ხელოვნურად გაზრდას, ეკლესიის ასაშენებლად შეგროვილი მასალის მითვისებას, ობოლი გოგოს გაუპატიურებას და მეფის სახელზე მის წინააღმდეგ შედგენილი საჩივრის დახევას. ეს ყველაფერი ეტრატზეა ჩამოთვლილი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის უკლებლივ ყველა მცხოვრები, მათ შორის ისინიც, ვისაც წერა-კითხვის არცოდნის გამო სიგელზე მხოლოდ ჯვრის დასმა შეუძლია. სოფელში გამართულ ფუძის ანგელოზის კურთხევაზე მყოფი მეფე სოფლელ ქოხსალამურას მაჩუჩას კოზმას მკვლელობის სცენის აღდგენას სთხოვს. თხრობა ხურდება. მეფის თვალწინ ხელახლა თამაშდება ტრაგედია და ის თითქოს თვითონვე ხდება კოზმას სოფლის მოედანზე მოხმობის, მისთვის ბრალის წაყენების, ქალების მიერ სათოფე ბაწრის დაგრეხის და სოფლის თოფიდან გასროლილი ტყვიით კოზმას სასიკვდილოდ განგმირვსი მოწმე. სახალხო მისტერიის მონაწილე მეფე რწმუნდება სოფლის სამართლის სისწორეში და ოქროპაპას მიერ ნაჩვენებ ეტრატზე სამეფო ბეჭედსაც სვამს.

 

* * *

ჩვენ მიერ განხილულ სამივე ლიტერატურულ-ისტორიულ მაგალითს რამდენიმე საერთო აქვს. სამივე შემთხვევაში დანაშაული მიემართება მთელ თემს, განურჩევლად იმისა, ჰყავს თუ არა მას კონკრეტული დაზარალებული. სამივე შემთხვევაში ხალხი საკუთარ თავზე იღებს სამართლის აღსრულებას, სამივე შემთხვევაში სამართლის აღსრულებაში მთელი თემი მონაწილეობს და სამივე შემთხვევაში მოქმედებს ცნობილი დევიზი: „ხმა ღვთისა - ხმა ერისა“, რაც დანაშაულის წინასწარ გამართლებულ მონაწილეთა დაუსჯელობით გამოიხატება. მეფე ფერდინანდი და დედოფალი იზაბელა ათავისუფლებენ ფუენტე ოვეხუნას მცხოვრებლებს კომანდორის მკვლელობის პასუხისმგებლობისგან. თავისუფლების სახელით ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლებითვე ჯილდოვდებიან უშგულელები. საქმის წვრილმანებში ჩახედვის შემდეგ მეფე ალექსანდრე მეორეც რწმუნდება ქედელთა მიერ ჩადენილი მკვლელობის სამართლიანობაში და ამას თავისი ბეჭდითაც ადასტურებს. აღმატებული ძალის - იქნება ეს ღმერთი თუ მის მიერ წარმოგზავნილი მეფე - სახელით და გაერთიანებული ძალებით ჩადენილ დანაშაულს ტრადიციულ საზოგადოებაში სასჯელი არ მოჰყვება.