მორალური დილემის განსხვავებული გადაწყვეტა რიუნოსუკე აკუტაგავას და შიო არაგვისპირელის მოთხრობებში
03/08/2021 20:21:41
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

გადარჩენა ფიზიკურთან ერთად მორალური საკითხი გახდა. ვინც უარი თქვა ქურდობასა და პროსტიტუციაზე - მოკვდა; ვინც სხვას აძლევდა საკვებს - მოკვდა; ვინც   გვამების ჭამაზე თქვა უარი - მოკვდა; ვინც მეგობარი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა - მოკვდა; მშობლები, რომლებიც კანიბალიზმის სურვილს გაუძალიანდნენ - შვილებზე ადრე დაიხოცნენ. (ისტორიკოსი ტიმოთი სნეიდერი ჰოლოდომორის შესახებ)

     მორალური დილემის პრობლემა სამყაროსავით ძველია. „გამართლებულსა“ და „სასარგებლოს“ შორის არჩევანის გაკეთება ადამიანებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს უხსოვარი დროიდან უწევთ: ოდისევსი, აქილევსი, ორესტე, ანტიგონე, ჰამლეტი, მაკბეტი, ექიმი თომას სტოკმანი, ატიკუს ფინჩი...  აქ იმ ლიტერატურული პერსონაჟების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მარჯვენა მხარზე ანგელოზი, მარცხენაზე კი - ეშმაკი ერთხელ მაინც სხდომიათ და მათ მიერ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას განუსაზღვრავს მათი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. მორალური დილემა არც ქართული ლიტერატურისთვის ყოფილა უცხო: ინდოეთის სამეფო ტახტსა და ნესტან-დარეჯანზე საკუთარი უფლებების დასაცავად ტარიელი ხვარაზმშას შვილს კლავს და მთელი ნაწარმოების მანძილზე ამის გამო უწევს პასუხის გება; სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის დასაცავად მთელს თემს უცხადებს ბრძოლას ვაჟა-ფშაველას პერსონაჟი ჯოყოლა; ჯოყოლასგან საპირისპიროდ თემში გავრცელებულ ტრადიციას - კერძოდ, მოკლული მტრისათვის მარჯვენის მოჭრის წესს - უპირისპირდება ვაჟას კიდევ ერთი პერსონაჟი ალუდა ქეთელაური... ზნეობრივი არჩევანი შეგვიძლია ორპინიანი სასწორის სახით წარმოვიდგინოთ: რაც უფრო ნაკლებად ღირებულია ცნება, რომელიც პირობითად „სასარგებლოს“ პინაზე დევს, მით უფრო მარტივად გადაწონის მას „გამართლებულის“ პინაზე არსებული ცნება. მაგრამ რა ხდება, მაშინ როცა „სასარგებლოს“ პინაზე მოთავსებული ცნება სცდება აზროვნების სფეროს და თვითგადარჩენის თანდაყოლილ ინსტინქტს უნათესავდება? ან საერთოდ როგორ განისაზღვრება ცნება „სწორი“ და „არასწორი“ ხსენებულ ვითარებაში? - წინამდებარე ტექსტში ვეცდებით პასუხი გავცეთ ზემოთ მოყვანილ კითხვებს ორი განსხვავებული ლიტერატურული ტექსტის შედარების საფუძველზე. 

                სანამ განსახილველად აღებული ორი ტექსტი პარალელურ ანალიზს შევუდგებოდეთ, ორიოდე სიტყვა მათ ავტორებზეც ვთქვათ. მოდერნისტი მწერალი რიუნოსუკე აკუტაგავა (1892-1918) „იაპონური მოთხრობის მამად“ არის აღიარებული. 1935 წლიდან მოყოლებული მისი სახელობის პრემია იაპონური ლიტერატურის ამომავალ ვარსკვლავებს გადაეცემათ. აკუტაგავას შემოქმედებითი კრედო იაპონური ლიტერატურის დასავლურ რელსებზე გადაყვანა იყო. ამ მიზნით ის აქტიურად ეცნობოდა ბრიტანელი და ამერიკელი მწერლების შემოქმედებას და ერთი პერიოდი კანაგავას საზღვაო ინჟინერიის სკოლაშიც კი მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად. წინამდებარე ნაშრომში მის რიგით მეორე მოთხრობას „რაშომონის კარიბჭეს“ განვიხილავთ, რომელიც 1915 წელს გამოქვეყნდა ლიტერატურული ჟურნალის „ტეიკოკუ ბუნგაკუს“ ფურცლებზე. „რაშომონის კარიბჭე“ აკუტაგავას ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა და მისი გავლენა იაპონელ და მსოფლიოს მკითხველზე დიდია. სწორედ „რაშომონის კარიბჭისგან“ ისესხა სახელი აკირა კუროსავას 1950 წლის ფილმმა „რაშომონმა“, რომელიც შემდგომში ვენეციის ფილმის ფესტივალის მთავარი პრიზითა და საპატიო ოსკარითაც დაჯილდოვდა. მიუხედავად ადრეულ ასაკში მოპოვებული ლიტერატურული წარმატებისა დღეისათვის შიო არაგვისპირელი (1867-1926) რიუნოსუკე აკუტაგავას გავლენით არათუ მსოფლიო, არამედ მშობლიურ ლიტერატურულ ასპარეზზეც ვერ დაიკვეხნის. ადრეულ მოდერნისტულ ლიტერატურას ის 1890-1893 წლებში ვარშავის საბაითლო ინსტიტუტში სწავლისას უნდა გაცნობოდა. ხსენებულმა კულტურულმა მიმდინარეობამ არაგვისპირელის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მან დაბალი სოციალური ფენების სიდუხჭირის აღწერას მოახმარა მთელი მისი ლიტერატურული ნიჭი. 1893 წელს გამოქვეყნებული მოთხრობაც „ადე, ჩამოვიდა“ ცალსახად ამ სულისკვეთებას ატარებს.   

             მასშტაბით ერთმანეთისგან განსხვავდება მოცემულ ტექსტებში დახასიათებული უბედურების სურათებიც. აბზაცში, სადაც მოთხრობის მთავარი პერსონაჟის ვინმე მსახურის დროებით თავშესაფრად ქცეული ერთ დროს დიდებული რაშომონის კარიბჭეა აღწერილი ვკითხულობთ: 

       „ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კიოტოს ზედიზედ თავს დაატყდა ათასი უბედურება: ხან მიწისძვრა, ხან გრიგალი, ხან ხანძარი, ხან შიმშილობა. ჰოდა, უჩვეულოდ დაცარიელდა დედაქალაქი. ძველი მატეანენი მოგვითხრობენ, საქმე იქამდე მივიდა, ბუდას ქანდაკებებსა და სატაძრო ავეჯეულობას დაუწყეს მტვრევა და გზის პირებში შეშად იყიდებოდა გალაქული, ოქროცურვილი ავეჯის ნალეწიო. აი, ასეთი ამბები ტრიალებდა დედაქალაქში. ამიტომ, რასაკვირველია, არც რასიომონის კარიბჭის მისახედავად აიტკივებდა თავს ვინმე და, რახან ასე უპატრონოდ იყო მიგდებული, შიგ მელიებმა და მაჩვებმა დაიბუდეს. ქურდებმაც დაიდეს ბინა. ბოლოს ხალხმა გაუპატიოსნებელი მკვდრების მოტანა და დაყრაც დაიწყო. და როცა მზე თვალს მიეფარებოდა, ისე შემზარავი ხდებოდა აქაურობა, ძეხორციელი ვერ ბედავდა კარიბჭესთან მიახლოებას. სამაგიეროდ, საიდანღაც აურაცხელი ყვავი იყრიდა თავს. დღისით ყრანტალით ბოინობდნენ სახურავის ბოლოებაპრეხილი თავხეების ზეგარდმო. შებინდებისას, როცა კარიბჭეს ალისფერი დაფიონი დაადგებოდა, ფრინველები ისე მკაფიოდ ირჩეოდნენ ცის კაბადონზე, თითქოს ქუნჯუთის მარცვალი მიმობნეულაო. ყვავები, ცხადია, გვამების საკორტნად აკითხავდნენ ზემო იარუსს. თუმცაღა ახლა ერთიც არა ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ გვიანი ჟამი იდგა. მხოლოდ ქვის ნახევრადჩამოშლილ საფეხურებს _ ბზარებში მაღალი ბალახი რომ ამოზრდოდა _ აქა-იქ თეთრად აჩნდა გამხმარი სკინტლი. სულ ზემო, მეშვიდე საფეხურზე ჩამომჯდარი, ცისფერი სუფთა ტანსაცმლით მოსილი მსახური დროდადრო ხელს ჰკიდებდა და ისინჯავდა მარჯვენა ღაწვზე ამოძგიბულ ძირმაგარას, თან უაზროდ მისჩერებოდა წვიმას.” 

       ციტირებულ მონაკვეთში რაშომონის კარიბჭის სავალალო მდგომარეობა ედოს ეპოქის იაპონიის დედაქალაქ კიოტოს თავს დამტყდარი უბედურებების ფონზეა განხილული და ის მიწისძვრის, გრიგალის, ხანძრის, თუ შიმშილობის ლოგიკურ შედეგად არის მიჩნეული. გაუპატიოსნებელი მკვდრების ღია სარკოფაგად ქცეული ნაგებობის ყველაზე ხშირ სტუმრებად ლეშის მჭამელი ფრინველები გვევლინებიან. გახრწნილი გვამები ღიად მიგვანიშნებენ იმ მორალურ გახრწნილებაზე, რომელიც მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალაქებში მეფობს. აქ მაგალითად შეგვიძლია ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ მოვიხმოთ, რომლის დასაწყისშიც შავი ჭირით გაწამებული ფლორენციელების მორალური დეგრადაცია მთელი სიცხადითაა აღწერილი. 

           „ადე, ჩამოვიდა-ს“ პროტაგონისტის გოგია მეწისქვილის მთავარ სატკივარს კიოტოელი მსახურისგან განსხვავებით, არა სიბინძურე, არამედ მისგან სრულიად საპირისპირო რამ - სისუფთავე - წარმოადგენს. სისუფთავე, რომელიც ამ შემთხვევაში შიმშილის სინონიმია:

      „გოგია მეწისქვილე გულ-ხელ დაკრებილი მივიდა წისქვილის ქვასთან და ალას კვირისტავებით მიეყრდნო. იმან გადახედა ქვის გარშემო სუფთად მოგვილ სახრილეს, მერე ალაში ჩაიხედა, რომელიც სახრილესავით სუფთად იყო მოგვილი და, უკმაყოფილოდ თავის ჩაქნევის შემდეგ, კრიჭას გაშტერებით დაუწყო მზერა. სულ ერთ წამს არ უმზერია ასე გაშტერებით, რომ გადაალაჯა და კრიჭას ძირიდან ხელი ამოჰკრა. კრიჭა მოხვდა ხვიმირს და ისეთი ხმა გამოიღო, რომ გოგია მიხვდა, ხვიმირში არა ყრია-რაო. სარეკი-კი, რომელიც კრიჭასთან უღლით იყო დაკავშირებული, ოდნავ შეთამაშდა და ქვაზე რაკრაკი დაიწყო. ხვიმირის ხმას მაინც არ ერწმუნა გოგია. ის შესდგა წისქვილის ქვაზე და შიგ ჩაიხედა, თანაც ხელი მიუს-მოუსვა შიგნიდან ხვიმირის გვერდებს და რადგან ხელში არა მოხვდა-რა, რამდენჯერმე მაგრად დაარტყა სილა, მაგრამ იმან მაინც ცარიელის ხმა ამოიღო…

“ფუი!..” - მწარედ გააფურთხა გოგიამ და უკანვე ძირს გადმოაბიჯა ფეხი.

დღეს რამდენჯერ გამოუჩხრეკია წისქვილის ყველა კუთხე, ძირი აღმა უქმნია, მაგრამ აგერ ეხლაც ისევ მიდის და სჩხრეკავს. მიიარ-მოიარა ყველა კუნჭული, გაჩხრიკა ყველა სამინდე კოდი, კასრი და ხოკრი; რამდენჯერმე გადააგორ-გადმოაგორა ლიტრიანები, მაგრამ კიდევ მაინც ვერ დაკმაყოფილდა. ის დაღრეჯილის სახით მივიდა წისქვილის ქვასთან და მოწყვეტით ალაზე ჩამოჯდა; ნიდაყვები მუხლებზე დააყრდნო და ორივე ხელი თავის დამძიმებულ თავს ბოძკინტად შეუყენა.

რას ეძებდა გოგია ასე მოუსვენრად?

ფქვილს, ფქვილს და ფქვილს!“   

          მოცემულ აბზაცში კიდევ ერთი საკრალური ნაგებობა იცვლის სახეს და ეს ცვლილება, მართალია წინაზე ნაკლებად შემზარავი, თუმცა არანაკლებ გულსაკლავია. წისქვილი, რომელიც თავისი მონოტონური ხმაურით დანაყრების იმედს უსახავდა ყველას, ვინც სიმწრით მოყვანილ საფქვავს მის მუდამ ფართოდ დაღებულ ხახას მიანდობდა, ახლა ბერწი საქონელივით სტერილურია და არათუ სოფლის, არამედ მისი ეული ზედამხედველის, ერთადერთი მეწისქვილის გამოკვებაც არ შეუძლია. 

             მომდევო აბზაცებიდან ვიგებთ, რომ აღწერილ ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე წლების ერთგული სამსახურის მიუხედავად ჩვენი მსახური ბატონს დაუთხოვია. მართალია, ახლა ის რაშომონის კარიბჭის კრამიტის ჭერქვეშ თავსხმას აფარებს თავს, თუმცა წასასვლელი არც წვიმის გადაღების შემდეგ აქვს სადმე. ასე ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ იკვეთება მსახურის მორალური დილემა: ან შიმშილით მოკვდეს და კარიბჭის მეორე სართულზე ნახევრად გახრწნილ გვამებს შორის დაიდო ბინა, ან ხმალი იშიშვლოს და ყაჩაღობით დაიხსნას თავი მტანჯველი აღსასრულისგან. ის ფაქტი, რომ თავშესაფრისა და ლუკმა-პურის დაკარგვიდან რამდენიმე დღის თავზე მსახურის ხმალი ისევ ქარქაშში აქვს ჩაგებული, მიგვანიშნებს, რომ ის არ მიეკუთვნება ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მსგავს არჩევანს დაუფიქრებლად აკეთებენ. 

       სანამ ჩვენი მსახური კიოტოს სუსხიან საღამოს საზარელი დროების ცოცხალ ხატად ქცეული ერთ დროს დიდებული კარიბჭეში აფარებს თავს გოგია მეწისქვილის დამშეული გონება ულამაზეს მისტერიას გაითამაშებს, რომელიც გარშემო ჩამოწოლილი სიღარიბის კონტურებს კიდევ უფრო ცხადად გამოჰკვეთს: 

          „გარედან-კი მარქაფაზე გადამჩქეფი წყლის შუილი შემოისმოდა და გოგიას ათასგვარ ფიქრს უბადავდა თავში, წარსულს უღვიძებდა და აგონებდა იმ დროს, როდესაც მოცლა აღარც-კი ჰქონდა, რომ ცოტახანს შეესვენა და სული მოებრუნებინა, როდესაც იმის წისქვილის კარზე ურმების ჭრიალი იდგა და სავსე საცალოები შეჰქონდათ და გამოჰქონდათ.

         გოგია თანდათან გაიტაცა ამ მოგონებამ და სულ დაავიწყდა ეხლანდელი დრო.

         ესმის გოგიას, რომ დატვირთული ურემი ჭრიალით მოადგა კარს. აგერ, ტომრების შემოტანაც უშველა და მინდის აღება დაიწყო. მერე, რამოდენა მინდს იღებს?! თითქმის ერთი დიდი სიმინდის კასრი აავსო და გაბრწყინებული დასცქერის. იმის სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. უხარიან, რომ ამ ზამთრის საგძალი იშოვა. იმდენი ერგო მინდში, რომ ზაფხულამდის მიჰყვება ეს და ზაფხულში-კი, ღვთის მადლით, ახალი მოვა.

        ხვიმირი კიდევაც აავსეს და ახლა ღარში წყლის მოგდება-ღა აკლია, რომ წისქვილმა მუშაობა დაიწყოს.

         გოგიამ ღარის თავიდან ჩქარა აიღო ფიცრები და მარქაფას ჩაუწყო, რის შემდეგაც წყალი ღარისკენ გაქანდა და... და... ცოტა ხანიც და ბორბალმა წყალი ააქაფა, ააშფოთა და წვრილსა და მსხვილ მბრჭყვინავ წინწკლებს წისქვილის ქვეშ გაბმით ფანტვა დაუწყო. სარეკი წისქვილის ქვაზე არაკრაკდა, რის გამოც კრიჭა ინძრევა და ხორბალს, თითქოს სთვლისო, მარცვლობით ქვის ყელში ჰყრის. ქვა-კი გუგუნებს, გუგუნებს და ყოველ დაგუგუნებაზე საფქვილე პირიდან ბღუჯა-ბღუჯა ფქვილი გადმოდის და ალაში სრიალი ჩააქვს. ქვის გუგუნი, სარეკის რაკრაკი და წყლის შუილი ერთად ერთდებიან და ერთგვარი ხმა გამოისმის, რომელმაც გოგიას გულში განუსაზღვრელი სიხარული აღძრა. ღმერთო, რამდენი ხანია, რაც გოგიას ეს სანატრელი ხმა აღარ სმენია!.. ეხლა ასმინე და აგერ, როგორ აღტაცებით სულგანაბული უსმენს ამ ნეტარ ხმას, და აღტაცებისაგან თვალთ ცრემლი მოსდის...“   

        გოგიას სიზმარეული გარინდებიდან მოულოდნელი სტუმარი გამოაფხიზლებს. სოფლელ გეგეს ნახევარი კოდი ხორბალი მოუტანია დასაფქვავად. მაშ გოგიას ნატვრა აუსრულდა, ისევ გაიგონებს დოლაბის ტრიალის ხმას, მაგრამ აბა რა თავში იხლის ხმას? ხორბალი ისე ცოტაა, რომ მასში მინდის მოთხოვნა სირცხვილია. თუმცა ხორბლის დანახვაზე აკაკანებულმა მუცელმა სირცხვილი არ იცის. მთელი სხეული მოუწოდებს გოგიას, გეგეს მინდი მოსთხოვოს. სინდისის ხმის ჩასახშობად გოგია წისქვილს გაეცლება და გადაწყვეტს ფქვის დასრულებას გარეთ დაელოდოს, თუმცა თოვლით გადაპენტილი ალაზნის ველი, წისქვილის ქვა, თუ წყლის არხი სათითაოდ უჩურჩულებენ, წისქვილში დაბრუნდეს და გეგეს მინდი სთხოვოს. ხორბლის პატრონს კი წისქვილში დანთებული კოცონისთვის აქვს ზურგი მიფიცხებული. მისი ღრმად დანაოჭებული შუბლი მძიმე ფიქრებს შეუპყრია. 

         ამასობაში სიცივისგან მობუზული მსახური გამოსაძინებლად კარიბჭის მეორე სართულზე გადაწყვეტს ასვლას, სადაც წესით უპატრონო მკვდრების გარდა არავინ უნდა იყოს, მისი მყუდროება რომ დაარღვიოს. კოშკში ასულ მსახურს გარშემო გამეფებული გაუსაძლისი სიმახინჯისა და სიმყრალისგან სრულიად მოულოდნელად ნახევრად გახრწნილი ქალის გვამს გადამხობილი დედაბრის ფიგურა გამოაფხიზლებს: 

        „დედაბერმა იატაკის ღრიჭოში ჩაამაგრა კვარი, ორივე ხელი იმ ამოჩემებული მიცვალებულის თავისკენ წაიღო და სწორედ მაიმუნივით, შვილს რომ თავში ტილებს უხილავს ხოლმე, ქალის გრძელ თმას ღერ-ღერად დაუწყო პუტვა. ეტყობა, თმის ღერებიც ადვილად ჰყვებოდა ამ ქიჩმაჩობას.“  

          უჩვეულო სანახაობით შეძრული მსახურს დედაბრის მიერ ამოძრობილ თმის ყოველ ღერზე ემატება ზიზღი სამყაროში გამეფებული ყოველგვარი ბოროტებისადმი. იმ წამს მისთვის რომ გეკითხათ, ქურდობასა და შიმშილით სიკვდილს შორის ამ უკანასკნელს დაუფიქრებლად აირჩევდა. მას შემდეგ, რაც დედაბრის მოძრაობის თვალს შეაჩვევს და გაოგნებისგანაც გამოერკვევა, დედაბრის მოქმედების მიზეზით დაინტერესდება და მუქარის ძალით დასტყუებს კიდეც მას საიდუმლოს: დედაბერს თმა პარიკის გასაკეთებლად სჭირდება. არაფრით გამორჩეული პასუხით იმედგაცრუებულ მსახურს ბრაზი მოერევა. მის ჩასაცხრობად დედაბერი თავის გასამართლებლად გრძელ მონოლოგს მოჰყვება:

             „მართალია, იქნება კია ცუდი საქმე, მიცვალებულს რომ თმას აგლეჯს ვინმე, მაგრამ ეგენი, აქ რომ წვანან, ყველაფრის ღირსები არიან. თუ გინდა, ეს ქალი აიღე, ახლა რომ თმას ვაგლეჯდი: ოთხ-ოთხი სუნის სიგრძეზე ჭრიდა გველებს, ახმობდა და მერე ხმელ თევზად ასაღებდა, სასახლის მცველები ყიდულობდნენ... ამით ედგა სული. ჭირს რომ არ მოეკლა, ახლაც ამით იცხოვრებდა. არადა, ხალხი ლაპარაკობდა, ძალიან გემრიელ თავზს ყიდისო. ჩაფრები საუზმეზე სულ ამის თევზსა ჭამდნენ. მაინც ვერ ვიტყვი, ცუდს შვრებოდნენ-მეთქი. სხვა რა გზა ჰქონდა, ასე რომ არ მოქცეულიყო, შიმშილით ამოძვრებოდა სული. მეც მაგიტომ მგონია, არც მე ვშვრები, არა, ცუდს! მეც შიმშილით მოვკვდები, ასე რომ არ ვქნა! ჩემი ნებით არა ვარ ცუდის მქნელი. ეს ქალი რომ წამოდგეს, არც დამადანაშაულებდა, ამან ხომ კარგად იცოდა, გაჭირვება რასაც ჩაადენინებდა ხოლმე კაცს.“    

            დედაბრის სიტყვებმა მსახურს სამყარო ნამდვილი სახით სიკეთისა და თანაგრძნობისაგან დაცლილ ადგილად დაანახა, სადაც თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება სხვისთვის წართმევაა და ამას ის ვერაფრით შეცვლის, თუნდაც საკუთარი თავი შიმშილით სიკვდილისთვის გაწიროს. მოთხრობის დასასრული მსახურის ღირებულებათა სისტემაში მომხდარ ამ ცვლილებას და მის შედეგს აღწერს:

             „აი, თურმე რა ყოფილა! _ დამცინავად ჩაილაპარაკა მან, როცა დედაბერმა სათქმელს თავი მოუსკვნა. მერე წინ წადგა ნაბიჯი, უცებ ხელი უშვა ძირმაგარას, დედაბერს ქეჩოში სწვდა და დაჰყვირა: _ აბა, მეც გართმევ და არ დამემდურო! სხვაფრივ მეც შიმშილით უნდა მოვკვდე!

             მსწრაფლ შემოაცალა კიმონო, მერე როცა დედაბერი სამოსელზე დაებღაუჭა, წიხლი მიაზილა და პირდაპირ გვამებზე მიაგდო. კიბეზე ხუთიოდე ნაბიჯი იყო. მსახურმა ამოიღლიავა დედაბრისათვის წანაგლეჯი კინომო ხინოკის ქერქის ფერისა, თვალისდახამხამებაში ჩაირბინა ციცაბო კიბე და შეერია ღამეულ წკვარამს.

          დიდ ხანს არ გაუვლია, მკვდარივით უძრავად მწოლიარე დედაბერიც წამოიმართა გვამებიდან. შიშველი იყო. კაცი ვერ გაიგებდა, ტიროდა თუ ბურტყუნებდა. ჯერაც მოპრიალე კვარის შუქზე გასასვლელამდე მიფორთხდა. დაიხარა, ძირს გადაიხედა, ჭაღარა თმის მოკლე ბურძგები ჩამოეშალა შუბლზე.

           ბნელი, უძირო ღამე მოსდგომოდა კარიბჭეს.

           მას შემდეგ მსახური უკვალოდ გაქრა.“         

        ამასობაში გოგია შიმშილს დანებდება და წისქვილში გეგესთვის მინდის სათხოვნელად შებრუნდება. იქ შესულს შემდეგი ამბავი გადახდება:          

      „ის თავს წაადგა ბუხრის პირას მწოლარეს და დაიწყო აკანკალებულის ხმით:

       - შენი ჭირიმე, გეგე...

     იმან თხოვნა აღარ დაათავა, რადგან დაინახა, რომ გეგეს ჩასძინებოდა და გულიანად ხვრინავდა.

     უეცრად თავში სხვა აზრმა გაუელვა და ამის მიხედვით თეფშს ხელი წამოავლო და ალასთან მივიდა, რომ ფქვილი ამოეღო ჩუმად და ასე დაეხსნა თავისი თავი თხოვნისაგან.

     ცალი ხელით თეფში ფქვილში წაურია და მეორით-კი კრიჭა შებერტყა, რომ უკანასკნელი მარცვლებიც ჩამოეყარა იქიდან.

      - ეს რას მეყოფა?! - წამოიძახა იმან, როცა სავსე თეფშს დახედა, და ისევ შიგ მოაქცია... - ქურდობა გავწიო და ერთი თეფშისათვის!..

      “ხა, ხა, ხა, ხა!.. სულ, სულ!..” - ჩასძახეს ამ დროს ქვამ და წყალმა.

      - ჰო, სულ, სულ!.. მე-კი ადამიანის შვილი არა ვარ?!.. მშიერი ხომ არ მოვკვდები?!. - აღელვებით წამოიძახა და საჩქაროდ ნაჯახს ხელი წამოავლო.

     “მოჰკალ, მოჰკალ, მოჰკალ!..” - ქვა და წყალი აქეზებდნენ თავიანთი ხმით და აბედვინებდნენ გოგიას მკვლელობას.

თვალებ-ანთებული და ნაჯახ-ამართული თავს წაადგა მძინარეს და ის-ის იყო უნდოდა ნაჯახი დაეკრა, რომ ამ დროს იდუმალმა ხმამ ჩასჩურჩულა ყურში: “აბა, შენი ჭირიმე, გოგი, დროით დააბრუნე, თორემ შინ სახლობა სიმშილით მიწივის!”

     ამ ხმაზე გოგიას მკლავი მოუდუნდა და ნაჯახის მაგივრად ფეხი ოდნავ წაჰკრა თავში.

     - ადე, ჩამოვიდა!.. - ფეხის წაკვრასთან ერთად აღელვებული ხმით დასძახა ზევიდან და საჩქაროდ გარედ გავარდა...“              

           ჩვენ მიერ განსახილველად აღებული მორალური დილემები განსხვავებული საბოლოო გადაწყვეტილების მიუხედავად, საკმაოდ ბევრ საერთოს შეიცავენ. მსახური თავდაპირველად უბრალოდ განიხილავდა ქურდობასა და შიმშილს შორის არჩევანი გაკეთების ალბათობას. მას შემდეგ, რაც იხილა, თუ როგორ აცლიდა დედაბერი გვამს თმის ღერებს, ზიზღით უარყო ბოროტი საქმის აღსრულების ყველანაირი ალბათობა. აქედან სულ რამდენიმე წუთში მან საკუთარი ხელით შემოაძარცვა დედაბერს კიმონო და აყროლებულ გვამებს შორის შიშველ-ტიტველი მიატოვა. ამის საპირისპირო გზა გაიარა მეწისქვილე გივიამ, რომელიც თავიდან ყოყმანობდა, ეთხოვა, თუ არა გეგესთვის ცოტაოდენი ფქვილი მინდის სახით, მას შემდეგ, რაც საფქვავის პატრონი ჩაძინებული დაინახა, გადაწყვიტა ფქვილის ნაწილი მოეპარა, ბოლოს საერთოდ გეგეს მოკვლა და ფქვილის მთლიანად მიტაცებაზეც კი დათანხმდა შიმშილს, საბოლოოდ სულ ბოლო წამს დაჰყვა სინდისის ხმას და დემონსტრაციული წიხლის კვრით გააღვიძა ფქვილის პატრონი და საკუთარი თავი გაურკვეველი მომავლისა და ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა. ჩვენ წინაშე ორი პერსონაჟია, რომელმაც ზნეობრივი არჩევანი გააკეთა, თუმცა ფაქტია, არცერთისთვის ყოფილა ეს არჩევანი მარტივი და ორივემ გადაუხვია წინასწარ არჩეულ გზას. საზოგადოებრივი აზრის თანახმად მეწისქვილე გოგია სწორად მოიქცა, იმავე სტანდარტებით მსახური - არასწორად. თუმცა საკითხავია, რამდენად აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივ აზრს მსგავს ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი ადამიანების ქმედების შესაფასებლად.