ონომაცუ I ნაწილი
11/06/2019 20:09:47
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

1810-იან წლებში ტოკიოში, კიობაშის რაიონში, ერთი ღონიერი კაცი, სახელად ტაკეკუმა ცხოვრობდა. ის რიკიში და, ამასთან ერთად, ოიაკატაც იყო. ერთხელ, ნაშუადღევს, სკოლაში ჩრდილო-დასავლეთ ნოტოდან (ახლანდელი იშიკავადან) ჩამოსული ახალგაზრდა კაცი ეწვია სოფლის მამასახლისის წერილით. წერილში ეწერა: „ვგონებ, ეს ყმაწვილი სუმოსთვის არის დაბადებული. გთხოვთ, მოწაფედ აიყვანოთ“.
- კარგი, - თქვა ტაკეკუმამ და ბიჭი ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა, - გაიხადე, აბა, შემოგხედო.
- დიახ, ბატონო, - თქვა ბიჭმა და თავი მდაბლად დაუკრა.
ფერ-ხორცი აშკარად არ აკლდა და შიშველიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
- შესანიშნავია, - თქვა ტაკეკუმამ, - აგიყვან. ოგურუმა გერქმევა. აბა, შენ იცი, თავი არ შეირცხვინო!
- გასაგებია, - თავაზიანად უპასუხა ბიჭმა.
იმ დროს სუმოს სკოლის ახალბედა მოწაფეებს თავდაპირველად ბრინჯის მომზადებას ავალებდნენ. ელექტროქურები ჯერ არ არსებობდა და ბრინჯს ღუმელზე ხარშავდნენ. თანაც, რომ იცოდეთ, რამდენს - ბოლოს და ბოლოს, სუმოტორები უნდა დაეპურებინათ! და ამის გათვალისწინებითაც კი, ოიაკატას მეუღლემ, ოკამი-სანმა, შეამჩნია, რომ ტაკეკუმას სკოლის ბრინჯის მარაგი ელვის სისწრაფით ილეოდა. ჯერ ეგონა, რომელიღაც ახალი მოწაფე ბრინჯს საიდუმლოდ ყიდიდა ბაზარზე და მონაგებით საკეს ყიდულობდა, მაგრამ კარგად რომ გამოიძია, ნამდვილ მიზეზს მიაგნო: ახალბედა ოგურუმას არაადამიანური მადა აღმოაჩნდა. ცხადია, რიკიში ჩვეულებრივ მოკვდავზე მეტს ჭამს, მაგრამ ოგურუმა სულ სხვა სიმაღლეებს ეთამაშებოდა: ვეება ქოთნიდან ბრინჯის უზარმაზარ (დაახლოებით ბავშვის თავისოდენა) ულუფას ამოიღებდა, მარილს მოაყრიდა, თავისი გოლიათური ხელებით მოაგუნდავებდა და გემრიელად შეექცეოდა. სულ ცოტა, ათ ასეთ გუნდას გეახლებოდათ, და ეს - მხოლოდ მადის გასახსნელად! დანარჩენისგან დონბურის მოამზადებდა, ზემოდან თევზის ან ხორცის მოზრდილ ნაჭერს დაადებდა და ისეთი ყოფით ჩაიტენიდა ხოლმე პირში, რომ გამობერილი ლოყები თვალებზე ეფარებოდა. იმდენ ჯამ დონბურის სანსლავდა, სათვალავი თვითონვე ერეოდა.
ყაირათიანმა ოკამი-სანმა, ცხადია, მაშინვე ქმარს მიაშურა:
- იცით, ოიაკატა, ახალ მოწაფეს დევის მადა აქვს! ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამოცალა წუხელ 36 ჯამი ბრინჯი. ეს - რაც დავითვალე! თუ ასე განაგრძო, ჰეია გაკოტრდება. უნდა გაუშვათ!
- კარგი, - უპასუხა ოიაკატამ, - გაგზავნე ვინმე, მოაყვანინე.
როგორც იაპონიაში ამბობენ, როცა დედალი კაკანებს, მამალი მოქმედებს.
- დაჯექი, ოგურუმა! - შეუყვირა მოწაფეს ტაკეკუმამ, - ერთი ამას დამიხედეთ! გატყობ, უმადობას არ უჩივი. ჩანს, ბავშვობიდანვე არ გცოდნია ზომა-წონა. მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. შინ უნდა დაგაბრუნო. ხელცარიელს ვერ გაგიშვებ. ამ კონვერტში ცოტაოდენი ფულია. ოღონდ შენი არ გეგონოს - საჩუქარია მამასახლისისთვის, რომელმაც სიტყვა შეგაწია. იცოდე, აუცილებლად გადაეცი!
- დიახ, ოსტატო, - უპასუხა ოგურუმამ და მრგვალი თავი დაუკრა. ფაქიზად შეკრული კონვერტი გამოუთქმელი ტანჯვით ჩაიდო წელზე შემოკრულ ჩანთაში, კარი გაიხურა და იტაბაშის მიაშურა. მდინარე ტოდას ნაპირზე ჩამოჯდა, ნავის მოლოდინში ფართო მხრები ჩამოყარა, თვალები მაგრად დახუჭა და სინანულს მიეცა. ამაოდ ცდილობდა თავის გამხნევებას - შინ დაბრუნება არ შეეძლო. აბა, როგორ დაბრუნებულიყო?! ერთი კვირაც არ იყო გასული, რაც საყვარელმა ოჯახმა და ერთგულმა მეგობრებმა ყვირილით: „სანიაკუში, იოკოძუნად გვენახეო!“ - გამოაცილეს და ახლა, იაფფასიანი კიმონოთი შემოსილს, მხრებჩამოყრილს და თავჩაქინდრულს, როგორ შეეღო სახლის კარი? როგორ აეტანა მამის ქილიკი: „ჰმ, ცოტა ნაადრევად დაბრუნდი, არა? რა მოხდაო?“ როგორ გამოტეხილიყო: ბოდიში, მაგრამ სკოლაში ნამეტანი ბევრი ვჭამე და გამომაგდესო? როგორ ეცხოვრა შერცხვენილს? „რა დამამცირებელია, - ფიქრობდა ცივ, ქარიან ნავმისადგომთან ჩამომჯდარი, - თავის მოჭრას მირჩევნია, მდინარეში გადავხტე. თავს დავიხრჩობ და ყველაფერი დასრულდება... მაგრამ რა დასანანია სავსე ჯიბით სიკვდილი... თან რამდენი დუქანი მიწვევს ჭახჭახა, მაცდუნებელი ფარნების ნათებით! ეს ღამე რომელიმე მათგანში რომ გავათიო და ხვალ მოვიკლა თავი, რა დაშავდება? თანაც, ბრინჯით გამოტენილი, უფრო მალე ჩავიძირები!“
თქვა ეს, საკუთარ მადას ქედი მოუდრიკა, მდინარეს ზურგი შეაქცია და მდიდრული სამიკიტნოსკენ - „ტაჩიბანაიასკენ“ წაბაჯბაჯდა.
ადრიანი დილა იყო და სასადილო ოთახთან რიგი ჯერ არ იდგა. პირველად მედუქნის ცოლმა დაინახა: „მოგესალმებით, ძვირფასო სტუმარო, თუ რამის შეკვეთა გსურთ, გთხოვთ, არ მოგერიდოთ“. „ისეთი არაფერი მინდა, - გულახდილად უთხრა ოგურუმამ, - უბრალოდ, იმდენი საჭმელი მომიტანეთ, რამდენიც შეგიძლიათ. როგორც ხედავთ, ჩანთა ფულით მაქვს სავსე. თუ გნებავთ, მთლიანად დაიტოვეთ. აი, ინებეთ“.
მედუქნის ცოლმა შეკვრა გახსნა და სახტად დარჩა, როცა შიგ ათი ღამის გასათევად საკმარისი ფული აღმოაჩინა. მუშტარს ამდენი არასოდეს გადაუხდია და არც მისი ნება-სურვილისთვის მიუნდვია კერძის არჩევა! გახარებულმა მედუქნის ცოლმა სასწრაფოდ გააწყო ტაბლა და საჭმელი ჩხირები მოარბენინა. ოგურუმამ ჩხირებს სიხარულით დაავლო ხელი და, ჩვეულებისამებრ, ნეტარებით შეუდგა ჭამას.
საწყალი ქალი მალე მიხვდა, რომ მისი სურსათ-სანოვაგის მარაგს საფრთხე ემუქრებოდა. ოგურუმამ თვალის დახამხამებაში მოასუფთავა ბრინჯით სავსე სამი ბადია და მორიდებით მოითხოვა მეოთხე. მოახლე გოგოები აჩურჩულდნენ: „ხედავ იმ მუშტარს, ეს-ესაა რომ შემოვიდა? ნამდვილი ურჩხულია!“
მითქმა-მოთქმამ მედუქნის, ძენბეი ტაჩიბანას ყურამდეც მიაღწია:
- რა ამბავია, გოგოებო? მუშტრებზე ნუ ჭორაობთ! კაცი დაინახეთ და გადაირიეთ? არა? აბა, რა ხდება? ბრინჯი ილევა? მაგას რა ჯობია! ესე იგი, მუშტრების შემოსევაა! რაო? ერთი კაციაო?! კარგი... მაშ, ბრინჯი ილევა, არა? ეგ არაფერი, საჭმელი არ მოაკლოთ. სადაც ამდენი ბრინჯი ჭამა, იქნებ სხვა რამეც აკლია გულს. ქლიავის ჩირი მიგერთმიათ, ან მარილში გამოყვანილი თევზი... ცოტა ხანში მეც მოვალ, შევხედო ერთი, რა არის ამისთანა.
მედუქნე შეხედვას არ დასჯერდა - მივიდა და გაეცნო:
- სალამი, მაქვს პატივი, თქვენ წინაშე მუხლი მოვიდრიკო. მე „ტაჩიბანაიას“ მეპატრონე ძანბეი ტაჩიბანა გახლავართ. დიდად გმადლობთ სტუმრობისთვის. უზომოდ გაგვახარებთ, თუ ისევ გვეწვევით. მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ... რაკი თქვენებრ პატივცემული მუშტარი ესოდენ, ვიტყოდი, მადიანად შეექცევა... ჰმ... ეს იმის დასტურად მივიჩნიოთ, რომ ჩვენი ბრინჯი არცთუ ისე უგემურია?
ნაცვლად იმისა, რომ კითხვა მდგომარეობის განსამუხტავად გამოეყენებინა, ოგორუმა აწუწუნდა:
- კაცმა რომ თქვას, დიდი ვერაფერი.
- ვაჰმე! - წამოიყვირა მედუქნემ, - თან მიირთმევთ და თან ტირით?! შეჩერდით, ღვთის გულისათვის! ბრინჯის დაგემოვნება ყოველდღე შეგიძლიათ. თუ ასე დაატანთ ძალას თქვენს საყლაპავს, კუჭ-ნაწლავს დაიზიანებთ. ოჰ, უკაცრავად, მეტი ყურადღება მმართებდა - თქვენ ბრინჯის ხარისხის გამო როდი ტირით, სხვა რაღაც გაწუხებთ. იქნებ მითხრათ, რა ლოდი გაწევთ გულზე - ტაჩიბანას მთელ იტაბაშის მხარეში იცნობენ და თუ შემიძლია, რამით გემსახუროთ, უკან არ დავიხევ. ოღონდ სემბეის ორცხობილას თვალებით ჭამასავით შეუძლებელს ნურაფერს მთხოვთ, სხვა მხრივ კი მიმსახურეთ.
ახალგაზრდა ოგურუმა ემოციებმა წალეკა:
- იცით, აქამდე არავინ დამლაპარაკებია ასე თბილად. ერთი უბრალო, ჭამა-სმის მოყვარული ნოტოელი ბიჭი ვარ. თანასოფლელებმა მირჩიეს, ედოში წადი, შენგან კარგი სუმოტორი დადგებაო. მეც კიობაშიში ჩავედი და სეკიტორი ტაკეკუმას მივებარე...
- ტაკეკუმა-ძეკის? - წამოიყვირა მედუქნემ, - ეს ხომ შესანიშნავია!
- შიკონაც კი მომცა: ოგურუმა, - მაგრამ მეტისმეტად ბევრს ვჭამდი და ჰეიადან გამომაგდეს. ცოტა ხანს ტოდას ნაპირზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ჩემს სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს-მეთქი. მერე გამახსენდა, რომ ჯიბეში გვარიანი თანხა მედო და ვიფიქრე, უკანასკნელად მეცა პატივი საკუთარი თავისთვის. თუ გნებავთ, ამას უკანასკნელი სერობა დაარქვით. მოკლედ, მოვედი იმ განზრახვით, რომ მეჭამა, რამდენსაც მოვერეოდი, ხოლო როცა არაქათი გამომელეოდა, თავი დამეხრჩო. მაგრამ არ მინდა სიკვდილი! თუ ჭამას შევწყვეტ, უნდა მოვკვდე კიდეც, ამიტომაც გადავწყვიტე, ვჭამო და ვჭამო...
- ეს რა მითხარით? - წამოიყვირა მედუქნემ, - ასე თუ გააგრძელეთ, აქვე გასკდებით! ასე ადვილად როგორ კარგავთ თავს ეს ახალგაზრდები! ერთი თუ გაგიჯდათ აზრი გონებაში, მორჩა, სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობთ. განა მოხუცი იჩუუ-ბუში არ იყო, რომ თქვა: „იმედის დაკარგვით საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოგვაქვს, დამჭკნარი ყვავილი ვეღარასოდეს აყვავდებაო?“ თუ მოკვდი, შენგან აღარაფერი დადგება. შენს ცხოვრებას ფასი აქვს. მას უნდა გაუფრთხილდე. ტაკეკუმა ამ მხარეში ერთადერთი სეკიტორი როდია. ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ სულ სხვანაირად განვეწყვე შენს მიმართ. სუმო ყველა კერძზე მეტად მიყვარს. როცა ბაშო იწყება, სულ სხვა კაცი ვხდები... და გეუბნები, სხვა ოიაკატებსაც ვიცნობ. ერთ მათგანს შიკოროიამა კიეჯი ჰქვია და შიჩიკენჩოს უბანში ცხოვრობს. ხომ არ ვთხოვო, მოწაფედ აგიყვანოს?
- მედუქნევ, - უპასუხა ოგურუმამ ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, - ჩემთვის ამხელა ჯაფაც რომ გასწიო და ჰეიაში მომაწყო, კარს შევაღებ თუ არა, ისევ წამართმევს განსჯის უნარს იქაური კერძები, ისევ ზომაზე მეტად გავიბესკნები და ისევ გამომაგდებენ.
- არა, რას ამბობ, - დაიჟინა ტაჩიბანამ, - არ გამოგაგდებენ. სანამ უმაღლეს დივიზიონს მიაღწევ და თავის რჩენას შეძლებ, პირადად მე ვიზრუნებ იმაზე, რომ საჭმელ-სასმელი არ მოგაკლდეს. ვიცი, დღეს იმიტომ ჭამდი ამდენს, რომ ამაზე შენი სიცოცხლე იყო დამოკიდებული, მაგრამ ისე, ჩვეულებრივ დღეებში, დაახლოებით რამდენს ჭამ?
- მოიცა, დავთვალო, - ჩაფიქრდა ოგურუმა, - სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, ბოლოს როდის ამოვივსე სტომაქი, მაშასადამე, არც ჩემი შესაძლებლობების ზღვარი ვიცი.
- ეგ ვერ არის კარგი ამბავი, - თავი გადააქნია ტაჩიბანამ, - მაგრამ ყოველდღე ასე მადიანად თუ ისადილებ, დღეში სამიოდე პატარა კასრი ბრინჯი დაგჭირდება, რაც თვეში სამ დიდ კასრს შეადგენს. ჰმ... რას იტყვი, ყოველთვე ათი პატარა კასრი ბრინჯით რომ მოგამარაგო?
ამის გაგონებაზე მედუქნის ცოლმა წამოიკივლა:
- ძენბეი, ყოველთვე ათი კასრი?! შეიძლება, ცოტა დავფიქრდეთ, სანამ რამეს გადავწყვეტთ? თან არც კი ვიცით, ეყოფა თუ არა!
- კარგი ახლა, კარგი, ოკამი-სან, - შეუყვირა ტაჩიბანამ, - გადაწყვეტილია, ყოველთვე ათ კასრს გავუგზავნით და თუ არ ეყოფა, კიდევ ხუთს დავუმატებთ! ასე რომ, ახალგაზრდავ, დაფიქრდი. შიკოროიამას და ტაკეკუმას ბანძუკეში ერთი და იგივე ადგილი უჭირავთ, მანაც იცის სუმოს ანაბანა, თანაც სასიამოვნო ხასიათის კაცია. მასთან შეხვედრისას მეც შენ გვერდით დავიჩოქებ. ასე რომ, არ იდარდო, ის იზრუნებს შენზე, ახლა კი დამშვიდდი.
სიხარულისგან ფრთაშესხმულმა ოგურუმამ იგრძნო, როგორ გროვდებოდა ცრემლი მის ეს-ესაა დაცლილ უპეებში.
- კეთილო ბატონო, მადლობა რით გადაგიხადოთ?! ოკამი-სან, დაე, გადამარჩინოს თქვენი მეუღლის ხელებმა, აღარ მინდა სიკვდილი. მინდა ვიცოცხლო. მინდა ვნახო, რას მიმზადებს მომავალი... კიდევ ერთი ჯამი ბრინჯი, თუ შეიძლება!
თქვა ეს და ღეჭვა და ყლაპვა გააგრძელა.
როგორც იქნა, ოგურუმამ მუცელი ამოივსო და სადაც გამოძღა, იქვე ჩათვლიმა. რომ არ გაციებულიყო, მედუქნის მეუღლემ ფრთხილად გადააფარა სუფრა უზარმაზარ ბეჭებზე.
მზის ამოსვლისთანავე „ტაჩიბანაიას“ კარზე კაკუნი გაისმა. ეს ცუკადა იყო - ახალგაზრდა, რომელსაც ტაჩიბანას და ოგურუმას შიკოროიამასთან წარდგენა ევალებოდა.
- აჰ, ცუკადა, მობრძანდი, დამეწვიე. პირი უკვე დაიბანე? ისაუზმე კიდეც? რა მკვირცხლი ყმაწვილი ხარ! მძიმე ვახშმის შემდეგ მადიანად საუზმობ. შენი ხნისა მეც ასე ვიყავი... კარგი საქმის გადადება არ ეგების, ასე რომ, წავიდეთ შიკოროიამასთან.
ასე და ამგვარად, ოგურუმას ხელი ჩაჰკიდეს და ნეძუსკენ გასწიეს.
- მაშ ასე, ყმაწვილო, - არიგებდა გზადაგზა ცუკადა, - წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციო. ჩადე ვარჯიშში ყველაფერი, რაც გაწუხებს და შენი სხეულიდან მთელი უარყოფითი ენერგია გაიწოვება. აი, სუგამოს კუშინძუკას მივადექით. გუშინაც აქ ჩამოიარე, გახსოვს?
- გუშინ მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, - უპასუხა ოგურუმამ.
ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მიადგნენ ნეძუს.
- აი, შიკოროიამას სახლი, - მოწიწებით წარმოთქვა ცუკადამ.
ტაჩიბანამ კარში მდგომ ახალგაზრდა რიკიშის დაუძახა:
- ჰეი, ახალგაზრდავ!
ცუკებიტომ მაშინვე იცნო მედუქნე:
- დილა მშვიდობისა, ტაჩიბანა-სან. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მზრუნველობისთვის.
- კარგი, კარგი, სხვა დროს იყოს. შენ ეს მითხარი, ოსტატი შინ არის?
- დიახ, შინ გახლავთ, ახლავე დავუძახებ. ოიაკატა! იტაბაშელი მედუქნე გესტუმრათ!
მალე ხის კიბეზე შიკოროიამას უზარმაზარი ფეხები აბრაგუნდა.
- ეს ხომ ჩვენი სანდო იტაბაშელი მედუქნეა! ტაჩიბანა-სან, გმადლობთ, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ბიჭებზე, როცა თქვენს უბანში მოხვდებიან. ჩქარა, ბალიშები ჩვენი სტუმრისთვის!
- გთხოვთ, ჩემ გამო ნუ შეწუხდებით, - თავაზიანად შეაჩერა ტაჩიბანამ, - ჩემთვის დიდი პატივია, თუ რამეში გარგივართ, მაგრამ, ოიაკატა, დღეს თქვენთან თხოვნით მოვედი. მაინტერესებს, ახალი მოსწავლის აყვანა თუ შეგიძლიათ.
- მოსწავლეო? - შიკოროიამა ჩაფიქრდა, - თუ თქვენ უწევთ რეკომენდაციას, ტაჩიბანა-სან, ულაპარაკოდ ავიყვან, აღნაგობასაც კი არ შევუმოწმებ.
- დიდად გმადლობთ, - თავი დაუკრა მედუქნემ,- რას ვუდგავარ? რატომ არ გაჩვენებთ ახალ მოწაფეს? ახალგაზრდავ, ეს შიკოროიამა ოიაკატაა. აბა, შენ იცი, საკადრისად წარუდგინე თავი!
- დიახ, ბატონო, - დაიჩურჩულა ოგორუმამ და სეიზას პოზაში მუხლი მოიყარა, - მე ნოტოს ჰიცუმის სოფლიდან გახლავართ, სახელად შოკიჩი, ნიჰეის ვაჟი, და გევედრებით, მოსწავლედ ამიყვანოთ. ვიმედოვნებ, შეისმენთ ჩემს თავმდაბალ თხოვნას, - წარმოთქვა ბორძიკ-ბორძიკით და ოიაკატას თავი ტლანქად დაუკრა.
შიკოროიამა თვალის შევლებისთანავე მიხვდა, რომ მის წინაშე გაუთლელი სოფლელი ბიჭი იდგა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დაუმუშავებელი ალმასისგან ბრწყინვალე ბრილიანტი შეიძლება გამოსულიყო. ყველას სახელი, ვისაც იოკოძუნას ტიტული უტარებია, დღეს ტომოიკა ჰაჩიმანის ტაძარში, ქვის კედელზეა ამოტვიფრული. გულით გირჩევთ, წახვიდეთ და მოინახულოთ. იმ დროისთვის კი, როდესაც ოგურუმამ შიკორიამას წინაშე მუხლი მოიყარა, იოშიდა ცუკასას საგვარეულოდან იოკოძუნას წოდება მხოლოდ ხუთ კაცს ჰქონდა. ტაკეკუმამ ოგურუმაში საამისო ჩანასახი ვერ დაინახა, შიკოროიამა კი თავიდანვე საპირისპიროდ განეწყო.
- ესე იგი, ამ ბიჭს უნდა, სუმოტორი გახდეს?
- ნამდვილად უნდა, - უპასუხა მედუქნემ, - რას იტყვით?
- მე მგონი, მისგან კარგი რიკიში დადგება.
- კარგი რიკიში?
- კარგი!
- კარგი?
- კარგი, ძალიან კარგი! ახალგაზრდავ, რამდენი წლის ხარ? - განაგრძო ოიაკატამ, - ოცდახუთის? არც ისე ბევრია. სასმელს ეტანები? წვეთს არ ვსვამო? არა უშავს, როდესაც ამხანაგებთან ერთად ისადილებ, აუცილებლად მოგეწონება და შეეჩვევი. აზარტული თამაშები გიყვარს? რაო, გძულს? მაშ, ქალების მუსუსი იქნები. არც ქალებში დადიხარ?! რა უცნაურია! არადა ნათქვამია, სამი ამქვეყნიური ვნებიდან: საკე, ქალები, თამაში, - კაცი ერთს მაინც უნდა ეტანებოდესო. ნუთუ არავითარი ადამიანური სისუსტე არ გაგაჩნია?
ტაჩიბანას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ჩარეულიყო:
- ოჰ, ოიაკატა, საქმე ის არის, რომ... თავად ალბათ გაუჭირდება აღიარება, მაგრამ... ამ ბიჭს ერთი რამ ნამდვილად უყვარს სიცოცხლეზე მეტად.
- ჰაჰ! ასეც ვიცოდი, - თქვა შიკოროიამამ, - და რა არის ეს ერთი რამ?
ტაჩიბანამ ყოყმანით უპასუხა:
- ჭამა.
- რა თქმა უნდა, ეყვარება! - წამოიძახა შიკოროიამამ, - ყველა ცოცხალ ადამიანს უყვარს კარგად ჭამა!
- დიახ, ოიაკატა, - დაეთანხმა ტაჩიბანა, - მაგრამ მას უბრალოდ ჭამა კი არ უყვარს, ხუთი წუთიც ვერ ძლებს უჭმელად! ჩემს ნაცნობებს შორის ყველაზე მეტს ჭამს! ის ტაკეკუმა-ბეიაში მიიღეს და შიკონად ოგურუმა მისცეს, მაგრამ იმდენი ჭამა, რომ გამოაგდეს. თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ ბედმა ჩემთან მოიყვანა, მე კი თქვენ მოგგვარეთ. ალბათ, არ გენდომებათ ისეთი ვინმეს მიღება, ვინც ერთხელ უკვე დაითხოვეს, მაგრამ ძალიან რომ გთხოვოთ, იქნებ სცადოთ? იქნებ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ? ჩემი მხრივ გარწმუნებთ, სანამ მაკუუჩის მიაღწევს, ბრინჯი არ მოაკლდება. თვეში ათ კასრს ჩაგითვლით. სამუდამოდ თქვენი მადლიერი ვიქნები, თუ ამ წინადადებას მიიღებთ.
- კარგი, ჩემო ბატონო, - უპასუხა შიკოროიამამ, - ასწიეთ თავი, მოეშვით მაგ ცერემონიებს. დამიჯერეთ, ბრინჯი სადარდებელი არ გექნებათ. თუ გნებავთ, ამ ბიჭს მაკუუჩი დივიზიონში შესვლის დღეს გაწყობილი კიმონო აჩუქეთ - ესეც საკმარისია. ტაკეკუმას ბევრ რამეში არ ვეთანხმები. აბა, სუმოტორი როგორ მოძლიერდება, თუ არ ჭამა?
მან ფართო მხარ-ბეჭი ოგურუმასკენ შეატრიალა და მკაცრად უთხრა:
- ახალგაზრდავ, ჩემს ჭერქვეშ საჭმელი არ მოგაკლდება. შეგიძლია, დღეში ხუთი კასრი ბრინჯი შეჭამო. წელიწადში - 1825. თუ მოინდომებ, მეტსაც მოგცემთ...
- აი, ეს მესმის! - აღტაცებით შესაძახა მედუქნემ, - მასაც კი გაუჭირდება ამდენის შეჭმა! თუმცა ერთი თხოვნა კიდევ მაქვს: შეგიძლიათ, შესაფერისი საბრძოლო სახელი შეურჩიოთ?
- ვნახოთ, ვნახოთ, - ჩაფიქრდა ოიაკატა, - მე კომიდორის დავარქმევდი.
- კომიდორი შესანიშნავი სახელია! - გაუხარდა ტაჩიბანას, - მაგრამ შეიძლება, მისი მნიშვნელობა გკითხოთ?
- ეს იყო პირველი შიკონა, რომელიც მიბოძეს, როცა სუმოს სამყაროში შემოვდგი ფეხი, - აუხსნა შიკოროიამამ.
ამის გაგონებაზე ტაჩიბანას სუნთქვა შეეკრა:
- ოიაკატა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მასზე დიდ იმედებს ამყარებთ! შეიძლება სეკიტორიც კი გახდეს! ახალგაზრდავ, თავი დაუკარი, ჩქარა!
თვითმკვლელობაზე ფიქრი ყველაზე მძიმე რამაა, რაც შეიძლება გადაიტანოს კაცმა. ამის შემდეგ ახალგაზრდა კომიდორი ყველაფრისთვის მზად იყო, რასაც სუმოს სამყარო მოუმზადებდა. 1812 წლის დეკემბერში კომიდორი კიოკიჩი პირველად გამოჩნდა ბანძუკეზე ჯონოკუჩის მეოთხე ნომრად კოჯიმაჩიში, ჰოონჯის ტაძარში გამართულ ტურნირზე. ისე კარგად იჭიდავა, რომ მომდევნო წელს ჯონიდანის 24 ნომრად განაწესეს შიბას ჰაჩიმანის ტაძარში გამართულ ბაშოზე. შიკოროიამა-ბეიაში მისვლიდან ას დღეში მან 67 საფეხურით წაიწია წინ. 1822 წლის ოქტომბრის ბაშოზე კურამაე ჰაჩიმანის ბაშოზე გაიმართა მისი დებიუტი მაკუუჩი დივიზიონში. ხსენებულ შეჯიბრებაზე მან ადვილად მოიგო პირველი სამი ბრძოლა, მეოთხე დღეს კი შეხვდა მებრძოლს, რომელმაც თავის დროზე საკუთარი ჰეიადან გამოაგდო: ტაკეკუმას. იმ დღეს ყველაზე მეტად შიკოროიამა ღელავდა.
- ხვალ შენს ყოფილ მწვრთნელს ხვდები, - გაამხნევა მოწაფე, - ეჭვი არ შეგეპაროს შენს შესაძლებლობებში.
- დიახ, ოიაკატა, - უპასუხა კომიდორიმ და თავი დაუკრა, - ხვალ თუ დავმარცხდი, ჩემს იტაბაშელ ბატონს თვალებში ვეღარ შევხედავ. ბრძოლისთვის კარგად უნდა მოვემზადო!
ტაკეკუმა თვალებს არ უჯერებდა: შიკოროიამას ხელში მისი წყალწაღებული მოწაფე დაუმარცხებელ ფალავნად ქცეულიყო! უყურებდა და იმ დღეს წყევლიდა, როცა ბიჭი ჰეიადან გამოაგდო. ის ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას დაკაცებულ კოიანაგის. ტაჩი-აის დროს ისეთი მოხვდა, რომ მალაყით გაფრინდა დოჰიოდან!
ამ ბაშოს შემდეგ კოიანაგიმ უფრო მეტად გაითქვა სახელი და კიდევ ერთხელ შეიცვალა შიკონა. ამჯერად მან ძველი დროის ფალავნის ონომაცუბარას სახელის ნახევარი ისესხა და ონომაცუ მიდორინოსუკედ იქცა. 1828 წლის გაზაფხულზე სწორედ ამ სახელით მიაღწია სუმოს მწვერვალს და მეექვსე იოკოძუნა გახდა. ყველას გასაკვირად, ის 47 წლამდე ატარებდა ამ წოდებას. არასოდეს არის გვიანი ახალი გამოწვევის მიღება. დაე, ეს იყოს სათქმელი ამ ამბისა საარაკო ნაბოლარაზე, ონომაცუზე.
სანიუტეი ენრაკუს მიერ მოთხრობილი ამბავი იაპონურიდან ინგლისურად თარგმნა კრის გულდმა.