ქეით ჩოპინ-შტორმი
06/11/2018 21:27:07
   ავტორი : ხატია კარელიძე.

kate-chopin
ამერიკელი მწერალი და ფემინისტი ქეით ჩოპინი – კატერინა (კეიტ) ო’ფლაჰერთი (1850-1904) მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში დაიბადა. ირლანდიურ-ფრანგულ ოჯახში. ერთნაირად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს (დედა ფრანგი ჰყავდა). მის ოჯახში იგრძნობოდა ორი სხვადასხვა ეთნოსისა და განსხვავებული ღირებულებების შერწყმა.  
1870  წელს ოსკარ ჩოპინზე იქორწინა და 6 შვილიც გააჩინა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტოს მოუწია ოჯახის გაძღოლამ. უკვე  დიდი შვილები ჰყავდა, როცა 1890 წელს მისი პირველი ნოველა “დამნაშავე” გამოქვეყნდა.   
მის შემოქმედებაში შესამჩნევია ფრანგული ცხოვრებისა და ლიტერატურის ზეგავლენა. სკანდალური გამოდგა მისი რომანი გამოღვიძება“, რომლის ავტორიც ოჯახური ერთგულების მოწინააღმდეგედ  მიიჩნიეს. ამის შემდეგ მოკლე მოთხრობებს წერდა.  ერთ-ერთი მოთხრობა იყო „შტორმი“, რომელიც სექსუალური შინაარსის გამო ქეიტს არ გაუგზავნია გამომცემლობისთვის და ეს მოთხრობა მწერლის სიცოცხლეში არც დაბეჭდილა.
ნორვეგიელი კრიტიკოსი პერ სეიერსთიდი ქეით ჩოპინზე წერდა: ის იყო პირველი ქალი მწერალი თავის ქვეყანაში, რომელმაცვნებაუთქმელი ხელოვნების  საგნად აქცია. მან გაილაშქრა  ტრადიციებისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ, გაამხილა ქალის იდუმალი ცხოვრების დეტალები.   

შტორმი 

პატარა ბიბი ფიქრობდა, რომ ფოთლების უცნაურ სიმშვიდეს აუცილებლად წვიმა მოჰყვებოდა. მამამისმა ბობინუმ კი, ხშირად დიდ დროს რომ უთმობდა შვილთან  ურთიერთგაგების თემაზე მსჯელობას, ამჯერად  ბავშვის ყურადღება მიაპყრო დასავლეთიდან  მომავალ ავისმომასწავებელ მოქუფრულ ღრუბლებს, რომელთაც შემაძრწუნებელი  ჭექა-ქუხილი მოჰყვა.  მამა-შვილი  ფრედაიმერის მაღაზიის კართან ცარიელ კასრებზე ჩამოსხდნენ და გადაწყვიტეს შტორმის ჩადგომამდე მოეცადათ. ბიბი მხოლოდ 4 წლისა იყო და  ასაკთან შედარებით  ჭკვიანიც.

– დედას შეეშინდება! –  წამოიძახა თვალებანთებულმა.

– ჩაკეტავს კარს. შეიძლება სილვიც დაეხმაროს ამ საღამოს... – დარწმუნებით უთხრა ბობინუმ.

 – არა, სილვი ხომ გუშინ ეხმარებოდა დედას, დღეს აღარ მოვა, – თქვა ბიბიმ.

ბობინუმ  დახლს მიაშურა, სადაც მისი ცოლის, ქალიქსთას საყვარელი კრევეტების კონსერვი იყიდებოდა.  რამდენიმე წუთში კრევეტების კონსერვით ხელში ზანტად ჩამოჯდა კასრზე და...  შტორმიც ამოვარდა! შტორმმა  გვარიანად შეაქანა ხის  მაღაზია  და სადღაც  შორს, მინდორიც დაღარა. ბიბის  პატარა ხელი მამის მუხლზე დაედო და თავსაც არხეინად გრძნობდა.

სახლში კი ფანჯარასთან მჯდომი ქალიქსთა საკერავ მანქანას ჩაჰკირკიტებდა, გაფაციცებით კერავდა  და ქმარ-შვილზე არც კი ღელავდა. იმდენად გართულიყო კერვით, რომ ვერც კი შენიშნა მოახლოებული შტორმი. ქალს დასცხა და საყელო შეიხსნა. დროდადრო ჩერდებოდა და სახიდან  ოფლს იწმენდდა.

 ბინდდებოდა... ქალიქსთა სწრაფად წამოდგა ფანჯრებისა და კარის დასაკეტად.

დერეფნის წინ, ბობინუს საკვირაო ტანსაცმელი ეკიდა გასაშრობად და ქალიქსთა  ჩქარობდა მათ ჩამოხსნას წვიმის დაწყებამდე.  როგორც კი შესასველისკენ  გადადგა ნაბიჯი, ალსი ლაბალიერი შემოვიდა.  გათხოვების შემდეგ ქალიქსთა ალსის იშვიათად ნახულობდა, მარტო კი  არასოდეს შეხვედრილან... იდგა ალსის  წინ დაბნეული,  ბობინუს პალტოთი ხელში და წვიმაც დაიწყო.  ალსი საჯინიბოსკენ  გაუძღვა ცხენს, სადაც წიწილები შეჯგუფებულიყვნენ და საცოდავად წივწივებდნენ.  იქვე, კუთხეში რამდენიმე გუთანი და ხორკლიანი ფარცხი იდო.

– შეიძლება თქვენს დერეფანში მოვიცადო შტორმის ჩადგომამდე? – იკითხა ალსიმ.

– მობრძანდით, მუსიე ალსი!..

ალსისა და  საკუთარმა  ხმამ ისე შეაკრთო, თითქოს  ტრანსიდან გამოაღვიძა და ახლა ბობინუს ჟილეტს დასწვდა. ალსი სწრაფად  გაემართა შესასვლელისკენ და ქალის დახმარება სცადა. ხელი დასტაცა ბიბის შარვალსა და ნაქსოვ  ჟაკეტს, რომელიც კინაღამ  მოვარდნილმა ქარიშხალმა გაიტაცა.  ალსი თავდაპირველად გარეთ აპირებდა დარჩენას, თუმცა ცხადი იყო, რომ წყლის ნაკადი  ჯებირებამდეც აღწევდა  და გადაწყვიტა სახლს შეფარებოდა, ქალს გაუბედავად მიჰყვა და კარიც დაკეტა.  მოვარდნილი წყლის  ნაკადის შესაჩერებლად მალე საჭირო გახდა კარს ქვემოთ ნაპრალები ამოევსოთ.

– როგორ წვიმს! ორი წელიწადია,  ასე არ უწვიმია!  – წამოიძახა ქალიქსთამ.

ქალმა  ჯვალოს  ნაჭრები დაახვია კარის ძირში დასადებად, მოვარდნილი წყლის ნაკადი სახლში რომ არ შემოჭრილიყო. ალსი დაეხმარა და ერთად მჭიდროდ შეფუთეს კარის ძირი.

ქორწინების ხუთ წელიწადს ქალიქსთას ნატიფი  სხეული უმნიშვნელოდ შეეცვალა , თუმცა მაინც არ დაუკარგავს  უწინდებური მიმზიდველობა. მის ლურჯ თვალებს კვლავ შერჩენოდა  სინაზე, ქარისა და წვიმისაგან აწეწილი ქერა თმა ჯიუტად დახვეოდა და საფეთქლებსა და ყურებზე ჩამოშლოდა.

წვიმა მთელი ძალით ეხეთქებოდა ყავრის სახურავს, თქეში სადაცაა სახლში შევარდებოდა და შესაძლო იყო, ყველაფერ ამას წყალდიდობაც მოჰყოლოდა.

...ისხდნენ მისაღებ ოთახში, რომელსაც  ქალიქსთას საძინებელი ემიჯნებოდა. საძინებლის კარი ღია იყო, ბიბის პატარა საწოლი მშობლების თეთრი, უზარმაზარი ტახტის გვერდზე იდგა, ჩამოწეული დარაბები ბუნდოვან იდუმალებას სძენდა ოთახს.

ალსი ღონეგამოცლილი ჩაესვენა  სავარძელში, აფორიაქებულმა  ქალიქსთამ იატაკიდან  ზეწრების აღება დაიწყო, რომელსაც გაწვიმებამდე კერავდა.

– თუ ასე გაგრძელდება, dieu sait if the levees goin' to stan it![1]  წამოიძახა ქალმა.

 – როგორ აპირებ ჯებირების გამაგრებას?! – იკითხა ალსიმ.

– საკმარისად გავამაგრე! მაგრამ ვშიშობ, თუ ბობინუ და ბიბი უკვე წამოვიდნენ მაღაზიიდან,  შტორმში მოჰყვებიან. 

– ვიმედოვნებ, ბობინუ მოიფიქრებს და ციკლონის ჩადგომის შემდეგ წამოვლენ.

ქალიქსთა შეწუხებული  იდგა ფანჯარასთან და ნესტიან ჩარჩოს ამშრალებდა, რომელიც შემხუთველად ცხელი იყო.  ალსი მიუახლოვდა ფანჯარას  და თვალი შეავლო ქალიქსთას მოხდენილ მხრებს. წვიმა მოდიოდა და ბუნდოვანს ხდიდა შორეული ქოხებისა და ნაცრისფერ ბურუსში გახვეული ტყეების ხედებს. ჭექა- ქუხილი არ წყდებოდა, მინდვრის ნაპირას მდგარ მსხლის მაღალ ხეს მეხი დაეცა. დამაბრმავებელი სიკაშკაშე ავსებდა ხილულ სივრცეს, გრუხუნი კი შეღწევას ლამობდა იმ ჯებირებამდე, რომელთა უკანაც ალსი და ქალიქსთა იდგნენ. ქალმა  ცრემლიან თვალებზე ხელი აიფარა და შებარბაცდა, ალსი დაუფიქრებლად მოეხვია და  მიიზიდა.

ქალი ხმამაღლა ტიროდა, ცდილობდა თავი დაეღწია კაცის მკლავებისგან და ფანჯარას მოშორდა.

 – ნეტავ სად არის ახლა ჩემი პატარა ბიბი!.. –  ქალიქსთა მღელვარებისგან ადგილს ვერ პოულობდა, ვერ წყნარდებოდა. ალსიმ  ხელები მხრებზე მოხვია და თვალებში ჩახედა.  მკლავებში მოქცეულმა ქალის  მხურვალე, აცახცახებულმა სხეულმა  სატრფიალო მოგონებები გაუღვიძა და მისი დაუფლების სურვილით აღივსო.

– ქალიქსთა, – მზრუნველი ხმით დაიწყო ალსიმ, – ნუ გეშინია, ცუდი არაფერი მოხდება. სახლი მეტისმეტად დაბალია საიმისოდ, რომ ჩამოინგრეს... თანაც, მაღალი ხეებითაა გარშემორტყმული...

– კიდევ არ დამშვიდდები, არა?! – ალსიმ ქალს სიმხურვალისგან ათრთოლებული სახიდან თმა გადაუწია. მისი ტუჩები ბროწეულის მარცვლებივით წითელი და ნამიანი იყო. ბროლივით ყელმა და სავსე, მკვრივმა მკერდმა ალსის ქალის წყურვილი გაუღვიძა. ქალიქსთა უყურებდა კაცს და მის ლურჯ, ცრემლიან თვალებში აღბეჭდილი შიში თანდათან იცვლებოდა მიძინებული ლტოლვით, რომელიც ამხელდა ქალის მგზნებარე, ვნებიანი ღალატის სურვილს  და... მათი ტუჩები შეერწყნენ. ამ მწველმა კოცნამ ალსის  Assumption-ი[2] გაახსენა.

 გახსოვს ესამფშენი, ქალიქსთა? – იკითხა კაცმა დაბალი, ვნებანარევი ხმით.

დიახ, ქალიქსთას ახსოვდა. ესამფშენში ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს გონის დაკარგვამდე. ქალიქსთასთვის ალსი უკან არასდროს დაიხევდა.  თუმცა ქალიქსთა არც მაშინ ყოფილა უმწიკვლო, იგი  იმ ვნებიან გოგოდ დარჩენილიყო, რომელსაც ქალური უმწეობა თავდაცვის იარაღად გამოეყენებინა და რომლის წინაშეც ალსი თავადაც უმწეო ხდებოდა...

ახლა კაცს  ქალიქსთას ტუჩები, მისი მომრგვალებული მხრები, თეთრი ყელი და სავსე მკერდი ელოდა...

მოვარდნილი ნიაღვარი და ჭექა- ქუხილის გრუხუნი ალსის მკლავებში მოქცეულ ქალს სიცილსაც კი გვრიდა. ქალი  ზმანებად ქცეულიყო იდუმალებით მოსილ ოთახში. ისეთივე თეთრ ზმანებად, როგორიც მისი საწოლი, რომელზეც იწვა. ქალის მოქნილ სხეულს თითქოს პირველად მისცეს დაბადების უფლება. რძისფერი შროშანივით უხმობდა  მზეს, რათა თავისი სუნთქვა და სურნელება ეფრქვია სამარადისო სიცოცხლისთვის.

ქალის მოჭარბებული, გულწრფელი ვნება  ავსებდა და გამოძახილს პოვებდა ალსის მგზნებარე, დაუცხრომელი ბუნების სიღრმეში.

როდესაც ალსი ქალის მკერდში ჩაეფლო, ძუძუები თრთოდნენ სიამისგან. ქალიქსთას ტუჩები სიტკბოების მჩქეფარე ნაკადულად ქცეულიყო და როდესაც კაცი ამ ნაკადულს დაეწაფა, წყვილმა თითქოს სიცოცხლის საიდუმლოს ზღვარზე დაკარგა გონი.

ალსი იწვა გაუნძრევლად, უღონოდ. ჩაქუჩივით უცემდა გული. ქალს ცალი ხელით მისი თავი მიეკრა მკერდზე, ტუჩებით ნაზად ეხებოდა მის შუბლს. მეორე ხელით  კი ალსის დაკუნთულ მხრებზე შემოეხვია.

ჭექა-ქუხილის გრუხუნი შეწყდა. წვიმა ნაზად წკაპუნებდა ყავრის სახურავზე და ბანგივით ათრობდა წყვილს.

აღარ წვიმდა. ზურმუხტისფრად  მბზინავ   სამყაროს მზე ძვირფასი ქვებისგან მოჭედილ სასახლეში აბრუნებდა. ქალიქსთა დერეფანში იდგა და მიმავალ ალსის გაჰყურებდა. კაცმა მოიხედა. გაცისკროვნებულ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ქალმა შეხედა და გადაიკისკისა.

შორიდან ბიბი და ბობინუ  გამოჩნდნენ. ღონემიხდილნი მოდიოდნენ... ავზთან შეჩერდნენ.

– ბიბი, დედა რას იტყვის?! არა გრცხვენია? ნახე, როგორ მიგიცხია ტალახი საყელოზე! ასეთი ბიჭი არასდროს მინახავს!

ბიბი დამჯერი ბიჭი იყო, ბობინუ კი მზრუნველი მამიკო. იგი ცდილობდა,  ატალახებულ გზაზე და სველ მინდორში ხეტიალისგან დატოვებული ტალახის კვალი გაეწმინდა ტანსაცმლიდან. ბიჭუნას შიშველი ფეხებიდან აშორებდა ღრმად ჩამჯდარ ტალახს და ასევე ფრთხილად შლიდა ტალახის კვალს თავისი ფეხსაცმლიდან.  

შემდეგ კი, თითქოს გამოცდისთვის ემზადებიანო, სისუფთავისა და წესრიგის მოყვარულ დიასახლისთან შესახვედრად ფრთხილად შევიდნენ უკანა კარიდან.

ქალიქსთა ვახშამს ამზადებდა, მაგიდა გაეწყო და ყავას ისხამდა ღუმელთან. ქმარ-შვილის დანახვაზე შეხტა.

– ოჰ, ბობინუ! დაბრუნდით? მე კი ისე ვღელავდი. სად იყავით წვიმის დროს? ბიბი დასველდა? ხომ არაფერი იტკინე?

ქალიქსთამ გულში ჩაიკრა  შვილი და დაუსრულებლად კოცნიდა. ერთი კოცნა ქმრისთვისაც გაიმეტა. ცოლის კოცნამ, რომელიც  მათი დაბრუნებით მოგვრილ სიამოვნებას გამოხატავდა,  ბობინუს დაავიწყა დიდი ხნის ნაფიქრი ახსნა-განმარტებები...

  კრევეტები მოგიტანე!.. – ქურთუკის ფართო ჯიბიდან კონსერვი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

  ჩემი საყვარელი კრევეტები! ბობინუ, რა კარგი ხარ! – ქალის ალერსიანი კოცნა ნიკაპზე მინიშნება იყო, – J'vous rponds,[3] ამაღამ უფრო ბევრს გაკოცებ...

სამივენი მაგიდასთან ისხდნენ, ხალისობდნენ და ისე ხარხარებდნენ, ყველას შეეძლო მათი ხმის გაგონება, მათ შორის უკვე შორს მყოფ ალსი ლაბალიერსაც...  

იმ ღამეს, ალსი ლაბალიერმა თავის ცოლს, კლარისს სასიყვარულო წერილი მისწერა. წერდა, რომ თუ მას და ბავშვებს მოსწონდათ ბილოქსში ყოფნა, არ ეჩქარათ წამოსვლა და კიდევ ერთი თვით  დარჩენილიყვნენ. თვითონ კარგად იყო,  თუმცა ძალიან ენატრებოდა ისინი. მაგრამ მიუხედავად დიდი მონატრებისა, იგი ცოტა ხანს კიდევ აიტანდა განშორებას, რადგან მიაჩნდა, რომა მათი კეთილდღეობა და  სიამოვნება ყველაფერზე მნიშვნელოვანი  იყო.

კლარისი ქმრის წერილს გაეხარებინა. ის და ბავშვები მშვენივრად გრძნობდნენ თავს. საზოგადოებაც მისაღები იყო მისთვის, რადგან მისი მეგობრები და ნაცნობებიც იმავე ხეობაში ისვენებდნენ. კლარისს, ქორწინების შემდეგ პირველმა „დამოუკიდებელმა“ ამოსუნთქვამ გონებაში აღუდგინა ქალიშვილობის დღეების საამო თავისუფლება.  იგი, ქმრისა  და ცოლქმრული ცხოვრების ერთგული იყო და ერთი წამითაც არ ფიქრობდა ამის დავიწყებას.

შტორმი ჩადგა. და ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს...

თარგმნა ხატია კარელიძემ

 

 

 

 



[1] Dieu sait if the levees goin' to stan it (ფრანგ.) –  ჯებირებმა შეიძლება ვერ გაუძლოს.

[2] Assumption  ნაწარმოებში მოხსენიებულია  როგორც პატარა ქალაქი, სადაც ალსიმ და ქალიქსთამ პირველად აკოცეს ერთმანეთს. ნაწარმოებში ქალაქის სახელს რელიგიური დატვირთვაც აქვს და უკავშირდება პირველ სიყვარულსა და უმანკოებას.

[3]  J'vous rponds (ფრანგ.) – სანაცვლოდ მეც გიპასუხებ.





კომენტარი