თორმეტი მოცეკვავე პრინცესა
06/15/2018 22:54:32
   ავტორი : თეა დოლიძე.

თორმეტი  მოცეკვავე პრინცესა

 ზღაპარი

 თარგმანი შესრულებულია ლიკა ლატარიასთან ერთად 

                     ერთ მეფეს თორმეტი  ერთიმეორეზე მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა. პრინცესებს დიდი, მდიდრული საძინებელი ჰქონდათ თორმეტი უძვირფასესი ტახტით. საღამოობით, როცა დასაძინებლად  მიდიოდნენ,  მეფე თავად აცილებდა ქალიშვილებს, საძინებელში შეუძღვებოდა, დაემშვიდობებოდა და მერე კარს საგულდაგულოდ გასაღებით კეტავდა. მაგრამ  გასაოცარი ის იყო, რომ ყოველ დილით პრინცესები ახალ ფეხსაცმელებს ითხოვდნენ. კართან ისეთი გაცვეთილი ფეხსაცმელი ეყარა, თითქოს  ქალიშვილები მთელი ღამე ცეკვავდნენ. სასახლეში განცვიფრებას ვერ მალავდნენ, ვერც ვერავის ამოეხსნა, რა ხდებოდა.

                    მეფემ  მთელ სამეფოში გასცა ბრძანება, რომ თუკი გამოჩდებოდა ვინმე, ვინც  იპოვიდა იმ საიდუმლო ადგილს, სადაც მისი ასულები ცეკვავდნენ, თავის ერთ-ერთ ქალს ცოლადაც გააყოლებდა და მისი ტახტის მემკვიდრედაც სწორედ მას აირჩევდა. მოხალისეს გამოსაცდელად სამ დღეს მისცემდა, მაგრამ თუ სამ დღეში ვერაფერს შეიტყობდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

                  პირველი გამბედავი პრინციც გამოჩნდა, რომელიც მეფის  ასულების საძინებლის გვერდით ოთახში დააბინავეს, რათა უფრო იოლად ედევნებინა თვალ-ყური ყველაფრისთვის, – გაეგო, სად მიიპარებოდნენ პრინცესები საცეკვაოდ. მხედველობიდან რომ არაფერი გამორჩენოდა, ქალების საძინებლის კარი აღარც დაუკეტავთ. პრინცი ერთხანს თვალს არ აშორებდა პრინცესების საძინებლის იდუმალებით მოცულ კარს, მაგრამ მალევე არხეინად ჩაეძინა. როცა დილით თვალი გაახილა, მიხვდა, რომ მეფის ასულები მთელი ღამე თავდავიწყებით ცეკვავდნენ, რადგან კართან მიყრილი ყველა ფეხსაცმლის ლანჩა გაცვეთილიყო. ასევე  განმეორდა მეორე და მესამე ღამესაც. ამრიგად, მეფემ პრინცი დაპირებისამებრ სიკვდილით დასაჯა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ რამდენიმე პრინცსაც იგივე ბედი ეწია.

                  მოხდა ისე, რომ ერთი ღარიბი, მაგრამ მამაცი ჯარისკაცი ომში დაეჭრათ და შინ ჭრილობების მოსაშუშებლად გამოეშვათ. ჯარისკაცს სატახტო ქალაქი უნდა გაევლო. გზად დიდსა თუ პატარას მეფისა და მისი თორმეტი მოცეკვავე ასულის ამბავი ეკერა პირზე, რომელთა საიდუმლო ვერავის ამოეცნო. მეფე კი დაუნდობლად ხოცავდა მისი ტახტის  მაძიებელ პრინცებს.

                 დაჭრილი ჯარისკაცი გზად ერთ  კეთილ ჯადოქარს გადაეყარა, რომელსაც მისი გმირობისა და დაჭრის ამბავიც გაეგო.

                –   საით გაგიწევია, გულადო მეომარო? – ჰკითხა ჯადოქარმა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ჯარისკაცის სოფელი მტერს გაენადგურებინა და უსახლკაროდ დარჩენილიყო.

               – ეეჰ, კეთილო მოხუცო, მე თვითოანაც არ ვიცი, საით მივდივარ!.. ბედი რომ მქონდეს, მეფეს ვეახლებოდი, მისი მშვენიერი ასულების ღამღამობით სასახლიდან გადაკარგვის ამბავსაც გავარკვევდი და ვინ იცის, იქნებ არა მხოლოდ მეფის ასულის სიყვარული მეპოვა, არამედ სამეფო ტახტიც ზედ მიმეყოლებინაო!.. – სევდიანად იხუმრა ჯარისკაცმა და ახალმოშუშებულ ჭრილობაზე ზედ გულთან ახლოს მიიდო ხელი.

               მოხუცმა კეთილმა ჯადოქარმა, ჯარისკაცს ჭრილობაზე უებარი მალამო წაუსვა, მერე კი უთხრა, შენ ისეთი თავდადებით ებრძოდი ჩვენი ქვეყნის მტერს, რომ ბედნიერებას იმსახურებ, იქნებ ბედი შენც გეცადაო.

                ჯარისკაცს მისი რჩევა ჭკუაში დაუჯდა, და მოხუცმაც ურჩია, – როცა ქალების თვალყურს დაიწყებდა, ფხიზლად ყოფილიყო. არც პრინცესების მიერ მოწოდებული ღვინო დაელია, მერე კი თავი მოეჩვენებინა, თითქოს  ღრმად ეძინა...

                გამომშვიდობებისას მოხუცმა ქალმა დაჭრილ ჯარისკაცს უჩინმაჩინის  მოსასხამიც მისცა,  რომ შეუმჩნევლად  უკან გაჰყოლოდა მოცეკვავე პრინცესებს. ჯარისკაცმა მადლიერებით ჩაიხუტა გულში კეთილი ჯადოქარი, კიდევ ერთხელ ყურადებით მოუსმინა მის რჩევა-დარიგებას და საღამოხანს მეფესაც ეახლა: – მართალია, ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარ, მაგრამ სიმამაცით არც ერთ პრინცს არ ჩამოვუვარდები და თუ თქვენი სურვილიც იქნება, მეც მინდა ბედი ვცადოო.

                 მამაცი ჯარისკაცი სასახლეში სხვებივით  მიიღეს,  თუმცა კი შეეცოდათ, ამასაც მძინარა პრინცებივით სიკვდილით დასჯა მოელისო, მაგრამ სამეფო ტანსაცმლით მაინც შემოსეს და პრინცესების საძინებელს დარაჯად დაუყენეს.

                 როცა დაღამდა, ჯარისკაცი ტახტზე მიწვა და მეფის ასულთა საძინებლის კარს მიაპყრო თვალი. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს დაძინებას აპირებდა. ამ დროს კარი ფრთხილად გაიღო და უფროსი პრინცესა ბოკალი ღვინით ხელში თავადვე მიეახლა მცველს, დალიე, სიმხნევეს მოგმატებსო.

                 ფრთხილმა ჯარისკაცმა პრინცესას ეშმაკურად შეავლო თვალი. ქალმა დაიმორცხვა. ამასობაში ახალმა მცველმა ბოკალიდან ღვინო მოხერხებულად ჩაღვარა ნიკაპზე დამაგრებულ ღრუბელში ისე,  რომ ერთი წვეთიც არ დაულევია და ვერც პრინცესა მიუხვდა. თავაზიანად გადაუხადა მადლობა მეფის ასულს გემრიელი ღვინისთვის, შემდეგ დაწვა და მალე  ხვრინვაც ამოუშვა, თითქოსდა ღრმა ძილში იყო. როდესაც პრინცესები დარწმუნდნენ, ჩვენმა ბანგგარეულმა ღვინომ ჯარისკაცი ისე დააძინა, დილამდე ფეხს არ გაანძრევსო, საძინებლიდან გამოეფინენ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ,  ხომ მართლა დაიძინაო. ჯარისკაცის დარდი ვიღას ჰქონდა. მხოლოდ ყველაზე უფროსმა პრინცესამ დახედა სევდიანად დაძინებულ მცველს და დანანებით ჩაილაპარაკა: – He could have spared his life as well! –  ესეც  ვერ გადარჩებაო!..

                სულ მალე მეფის ასულებმა კარადები გამოაღეს, გამოიტანეს ულამაზესი და უძვირფასესი სამეჯლისო კაბები და ულამაზესი სარკის წინ საუცხოოდ გამოიპრანჭნენ ცეკვის მოლოდინში. 

მხოლოდ უმცროსი პრინცესა შეშინდა: – კი გვიხარია, რომ ახალი მცველიც დავაძინეთ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობსო.

– რა გულუბრყვილო ხარ, – გამოეპასუხა უფროსი პრინცესა, – თან მშიშარაც.  ვერ ნახე, რამდენი პრინცი გვითვალთვალებდა ტყუილუბრალოდ? თუმცა კი მე ეს ჯარისკაცი ძალიან მეცოდება სასიკვდილოდო.

სადღესასწაულოდ მორთული პრინცესები საძინებლიდან გამოეფინენ. ერთხელ კიდევ დახედეს მძინარე ჯარისკაცს, ერთხელ კიდევ დარწმუნდნენ, რომ ღრმად ეძინა და ჩათვალეს, რომ უსაფრთხოდ იყვნენ.  უკვე დროაო, ერთხმად წამოიძახეს და მძინარე ჯარისკაცის გასაოცრად ისევ საძინებელში შებრუნდნენ. ჯარისკაცი სმენად ქცეულიყო და ცალ თვალს ფრთხილად აპარებდა ღია კარისკენ. უფროსი პრინცესა მივიდა თავის საწოლთან და ტაში შემოჰკრა. მოულოდნელად საწოლი თავისით გადაიწია და საიდუმლო კარიც გაიღო. ჯარისკაცმა დაინახა თუ როგორ გადიოდნენ პრინცესები ერთმანეთის მიყოლებით საიდუმლო კარიდან. უფროსი წინ მიუძღოდათ. დასაკარგი დრო არ ჰქონდა. წამოდგა, მოსასახამი მოირგო, რომელიც კეთილმა ჯადოქარმა მისცა  და უკან უჩინრად მიჰყვა პრინცესებს. ნახევარი გზა არც ექნებოდა გავლილი, რომ  უმცროსმა ქალმა შეჰყვირა, – რაღაც მთლად რიგზე ვერ არის, მგონი ჩემს კაბას უხილავმა ძალამ ფეხი დაადგაო. პრინცესები შეშინდნენ, აქეთ-იქით დაიწყეს ცქერა, მაგრამ აბა, რას დაინახავდნენ. უფროსმა დამ დაამშვიდა ნაბოლარა, – ნუ სულელობ, აქ არაფერია, გარდა ძველი ლურსმნისაო...

მალე პრინცესები ულამაზეს,  ჯადოსნურ ტყეში აღმოჩდნენ.  ხეებზე ვერცხლის ფოთლები კაშკაშებდნენ და ბრწყინავდნენ. ჯარისკაცმა  ერთი პატარა ტოტი მოტეხა და მთელი ტყეც ახმაურდა. უმცროსმა ქალიშვილმა კვლავ წამოიყვირა, დარწმუნებული ვარ, აქაც ვერ არის ყველაფერი რიგზე, დავიჯერო, ხმაური ვერ გაიგეთო?  თან სხვა დროს აქ ხომ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო! მაგრამ უფროსმა დამ მშვიდად წარმოთქვა: – ნურაფრის გეშინია, პატარავ, ჩვენი პრინცები არიან, რომლებიც სიხარულისგან ხმაურობენ.

სულ მალე მეორე ტყეს მიადგნენ, სადაც ყველა ფოთოლი ოქროსი იყო. ჯარისკაცმა  აქაც ჩამოამტვრია პატარა ტოტი და მესამე ტყეშიც, რომელშიც ყველა ფოთოლი ალმასისა იყო. ხმაურზე ნაბოლარა პრინცესა ორივეჯერ ისევ შიშით აკანკალდა, მაგრამ უფროსმა ამჯერადაც დააწყნარა, რამ დაგაფრთხო, ეს ხომ ჩვენი კავალერი პრინცები ხმაურობენ, ჩვენი მოსვლა უხარიათო.

ამასობაში ერთ ტბას მიადგნენ. ნაპირთან თორმეტი პატარა ნავი იდგა თორმეტ მდიდრულად აღკაზმულ პრინცთან ერთად, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ულამაზეს პრინცესებს.

პირველი უფროსი პრინცესა  მოკალათდა ერთ-ერთი პრინცის ნავში და ჯარისკაციც ამ ნავშივე ჩახტა უჩუმრად. როცა პრინცმა ნიჩბები მოუსვა, გაოცებულმა წამოიძახა, – არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე სწრაფად ვერ  მივცურავთ, როგორც ადრე, თუმცა კი ნიჩბებს ჩვეულებრივად მთელი ძალით ვუსვამო. ეტყობა, ოდნავ დავიღალე, დღეს ნავი ძალიან მძიმე ჩანსო...  

– არა უშავს, ალბათ სიცხის ბრალია, – ხალისიანად უთხრა პრინცესამ და დაუმატა, – მეც ძალიან მცხელაო.

ტბის მეორე მხარეს გამოჩნდა გაჩირაღდნებული სასახლე, საიდანაც საყვირებისა  და სადღესასწაულო საცეკვაო მუსიკის ხმა გამოდიოდა. ნავიდან გადმოსული წყვილები სასახლეში მხიარულად შეცვივდნენ და ცეკვა გააჩაღეს. ყველა პრინცი თავის რჩეულ პრინცესასთან ცეკვავდა. მათთან ერთად ცეკვავდა უჩინრად ქცეული ჯარისკაციც. და როდესაც  დაღლილმა პრინცესებმა გასამხნევებლად თითო ჭიქა ღვინის დალევა დააპირეს ოქროს ფინჯნებით, ჯარისკაცს გულმა არ მოუთმინა და სულმოუთქმელად მიირთვა გემრიელი ღვინო. ნაბოლარა პრინცესამ კი ოქროს ფინჯანი პირთან რომ მიიტანა, იგი ცარიელი აღმოჩდა. ქალიშვილი საშინლად შეშინდა, მაგრამ უფროსმა დამ კვლავ დააწყნარა და თავისი ფინჯნიდან გაუყო ღვინო. მერე ისევ თავდავიწყებით ცეკვავდნენ გამთენიის სამ საათამდე. და როცა ფეხსაცმელი ყველას ლამის შემოაცვდა,  მხიარულად აკისკისდნენ და სასწრაფოდ უკან გამობრუნდნენ. პრინცებმა სასახლიდან იმავე გზით დააბრუნეს ქალიშვილები და ტბის ნაპირას თავაზიანად  გამოემშვიდობდნენ. პრინცესები დაჰპირდნენ, რომ კვლავ მივიდოდნენ საცეკვაოდ.

ჯარისკაცი ნავიდან უჩუმრად გადმოსვლისთანავე პრინცესებს აღარ დაელოდა და სირბილით გაუსწრო წინ, მეფის სასახლეშიც უჩუმრად შეიპარა და 12 დის  საძინებლის წინ თავისი სამყოფელი დაიკავა. როცა  თორმეტივე დაბრუნდა დაღლილი, ჯარისკაცს მართლა ღრმად ეძინა. ახლა კი ყველაფერი რიგზეაო, – გაიხარეს, მერე საცეკვაო კაბები გაიხადეს, ლანჩებგაცვეთილი ფეხსაცმლები კართან მიყარეს და დაღლილებს დაწოლისთანავე ჩაეძინათ.

დილით, ჯარისკაცს არავისთვის არაფერი უთქვამს მომხდარის შესახებ, მაგრამ რადგან კიდევ ორი დღე ჰქონდა გამოსაცდელად და თანაც თავგადასავლების მაძიებელიც გახლდათ, მეორეჯერ და მესამეჯერაც გაჰყვა პრინცესებს. ყველაფერმა  ისე ჩაიარა, როგორც პირველ დღეს. პრინცესები მანამ ცეკვავდნენ, სანამ ფეხსაცმელები დაეფლითებოდათ და კვლავ უკან ბრუნდებოდნენ. თუმცა, მესამე ღამეს ჯარისკაცმა ხეების ტოტებს ერთი ოქროს ფინჯანიც დაუმატა იმის უტყუარ ნიშნად, რომ პრინცესების საცეკვაო მეჯლისის მონაწილე იყო.

როგორც კი დათქმული დრო მოვიდა ანგარიშის ჩაბარებისა და 12 პრინცესის საიდუმლოს გამოაშკარავებისა, მოხერხებული ჯარისკაცი მეფეს ეახლა. თორმეტივე პრინცესასაც სამეფო დარბაზის კართან მოეყარა თავი და გაფაციცებით უსმენდნენ, რას იტყოდა მათი მცველი ჯარისკაცი, რომელიც ახლა თითოეულს ებრალებოდა, რადგან იცოდნენ, რომ მეფე არ დაინდობდა და მასაც სიკვდილით დასჯიდა.

და როცა მეფემ ჰკითხა, – აბა, მამაცო ჯარისკაცო, რას მეტყვი, სად დადიან ღამღამობით ჩემი ქალებიო, – ჯარისკაცი ამაყად გასწორდა მხრებში და ხმამაღლა, მთელი სასახლის გასაგონად უპასუხა, – ჩვენი პრინცესები ღამღამობით უცხო მიწიქვეშა სასახლეში ცეკვავენ თორმეტ პრინცთან ერთადო!

განცვიფრებულ მეფეს მამაცმა ჯარისკაცმა ყველაფერი უამბო. თან აჩვენა ვერცხლის, ოქროსა და ალმასისფოთლებიანი ხის ტოტები და ოქროს ფინჯანი.  მეფემ მაშინვე უხმო პრინცესებს და სათითაოდ გამოჰკითხა, მართალს ამბობდა თუ არა ჯარისკაცი.

რადგან ყველაფერი აშკარა იყო, პრინცესებმაც სიმართლე აღიარეს...

და როცა დანაპირების ასრულების დრო დადგა, მეფემ ჰკითხა მის სასიძოდ ქცეულ მამაც ჯარისკაცს, რომელ ქალიშვილს ამოირჩევდა ცოლად. ჯარისკაცს კი თავიდანვე თვალი უფროს პრინცესაზე დაედგა, თან  მეფეს ისიც უთხრა, ასაკითაც უფროსი შემეფერება,  საუკეთესო წლები ომში გავლიე და არც მთლად ახალგაზრდა ვარო.

ასე იქორწინა უბრალო, მაგრამ მამაცმა და გაბედულმა ჯარისკაცმა მომხიბვლელ პრინცესაზე და წყვილიც სამეფო კარის მემკვიდრედ იქცა.

 

 

 





კომენტარი