ვირჯინია ვულფის 'მემკვიდრეობა'
06/13/2018 21:46:37
   ავტორი : მარიამ გაგელიძე.

Virginia_Woolf

ადელაინ ვირჯინია ვულფი, ქალიშვილობის გვარი სტეფენი (1882-1941)  – ინგლისელი მწერალი და ესეისტი XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის სახელგანთქმული წარმომადგენელია.

დაიბადა ლონდონში, მწერლისა და კრიტიკოსის ლესლი სტეფენისა და ჯული ჯექსონის ოჯახში. 13 წლისას დედა გარდაეცვალა, მანამდე კი მისი გაუპატიურება სცადეს. ამ ყველაფერმა ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანა და მამაკაცისადმი შიში მთელი ცხოვრება ტანჯავდა. უნივერსიტეტში არ უსწავლია, მაგრამ საფუძვლიანი განათლება მიიღო. 1905 წლიდან „თაიმსის“ ლიტერატურულ დამატებაში დაიწყო წერა და აქედან მოყოლებული, კალამი არ დაუდია.

1912 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებულ ლეონარდ ვულფზე იქორწინა, მაგრამ წყვილი უფრო მეგობრები იყვნენ,  ვიდრე მეუღლეები. მათ ერთად დააარსეს გამომცემლობა ჰოგარტ პრესი“, სადაც ვირჯინიას რომანები იბეჭდებოდა.

1922 წელს ვიტა სეკვილ-უესტი შეუყვარდა და მათი ურთიერთობა 20 წელიწადს გაგრძელდა.

არაერთი ახლობლის სიკვდილს, ფსიქიკურ აშლილობას, დეპრესიასა და გამუდმებულ შიშს გერმანული ბომბდამშენის მიერ მიწასთან გასწორებული ვულფების სახლიც დაემატა. წყვილი სასექსის საგრაფოში გადავიდა. ლეონარდ ვულფი ებრაელი იყო და ყოველ წუთს საფრთხე ელოდათ. ვირჯინიამ ამჯერად ვეღარ გაუძლო და მდინარე უზში  დაიხრჩო თავი.

ვირჯინია ვულფი XX საუკუნის ერთ-ერთი ახალი მხატვრული ხერხის, ცნობიერების ნაკადისსაუკეთესო ოსტატია, რომლის საშუალებითაც მწერალმა ადამიანის შინაგანი სამყაროს უფრო ღრმა და დაწვრილებითი აღწერა შეძლო, ვიდრე ეს ხერხდებოდა ტრადიციული ლიტერატურული საშუალებებით. 


მემკვიდრეობა

თარგმანი შესრულებულია ეკატერინე ჯოხაძესთან ერთად

სისი მიშტერებოდა იმ მაგიდას, სადაც საბეჭდი მანქანა იდგა და დღიური იდო. ნჯელაზე მოგონებებში გართულმა ნაუცბაევად ვერც კი უპასუხა  გილბერტს, სჭირდებოდა თუ არა დახმარება. ამიტომ კაცმა ხელახლა გაუმეორა:

რას გეგმავთ, მის მილერ?

ჩემი გეგმები? ოჰ, ყველაფერი კარგადაა, მისტერ კლენდონ! – წამოიძახა ქალმა, ჩემზე ნუ იდარდებთ.

ალბათ ის იგულისხმა, რომ ფინანსური დახმარება არ სჭირდება.  სჯობს, ამის შესახებ მივწერო“, – გაიფიქრა გილბერტმა.

ახლა რისი გაკეთებაც შეეძლო, ის იყო,  რომ ქალს ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა და უთხრ:

 დაიმახსოვრეთ, მის მილერ!  ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ ჩემი დახმარების იმედი, და კარი გააღო.

ზღურბლზე მდგარი ქალი ერთხანს შეჩერდა.

მისტერ კლენდონ, – თქვა და პირველად ჩახედა თვალებში.

კაცი ამგვარმა მიმართვამ ცოტა დააბნია. ქალის თვალებში თანაგრძნობა იკითხებოდა.

თუკი ოდესმე დაგჭირდეთ ჩემი დახმარება, თქვენი მეუღლის გამო დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას, – უთხრ  ქალმა და წავიდა. ძალიან მოულოდნელი იყო მისი სიტყვები. თითქოს  მართლაც სჭირდებოდა გილბერტს დახმარება.

როდესაც თავის სავარძელს დაუბრუნდა, მოულოდნელმა ფიქრმა გაუელვა. ნუთუ მთელი ამ დროის განმავლობაში, პოეტურად თუ ვიტყვით, ამ ქალს მის მიმართ ვნება ჰქონდა?

კაცმა სარკეშ საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი. 50 წელს  გადაცილებულის კვალობაზე, უნდა აღიაროს, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

საწყალი სისი მილერი, – ნახევრად სიცილით წამოიძახა და ცოლი ინატრა, რათა ერთად ეხალისათ  ამ ამბავზე. შემდგომ ინსტიქტურად ერთ დღიურს მიუბრუნდა.

გილბერტი! – რა კარგად ჟღერს, –   ეს სიტყვები თითქოს მის შეკითხვას პასუხობდა.

ფაქტია, ამით სურდა ეთქვა,რომ მისი მეუღლე ქალთა სქესისთვის საკმაოდ მიმზიდველი იყო. და რომ ამას სისი მილერიც მშვენივრად გრძნობდა.

კითხვა განაგრძო: მე ვამაყობ, რომ მისი ცოლი ვარ!“

თვითონაც ხომ ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ მისი ქმარი იყო. ბევრჯერ, როდესაც სადმე სადილობნენ, თვალი შეუვლია სტუმრებისთვის და უფიქრია, რომ მისი ცოლი იქ ყველაზე ლამაზი იყო.

კვლავ განაგრძო კითხვა.

პირველ წელიწად გი კენჭს იყრიდა პარლამენტში , მაგრამ ამომრჩევლების ხმები სხვებმა წაართვეს.

როდესაც გილბერტი დაჯდა, აპლოდისმენტებით დააჯილდოეს იგი.

მთელი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და შესძახა: ის ძალიან სანდომიანი ჭაბუკია! და მე ამით უკვე გამარჯვებული ვიყავი".

კაცს ახსოვდა ეს ყველაფერი. გი ტრიბუნასთან იჯდა  ნჯელასთან ახლოს. მას ახლაც ახსოვდა  მეუღლის  მზერა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

შემდეგ?.. გადაფურცლა.

ისინი ვენეციაში იყვნენ, შესანიშნავი არდადგები მოიწყვეს არჩევნების მერე. ფლორიანის ნაყინიც მიირთვეს. კაცს გაეღიმა. ენჯელა ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ნაყინიც უყვარდა...

გილბერტმა საინტერესო ისტორია მიამბო ვენეციის შესახებ, მითხრა, რომ დოჟები...

მას ეს ყველაფერი მოსწავლე გოგონას ხელით ჩაეწერა. ელასთან ერთად მოგზაურობა მისთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო. სისი მუდამ სწავლობდა მისგან რაღაც ახალს. მართალია, ცოდნით თავს ვერ მოიწონებდა, ამას თავადაც აღიარებდა, მაგრამ ეს მისი ერთ-ერთი ხიბლი იყო.

კაცმა სხვა რვეული გადაშალა:

ისინი ლონდონში დაბრუნდნენ.

ვშიშობდი. მსურდა საუკეთესო შთაბეჭდილება მომეხდინა, საქორწინო კაბა მეცვა. კაცს ახსოვდა. მშვენიერი ენჯელა მოხუცი სერ ედვარდის გვერდით იჯდა. შეძლო და ამ მრისხანე კაცის გული დაიპყრო.

სწრფად კითხულობდა.  ნაწყვეტ-ნაწყვეტ იხსენებდა იმ სცენის დეტალებს.

ვისადილეთ თემთა პატალაში. საღამოს წვეულებაზე ვიყავით ლავერგრუვებთან. შემდეგ ლედი - ჰკითხა, რამდენად ითავისებდ გილბერტის მეუღლის პასუხისმგებლობას. წლები  გავიდა...

გილბერტმა ახლა სხვა რვეული აიღო.

ქალი მეტწილად მაინც მარტო იყო.

ძალიან ტანჯავდა ის ფაქტი, რომ შვილები არ ჰყავდათ.

როგორ მინდა, გილბერტს ვაჟი ჰყავდეს, ეწერა ერთგან. მიუხედავად ამისა, თავად გილბერტი ამას დიდად არ განიცდიდა, მაინც სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. იმ წელიწადს პარლამენტში მცირე თანამდებობა მიიღო. პოსტი დიდი არ იყო, მაგრამ, ქალი ამაყად წერდა: მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გილბერტი მალე პრემიერ-მინისტრი გახდება“.

თუ საქმე სხვანაირად წავიდოდა, შესაძლოა ასეც მომხდარიყო. გილბერტი გაჩერდა... წარმოიდგინა, ასე რომ ყოფილიყო... პოლიტიკა ხომ აზარტული თამაშივითაა, – გაიფიქრა, მაგრამ თამაში  ჯერ არ დამთავრებულა!.. ის ხომ მაშინ ჯერ ორმოცდაათისაც არ იყო. თვალი სხვა გვერდებსაც გადაავლო, რომლებიც სავსე იყო პატარა წვრილმანებით. ბედნიერი ყოველდღიური წვრილმანებით, ყველაფერ იმით, რაც კი მათ ცხოვრებას შეადგენდა.

კაცმა ისევ სხვა რვეული აიღო და გადაშალა: „რა მშიშარა ვარ, – ამაზე ხშირად ვფიქრობ, – მე კვლავაც გავუშვი შანსი. მას ისედაც ბევრი საფიქრალი აქვს. ეგოისტურად ხომ არ გამომივა, საკუთარი შიშით რომ შევაწუხო?  ჩვენ ხომ იშვიათად ვატარებთ საღამოებს ერთად“.

რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?

ოჰ, აქ იყო იმ ყველაფრის ასხნა, რაც  ეხებოდა მის სამსახურსა და ისთ ენდს. 

„და აი, საბოლოოდ ვუთხარი გილბერტს, რომ ის იყო ძალიან კარგი, ძალიან კეთილი... არც კი შემეკამათა“.

კარგად ახსოვდა ეს საუბარი. ენჯელა ხომ უსულგულოდ, უმოქმედოდ მიიჩნევდა თავის თავს. სურდა სადმე ემუშავა, რამე ეკეთებინა...  კაცს გაახსენდა, როგორ გაწითლდა საუბრისას. ძალიან უნდოდა, რაღაც ეკეთებინა. თუნდაც სხვებს დახმარებოდა.

კაცმა უწყინრად იხუმრა კიდეც. ნუთუ ჩემზე მზრუნველობა საქმე არ არისო? კარგად გამხიარულდა მაშინ, საწინააღმდეგოც არაფერი ჰქონდა. 

რა იყო ეს? რაიონი? კომიტეტი? მაგრამ მას აუცილებელი პირობა უნდა დაედო, რომ მუშაობით  თავს ავად არ გაიხდიდა. ჩანს, ყოველ ოთხშაბათს უაითჩეპლში მიდიოდა. მოაგონდა, როგორ ეზიზღებოდა ის ტანსაცმელი, რომელსაც ენჯელა იქ წასვლისას იცვამდა, მაგრამ  იგი  „სამუშაოს“ ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა...

დღიური სავსე იყო პაწია ჩანაწერებით: „ვინახულე მისტერ ჯონსის ოჯახი, 10 შვილი ჰყავთ... ქმარმა ავარიაში ცალი ხელი დაკარგა... ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ლილისთვის სამსახური მეპოვა“. გილბერტი ნაწერებს გადაახტა. თავისი სახელი ისე ხშირად აღარ შეხვედრია. პატარა, უშინაარსო ნაწყვეტები იყო, რომელთაც ვერაფერს უგებდა. „ცხარე კამათი მომივიდა სოციალიზმზე  ბ. მ-სთან“.

ვინ იყო ეს კაცი? ინიციალები ვერ დააბოლოვა, მხოლოდ ივარაუდა, რომ ეს ის კაცი იქნებოდა, მისი ცოლი სხდომებზე რომ ხვდებოდა. 

„ბ. მ. მკაცრად დაუპირისპირდა მაღალ წრეებს. შეხვედრის შემდეგ გავისეირნე მასთან ერთად და შევეცადე გადამერწმუნებინა, რომ ცდებოდა, მაგრამ საკმაოდ თავდაჯერებულია“.  

ესე იგი, ბ. მ. მამაკაცი იყო. ალბათ ერთ-ერთი ინტელექტუალი, როგორც ასეთები საკუთარ თავს უწოდებენ და მისი ცოლის აზრით, ძლიერი, მაგრამ თვითდაჯერებული... სადილადაც კი მოუწვევია. 

„მან მინისთან ერთად ხელი ჩამომართვა“.

კაცმა ახლა სულ სხვა სურათი წარმოიდგინა. 

როგორც ჩანდა, ეს ვიღაც ბი ემი მოსამსახურეებთან ურთიერთობას ჩვეული არ ყოფილა.

მან ხელი ჩამოართვა მინის. 

სავარაუდოდ, იგი მამაკაცების იმ კატეგორიას ეკუთვნოდა რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს ქალებთან ერთად, მისაღებ ოთახში ანიავებენ. გილბერტმა კარგად იცოდა ამ ტიპის მამაკაცების შესახებ და ამ კონკრეტული პირის მიმართაც არანაირ სიმპათიას არ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, ვინც უნდა ყოფილიყო ბ.მ.

და აი, კვლავ: 

წავედი ბ.მ-სთან ერთად ლონდონთაუერში. თქვა, რომ რევოლუცია ახლოვდებოდა...  რომ ჩვენ „სულელთა სამოთხეში“ ვცხოვრობთ.

გასაგებია, ენჯელა დადებითად იყო განწყობილი ბ. მ-ის მიმართ. გილბერტს კარგად ესმოდა მისი.

გილბერტმა საკმაოდ მკაფიოდ წარმოიდგინა იგი – ჯმუხი, პატარა კაცი, უხეში წვერით, წითელი ჰალსტუხით, ტვიდის ტანსაცმელში. სწორედ ასეთი სტილის მამაკაცები არიან ისინი. ნუთუ ენჯელას ნამდვილად მოსწონდა მასთან შეხვედრა? კითხვა გააგრძელა: ბ. მ-მ უსიამოვნო საკითხებზე ილაპარაკა... – აქ ვიღაცის სახელი გულდასმით იყო ამოშლილი...

„მე ვუთხარი კიდეც, რომ ამ სისულელეებს აღარ მოვისმენდი“.  აქაც ამოშლილი იყო.

ნუთუ აქ მისი საკუთარი სახელი ეწერა? ნუთუ ენჯელამაც სწორედ იმ დროს დახურა რვეული, როდესაც გილბერტი შემოვიდა?  კიდევ უფრო მეტად შესძულდა ბ. მ. ნუთუ იმ უტაქტო კაცზე სწორედაც ამ ოთახში მსჯელობდა? 

რატომ არასდროს არაფერი უთხრა ენჯელამ? ის ხომ არასდროს არაფერს უმალავდა და ყოველთვის გულწრფელი იყო? 

ახლა გილბერტი მხოლოდ იმ ფურცლებს შლიდა, სადაც ბ. მ-ზე ეწერა. 

ბ. მ-მა მომითხრო საკუთარი ბავშვობის შესახებ. დედამისი დღიურ სამუშაოს ასრულებდა. როდესაც ამას ვუფიქრდები, მიჭირს ფუფუნებაში ცხოვრება. 3 გინეა ერთ ქუდში! 

ხომ შესაძლებელი იყო, ქალს ეს ამბები ქმართან ერთად განეხილა? 

ამის ნაცვლად კი საცოდავი თავი გამოტენილი ჰქონდა ათასნაირი სისულელით. ბ. მ-მა მას წიგნები ათხოვა. კარლ მარქსი – მოახლოებული რევოლუცია. ინიციალები – ბ. მ.; ბ. მ. ხშირად მეორდება. მაგრამ რატომ არ წერდა ენჯელა მის სახელსა და გვარს სრულად? ეტყობა, ამ ინიციალებში რაღაც არაოფიციალური, ინტიმური გრძნობა იმალებოდა. ეს კი ძალიან, ძალიან უცნაური იყო. ნეტავ რას ეძახდა მას პირისპირ საუბრისას – ბ. მ-ს?

გილბერტმა განაგრძო:

„ბ. მ. მოულოდნელად მოვიდა სადილის შემდეგ. საბედნიეროდ, მარტო ვიყავი. ეს ერთი წლის წინ იყო“. 

საბედნიეროდ? რატომ საბედნიეროდ?

„მარტო ვიყავი“...

სად იყო გილბერტი იმ ღამით?

გილბერტმა სასწრაფოდ გადაამოწმა თარიღი უბის წიგნაკში. 

ეს იყო ერთი საღამოს სადილი  მენშნჰაუზში  და ბ. მ-მა და ენჯელამ საღამო ერთად გაატარეს. კაცი შეეცადა ეს საღამო გაეხსენებინა. 

ელოდა თუ არა მას ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულს?

ნუთუ ოთახი უჩვეულოდ გამოიყურებოდა? 

ჭიქები ეწყო მაგიდაზე?

სკამები ერთმანეთის სიახლოვეს იდგა?

მას  არაფერი არ ახსოვდა... არაფერი, თავისი სიტყვის გარდა მენშნჰაუზში.

მისთვის საკმაოდ გაუგებარი იყო ეს სიტუაცია. მისი ცოლი, მარტო დარჩენილი უცხო მამაკაცებს იღებს. იქნებ შემდეგ მაინც ეწეროს განმარტება? რვეულს, რომელიც ენჯელას გარდაცვალების გამო დაუმთავრებელი დარჩა, მოუთმენლად დასწვდა. აი, აქ, პირველსავე გვერდზე, ისევ ის საზიზღარი გამოჩნდა.

„ვისადილე მხოლოდ ბ. მ-სთან ერთად. საკმაოდ აფორიაქებული იყო. მითხრა, რომ უკვე დრო იყო ერთმანეთისთვის გაგვეგო. შევეცადე მოესმინა, მაგრამ ამაოდ. დამემუქრა კიდეც,  რომ თუ არ...“

დანარჩენ გვერდებს თვალი გადაავლო.  ერთგან მთელ გვერდზე ეწერა: „ეგვიპტე, ეგვიპტე,  ეგვიპტე“.  გილბერტი ვერ მიხვდა, რას მოასწავებდა ეს ერთი სიტყვა მთელ გვერდზე დაწერილი! მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი განმარტება შეიძლებოდა ჰქონოდა – იმ სალახანამ ენჯელას საყვარლობა შესთავაზა. 

ისინი ხომ მარტონი იყვნენ ოთახში. გილბერტ  კლენდონს სახეზე სისხლი მოაწვა. სწრაფად გადაშალა ფურცლები. რა უპასუხა ენჯელამ? ინიციალები ქრებოდა.  ახლა მხოლოს ნაცვალსახელით მოიხსენიებდა. 

„იგი კვლავ მოვიდა. მე ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია. მოვთხოვე, მარტო დავეტოვებინე“

„ნუთუ გაბედა იმ ნაძირალამ და ძალა დაატანა ჩემს ცოლს? რატომ არაფერი მითხრა ენჯელამ?!“ – თავს ვერ მორეოდა გილბერტი.

„და შემდეგ ასეთი რამ მივწერე...“ გვერდები ცარიელი იყო.  ცარიელი გვერდების შემდეგ  კი ეწერა: „მე მისგან პასუხი ვერ მივიღე“. მერე ისევ ცარიელი ფურცლები... 

მან მუქარა შეასრულა... მერე? რა მოხდა ამის შემდეგ? ახლა უკვე ყველა ფურცელი ცარიელი იყო, მხოლოდ ენჯელას დაღუპვის წინა დღეს ეწერა: „ნუთუ შემწევს ამის გაკეთების უნარი?“ 

ეს იყო დასასრული...

გილბერტ კლენდონს დღიური იატაკზე ჩაუცურდა. თვალწინ ენჯელას სახე წარმოუდგა. ქალი პიკადილის ტროტუარზე იდგა. დაჟინებით იყურებოდა წინ და აი, მანქანამაც გამოიარა...

გილბერტს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა.  სიმართლე უნდა სცოდნოდა! ტელეფონს დასწვდა. ხმა შემოესმა: „სისი მილერი გისმენთ“. 

– ვინ არის ბ. მ.? – მკაცრად იკითხა კაცმა. 

გილბერტს ესმოდა იაფფასიანი საათის ტიკტიკი ბუხრის თავზე. შემდეგ გაიგონა ოხვრა და პასუხი: 

– ის ჩემი ძმა იყო... 

ის მისი ძმა იყო, თავი რომ მოიკლა! 

– შეიძლება აგიხსნათ? – იკითხა სისი მილერმა. 

– არა! არა! – შესძახა კაცმა. 

მან თავისი მემკვიდრეობა მიიღო. 

საბოლოოდ ქალმა სიმართლე უთხრა. 

ენჯელამ ტროტუარიდან იმიტომ გადმოაბიჯა, რომ თავის სიყვარულს შეერთებოდა. ენჯელამ ტროტუარიდან იმიტომ გადმოაბიჯა, რომ მას გაქცეოდა. 

 





კომენტარი