ის, რაც კანზე იწყება
11/06/2019 20:06:12
   Author : ბექა ხოჯავა.

(დინო ბუცატი)

 

სისტოს მხარეში ჩასულმა და ჩვეულ ადგილას დაბინავებულმა ხე-ტყით მოვაჭრე კრისტოფორო შრიოდერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე ჩაწვა. მერე დიდი ხნის ნაცნობი ექიმი ლუგოზი მოაყვანინა. ექიმმა თავი ეჭვით გადააქნია, ისეთი არაფერიაო, თქვა, თუმცა პატარა ბოთლით მაინც წაიღო შარდი გამოსაკვლევად და დღესვე დავბრუნდებიო, აღუთქვა პაციენტს.
მეორე დილით შრიოდერმა თავი გაცილებით უკეთ იგრძნო და ექიმს აღარ დალოდებია, წამოდგა. ხალათში გამოწყობილი, წვერს იპარსავდა, როცა კაკუნი მოესმა. ექიმი იყო. შრიოდერმა გასძახა, შემოდიო. „ამ დილით თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, - თქვა ვაჭარმა, ისე, რომ კარისკენ არც კი გაუხედავს, და პარსვა განაგრძო, - „მადლობა მომიხსენებია მობრძანებისთვის, მაგრამ შეგიძლიათ, წაბრძანდეთ“. "ნუ ჩქარობთ - თქვა ექიმმა და უხერხულად ჩაახველა, - ამჯერად მეგობართან ერთად გეწვიეთ“.
შრიოდერი შემობრუნდა და ზღურბლზე, ექიმის გვერდით, ორმოცს გადაცილებული, ჩასკვნილი, სახეაწითლებული, მოუხეშავი ბატონი დაინახა, რომელიც თავშეკავებულად იღიმებოდა. ვაჭარმა, თავდაჯერებულმა, უფროსობას მიჩვეულმა კაცმა, ექიმს კითხვის გამომხატველი მზერა სტყორცნა.
„ჩემი მეგობარია, - გაიმეორა ლუგოზიმ, - დონ ვალერიო მერიტო. ერთ პაციენტთან მივდივართ და ვთხოვე, ბარემ აქაც გამომყოლოდა“.
„თქვენს განკარგულებაში მიგულეთ“, - თქვა შრიოდერმა და სტუმრებს სკამი შესთავაზა.
„როგორც ვხედავ, - განაგრძო ექიმმა, - დღეს ექიმი აღარ გჭირდებათ. შარდის ანალიზსაც არა უშავს რა. ცოტაოდენ სისხლს გამოგიშვებთ, ეს არის და ეს“.
„სისხლს გამომიშვებთ? კი მაგრამ, რატომ?“ „მოგიხდებათ, - აუხსნა ექიმმა, - თავს სულ სხვა ადამიანად იგრძნობთ. ყოველთვის უხდებათ სანგვინიკოსებს. თანაც სულ ორი წუთის საქმეა“.
ლაბადიდან შუშის ქილა ამოიღო, რომელშიც სამი წურბელა იყო, მაგიდაზე გადაიხარა და დაამატა:
- მაჯაზე დაისვით. თვალის დახამხამებაში მოეჭიდებიან. გთხოვთ, თქვენ თვითონ... ოცი წელია, ექიმი ვარ და წურბელისთვის ხელი ვერ დამიკარებია“.
„აქ დადგით“, - თქვა შრიოდერმა უპირატესობის გამაღიზიანებელი შეგრძნებით. ქილა აიღო, ლოგინზე ჩამოჯდა და მაჯებზე ისე ოსტატურად დაისვა წურბელები, თითქოს მთელი სიცოცხლე სხვა არაფერი ეკეთებინოს.
ამასობაში უცხო სტუმარმა ფართო ლაბადის გაუხდელად მაგიდაზე ქუდი და წაგრძელებული პაკეტი დადო, რომელმაც მაგიდის ზედაპირთან შეხებისას ლითონისთვის დამახასიათებელი წკარუნი გამოსცა. შრიოდერმა უკმაყოფილოდ შენიშნა, რომ უცნობი თითქმის ზღურბლზე იჯდა, თითქოს ცდილობდა, მისგან რაც შეიძლება შორს დაეჭირა თავი.
„ალბათ, ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ ვალერიოს უკვე იცნობთ“, - უთხრა შრიოდერს ექიმმა და ისიც, ღმერთმა იცის რატომ, კართან ახლოს დაჯდა.
„ვერ ვიხსენებ, ამის პატივი მქონოდეს“, - უპასუხა საწოლზე ჩამომჯდარმა შრიოდერმა, რომელსაც ხელები ხელისგულებით ზემოთ ეჭირა, სანამ წურბელები მაჯებიდან სისხლს სწოვდნენ. - „ლუგოზი, მითხარით, ხომ არ წვიმს? გარეთ ჯერ არ გამიხედავს. დიდი ვერაფერი ამბავი იქნება, თუ გაწვიმდა. მთელი დღე საქმეზე ვარ სარბენი“.
„არა, არ წვიმს“, - უპასუხა ლუგოზიმ უსიამოვნოდ ღრმა ხმით, - მაგრამ ვალერიო ნამდვილად გიცნობთ. ერთი სული ჰქონდა, ხელახლა ენახეთ“.
„ვერაფერს გეტყვით“, - გულგრილად თქვა ვაჭარმა.
„სამი თვის წინ“, - თქვა მელიტომ, - „აბა, გაიხსენეთ. სამი თვის წინ გაიარეთ თუ არა ეტლით ძველი საზღვრის გზაზე?“
„აჰ, შესაძლებელია, სავსებით შესაძლებელია, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით“.
„კარგი. არც ის გახსოვთ, რომ მოსახვევში მოცურდით და შარაგზიდან გადახვედით?“
„ნამდვილად ასე იყო“, - უპასუხა ვაჭარმა და ცივად დაუწყო თვალიერება ახალ და არასასურველ ნაცნობს.
„ბორბალი გამოძვრა და ცხენმა ეტლის შარაგზაზე დაბრუნება ვერ მოახერხა“.
„სწორედ. და თქვენ რა იცით?“
„აჰ, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ“, - უპასუხა მელიტომ, ჩაიღიმა და ექიმს თვალი ჩაუკრა. - „მერე ჩამოხვედით, მაგრამ ვერც თქვენ დაძარით ეტლი, რომ შარაგზაზე გადაგეთრიათ, არა?“.
„ნამდვილად ასე იყო, თან კოკისპირულად წვიმდა“.
„მაშასადამე, წვიმდა. ძალიან კარგი“, - კმაყოფილი კილოთი განაგრძო დონ ვალერიომ, - და სანამ ამ ჯაფაში იყავით, მაღალ-მაღალი, შავი პირისახის კაცი ხომ არ მოგახლოებიათ?“
„აჰ, ეგ არ მახსოვს“, - შეაწყვეტინა შრიოდერმა, - „მომიტევეთ, ექიმო, მაგრამ ისევ საჭირონი არიან ეს წურბელები? უკვე ბაყაყებივით დაიბერნენ. მეც მეყო, თანაც, უკვე მოგახსენეთ, რომ უამრავი საქმე მაქვს“.
„სულ ცოტაც, - თქვა ექიმმა, - სულ ცოტაც მოითმინეთ, ძვირფასო შრიოდერ, და სულ სხვა კაცად იგრძნობთ თავს“.
„მოგიახლოვდათ თუ არა მაღალი, შავგრემანი კაცი უცნაური ცილინდრით?? - დაჟინებით ჩაეკითხა ბატონი ვალერიო. - „თავისებური ზარით, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა?“
„კარგი, ჰო, მასე იყო“, - უხეშად უპასუხა შროდერმა, - „მაპატიეთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს რა გინდათ ჩემგან?“
„აჰ, არაფერი. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ კარგი მეხსიერება მაქვს. სამწუხაროდ, იმ დღეს თქვენგან ხუთასი მეტრით მაინც ვიყავი დაშორებული, ხის ქვეშ თავშეფარებული გიყურებდით“.
„ჰოდა, ვინ იყო ის კაცი?“ - ისეთი ტონით იკითხა შრიოდერმა, რომ მელიტო მიმხვდარიყო: ჯობდა ახლავე ეთქვა, თუ რამ სათქმელი ჰქონდა.
„აჰ, წარმოდგენა არ მაქვს, შორს ვიდექი, თქვენი აზრით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?“
„ვიღაც გლახაკი იქნებოდა. ყრუ-მუნჯს ჰგავდა. დახმარება რომ ვთხოვე, ისე აბუყბუყდა, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე“.
„მაშასადამე, მან უკან დაიხია, თქვენ კი მკლავში ხელი ჩაავლეთ და აიძულეთ, თქვენთან ერთად მისწოლოდა ეტლს. გამოტყდით, ხომ ასე იყო?“
„რის თქმას ცდილობთ? მისთვის არაფერი დამიშავებია. მეტიც, ორი ლირა მივეცი“.
„გაიგონეთ? - ჩასჩურჩულა მელიტომ ექიმს, მერე კი ხმამაღლა გადასძახა ვაჭარს: - არაფერი დაგიშავებიათ, ამას ვინ უარყოფს, მაგრამ ხომ აღიარებთ, რომ ყველაფერი დავინახე?“
„ნუ ღელავთ, ძვირფასო შრიოდერ“, - დაუყვავა ექიმმა, როცა შრიოდერის აღშფოთებულ სახეს თვალი შეავლო, - „ჩვენი ძვირფასი დონ ვალერიო ხუმარა კაცია. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გაოცება უნდოდა“.
მელიტო ექიმისკენ შებრუნდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. მოძრაობისას ლაბადის კალთები გაიშალა და მათი შემხედვარე შრიოდერი გაფითრდა.
„მომიტევეთ, დონ ვალერიო“, - წარმოთქვა გაბზარული ხმით, - „თქვენ პისტოლეტი გკიდიათ. იქნებ ჯობდა, ლულა დაბლა დაგეწიათ, თუმცაღა, თუ არ ვცდები, ამ მხარეში მისი გამოყენება ნებადართულია“.
„ღმერთო ჩემო, მომიტევეთ!“ - შესძახა მელიტომ და სინანულის ნიშნად ხელი შუბლზე მიიკაკუნა, - „პირდაპირ არ ვიცი, როგორ მოგიხადოთ ბოდიში! სულ მთლად გადამავიწყდა. როგორც წესი, თან არ დამაქვს, უბრალოდ, დღეს ქალაქგარეთ მიწევს გასვლა ცხენით“.
ქამარში გარჭობილი პისტოლეტის მიუხედავად, გულწრფელი ჩანდა. თავი კიდევ ერთხელ გადააქნია და შრიოდერისკენ მიბრუნებულმა, დასძინა: „და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ იმ ეშმაკის ფეხზე?“
„რა შთაბეჭდილება უნდა დამრჩენოდა? ერთი საწყალი კაცი იყო“.
„და არაფერი გიკითხავთ იმ ზარის თაობაზე, რომელიც გაუჩერებლად წკრიალებდა?“
„აჰ! - ხაფანგში გაბმულივით წამოიყვირა შრიოდერმა, „ალბათ, ბოშა იყო, მინახავს, როგორ აწრკიალებენ ზანზალაკებს ხალხის ყურადღების მისაპყრობად“.
„ბოშაო!“ - წამოიყვირა მელიტომ და ისე ახარხარდა, თითქოს ამქვეყნად ყველაზე სასაცილო ხუმრობა მოესმინოს, - „დარწმუნებული ხართ, რომ ბოშა იყო?“
გაბრაზებული შრიოდერი ექიმს მიუბრუნდა და მკაცრად ჰკითხა: „რა ხდება? ეს რა დაკითხვაა? ჩემო ძვირფასო ლუგოზი, ეს ამბავი არ მომწონს. ამიხსენით, რა გინდათ ჩემგან!“
„ღვთის გულისათვის, ნუ ღელავთ!“
„თუ იმის თქმას აპირებთ, რომ იმ მაწანწალას რამე შეემთხვა და ეს ჩემი ბრალია, პირდაპირ მითხარით“, - კიდევ უფრო აუწია ხმას ვაჭარმა, - „გამაგებინეთ, რა ხდება, ძვირფასო ბატონებო. ნუთუ მოკლეს?“
„როგორ თუ მოკლეს?!“ - წარმოთქვა მელიტომ და ვითარების ბატონ-პატრონივით გაიღიმა, - „ეს რამ გაფიქრებინათ? ვწუხვარ, თუ შეგაწუხეთ. ექიმმა მითხრა: დონ ვალერიო, თქვენც წამობრძანდით ბატონ შრიოდერთან. მე მას ვიცნობ-მეთქი, ვუპასუხე. ძალიან კარგი, - მითხრა მან, - წამომყევით, თქვენი დანახვა გაუხარდებაო. ვწუხვარ, თუ პირიქით გამოვიდა“.
ვაჭარი მიხვდა, რომ მისი ჯერი იყო.
„მომიტევეთ, თავი ვერ შევიკავე. მაგრამ ეს ყველაფერი დაკითხვას ჰგავდა. თუ რამე გაქვთ სათქმელი, გთხოვთ, პირდაპირ მითხარით“.
„კარგი, - ფრთხილად ჩაერია ექიმი- „სათქმელი მართლაც გვაქვს“.
„მიჩივიან?“ - იკითხა საკუთარ თავში დარწმუნებულმა შრიოდერმა, რომელიც მაჯიდან წურბელების მოშორებას ცდილობდა და უფრო და უფრო ბრაზდებოდა, - „არსებობს რამე ეჭვი ჩემ წინააღმდეგ?“
„დონ ვალერიო“, თქვა ექიმმა, - „მგონი აჯობებს, თუ თქვენ ილაპარაკებთ“.
„კეთილი, - დაიწყო მელიტომ, - იცით, ვინ იყო ის კაცი, რომელიც ეტლის გზაზე დაყენებაში მოგეშველათ?“
„არა, აკი გითხარით, არა-მეთქი!“
მჯერა, უბრალოდ გეკითხებით, თქვენი აზრით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო“.
„არ ვიცი, ვიღაც ბოშა, მაწანწალა“.
„არა, ბოშა არ ყოფილა, ოდესმე რომც ყოფილიყო, თქვენთან შეხვედრისას აღარ იყო. ეს კაცი, გასაგებად რომ გითხრათ, ის იყო, რაც კან-ზე იწყება“.
„ვახ, კან-ზე იწყება?“ - მექანიკურად გაიმეორა შრიოდერმა, გონება დაძაბა და სახეზე ეჭვის აჩრდილი გადაეფარა.
„დიახ, კან-ზე, - იქედნური ღიმილით დაუდასტურა მელიტომ.
„კონტრაბანდისტი?“ - თქვა გამოცნობის სიხარულით სახეგაბრწყინებულმა ვაჭარმა.
დონ ვალერიოს გაეღიმა: „აჰ, კონტრაბანდისტი, კარგია! მართალი ბრძანდებით, ექიმო, გონებაგახსნილი პროვნებაა ბატონი შრიოდერი“.
ამ დროს ფანჯრიდან წვიმის შხაპუნი მოისმა.
„კარგად ბრძანდებოდეთ“, - მოკლედ მოჭრა ვაჭარმა, ხელებიდან წურბელები მოიშორა და ქილაში ჩააბრუნა, - „წვიმს, უნდა წავიდე, თორემ დავიგვიანებ“.
„ის რაც „კან-ზე“ იწყება“, - დაჟინებით გაიმეორა მელიტომ და თავადაც წამოდგა. ფართო ლაბადის შიგნით ხელში რაღაცას ათამაშებდა.
„გეუბნებით, არ ვიცი-მეთქი. გამოცანები არ მიყვარს. თუ რამის თქმა გსურთ, მითხარით... ის რაც „კან-ზე“ იწყება? ალბათ კორსარი?“ - დასძინა ვაჭარმა ხუმრობის ტონით.
ექიმმა და მელიტომ ერთმანეთს გადახედეს და ზურგით კარს მიეყრდნენ. არცერთს აღარ ეღიმებოდა.
„არც კონტრაბანდისტი, არც კორსარი“, - ხმადაბლა თქვა მელიტომ, - „ის კეთროვანი იყო“.
ვაჭარს მკვდრის ფერი დაედო: „თუნდაც კეთროვანი ყოფილიყო, მერე რა?“
„სამწუხაროდ, ნამდვილად კეთროვანი იყო“, - თქვა ექიმმა, რომელიც ცდილობდა, დონ ვალერიოს ზურგს ამოფარებოდა.
„და ახლა თქვენც კეთროვანი ხართ“
„კმარა!“ - დაიყვირა რისხვისგან აკანკალებულმა ვაჭარმა, - „გაეთრიეთ აქედან! ეს რა ხუმრობაა?! ორივე გაეთრიეთ!“
ახლა კი გამოაძვრინა მელიტომ ლაბადიდან პისტოლეტის ლულა.
„ალკალდი გახლავართ, ბატონო, დამშვიდდით და გონებაც დაგეწმინდებათ“.
„მე თქვენ გაჩვენებთ, ვინც ვარ!“ - ყვიროდა შრიოდერი, - „რას მიპირებთ?“
მელიტო ვაჭარს თვალს არ აცილებდა და მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა.
„ამ პარკში თქვენი ზარია. ახლავე დატოვებთ აქაურობას და მანამდე განაგრძობთ მის რეკვას, სანამ მხარის და ბოლოს სამეფოს საზღვარს არ გასცდებით“.
„მე თქვენ გაჩვენებთ ზარს!“ - უპასუხა შრიოდერმა. ყვირილს ცდილობდა, მაგრამ ხმა ყელში უქრებოდა. სინამდვილის გაცხადების საშინელებამ გული მოუკლა. ბოლოს და ბოლოს მიხვდა: წინა დღით ექიმმა რაღაც იეჭვა და ალკალდის გასაფრთხილებლად წავიდა. ალკალდმა ნახა, როგორ მიჰყავდა მკლავით ჩაბღუჯული კეთროვანი და აი, უკვე მსჯავრდებულია. წურბელების ამბავიც დროის მოსაგებად მოიგონეს. „წავალ, არ მჭირდება თქვენი ბრძანებები, არამზადებო. მე თქვენ გიჩვენებთ, მე თქვენ გიჩვენებთ...“
„ქურთუკი შემოიცვით“, - უბრძანა დემონური დაუზარებლობით ანთებულმა მელიტომ, - „ქურთუკი, და გარეთ, ახლავე!“
„ცოტა მაცადეთ, ჩემს ნივთებს მოვკრეფ“, - უთხრა შრიოდერმა, - ო, რა უკვალოდ გამქრალიყო მისი მედიდურობა, - „ახლავე შევკრავ ბარგ-ბარხანას და წავალ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.“
„თქვენი ნივთები უნდა დაიწვას“ - კბილებში გამოცრა ალკალდმა, - „ზარი აიღეთ და მორჩა!“
„ჩემი ნივთები მაინც!“ წამოიკივლა შრიოდერმა, ამ წუთამდე ასე თვითკმაყოფილმა და ზვიადმა, ახლა კი ბავშვივით აქვითინებულმა, - „ტანსაცმელი და ფული მაინც დამიტოვეთ!“
„ქურთუკი, ლაბადა და მორჩა. დანარჩენი უნდა დაიწვას. ეტლს და ცხენს უკვე მივხედეთ.“
„რაო, რა თქვით?“ - წაისლუკუნა ვაჭარმა.
„ეტლი და ცხენი, კანონის თანახმად, დავწვით“, - უპასუხა მისი სასოწარკვეთილებით მოზეიმე ალკალდმა. - „როგორ წარმოგიდგენიათ, კეთროვანმა ეტლით ისეირნოს? გარეთ, გარეთ, არა მგონია, ამდენი დრო გვქონდეს საკამათოდ! გარეთ ახლავე, ძაღლო!“
ყბაჩამოვარდნილი და მზერაჩამქრალი, მთელი თავისი უზარმაზარი სხეულით აკანკალებული შრიოდერი კარისკენ დაიძრა.
„ზარი!“ - ისე დაუყვირა მელიტომ, რომ შრიოდერი შეხტა, და იდუმალი ფუთა, რომელიც ლითონისთვის დამახასიათებელ ხმას გამოსცემდა, ცხვირწინ დაუგდო, - „ამოიღე და კისერზე ჩამოიკიდე!“
შრიოდერი დაიხარა და მოხუცივით წვალებით აიღო პაკეტი, ნელა გახსნა თასმები, ნელა ამოიღო ხის სახელურიანი სპილენძის ზარი.
„ყელზე! თუ არ აჩქარდები, ღმერთს გეფიცები, გესვრი!“
შიშისგან დამბლადაცემულ შრიოდერს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ალკალდის ბრძანების შესრულება, თუმცა საკიდის კისერზე გადატარება მაინც მოახერხა. საკიდზე ჩამოკიდებული ზარი ყოველ მოძრაობაზე რეკავდა.
„ხელი მოკიდე, გააქნიე, ღმერთო ჩემო! მოუხდება შენნაირ ვაჭრუკანას, არა? გზას გაუდექი, კეთროვანო!“ - განრისხდა დონ ვალერიო. გულისამრევი სანახაობისგან დაზაფრული ექიმი კუთხეში მიყუჟულიყო.
შრიოდერი ძაბუნი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. თავს შორეულ გზაზე ერთ სულელს გადაყრილი მეორე სულელივით აქანავებდა. ორიოდე საფეხური რომ ჩაიარა, მიტრიალდა და ექიმს დაჟინებით შეხედა.
„ჩემი ბრალი არ არის“, - ჩაიბურტყუნა ექიმა, - „რა სირცხვილია, რა სირცხვილი!“
„წინ, წინ“ - შეუძახა ალკალდმა, როგორც ცხოველებს შეუძახებენ ხოლმე, - „გააქნიე ზარი, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მოდის!“
შრიოდერმა კიბეზე ჩასვლა განაგრძო. მალე დაწესებულების კარსაც გასცდა და ქალაქის მოედანზე აღმოჩნდა. ათეულობით ადამიანი მისი მიახლოებისთანავე გველნაკბენივით იწეოდა განზე. მოედანი ფართო იყო. ვაჭარი მიდიოდა და მიდიოდა და ნაძალადევი მოძრაობით აქანავებდა ზარს, რომელიც მხიარულად წკრიალებდა. ძინ, ძინ.