- Quién mató al Comendador?
- Fuenteovejuna, Señor.
მომდევნო მაგალითს დიდი ესპანელი დრამატურგის ლოპე დე ვეგას პიესა „ცხვრის წყაროში“ გადავყავართ, რომლის მოქმედებაც XV საუკუნის ანდალუზიურ დასახლებაში ფუენტე ოვეხუნაში, იმავე ცხვრის წყაროში მიმდინარეობს. კალატრავას ორდენის კავალერსა და მეფე ფერდინანდ II-ის კომანდორს ფერნან გომეს დე გუსმანს სოფლელი გოგონას ლაურენსიას მიმართ მწველი სიყვარული აღეძვრება, მაგრამ ლაურენსიასგან უარს მიიღებს. ამის შემდეგ კომანდორი გოგონას საქმროსგან, ფრონდოზოსგან, მოითხოვს პირველი ღამის უფლებას, რაზეც ასევე მტკიცე უარით უპასუხებენ. შეურაცხყოფილი კომანდორი შურისძიებას გადაწყვეტს და ფრონდოზოს ჩამოხრჩობას მიუსჯის. შეურაცხყოფილი სოფლელები ფერნანს და მის ერთ მსახურს სასტიკად უსწორდებიან. გადარჩენილი მსახური მკვლელობის შესახებ მეფეს და დედოფალს შეატყობინებენ, რომლებიც მაგისტრს უბრძანებენ საქმის გამოძიებას. სოფლელები შუბზე წამოგებული კომანდორის თავით ზეიმობენ ღირსების აღდგენას, როდესაც მაგისტრის ჩამოსვლის ამბავს შეიტყობენ. ისინი უსიტყვოდ თანხმდებიან სამოქმედო გეგმაზე. ადგილზე ჩასული ინკვიზიტორი საშინლად აწამებს სოფლის მცხოვრებ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, თუმცა ყოველ ჯერზე შეკითხვაზე „ვინ მოკლა კომანდორი“, პასუხად იღებს: „ფუენტე ოვეხუნამ, ბატონო“. მაგისტრი მეფეს მოახსენებს უშედეგო გამოძიების შესახებ და მისგან პატიებას მიიღებს. მეფე ფუენტე ოვეხუნას მაცხოვრებლებსაც შეუნდობს დანაშაულს მას შემდეგ, რაც მათგან სიმართლეს გაიგებს.
ზემოთ აღწერილი ამბავი ძალიან ჰგავს თქმულებას ბეჩოს მთავრის ფუთა დადეშქელიანის შესახებ.
„ფუთა დადეშქელიანს, ბეჩოს დიდ მთავარს, თითქმის მთელი სვანეთი ემორჩილებოდა, რამდენიმე სოფლის გამოკლებით. მაგრამ მეტი და მეტი უნდოდა და მანამდე არ მოისვენა, სანამ უშგულიც ხელთ არ იგდო... ბეჩოს მთავარი თითქმის მთელი წელი ებრძოდა უშგულელებს. მისი მარბიელი რაზმები არაერთხელ დასხმიან სოფელს თავს, გზადაგზა კი ლატალს, მესტიას, მულახს, იფარს არბევდნენ და ცეცხლითა და მახვილით იჭრებოდნენ თავისუფლებისმოყვარე სოფლებში. არავის და არაფერს ინდობდნენ დადეშქელიანები, წვავდნენ სახლებსა და სარჩო-საბადებელს, იტაცებდნენ ჯოგებსა და ფარებს... სისხლით გაიჟღინთა თავისუფალი სვანეთის მიწა. ვერ ურიგდებოდნენ უშგულელები დადეშქელიანთა ბატონობას, მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა და იძულებული გახდნენ, ბრძოლა შეეწყვიტათ.
და ერთხელ თავად ფუთამ მოისურვა, შესარიგებლად სტუმრად სწვეოდა ახლად შემოერთებულ უშგულს. სოფელმა გადაწყვიტა, ესარგებლა ამ შემთხვევით და ანგარიში გაესწორებინა მოძალადისთვის. მაგრამ ორი რამ აკავებდა სვანებს: პირველი — ფუთას მძევლად ჰყავდა უშგულის თემის მახვშის ვაჟი, და მეორე — დადეშქელიანები მწარედ იძიებდნენ შურს, ძირიანად ამოწყვეტდნენ მკვლელის გვარს. მაგრამ სოფლის მახვშმა უშგულელებს უთხრა, ჩემი ვაჟისა ნუ გეფიქრებათ, მზად არის, თავი გაწიროს თქვენთვისო. მაშინ გვარების უხუცესებმა, სოფლის თავკაცისადმი სოლიდარობის ნიშნად, თავიანთი უფროსი ვაჟები აახლეს ფუთას.
ოცი პირტიტველა ვაჟკაცის ხილვამ დაამშვიდა ფუთა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ უშგულელებს გულში ცუდი არაფერი ედოთ. რაც შეეხება მეორე პრობლემას, უშგულმა აქაც იპოვა გამოსავალი: ფუთა სოფელს უნდა მოეკლა, რომ დადეშქელიანთა რისხვა ერთ რომელიმე გვარს არ დასტყდომოდა თავს. უშგულის თემის ყველა ოჯახმა გაიღო მარცვალი ბრპენისა, რომლისგანაც ერთი ტყვია ჩამოასხეს.
ფუთა დადეშქელიანი შეიარაღებული ამალით ეწვია უშგულს. სტუმრებს დიდი სუფრა გაუშალეს, რომლის თავშიც საუფროსო საკარცხული დაუდგეს მთავარს, ხოლო ლამარიას მონასტრის გალავნიდან თოფის ლულა დაუმიზნეს, ჩახმახზე გამოდებული გრძელი თოკის ბოლო კი სოფლის ყველა გვარის თითო წევრს ეჭირა ხელში. ფუთამ ყანწი დაცალა და მწდეს გადააწოდა. მეტად ნაამები გახლდათ, რომ დაუმორჩილებელი უშგული საბოლოოდ გატეხა. მის გვერდით თემის მახვში იდგა, ნასყიდა. ბრძანა, წითელი ღვინო მოართვითო მთავარს და... თოფმაც იქუხა. მკერდშენგრეული დადეშქელიანი საკარცხულიდან გადავარდა. უშგულელებმა ფუთა დადეშქელიანის ყველა მხლებელი ამოწყვიტეს, ამბის წამღებიც არ დატოვეს ცოცხალი.
ფუთას ქვრივმა სთხოვა უშგულელებს, ქმრის გვამი მაინც დამიბრუნეთო, მაგრამ სანამ მძევლები არ გაათავისუფლეს, ცხედრები მანამდე არ გაატანეს ჭირისუფალთ. ხოლო ფუთას სამოსი, საკარცხული, რომელზეც სიკვდილის წინ იჯდა მთავარი და იმ ბაწრის ნაჭერი, რომელიც სოფლის თოფს ება, კარგა ხანს ინახებოდა ლამარიას მონასტერში“.