ონომაცუ II ნაწილი
11/06/2019 20:11:30
   Author : ბექა ხოჯავა.

მზის ამოსვლისთანავე „ტაჩიბანაიას“ კარზე კაკუნი გაისმა. ეს ცუკადა იყო - ახალგაზრდა, რომელსაც ტაჩიბანას და ოგურუმას შიკოროიამასთან წარდგენა ევალებოდა.
- აჰ, ცუკადა, მობრძანდი, დამეწვიე. პირი უკვე დაიბანე? ისაუზმე კიდეც? რა მკვირცხლი ყმაწვილი ხარ! მძიმე ვახშმის შემდეგ მადიანად საუზმობ. შენი ხნისა მეც ასე ვიყავი... კარგი საქმის გადადება არ ეგების, ასე რომ, წავიდეთ შიკოროიამასთან.
ასე და ამგვარად, ოგურუმას ხელი ჩაჰკიდეს და ნეძუსკენ გასწიეს.
- მაშ ასე, ყმაწვილო, - არიგებდა გზადაგზა ცუკადა, - წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციო. ჩადე ვარჯიშში ყველაფერი, რაც გაწუხებს და შენი სხეულიდან მთელი უარყოფითი ენერგია გაიწოვება. აი, სუგამოს კუშინძუკას მივადექით. გუშინაც აქ ჩამოიარე, გახსოვს?
- გუშინ მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, - უპასუხა ოგურუმამ.
ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მიადგნენ ნეძუს.
- აი, შიკოროიამას სახლი, - მოწიწებით წარმოთქვა ცუკადამ.
ტაჩიბანამ კარში მდგომ ახალგაზრდა რიკიშის დაუძახა:
- ჰეი, ახალგაზრდავ!
ცუკებიტომ მაშინვე იცნო მედუქნე:
- დილა მშვიდობისა, ტაჩიბანა-სან. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მზრუნველობისთვის.
- კარგი, კარგი, სხვა დროს იყოს. შენ ეს მითხარი, ოსტატი შინ არის?
- დიახ, შინ გახლავთ, ახლავე დავუძახებ. ოიაკატა! იტაბაშელი მედუქნე გესტუმრათ!
მალე ხის კიბეზე შიკოროიამას უზარმაზარი ფეხები აბრაგუნდა.
- ეს ხომ ჩვენი სანდო იტაბაშელი მედუქნეა! ტაჩიბანა-სან, გმადლობთ, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ბიჭებზე, როცა თქვენს უბანში მოხვდებიან. ჩქარა, ბალიშები ჩვენი სტუმრისთვის!
- გთხოვთ, ჩემ გამო ნუ შეწუხდებით, - თავაზიანად შეაჩერა ტაჩიბანამ, - ჩემთვის დიდი პატივია, თუ რამეში გარგივართ, მაგრამ, ოიაკატა, დღეს თქვენთან თხოვნით მოვედი. მაინტერესებს, ახალი მოსწავლის აყვანა თუ შეგიძლიათ.
- მოსწავლეო? - შიკოროიამა ჩაფიქრდა, - თუ თქვენ უწევთ რეკომენდაციას, ტაჩიბანა-სან, ულაპარაკოდ ავიყვან, აღნაგობასაც კი არ შევუმოწმებ.
- დიდად გმადლობთ, - თავი დაუკრა მედუქნემ,- რას ვუდგავარ? რატომ არ გაჩვენებთ ახალ მოწაფეს? ახალგაზრდავ, ეს შიკოროიამა ოიაკატაა. აბა, შენ იცი, საკადრისად წარუდგინე თავი!
- დიახ, ბატონო, - დაიჩურჩულა ოგორუმამ და სეიზას პოზაში მუხლი მოიყარა, - მე ნოტოს ჰიცუმის სოფლიდან გახლავართ, სახელად შოკიჩი, ნიჰეის ვაჟი, და გევედრებით, მოსწავლედ ამიყვანოთ. ვიმედოვნებ, შეისმენთ ჩემს თავმდაბალ თხოვნას, - წარმოთქვა ბორძიკ-ბორძიკით და ოიაკატას თავი ტლანქად დაუკრა.
შიკოროიამა თვალის შევლებისთანავე მიხვდა, რომ მის წინაშე გაუთლელი სოფლელი ბიჭი იდგა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დაუმუშავებელი ალმასისგან ბრწყინვალე ბრილიანტი შეიძლება გამოსულიყო. ყველას სახელი, ვისაც იოკოძუნას ტიტული უტარებია, დღეს ტომოიკა ჰაჩიმანის ტაძარში, ქვის კედელზეა ამოტვიფრული. გულით გირჩევთ, წახვიდეთ და მოინახულოთ. იმ დროისთვის კი, როდესაც ოგურუმამ შიკორიამას წინაშე მუხლი მოიყარა, იოშიდა ცუკასას საგვარეულოდან იოკოძუნას წოდება მხოლოდ ხუთ კაცს ჰქონდა. ტაკეკუმამ ოგურუმაში საამისო ჩანასახი ვერ დაინახა, შიკოროიამა კი თავიდანვე საპირისპიროდ განეწყო.
- ესე იგი, ამ ბიჭს უნდა, სუმოტორი გახდეს?
- ნამდვილად უნდა, - უპასუხა მედუქნემ, - რას იტყვით?
- მე მგონი, მისგან კარგი რიკიში დადგება.
- კარგი რიკიში?
- კარგი!
- კარგი?
- კარგი, ძალიან კარგი! ახალგაზრდავ, რამდენი წლის ხარ? - განაგრძო ოიაკატამ, - ოცდახუთის? არც ისე ბევრია. სასმელს ეტანები? წვეთს არ ვსვამო? არა უშავს, როდესაც ამხანაგებთან ერთად ისადილებ, აუცილებლად მოგეწონება და შეეჩვევი. აზარტული თამაშები გიყვარს? რაო, გძულს? მაშ, ქალების მუსუსი იქნები. არც ქალებში დადიხარ?! რა უცნაურია! არადა ნათქვამია, სამი ამქვეყნიური ვნებიდან: საკე, ქალები, თამაში, - კაცი ერთს მაინც უნდა ეტანებოდესო. ნუთუ არავითარი ადამიანური სისუსტე არ გაგაჩნია?
ტაჩიბანას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ჩარეულიყო:
- ოჰ, ოიაკატა, საქმე ის არის, რომ... თავად ალბათ გაუჭირდება აღიარება, მაგრამ... ამ ბიჭს ერთი რამ ნამდვილად უყვარს სიცოცხლეზე მეტად.
- ჰაჰ! ასეც ვიცოდი, - თქვა შიკოროიამამ, - და რა არის ეს ერთი რამ?
ტაჩიბანამ ყოყმანით უპასუხა:
- ჭამა.
- რა თქმა უნდა, ეყვარება! - წამოიძახა შიკოროიამამ, - ყველა ცოცხალ ადამიანს უყვარს კარგად ჭამა!
- დიახ, ოიაკატა, - დაეთანხმა ტაჩიბანა, - მაგრამ მას უბრალოდ ჭამა კი არ უყვარს, ხუთი წუთიც ვერ ძლებს უჭმელად! ჩემს ნაცნობებს შორის ყველაზე მეტს ჭამს! ის ტაკეკუმა-ბეიაში მიიღეს და შიკონად ოგურუმა მისცეს, მაგრამ იმდენი ჭამა, რომ გამოაგდეს. თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ ბედმა ჩემთან მოიყვანა, მე კი თქვენ მოგგვარეთ. ალბათ, არ გენდომებათ ისეთი ვინმეს მიღება, ვინც ერთხელ უკვე დაითხოვეს, მაგრამ ძალიან რომ გთხოვოთ, იქნებ სცადოთ? იქნებ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ? ჩემი მხრივ გარწმუნებთ, სანამ მაკუუჩის მიაღწევს, ბრინჯი არ მოაკლდება. თვეში ათ კასრს ჩაგითვლით. სამუდამოდ თქვენი მადლიერი ვიქნები, თუ ამ წინადადებას მიიღებთ.
- კარგი, ჩემო ბატონო, - უპასუხა შიკოროიამამ, - ასწიეთ თავი, მოეშვით მაგ ცერემონიებს. დამიჯერეთ, ბრინჯი სადარდებელი არ გექნებათ. თუ გნებავთ, ამ ბიჭს მაკუუჩი დივიზიონში შესვლის დღეს გაწყობილი კიმონო აჩუქეთ - ესეც საკმარისია. ტაკეკუმას ბევრ რამეში არ ვეთანხმები. აბა, სუმოტორი როგორ მოძლიერდება, თუ არ ჭამა?
მან ფართო მხარ-ბეჭი ოგურუმასკენ შეატრიალა და მკაცრად უთხრა:
- ახალგაზრდავ, ჩემს ჭერქვეშ საჭმელი არ მოგაკლდება. შეგიძლია, დღეში ხუთი კასრი ბრინჯი შეჭამო. წელიწადში - 1825. თუ მოინდომებ, მეტსაც მოგცემთ...
- აი, ეს მესმის! - აღტაცებით შესაძახა მედუქნემ, - მასაც კი გაუჭირდება ამდენის შეჭმა! თუმცა ერთი თხოვნა კიდევ მაქვს: შეგიძლიათ, შესაფერისი საბრძოლო სახელი შეურჩიოთ?
- ვნახოთ, ვნახოთ, - ჩაფიქრდა ოიაკატა, - მე კომიდორის დავარქმევდი.
- კომიდორი შესანიშნავი სახელია! - გაუხარდა ტაჩიბანას, - მაგრამ შეიძლება, მისი მნიშვნელობა გკითხოთ?
- ეს იყო პირველი შიკონა, რომელიც მიბოძეს, როცა სუმოს სამყაროში შემოვდგი ფეხი, - აუხსნა შიკოროიამამ.
ამის გაგონებაზე ტაჩიბანას სუნთქვა შეეკრა:
- ოიაკატა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მასზე დიდ იმედებს ამყარებთ! შეიძლება სეკიტორიც კი გახდეს! ახალგაზრდავ, თავი დაუკარი, ჩქარა!
თვითმკვლელობაზე ფიქრი ყველაზე მძიმე რამაა, რაც შეიძლება გადაიტანოს კაცმა. ამის შემდეგ ახალგაზრდა კომიდორი ყველაფრისთვის მზად იყო, რასაც სუმოს სამყარო მოუმზადებდა. 1812 წლის დეკემბერში კომიდორი კიოკიჩი პირველად გამოჩნდა ბანძუკეზე ჯონოკუჩის მეოთხე ნომრად კოჯიმაჩიში, ჰოონჯის ტაძარში გამართულ ტურნირზე. ისე კარგად იჭიდავა, რომ მომდევნო წელს ჯონიდანის 24 ნომრად განაწესეს შიბას ჰაჩიმანის ტაძარში გამართულ ბაშოზე. შიკოროიამა-ბეიაში მისვლიდან ას დღეში მან 67 საფეხურით წაიწია წინ. 1822 წლის ოქტომბრის ბაშოზე კურამაე ჰაჩიმანის ბაშოზე გაიმართა მისი დებიუტი მაკუუჩი დივიზიონში. ხსენებულ შეჯიბრებაზე მან ადვილად მოიგო პირველი სამი ბრძოლა, მეოთხე დღეს კი შეხვდა მებრძოლს, რომელმაც თავის დროზე საკუთარი ჰეიადან გამოაგდო: ტაკეკუმას. იმ დღეს ყველაზე მეტად შიკოროიამა ღელავდა.
- ხვალ შენს ყოფილ მწვრთნელს ხვდები, - გაამხნევა მოწაფე, - ეჭვი არ შეგეპაროს შენს შესაძლებლობებში.
- დიახ, ოიაკატა, - უპასუხა კომიდორიმ და თავი დაუკრა, - ხვალ თუ დავმარცხდი, ჩემს იტაბაშელ ბატონს თვალებში ვეღარ შევხედავ. ბრძოლისთვის კარგად უნდა მოვემზადო!
ტაკეკუმა თვალებს არ უჯერებდა: შიკოროიამას ხელში მისი წყალწაღებული მოწაფე დაუმარცხებელ ფალავნად ქცეულიყო! უყურებდა და იმ დღეს წყევლიდა, როცა ბიჭი ჰეიადან გამოაგდო. ის ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას დაკაცებულ კოიანაგის. ტაჩი-აის დროს ისეთი მოხვდა, რომ მალაყით გაფრინდა დოჰიოდან!
ამ ბაშოს შემდეგ კოიანაგიმ უფრო მეტად გაითქვა სახელი და კიდევ ერთხელ შეიცვალა შიკონა. ამჯერად მან ძველი დროის ფალავნის ონომაცუბარას სახელის ნახევარი ისესხა და ონომაცუ მიდორინოსუკედ იქცა. 1828 წლის გაზაფხულზე სწორედ ამ სახელით მიაღწია სუმოს მწვერვალს და მეექვსე იოკოძუნა გახდა. ყველას გასაკვირად, ის 47 წლამდე ატარებდა ამ წოდებას. არასოდეს არის გვიანი ახალი გამოწვევის მიღება. დაე, ეს იყოს სათქმელი ამ ამბისა საარაკო ნაბოლარაზე, ონომაცუზე.
სანიუტეი ენრაკუს მიერ მოთხრობილი ამბავი იაპონურიდან ინგლისურად თარგმნა კრის გულდმა.