რატომ აქვს მიქელანჯელოს მოსეს რქები? - ნაწილი I
11/07/2019 16:36:49
   Author : ბექა ხოჯავა.

განივთებული ნათელი შუმერულ ცივილიზაციებში - მელამი
ბლეკისა და გრინის "უძველესი მესოპოტამიის ლექსიკონის" თანახმად, მელამი წარმოადგენს ხილულ ბრწყინვალებას, ერთგვარ განივთებულ ნათელს, რომელიც ხაზს უსვამს მისი მატარებლის ზებუნებრივ წარმომავლობას და, ქრისტიანულის შარავანდედისგან განსხვავებით, არავითარი კავშირი არ აქვს ზნეობრივ ღირებულებებთან. ღმერთებსა და გმირებთან ერთად ხშირად დემონური ძალებიც მელამით მოსილები წარმოგვიდგებიან.
მელამის როგორც ზებუნებრივ ძალებთან კავშირის მანიშნებელ ელემენტს ჯერ კიდევ ურუქისა და ჯემდეთ-ნასრის (ძვ. წ. 3000 წელი) პერიოდის საბეჭდავებზე ვხვდებით. ამ გამოსახულებებზე ის კულტმსახურებისთვის განკუთვნილი ნაგებობებიდან მოედინება.
 
„ქვეყნის საზღვრამდე აღწევს ურუქის დიდება,
მისი მელამი პრიალა ვერცხლს ჰგავს,
სამოსივით ჰფარავდა არათას, ზეწარივით გადაჰფარვოდა“.
(„ენმერქარი და ენსუხგირანა“)
 
ადამიანის ფიგურებთან ის აქადურ პერიოდში ჩნდება (ძვ. წ. 24-20 საუკუნეები), რადგან ღმერთების ანთროპომორფული გამოსახვისა თუ მეფეთა გაღმერთების ტრადიციაც სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. ხსენებული პერიოდის გლიპტიკის ნიმუშებზე მელამი წარმოდგენილია რქიანი მუზარადის სახით, რომელიც ზებუნებრივი ძალის მქონე არსებებს უბრალო მოკვდავებისგან განასხვავებს.
 
მელამის როგორც არამიწიერ ძალებთან კავშირის აღმნიშვნელი ატრიბუტის კლასიკური გამოსახულება გვხვდება ლუვრში დაცულ სტელაზე, რომელიც ასახავს სარგონ დიდის შვილის ნარამსინის გამარჯვებას ლულუბის ხალხზე. კირქვის ფილაზე ამოკვეთილი მეფე დაუნდობლად ანადგურებს დამარცხებულ მტერს. ნარამსინის ღვთაებრივ ბუნებაზე მიუთითებს არა მხოლოდ მისი გიგანტური პროპორციები, არამედ მის მუზარადზე არსებული რქისებური წანაზარდებიც.
საინტერესოა სტელის შემდგომი ბედი: ძვ. წ. XII საუკუნეში ლულუბის ხალხის შთამომავალმა, ელამის მეფე შუტრუკ-ნახუნტემ, ის მესოპოტამიიდან გაიტანა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება, სანამ მეცნიერთა ჯგუფი კვლავ არ აღმოაჩენს სპარსეთის ქალაქ სუსაში.