2019 წლის შემაჯამებელ კიუშუ ბაშოს მეოთხე დღეს ოძეკობისთვის მერბძოლმა ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან კუბიჰინერის ულამაზესი ილეთით მოგებულ ბრძოლაში ნეკნი გაიტეხა და მეხუთე დღიდან ასპარეზობას გამოეთიშება. ეს ოძეკის რანგთან გამომშვიდობებას ნიშნავს. იპოვის თუ არა ქართველი ფალავანი საკუთარ თავში კარიერის გასაგრძელებლად ძალებს და შეუტევს, თუ - არა კიდევ ერთხელ სუმოს უმაღლეს მწვერვალებს ამას მომავალი გვიჩვენებს. რაც არ უნდა გადაწყვიტოს ლევან გორგაძემ, ვერაფერი შეცვლის იმას, რასაც მან პროფესიულ სუმოში ყოფნის 13 წლის მანძილზე მიაღწია. ამ პოსტში შევეცდებით შემოგთავაზოთ 13 საუკეთესო ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენის კარიერიდან:
13. ტოჩინოშინის პირველი ბრძოლა პროფესიულ დოჰიოზე 2006 წლის მარტში ოსაკაში შედგა. ქართველმა ფალავანმა იაპონელი იკეჰარა მშობლიურ ქალაქში ისამიაშის პასიური კიმარიტეთი დაამარცხა:
https://www.youtube.com/watch?time_continue=505&v=Ae_iygTVNhA&feature=emb_logo
12. ტოჩინოშინს ბევრ რიკიშისთან ჰქონია პრინციპული დაპირისპირება, მათ შორის გამოსარჩევია ყოფილი ოძეკი კოტოშოგიკუ, რომელსაც 2011 წლის ივლისიდან მოყოლებული ზედიზედ 16 ბრძოლაში ჰყავდა ქართველი ფალავანი დამარცხებული. ეს უსიამოვნო სერია 2017 წლის ივლისში ტოჩინოშინმა ამ ულამაზესი უვატენაგეთი დაასრულდა:
https://youtu.be/fkU8W0oDYk0?t=165
11. ტოჩინოშინის კიდევ ერთი პრინციპული მეტოქე მონღოლი გოლიათი იჩინოჯოა. ორ რიკიშს შორის გამართული 23 შეხვედრიდან 16-ში გამარჯვება ქართველს დარჩა, მაგრამ მათ შორის აშკარად გამორჩეულია ულამაზესი უჩიმუსო, რომელიც ტოჩიმ იჩინოჯოს 2015 წლის იანვარში შეუსრულა:
https://www.youtube.com/watch?time_continue=509&v=3ZCvyoxRXLQ&feature=emb_logo
10. რიკიშის კარიერაში უმნიშვნელოვანეს მომენტად ითვლება რიგითი მაეგაშირას რანგში იოკოძუნას დამარცხება და ოქროს ვარსკვლავის, ანუ კინბოშის მოპოვება. ეს ტოჩინოშინს კარიერის მანძილზე ორჯერ გაუკეთებია. 2015 წლის მარტში ჰარუმაფუჯის წინააღმდეგ:
https://www.youtube.com/watch?time_continue=42&v=gi0a6NSagAw&feature=emb_logo
9. იგივე ტოჩინოშინმა 2017 წლის ნაგოია ბაშოზე ამჯერად იოკოძუნა კისენოსატოს წინააღმდეგ გაიმეორა:
https://youtu.be/pVFTu8kPCGE?t=690
8. 2016 წლის ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშჰინმა ათ მოგებას მოუყარა თავი და კარიერაში პირველად დაეუფლა ტექნიკური ასპარეზობისთვის განკუთვნილ სპეციალურ პრიზს - გინო-შოს და პირველად დაწინაურდა სეკივაკეს რანგში. ხსენებულ ბაშოზე გამორჩეული ტოჩინოშინის გამარჯვება სოკოკურაისთან. მონღოლი რიკიში ქართველმა სეკიტორიმ საფირმო ცურიდაშის კიმარიტეთი დაამარცხა:
https://youtu.be/pVFTu8kPCGE?t=690
7. 2013 წლის ნაგოია ბაშოზე ტოკუშორიუსთან მოგებულ ბრძოლაში ტოჩინოშინმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მომდევნო ოთხი ბაშოს გამოტოვება მოუწია, რის შედეგადაც რანგით მესამე მაკუშიტა დივიზიონის ფსკერზე დაქვეითდა. მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნების მცდელობისას, მან ზედიზედ ორ-ორჯერ მოიგო მაკუშიტას და ჯურიოს დივიზონები. 2014 წლის სექტემბერში კი გახდა სულ რაღაც მეხუთე რიკიში, რომელმაც ჯურიოს დივიზიონი ბრძოლის წაუგებლად მოიგო. ეს ბრწყინვალე შედეგი მან სეიროსთან იორიკირით მოგებულ შეხვედრაში გაიფორმა:
https://www.youtube.com/watch?time_continue=181&v=7BrgCvwBFuU&feature=emb_logo
6. ტოჩინოშინის კარიერაში ყველაზე წარმატებული ულაპარაკოდ 2018 წლის ჰაცუ ბაშოა, სადაც მან 14-1 ბალანსით გაიფორმა ჩემპიონობა. ხსენებულ 14 მოგებულ ბრძოლაში სილამაზით გამოირჩეოდა სეკივაკე მიტაკეუმისთან გამართული ორთაბრძოლა, რომელიც ტოჩონოშინმა ცურიდაშით მოიგო:
https://youtu.be/xMkzgVUlUhg?t=585
5. და მაინც მისთვის ჩემპიონობის მომტანი შოჰოძანის წინააღმდეგ მოგებული ეს ბრძოლა იყო:
https://youtu.be/z05-ZStNytI?t=327
4. 2018 წლის იანვარში ტოკიოდან დაიწყო ტოჩინოშინის გზა ოძეკობისკენ იმავე წლის მაისში ტოკიოშივე დასრულდა. თუმცა მანამდე იყო ოსაკა და იქ მოგებული 10 ბრძოლა, რომელთაგანაც სილამაზით ენდოსთან შესრულებული ეს კოტენაგე გამოირჩეოდა:
https://youtu.be/Tdn-6PifuaE?t=310
3. სამწუხაროდ, ტრავმებმა არ მისცეს ტოჩინოშინს საშუალება ოძეკის რანგშიც ეჩვენებინა მისთვის დამახასიათებელი ძალისმიერი სუმო. სუმოს იერარქიაში სიმაღლით მეორე რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინი პირველივე ტურნირს დროზე ადრე ჩაეხსნა. ტიტულის დაცვა მას 2018 წლის სექტემბრის ბაშოზე მოუხდა. აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა ცხრა ბრძოლა მოიგო. მათ შორის გამოირჩეოდა იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე ორთაბრძოლა, რომელშიც ქართველმა ოძეკიმ მოროძაშიში შესული მანამდე დაუმარცხებელი მონღოლი იოკოძუნა ერთი ამოსუნთქვით გაიყვანა დოჰიოდან:
https://www.youtube.com/watch?v=_S6OVNT_Jzo
2. 2019 იანვარში და მარტში დაფიქსირებული ორი მაკე-კოშის შემდეგ იმავე წლის მაისის ბაშოს ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში შეხვდა და ოძეკის რანგის დასაბრუნებლად 10 მოგება ესაჭიროვებოდა. აღთქმული მეათე გამარჯვება მან ტურნირის მეთოთხმეტე დღეს იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტოჩიმ აღნიშნულ ბრძოლაში ტაჩი-აი ჰენკა გამოიყენა, რაც სუმოში უღირს საქციელად ითვლება, თუმცა წინა დღით ასანოიამასთან გამართულ ორთაბრძოლაში მსაჯების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, არავის მოსვლია აზრად ქართველი ფალავნის გაკიცხვა:
https://youtu.be/20sEuxaiLT4?t=245
1. ტოჩინოშინის კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას, ალბათ, არ სჭირდება ზედმეტი წარდგენა. მის მნიშვნელობაზე აჭარასპორტის კომენტატორების ამირან ურუშაძის და ლადო ნაცვლიშვილის რეაქციაც ლაპარაკობს: