სამი უცნაური ამბავი მსოფლიო ისტორიიდან
11/06/2019 20:42:53
   ავტორი : ბექა ხოჯავა.

 

1) ინგლისელი ბაროკოს კომპოზიტორი იერემია კლარკი სოციალურ კიბეზე მასზე მაღლა მდგომ მოსწავლეზე უიმედოდ იყო შეყვარებული. ერთ-ერთმა მეგობარმა მუსიკოსი ლონდონის სიახლოვეს მდებარე თავის მამულში მიიწვია უიღბლო სიყვარულიდან ყურადღების გადატანაში დახმარების მიზნით. თუმცა, მტანჯველი დეპრესია არც მოგზაურობაში აძლევდა მოსვენებას ახალგაზრდა კომპოზიტორს და ერთი სეირნობისას გადაწყვიტა ლამაზი ნაძვნარით გარშემორტყმული გუბურაში მონეტის ჩაგდებით აერჩია იმავე გუბურაში თავის დახრჩობით მოესწრაფა სიცოცხლე, თუ - ერთ-ერთ ხეზე თავის ჩამოხრჩობით. მის მიერ ნასროლი მონეტა კიდით დაერჭო გუბურის ფსკერზე, რაც თითქოს კომპოზიტორს სიტყვის გაუტეხლად სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას აძლევდა, თუმცა კლარკმა მხოლოდ თვითმკვლელობის მეთოდის შეცვლის ნიშნად მიიჩნია მოულოდნელად გამოჩენილი მესამე ხდომილება და ლონდონში დაბრუნებულმა შუბლში დაიხალა ტყვია.

2) უილიამ ბაკლენდი ცნობილი ინგლისელი თეოლოგი, პალეონტოლოგი და გეოლოგი იყო. მის ერთ-ერთ გამორჩეულ სამეცნიერ მიღწევად მეგალოზავრის შესწავლა და სახელდება მიიჩნევა. ბაკლენდი თანამედროვეთა შორის ექსცენტრიული კაცის სახელით სარგებლობდა. მას უყვარდა ლექციების ცხენზე ამხედრებულს კითხვა და მეტი რეალიზმისათვის გავსებულ აუდიტორიაში დინოზავრების ხმისა და ქცევის იმიტირებასაც არ ერიდებოდა. თუმცა ბაკლენდის ყველაზე დიდ უცნაურობად მისი ზოოფაგიის მიმართ მიდრეკილება ითვლება. მისი მოსწავლეები წერდნენ, რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ნემსიყლაპიებისა და თხუნელების ცოცხლად ჭამა. მეცნიერის რაციონში არსებული ფაუნის წარმომადგენელთა ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, მისი ერთი სადილი ყველაზე გამორჩეულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ხსენებულ შემთხვევაზე ავგუსტუს ჰეირი მოგვითხრობს: "ნუნეჰემის მუზეუმში ვერცხლის სკივრში ფრანგი მეფის ბალზამირებული გული ინახებოდა. ლორდმა ბაკლენდმა ჯერ დაჟინებით უმზირა მას, შემდეგ კი წამოიყვირა: "ამდენ უცნაურობას შორის, რაც მიჭამია, მეფის გული ნამდვილად არ ყოფილა". სანამ რომელიმე მათგანი მოვისაზრებდით, მისთვის ხელი შეგვეშალა, ძვირფასი რელიკვია სამუდამოდ იქნა დაკარგული". როგორც შემდეგ გაირკვა, ხსენებული გული მეფე მზეს ლუი XIV-ს ეკუთვნოდა.

3) თურქმენეთის დედაქალაქის, აშხაბადის ცენტრში თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის სეპარმურატ ნიაზოვის (იგივე თურქმენბაშის) ავტობიოგრაფიის "რუჰნამას" ძეგლი დგას. მისი ყდა ყოველ დილას რვა საათზე იხსნება და დიქტორის ხმა მას თავიდან ბოლომდე კითხულობს ვიდეოკოლაჟის თანხლებით. გამოცემისთანავე პრეზიდენტმა უზრუნველყო წიგნის ქვეყნის ყველა ბიბლიოთეკისა და სკოლისათვის მიწოდება და ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალაჰთან მოლაპარაკებები აწარმოა და მიაღწია შეთანხმებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მოსწავლე, რომელიც წიგნს სამჯერ წაიკითხავდა, სამოთხეში მოხვდებოდა. წიგნის საჯარო კრიტიკა დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულია თურქმენეთის კანონმდებლობით. 2006 წელს თურქმენბაშის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრემ და პიროვნების კულტთან დაუღალავმა მებრძოლმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა "რუჰნამა" მართვის მოწმობის მოსაპოვებელი გამოცდების პროგრამიდან ამოიღო.